„2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი მოსახლეობის კეთილდღეობაზეა გათვლილი“
ოთარ ცინარიძე: 599 85 2114 –
შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარ დეპუტატად აირჩიეს ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის, ხულოს საარჩევნო ოლქში. 31 ოქტომბრამდე მას შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა, პირადი განცხადების საფიძველზე, უფლებამოსილება შეუწყვიტეს. თითქმის ორი თვეა, შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობას პირველი მოადგილე ომარ ტაკიძე ასრულებს. იგი ჩვენი სტუმარია.
– ბატონო ომარ, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 11 თვეღა რჩება. დროის ამ მონაკვეთში ერთობ საპასუხისმგებლო მოვალეობა დაგეკისრათ. ამას რამდენად ელოდით?
-საჯარო სამსახური საპასუხისმგებლო და რთული საქმეა. მმართველი გუნდის წევრი რომ ხარ, იმ გამოწვევებთან გამკლავების თანამონაწილე ხდები, რასაც მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ქვეყნის მოსახლეობას ჰპირდება, ამიტომ ყველა საპასუხისმგებლო შემოთავაზებას უნდა დათანხმდე. ჩვენი ვალია, ის აღმშენებლობითი კურსი, მოქალაქეთა კეთილდღეობაზე ზრუნვა, მათი სოციალურ–ეკონომიკური წინსვლა გავაგრძელოთ, რაც 2012 წლიდან დავიწყეთ.
– 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმა დაგვანახა, რომ ამომრჩეველთა უმრავლესობამ მხარი მმართველ პარტიას დაუჭირა. კონკრეტულად შუახევის მუნიციპალიტეტში როგორი შედეგი იყო?
– მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი სტრუქტურების ხელმძღვანელებს მადლობის მეტი რა გვეთქმის ჩვენი ამომრჩევლების მისამართით. მათ ნათლად დაინახეს ის შრომა, რასაც ჩვენი გუნდი 8 წლის განმავლობაში ეწეოდა. ჩვენს მუნიციპალიტეტში არის სოფლები, სადაც ამომრჩეველთა 60–65 პროცენტზე მეტმა მხარი მმართველ პარტიას და მის კანდიდატებს საქართველოს პარლამენტსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში – ანზორ ბოლქვაძესა და ფრიდონ ფუტკარაძეს დაუჭირეს.
– ისეთი უბნები და სოფლებიც გამოიკვეთა, სადაც ამომრჩევლის მეტი მხარდაჭერა ოპოზიციურ პარტიებს, კერძოდ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და მის დეპუტატობის კანდიდატებს ერგოთ. ამ შედეგს როგორ აფასებთ?
– დემოკრატიული არჩევნები სწორედ იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეს უფლება ეძლევა, საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს. ჩვენ – წელსაც და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზეც შორს ვიქნებით მოსყიდვის, ამომრჩევლებზე ზეწოლის, გაყალბების ნებისმიერი მცდელობისგან. ჩაიარა 31 ოქტომბერმა, არჩევნების მეორე ეტაპმა – 21 ნოემბერმა. აზრადაც არ მოგვივა, რომ ის სოფელი, უბანი სადაც მმართველ პარტიასა და მის კანდიდატებს დაბალი პროცენტული შედეგი ჰქონდათ, ყურადღებისა და თანადგომის მიღმა დავტოვოთ. ის სოციალურ–ეკონომიკური პროექტები და პროგრამები, რომლებიც ბოლო წლებში ასეთ დასახლებაში განხორციელდა, ცხადია, მომდევნო წლებშიც გაგრძელდება. ჩვენ 2012 წლიდან მოყოლებული, ყველა არჩევნების შედეგები ხელთ გვაქვს, მაგრამ ერთი წუთითაც არ გვიფიქრია მოსახლეობის მოთხოვნების იგნორირება, მათდამი გულგრილობა, სუბიექტური დამოკიდებულება.
– აშკარაა, რომ ამომრჩევლის დიდმა ნაწილმა დადებითად შეაფასა შუახევის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერის საქმიანობა. მისი ხელმძრვანელობის პერიოდში დაწყებულია არაერთი პროგრამა და პროექტი, მათ როგორი დასასრული ექნება?
– ბატონი ფრიდონი არის არაჩვეულებრივი ლიდერი და მენეჯერი, რომელმაც მნიშვნელოვან პროექტებს ჩაუყარა საფუძველი და განახორციელა შუახევის მუნიციპალიტეტში თავისი მერობის დროს. იგი ისევ ჩვენთან რჩება. მჯერა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოში მისი სახით ღირსეული წარმომადგენელი გვეყოლება. ბატონ ანზორ ბოლქვაძის თანადგომა არ გვაკლდა და უახლოეს წლებში ეს კიდევ უფრო გამოჩნდება. მუნიციპალიტეტის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა მათთან ერთად ვიმუშავებთ. აზრთა გაცვლა, პროგრამებისა და პრიორიტეტებისადმი ერთიანი მიდგომა ჩვენი საქმიანობის მამოძრავებელი იქნება. შუახევის მუნიციპალიტეტის ამასწინანდელ სხდომაზე 2021 წლის პროგრამებსა და პროექტებზე ვიმსჯელეთ. ჩვენს მიერ შემოთავაზებულ პროგრამებსა და პროექტებში საკრებულოს წევრებმა, საზოგადოების წარმომადგენლებმა კორექტივები შეიტანეს. მერიის შესაბამისი სამსახურები კიდევ ერთხელ ჩაუღრმავდებიან და 2021 წლის ბიუჯეტი თითოეულ სოფელზე, დასახლებულ უბანზე, მოსახლეობის კეთილდღეობაზე მორგებული იქნება.
– 2019 -2020 წლებში საკმაოდ დიდი თანხები იყო მობილიზებული დაბა შუახევის ცენტრის კეთილმოწყობაზე. 2021 წელს ამ მხრივ რა სიახლეებს უნდა ველოდეთ?
-ცენტრის კეთილმოწყობის პროექტი სამეტაპიანი იყო. შარშან და წელს I-II ეტაპები ხარისხიანად და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში დასრულდა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თქვენი გაზეთით მადლიერება გამოვხატო იმ ფირმებისა და სპეციალისტების მისამართით, რომლებმაც ყველა ნიუანსის გათვალიწინებით, შეასრულეს თავიანთი საქმე. დღის წესრიგში დგება მესამე ეტაპის სამუშაოები. საზოგადოებისა და თქვენი გაზეთის მკითხველისთვის ცნობილია, რომ დაწყებულია და 2021 წელს დასრულდება ბათუმი–ახალციხის საავტომობილო მაგისტრალის და ხიჭაური–ნენიის ხიდის 10-კილომეტრიანი მონაკვეთის რეკონსტრუქცია–რეაბილიტაცია. ეს მონაკვეთი დაბა შუახევის ცენტრზე გადის. მესამე ეტაპის სამუშაოები, ძირითადად, ამ მონაკვეთის დასრულებას ითვალისწინებს. რუსთაველის ქუჩის მსგავსად, სხვა ქუჩები და ეზოებიც მოეწყობა. ამ პროექტზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 300 ათასი ლარია მობილიზებული. ასევე, თანხების მობილიზებას ველოდებით აჭარისა და ცენტრალური ბიუჯეტებიდან. ჩვენი და ყველა შუახეველის ვალია, თანამედროვე სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაფერისი ცენტრი შევქმნათ.
-კოვიდ-19-ის პანდემიამ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, ცენტრალურ და ადგილობრივ ბიუჯეტებში თანხების მობილიზება ნაწილობრივ შეზღუდა და შეაფერხა. ეს პრობლემა შუახევზე როგორ აისახა?
-მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ლოიალურ დამოკიდებულებას არ იჩენს (ასე გაგრძელდება მომავალშიც) იმ კომპანიების, ფირმების, ინდივიდუალური მეწარმეების მიმართ, რომლებმაც საკონკურსო შერჩევით ცალკეული პროგრამისა და პროექტის შესრულება ითავეს. ზოგიერთის მისამართით საჯარიმო სანქციებიც გავატარეთ. თადარიგის დროულმა დაჭერამ, მთის მკაცრი კლიმატის გათვალისწინებამ შეგვაძლებინა, რომ მომდევნო წლის პროგრამებისა და პროექტების მეტი წილი სისრულეში მოგვეყვანა. მათ შორისაა რამდენიმე პროექტი, რომელთა ხარჯთაღრიცხვა მილიონამდე ლარის ფარგლებშია. მიუხედავად პანდემიისა, ვახერხებთ საკმარისი თანხების მობილიზებას და იმავე 4 100 000 ლარით ვგეგმავთ კაპიტალურ პროექტებს, რაც წინა წელს გვქონდა.
-მათ შორის შუახევის კულტურის ცენტრის შენობის რეაბილიტაციაც იქნებოდა, არა?
-სავსებით სამართლიანი მინიშნებაა. ეს კულტურის ცენტრი იმ შენობების სიაშია, რომლებიც ახლად გახსნილ შუახევის რაიონში აიგო. იგი თითქმის ექვს ათეულ წელს ითვლის და არქიტექტურით ერთ-ერთი საუკეთესოა აჭარის მთიანეთში. მის რეაბილიტაციას მილიონამდე ლარის სჭირდება. ეს თემა ქვეყნისა და ხელისუფლების წინაშე ჯერ კიდევ ბატონმა ფროდონ ფუტკარაძემ და საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ანზორ ბოლქვაძემ მრავალგზის დააყენეს და დღედღეზე თანხების მობილიზებას ველოდებით. უფლის ნებით, ქვეყნის ხელისუფლების ძალისხმევით, პანდემიის შემოტევა ჩაივლის, მსოფლიო და საქართველო ცხოვრების, ეკონომიკური აღმასვლის ნორმალურ რიტმს დაუბრუნდება და ეს მნიშვნელოვანი პროექტი სასურველ მიზნამდე მივა.
-საუბრისას 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი, რამდენიმე მნიშვნელოვანი პროგრამა და პრიორიტეტი ახსენეთ. საფინანსო დოკუმენტის დედაარსი რა იქნება?
-პირველ რიგში, შუახეველი კაცის კეთილდღეობაზე ზრუნვა. . . მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის, თითოეული შუახეველის ვალია, ის ეკონომიკური შედეგები ავამაღლოთ, რაც 2019 წლის მაჩვენებლებით გვქონდა. სოფელი და მისი აღმასვლა, თითოეული ოჯახის განვითარება, სოციალური და ეკონომიური დაწინაურება, კულტურისა და ტურიზმის განვითარება, განათლებაზე ზრუნვა მთავარი გამოწვევები იქნება. შორს რომ არ წავიდეთ, იმ ღონისძიებებს მოვიშველიებ, რაც მთა ჩირუხის, ღომას, თაგინურის სამთო ტურიზმის განვითარებისთვის კეთდებოდა, ასევე – ჭვანის ხეობის ტურისტული მიმზიდველობის ცენტრს „წისქვილების სოფელი“. ცხოვრების ნორმალური რიტმის დაბრუნება შესაძლებლობას მოგვცემს, უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ უცხოურ და ადგილობრივ საგრანტო პროგრამებში მონაწილეობა. უკვე რამდენიმე შუახეველმა ისარგებლა პროგრამით „აწარმოე საქათველოში“. ნიგაზეულში, ლაკლაკეთში, პაპოშვილებში, ახალდაბაში, ჭვანაში გვაქვს საოჯახო სასტუმროები. უკვე რამდენიმე განაცხადია შესული შესაბამის სტრუქტურებში მარნების, საოჯახო სასტუმროების, სხვა ტურისტული კერების კეთილმოწყობაზე.
-მთა მაინც თავისებურია. ბუნებრივი კატაკლიზმები თავს ხშირად გვახსენებს. ამ ეტაპზე 43 სოფელსა და 28 დასახლებულ უბანში ოჯახების ერთი ნაწილი სიღატაკის ზღვარზეა. ამას მეწყერი, ზვავი, სხვა პროცესები ემატება. რა პრევენციული ღონისძიებების გატარებას აპირებთ?
-2021 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში მნიშვნელოვანი თანხებია მობილიზებული მეწყრული პროცესების სალიკვიდაციო სამუშაოებზე. გარდა ამისა, გაგრძელდება იმ ოჯახების საცხოვრებელი ტერიტორიების გეოლოგიური შესწავლა, რომლებიც ბუნებრივი კატაკლიზმების საფრთხის წინაშე დგანან. გახშირებულ ღვარცოფებს, მეწყრულ პროცესებს ზოგიერთები ტყისა და მისი რესურსების არაზომიერი მოხმარებით ხსნიან, რაც არაობიექტური შეფასებაა. აჭარის მთიანეთში ტყე და მისი რესურსები ასეთი ტემპით არ მოიხმარებოდა, მაგრამ მთათაწარმოშობის პროცესები მეწყრებს, თოვლის ზვავებს ხელს უწყობდა. ჩვენი მიზანია, ტყის რესურსები ადგილობრივი საჭიროებისათვის მიზნობრივად მოვიხმაროთ. მოსახლეობას ჰქონდეს მისაწვდომობა მერქნის მართლზომიერ მოპოვებაზე. კომპეტენტურ ორგანოებს საქმის კურსში ჩავაყენებთ, რათა თითოეულ სოფელში ხის დასამუშავებელი დაზგები გვქონდეს. სოფელში მცხოვრებ ყოველ ოჯახს სახლის, დამატებითი სათავსოს მშენებლობისთვის ჩვენგან ხელშეწყობა უნდა ჰქონდეს.