ახალსოფელში დაპურებული ასამდე ცხოველი
მარიამ ხითარიშვილი: 27 48 93 –
ბათუმში და ლამის მთელ საქართველოში თითქმის ყველამ გაიგო ლევან ჩხაიძის შესახებ – ბიჭის, რომელმაც წინა წლის მიწურულს მიუსაფარი ძაღლებისთვის ფერადი ხის სახლების დადგმა დაიწყო. ამ საქმიანობას საკუთარი დანაზოგით და ენთუზიაზმით შეუდგა, რასაც შემდეგ მოხალისეები, ცხოველთა მოყვარულები, სხვადასხვა კომპანია და ემიგრანტებიც კი შეუერთდნენ. როგორც თავად აღნიშნავს, უნდა, რომ ბავშვებს უსახლკარო ცხოველებზე ზრუნვის მაგალითი მისცეს. ლევანი მოხალისეებთან ერთად სხვადასხვა ქალაქში დღემდე არაერთ საქმეს აკეთებს და არა მხოლოდ ცხოველების, არამედ ხალხის დიდი სიყვარულიც დაიმსახურა.
ამჯერად, ახალსოფელში, გონიოს მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა. მიუსაფარი ცხოველებისთვის თანაქალაქელების და ადგილობრივების დახმარებით, ფერადი სახლები და დიდი რაოდენობით საკვები ჩაიტანა. ხის სახლების დამზადებაში წვლილი რამდენიმე კომპანიამ და ობიექტმა შეიტანა. როგორ გამოკვებეს ცხოველები და რა სიტუაცია დახვდათ ახალსოფელში? ამ და სხვა საკითხებზე თავად გვეტყვის.
– ცნობილია, რომ, სამწუხაროდ, ჩვენი ქალაქის მოსახლეობის 90% ძაღლებს ახალსოფელში ტოვებს და ამჟამად იქ ძაღლების აურაცხელი რაოდენობაა. დაახლოებით ასამდე ძაღლი ქუჩაში ცხოვრობს. ერთ-ერთი ცხოველთმოყვარული, ნატალია, რომელიც ახალსოფელში ძაღლებს უვლის და აპურებს, ჩვენი გუნდის წევრია. მისგან წამოვიდა ინიციატივა, რომ იქაც დაგვედგა სახლები, რადგან ამ მხრივ საშინელი მდგომარეობაა. დაითანხმა რამდენიმე ობიექტის მეპატრონეც, რომ სახლები მათ ტერიტორიაზე დაგვედგა, პირადად მე კი შევხვდი „სმარტის“ მეპატრონეს, ბენზინგასამართი სადგურების – „ვისოლის“ და „ქონექთის“ წარმომადგენლებს, ასევე, ერთ-ერთი სავალუტო ჯიხურის მფლობელსაც, რომლებმაც ხის სახლების დამზადებაში წვლილი შეიტანეს და სურვილი გამოთქვეს, რომ მათთან განგვეთავსებინა სახლები. გვითხრეს, რომ თავად მიხედავენ და მოუვლიან ძაღლებს, რომლებიც სახლებში შესახლდებიან და ამისთვის მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მათ. სამწუხაროდ, ისეთმა ადამიანებმა მითხრეს უარი, რომლებსაც სასტუმროც აქვთ, შესაძლებლობაც, მაგრამ ამ კეთილი საქმისთვის ფული ვერ გაიღეს. სოციალურ ქსელში დავაანონსეთ, რომ ახალსოფელში მიუსაფარი ცხოველებისთვის აქტივობას ვგეგმავდით. ისინი, ვინც ჩვენს გვერდს თვალს ადევნებენ, მუდამ ცდილობენ თავიანთი წვლილი შეიტანონ ამ საქმეში და მათი დახმარებით თანხაც შევაგროვეთ. ცხოველებისთვის ორი ტომარა საკვები შევიძინეთ და მათ დასაპურებლად ჩავედით. ძაღლებს საკვებს რომ ვუყრიდით, დაფეთებული მოვარდებოდნენ და სიხარულისგან ცქმუტავდნენ. ერთი-ორს ემოციებისგან ღეჭვა ავიწყდებოდა და პირდაპირ ყლაპავდა. გულსატკენი სანახაობა იყო. . .
ბევრი ახალსოფელში მცხოვრები ახალგაზრდა და ბავშვი ამ საქმეში თავისით ჩაერთო. ისინი ჩვენი ჯგუფის მოხალისეები გახდნენ და მზად არიან ყოველთვის დაგვეხმარონ, როცა ახალ აქტივობას დავგეგმავთ. მივესალმები ამ ფაქტს და ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ყველა რეგიონს, ყველა ქალაქს ჰყავდეს მსგავსი ინიციატორები. ხშირად ტარდებოდეს ასეთი აქტივობები, რადგან პლატფორმა – „ერთად ავაშენოთ კერა“ ეხება ყველას, ის სრულიად საქართველოსია და ნებისმიერ რეგიონში, თუ აქვთ იდეა და მის განხორციელებას აპირებენ, შეუძლიათ იგი ჩვენთან ერთად განიხილონ და შეძლებისდაგვარად დავეხმარებით, ფრთებს შევასხამთ ამ იდეას. ასეთი აქტივობები ცნობიერების ამაღლებას ემსახურება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. „ქვა ესროლე“, „გამოდი, გიკბენს!“, „რად უნდა ამას ხორცი, პური მიუგდე“ – სანამ ასეთი აზროვნება და ცნობიერება იარსებებს, მანამდე არაფერი გამოვა. თუ ამ მხრივ ვინმე კითხვას დასვამს – გვეშველება რამე? პირდაპირ გეტყვით – არაფერი გვეშველება! არაფერი, სანამ ერთ მუშტად არ შევიკრებით.
კითხვაზე – რამდენი ხანია ამ საქმეს აკეთებს, ლევანმა გვიპუხა:
– რაც დავიბადე. . . რეინკარნაციაც მახსოვს ჩემი – ადრე ცხოველი ვიყავი (იცინის). ეს ხუმრობით, ისე კი ზუსტად ერთი წელია. წინა დეკემბერს დავიწყე და ასე ერთად მოვედით დღემდე. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიაა, ვცდილობთ, ზამთრის სირთულეები მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ ძაღლებს, რათა ქუჩაში არ გაიყინონ და საკვები ჰქონდეთ. მინდა, რომ ყველა მოხალისეს, ემიგრანტს, ნებისმიერ მოქალაქეს, ვისაც ცხოველები უყვარს, მივმართო: იცოდეთ, რომ „ერთად ავაშენოთ კერა“ არის თქვენი პლატფორმა და ნებისმიერი იდეა, ჩვენი დახმარებით, განხორციელდება. ყველას მოვუწოდებ, მივცეთ მაგალითი მომავალ თაობას!

