რამდენად მნიშვნელოვანია კავკასიური პოლიტიკის გააზრება და რა ცხადყო ყარაბახის კონფლიქტმა?
ლაშა ხომერიკი: 593 50 82 69 –
საუბარს ინგუშური გამოთქმით დავიწყებ: „ჩეჩენი არასდროს იქნება ძმა, ოსი არასდროს იქნება მეზობელი და ქართველი არასდროს იქნება მტერი”. მკითხველი უთუოდ მიხვდება, რატომ გავიხსენე ეს გამონათქვამი. მაგალითების მოტანით თავს არ მოგაბეზრებთ, ყველას შეუძლია გაიხსენოს, რა პროცესები ვითარდებოდა კავკასიაში ამ 30 წლის განმავლობაში. . . ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ საქართველომ გააზრებული პოლიტიკა შეიმუშაოს, რათა რუსეთმა (ასევე სხვა აქტორებმა) ვერ შეძლონ ჩვენს წინააღმდეგ მათი გამოყენება.
კავკასიაში პროცესები ტრაგიკულად და ამავე დროს საინტერესოდ ვითარდება. ჩვენმა ქვეყანამ კარგა ხანია მკვეთრად პროდასავლური კურსი აირჩია. სომხეთი, ასე ვთქვათ, პრომოსკოვური კურსის ერთგულია, აზერბაიჯანი მეტწილად, დაბალანსებული პოლიტიკის მიმდევარია. ასე გრძელდებოდა 30 წლის განმავლობაში. არის თუ არა სიახლე ამ ქვეყნების საგარეო პოლიტიკაში, რა პროცესები მიდის ამჟამად კავკასიაში, და რა ბერკეტები გააჩნია რუსეთს სამხრეთ კავეასიურ ქვეყნებზე ზეგავლენისთვის? სრულიად აშკარაა, რომ ყარაბახის ამასწინანდელმა ომმა რადიკალურად შეცვალა ძალთა ბალანსი რეგიონში. ერთი მხრივ, აზერბაიჯანმა (ფაქტობრივად) შემოიერთა დაკარგული ტერიტორიები და განიმტკიცა პოზიციები სამხრეთ კავკასიაში, მეორე მხრივ კი რუსეთმა თავისი ე. წ. სამშვიდობოები განათავსა ყარაბახში და ამით გარკვეული ზემოქმედების საშუალება დაიტოვა აზერბაიჯანსა და მით უმეტეს სომხეთზე. რაც მთავარია, რეალურად რუსეთმა, ასე ვთქვათ, უღალატა სომხეთს და ის დატოვა აზერბაიჯანთან და თურქეთთან პირისპირ, რაც ამ ქვეყნისგან არაა მოულოდნელი. იმაზე, თუ რატომ მოიქცა ასე, ბევრი ვარაუდი გამოითქვა. ერთი უდავოა, რუსეთის ნდობა არ შეიძლება. ზოგის აზრით, კრემლმა დასაჯა სომხეთი პროდასავლური ლიდერის არჩევის გამო, თუმცა ის უფრო რეალურია, რომ რუსეთი შეშფოთდა სომხეთში მოსალოდნელი რეფორმების და მოსკოვზე დამოკიდებული, კორუმპირებული ჩინოვნიკების დაკავების გამო, ყოველ შემთხვევაში ასე ამბობენ ანალიტიკოსები. ექსპერტთა თქმით, სომხეთს ორი გზა დარჩა – ან ოფიციალური ერევანი გაიაზრებს ყარაბახის ომის გამომწვევ მიზეზებს და რეალურად დაუახლოვდება დასავლეთს, ანდა კვლავ დამოკიდებული იქნება რუსეთზე და პრაქტიკულად, განვითარების შანსი აღარ ექნება. თავის მხრივ, აზერბაიჯანმაც უნდა გაითვალისწინოს ისტორიული წარსული. მაგალითად, თავის დროზე სომხეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ლევონ პეტროსიანმა თავის თანამემამულეებს განუცხადა, რომ აზერბაიჯანთან კომრომისს უნდა მიაღწიონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, რეგიონში სტატუს -კვო აზერბაიჯანის სასიკეთოდ შეიცვლება, ამის გამო, ის ხელისუფლებიდან გაისტუმრეს. . . ამან კატასტროფული შედეგი მოიტანა სომხეთისთვის. . . ამიტომაც ბაქომაც უნდა გააანალიზოს ის რეალობა, რომელშიც სომხეთი აღმოჩნდა და მას ისეთი პროექტები შესთავაზოს, რომ რუსეთზე არ იყოს დამოკიდებული, ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რომ კრემლის მიზანი რეგიონში არა მშვიდობის უზრუნველყოფა, არამედ მხარეების დაპირისპირება და ომის პროვოცირებაა. რუსეთ-საქართველოს ომი ამის თვალსაჩინო მაგალითია.
რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, ამ მიმართებით მთელ კავკასიურ პოლიტიკაზე არ ვისაუბრებთ, თუმცა უყურადღებოდ არ დავტოვებთ საქართველოსთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან პროცესებს. ამ მხრივ რამდენიმე წლის წინათ ფრიად საყურადღებო და საგულისხმო რუკა გამოაქვეყნა გაზეთმა „კომსომოლსკაია პრავდამ”, რომელიც სქემატურად ასახავს ძალთა ბალანსს კავკასიაში. მოცემულ სქემაზე სწორადაა გადმოცემული რეგიონის ხალხთა ურთიერთდამოკიდებულება – ჩეჩნებს მხარს უჭერენ ინგუშები, ყაბარდო-ბალყარელები, დაღესტნელები, ქართველები. ამ ხალხებს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აქვთ და მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება მათი მეგობრობა, რაც რუსეთისთვის არასახარბიელოა. ეს სქემა, როგორც ჩანს, კარგად გაითავისა კრემლმა და ნაღმებიც აამოქმედა. ამ მხრივ გარკვეულწილად, უარყოფითი როლი შეასრულა დასავლეთმაც. დასავლეთიც (რუსეთზე აღარაფერს ვამბობთ) შეაშფოთა საქართველოსა და ჩრდილოკავკასიელთა ურთიერთობამ. მაშინ თბილისში ბევრი ჩრდილოკავკასიელი ლიდერი ჩამოდიოდა, რომ აღარაფერი ვთქვათ, ზვიადისა და ჯოხარ დუდაევის მეგობრობაზე. რა თქმა უნდა, კრემლი არ შეეგუებოდა საქართველოსა და ჩრდილო კავკასიელთა მეგობრობა-თანამშრომლობას. ამ მხრივ ძალიან აქტიურობდა ინგუშეთის ეროვნული მოძრაობის ლიდერი ისაკ აძოევი. ესის დრო იყო, როცა რუსეთი ეკონომიკურად დაუძლურდა, ამიტომაც გადამჭრელ ზომებს ვერ მიმართავდა ურჩი ლიდერების მიმართ. ერთხელ რუსეთის პირველ პრეზიდენტს ჰკითხეს, უფრო ადრე რატომ არ მიიღო გადამჭრელი ზომები დუდაევის მიმართ? ელცინმა უპასუხა, მაშინ საქართველოს სათავეში გამსახურდია იყოო. სწორედ ამიტომ დაეხმარა რუსეთი პუტჩისტებს გამსახურდიას ხელისუფლების დამხობაში… განსაკუთრებით საწყენია, რომ მაშინ კრემლმა თავის მიზანს ქართველების გამოყენებით მიაღწია. ამას თავისი მიზეზები ჰქონდა, უმთავრესი ქართველთა ურთიერთგაუტანლობა იყო, არც დასავლეთს ეცალა ჩვენთვის. . . . სამაგიეროდ ამის შემდეგ მოსკოვმა მოიცალა ჩეჩნეთისთვისაც – დუდაევი ჯერ მმართველობას ჩამოაშორეს, შემდეგ კი მოკლეს. . . ექვსი წელი გრძელდებოდა რუსეთ-ჩეჩნეთის ომი, რასაც ასიათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მას შემდეგ 20 წელი გავიდა, ერთი შეხედვით, ჩრდილოკავკასიაში სრული იდილიაა, თუმცა დაკვირვებული თვალი შენიშნავს, რომ ეს სიმშვიდე ფრიად მყიფეა. ამაზე ღიად საუბრობენ თავად რუსი ანალიტიკოსები. ისინი ამბობენ, რომ დროთა განმავლობაში რუსეთი წავა ჩრდილოეთ კავკასიიდან, ამიტომ ქართველი ექსპერტები აცხადებენ, რომ საქართველომ დროულად უნდა შეიმუშაოს კავკასიური პოლიტიკა, რადგან ცარიელ ადგილს სხვა აქტორები (მაგალითად, თურქეთი, რომელმაც ყარაბახის ომის შემდეგ საკმაოდ გაიმყარა პოზიციები სამხრეთ კავკასიაში) დაიკავებენ და მოძმე ხალხებს ჩვენს წინააღმდეგ განაწყობენ., არადა, ამ კუთხით ჩვენ ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია. კრემლმა კარგად გააანალიზა კავკასიაში შექმნილი რეალობა და ისე დაჰყო და დაქსაქსა ეს რეგიონი, რომ არავის მოენდომებინა საერთო კავკასიური სახლის შექმნა. ასეთ ვერაგულ პოლიტიკას რუსეთი ორი საუკუნეა ახორციელებს. სწორედ ამის შესახებ წერდა პუბლიცისტი აკაკი ბაქრაძე: „დავაკვირდეთ, ქართველებს ერთგულებენ და საქართველოს იცავენ ის აფხაზები და ოსები, რომელნიც ქართულ ენას ფლობენ, ე. ი. ქართული კულტურული სამყაროს წევრები არიან. ამას არსებითი მნიშვნელობა აქვს, ყველა დროში, ყველა ხალხის შემაკავშირებელი დუღაბი ენა იყო და არის, სანამ აფხაზის და ოსისთვის ქართული ენა იყო მწიგნობარი, სახელმწიფოს, რელიგიის ენა, ისინიც ქართული ეროვნული სამყაროს ნაწილად თვლიდნენ თავს. როგორც კი ქართული რუსულმა შეცვალა და მწიგნობრობის, სახელმწიფოს ენა რუსული გახდა, ისინი რუსულ ეროვნულ სამყაროში გადასახლდნენ და ქართული არათუ დაივიწყეს, მტრადაც მოეკიდნენ”. რუსეთმა მიზანს მიაღწია, აფხაზებისთვის და ოსებისთვის ქართული ენა აღარ არის განათლების, კულტურის, რელიგიის, სახელმწიფო ენა, რასაც მოჰყვა მათი გაუცხოება. რა შეიძლება მოიმოქმედოს საქართველომ ჩრდილოკავკასიელებისა და ცხადია, უმთავრესად, აფხაზებისა და ოსების ჩვენსკენ მოსაბრუნებლად? ერთადერთი გზა, რომელიც შეიძლება განვიხილოთ ამ რეგიონების რეინტეგრაციისთვის არის ის, რომ საქართველო გავხადოთ მიმზიდველი ქვეყანა, განვავითაროთ ეკონომიკა, გავაუმჯობესოთ სოციალური მდგომარეობა, ავამაღლოთ ქვეყნის პოლიტიკური კულტურა, ხელი შევუწყოთ ტრანსრეგიონალური, ტრანსნაციონალური პროექტების განხორციელებას, რომლებმაც აუცილებლად უნდა მოიცვას აფხაზეთის და შიდა ქართლის ტერიტორიები; ყველაფერი გავაკეთოთ ერთიანი ეკონომიკური ბაზრის ფორმირებისთვის, ამავდროულად, მათთან მოლაპარაკებებში ჩავრთოთ დასავლური ორგანიზაციები, დავარწმუნოთ, რომ მათი გადარჩენა სწორედ დემოკრატიულ, სამართლიან, ევროპულ საქართველოშია, სადაც მათი ინტერესები, კულტურა, იდენტობა და კეთილდღეობა (გაფართოებული ევროპული ავტონომიის ფარგლებში) გარანტირებული იქნება. მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით სამხრეთ კავკასიაში სიტუაციას რუსეთი აკონტროლებს და ჩრდილო კავკასიაში პრომოსკოვური მთავრობებია, კრემლმა მაინც ვერ შეძლო ქართველთა და ჩეჩენ-ინგუშთა დაპირისპირება, რაც იმას ნიშნავს, რომ მათაც და ჩვენც გათვითცნობიერებული გვაქვს კავკასიელ ხალხთა ნათესაობის და ერთიანობის მნიშვნელობა. ეს იდეა სწორედ გამსახურდიას, დუდაევს, მასხადოვს, ისაკ აძოევს ამოძრავებდათ, ამიტომაც დაუპირისპირდნენ ისინი რუსეთს და სხვებს იმის მაგალითი მისცეს, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლას ალტერნატივა არ აქვს.