შორენა მონდაძე: თუ ბოლომდე მიენდობი უფალს, მიხვდები, რომ შეუძლებელიც კი შესაძლებელია
ნაირა ფუტკარაძე: 27 48 93 –
ვფიქრობ, განსაკუთრებით საინტერესოა მრავალშვილიანი და გამოცდილი დედების ისტორიების მოსმენა. დამეთანხმებით, არ არის ადვილი იყო, მაგალითად, 11 შვილის დედა, სწორად გაანაწილო დრო და ბავშვებს სათანადო ყურადღება მიაქციო. 47 წლის შორენა მონდაძე იმ დედების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც აურაცხელი საქმის მიუხედავად, თითქმის ყველაფერს ასწრებენ. იგი 11 შვილსაც ზრდის, ასევე, უვლის თხების მეურნეობას და ამასთან, საოცრად ხატავს.
– არაჩვეულებრივად ხატავთ და თერთმეტი შვილის დედა ასწრებთ ამ გატაცებას დრო დაუთმოთ, როგორ ახერხებთ ამას?
– სანამ დავოჯახდებოდი, დავამთავრე თოიძის სამხატვრო სასწავლებელი. ჩემს ნამუშევრებში, ძირითადად, სოციალური თემატიკის შემცველი ნახატები ჭარბობს, მიყვარს ცნობილი ნახატების ასლების გაკეთებაც. ხატვა ბავშვობიდან მიყვარს. ალბათ ბავშვებისთვის დამახასიათებელი სიკეთე ჩემშიცაა შემორჩენილი, განსაკუთრებით მიყვარს საბავშვო თემატიკაზე ხატვა, მაგრამ ვთვლი, რომ მოყვარული მხატვარი ვარ. ყველაზე ნათლად ბავშვობის დროინდელი ემოცია მახსენდება, როდესაც ჩემი ნახატების გამოფენაზე ერთ-ერთი ესკიზი ძალიან მოეწონა სახელგანთქმულ მხატვარსა და მოქანდაკე გივი მიზანდარს. მისგან ქებაც დავიმსახურე. ის სიტყვები ჩემთვის დიდ მოტივაციად იქცა. მაშინ ნამდვილად არ ვფიქრობდი იმაზე, რომ მომავალში მრავალშვილიანი დედა გავხდებოდი. ბევრი შვილის ყოლა ნამდვილად ბედნიერებაა, თუმცა ამ ბედნიერებისათვის ბევრი შრომა და ძალისხმევაა საჭირო. ყველაზე რთული პატარების მოვლა და მათი აღზრდაა, დიდები უკვე სირთულეს აღარ წარმოადგენენ, მეტიც , ისინი ყველანაირად მიწყობენ ხელს პატარების აღზრდაში. ვფიქრობ, თუ ბოლომდე მიენდობი უფალს, მაშინ მიხვდები, რომ შეუძლებელიც კი შესაძლებელია და ეს განიჭებს დიდ სულიერ ბედნიერებას. ადამიანი შინაგანად მშვიდი და ბედნიერი თუა, ის ყოველთვის ყველაფერს შეძლებს. დედამ უნდა იცოდეს დროის და ენერგიის სწორი გადანაწილება, ესეც ერთგვარი ნიჭია.
– თქვენს შვილებზე მოგვიყევით.
– უფროსი შვილი 28 წლისაა, უმცროსი კი 3-ის. სამი შვილი სტუდენტია, სამი – სკოლის მოსწავლე, ერთი – ფეხბურთელი, ორი დასაქმებულია, ორი კი ბაღში დადის. ჩვენ საოჯახო მეურნეობა გვაქვს, გვყავს ქათმები და თხები. თხებს ჩემი ერთ-ერთი შვილი, 9 წლის გოგონა უვლის და ეს საქმიანობა მისთვის მეტად საყვარელი და შეუცვლელია. მე და ჩემი მეუღლე ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს დიდ ოჯახში სიკეთე მთავარი ღირებულება იყოს და ბავშვები შრომას თავიდანვე მიეჩვიონ.
– თქვენი მეუღლე სასულიერო პირია, როგორ გაიცანით?
– ერთმანეთი თოიძის სასწავლებელში გავიცანით და სწავლის დამთავრების შემდეგ დავოჯახდით. თავიდან არ გვიფიქრია, რომ ამდენი შვილი გვეყოლებოდა, მეც და მასაც ორ-ორი დედმამიშვილი გვყავს. დღეს ბედნიერები ვართ იმით, რაც გვაქვს და ვთვლით, რომ ღვთის ყველაზე დიდი წყალობა ოჯახია. სხვათა შორის, ჩემს ერთ-ერთ შვილს წყალობა ჰქვია. . . შვილები და მეუღლე ჩემი ნამუშევრების ყველაზე დიდი გულშემატკივრები და კრიტიკოსები არიან. ყოველთვის ვცდილობ, გავითვალისწინო მათი რჩევები.
– დღის რომელ მონაკვეთში ხატავთ ხოლმე?
– ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, ცოტა დრო მაქვს საყვარელი საქმისთვის, თუმცა ხატვას მაინც ვახერხებ. ვხატავ ყოველთვის, როცა თავისუფალი დრო მაქვს, ძირითადად, საღამოს. ღამით, როცა არ მეძინება და მუზა მომაკითხავს, სიამოვნებით დავხატავდი, მაგრამ შუქს ვერ ვუნთებ ბავშვებს. . . ჩემი ერთი ჩვეულებრივი დღე არც იმდენად ჩვეულებრივია, ყოველი დღე დატვირთული და მრავლისმომცველია. . . ძირითადად, მხოლოდ საღამო ხანს ვახერხებ ხატვას.
– რას ურჩევთ სხვა დედებს, რომლებსაც ბევრი ბავშვის გაჩენა აშინებთ?
– არ შეშინდეთ, არ არის ისეთი რთული, როგორც შორიდან ჩანს. სინამდვილეში, ბევრად მარტივია ყველაფერი. მთავარია სურვილი. ბევრი ბავშვი უფრო მეტი სიამოვნებაა, ვიდრე ტვირთი. დედებს, რომლებსაც ბევრი ბავშვის გაჩენა აშინებთ, ვეტყოდი, რომ ცხოვრებაში შეუძლებელი არაფერია და არაფერს არ უნდა შეუშინდნენ. დედობის სტატუსი ქალებს გვაძლევს ძალას, რომელსაც ყველაფერი შეუძლია.
– შვილების აღზრდის დროს რა არის მთავარი?
– მნიშვნელოვანია მშობელი თავად მოიქცეს ისე, როგორც უნდა, რომ მისი შვილი იქცეოდეს, რადგან ბავშვი თითქმის ყველაფერს მშობლის მაგალითზე სწავლობს. ამას გარდა, სულ ვეუბნები მათ, რომ კარგი ადამიანები უნდა იყვნენ და სიკეთე აკეთონ.
– პანდემიამ ყველას ცხოვრება შეცვალა, თქვენს შემთხვევაში როგორაა?
– პანდემიამ დღეს ყველა ადამიანი სახლში დატოვა, შესაბამისად, ახლა ჩემი სახლი სავსეა ისე , როგორც არასდროს. ყველაფერს მეტი დრო და ენერგია სჭირდება, ვიდრე აქამდე. მიუხედავად ამისა, მაინც ვპოულობ დროს, ვაკეთო ის, რაც ასე მიყვარს და შევქმნა სასურველი ნამუშევრები. ვლოცულობ, რომ მალე დადგეს ის დღეები, როცა პანდემია წავა და დავუბრუნდებით ჩვეულ რიტმს.

