„ჩვენ ვხედავდით უკიდურესად გაჭირვებულ ხალხს, მშიერ ბავშვებს, საბანკო პროცენტებისგან წელგატეხილ ოჯახებს“
ხატია იაშვილი: 2748 93 –
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ 8 ნოემბრის შემდეგ უწყვეტად ატარებს აქციებს ბათუმში, მთავრობის სახლის წინ. ბოიკოტი, რომელიც ოპოზიციამ გამოუცხადა მმართველ გუნდს, ისევ ძალაშია და არცერთი პარტია არ აპირებს პოზიციების დათმობას, სანამ მთავრობა არ შეასრულებს მათ მოთხოვნებს.
როგორ ჩაიარა წინასაარჩევნო კამპანიამ, რატომ თქვეს უარი საკანონმდებლო ორგანოს მანდატებზე და რას ელიან საკუთარი საპროტესტო აქციების შედეგად, ამაზე საუბრობს ჩვენთან ინტერვიუში, აჭარის უმაღლესი საბჭოს მოქმედი დეპუტატი, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ქობულეთის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატი ახალი მოწვევის უმაღლეს საბჭოში ელგუჯა ბაგრატიონი.
– რამ გამოიწვია თქვენი პროტესტი, რომელიც მუდმივ აქციებში გადაიზარდა 8 ნოემბრიდან?
– 31 ოქტომბერს მთელმა საქართველომ და მსოფლიომ დაინახა, როგორ მოპარა „ქართულმა ოცნებამ“ ქართველ ხალხს არჩევანი.
– ეს ზეპირი განცხადებაა თუ ფაქტებიც გაქვთ ბრალდებისთვის?
– ჩვენ უამრავი ფაქტი გვაქვს საქართველოს მასშტაბით, რომელიც წარვადგინეთ კიდეც უმაღლეს საარჩევნო და საოლქო კომისიებში, სასამართლოში, მაგრამ არც კი განუხილავთ, რამდენიმეს გარდა. ამიტომ გადავწყვიტეთ მათი გამოქვეყნება მედიასაშუალებებში.
– აჭარაზე რას გვეტყვით?
– აჭარაში, 368 უბნიდან 280-ში არ ჯდება ხმების ბალანსი და ბევრი ჩასწორებული ოქმია. მანამდე დავაფიქსირეთ მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების და ძალადობის ფაქტები, თუმცა არცერთზე არ ყოფილა რეაგირება.
– როგორ ჩაიარა წინასაარჩევნო კამპანიამ?
– სხვათა შორის, მოსახლეობა მაშინაც გვეუბნებოდა, რომ ამ არჩევნებს აზრი არა აქვს, ხმებს მაინც მოიპარავენო. დავპირდით ხმების დაცვას. ასეც მოხდა, გამართლდა ხალხის წინასწარმეტყველება და ამიტომ, როგორც დავპირდით, ისე ვიქცევით – ვიცავთ ხმებს სწორედ ამ საპროტესტო აქციებით. სხვა გზა არ დაგვიტოვეს და ქუჩაში გამოვედით. პროტესტის ამ ფორმით, უარს ვამბობთ საკანონმდებლო ორგანოების: აჭარის უმაღლესი საბჭოს და საქართველოს პარლამენტის მანდატებზე, ყველა იმ სიკეთეზე, რაც დეპუტატს ეძლევა და ვდგებით ჩვენი მოსახლეობის გვერდით, მათი არჩევანის დასაცავად.
– წინასაარჩევნო კამპანიის დროს რამე სახის ექსცესი ხომ არ დაფიქსირებულა ქობულეთის საარჩევნო ოლქში?
– ერთი შეხედვით, ყველაფერი სტაბილურად, მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა, მაგრამ მაინც დაფიქსირდა მოსყიდვის, ძალადობის ფაქტები, იყო შეხლა-შემოხლაც, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებები.
– „ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატებთან გქონდათ დაპირისპირება?
-„ქართულ ოცნებას“, ფაქტობრივად, არც კი უწარმოებია წინასაარჩევნო კამპანია.
– ეს საიდან დაასკვენით?
– თავად მოსახლეობა გვეუბნებოდა, „ოცნების“ კანდიდატები არ დადიან, არანაირ წინასაარჩევნო შეხვედრებს არ მართავენო. 31 ოქტომბრის არჩევნებზე, ცხადი გახდა, რატომ არ დადიოდნენ ჩვენსავით კარდაკარ. მოსყიდული ჰყავდათ საარჩევნო კომისიები, გასაყალბებლად გამზადებული ჰქონდათ ზედმეტი ოქმები და რატომ დაიღლიდნენ თავს ზედმეტი სიარულით და ემოციებით.
– რა ემოციებს გულისხმობთ?
– როგორ თუ რას, არავის სურდა მათთან კონტაქტი, ხალხი პირდაპირ ლანძღვით, აგრესიით ხვდებოდა, ისეთ რაღაცებს ეუბნებოდა, ვინ მივიდოდა ასეთ აღელვებულ, გამწარებულ ადამიანებთან შეხვედრაზე. ალბათ, ყველას გახსოვთ, როგორ შეხვდა რიჟვაძეს მშობლიური კუთხის მოსახლეობა, სოფელშიც არ შეუშვეს და არჩევნებს ჯერ კიდევ მაშინ, გამოუცხადეს ბოიკოტი.
-„ქართული ოცნების“ კანდიდატები ამბობენ, რომ მოსახლეობის ნაწილს ხვდებოდნენ, კორონავირუსის გამო ფრთხილობდნენ და მხოლოდ 20 -კაციან, დისტანცირებულ შეხვედრებს მართავდნენ, რაც უფრო შრომატევადი, მაგრამ უსაფრთხო იყო.
-კონკრეტულად რას გულისხმობდით, როდესაც თქვით, „ქართული ოცნება“ კოვიდპანდემიას სათავისოდ იყენებსო?
– პირველივე ეტაპზე გამოიყენა საკუთარი რეიტინგის ასაწევად წინასაარჩევნოდ. დროზე ადრე გამოაცხადა ის შეღავათები, რომლეიც უნდა დაეწესებინა დეკემბერ-იანვარში. რა საჭირო იყო ამაზე სექტემბერში ხმამაღლა ლაპარაკი? არ დაგავიწყდეთ ისიც, რომ პანდემიის შედეგების აღსაკვეთად შემოსული თანხა გამოიყენა საკუთარი ჯიბის გასასქელებლად. 10 მილიარდი ლარი მიიღო საქართველომ. სადაა ეს ფული, სად წაიღეს, ვის მისცეს, ვის დაურიგეს? 200 ლარი მისცეს ბავშვებს და 300-ლარიანი ერთჯერადი დახმარება – უცხოეთიდან სამშობლოში დაბრუნებულ შრომით მიგრანტებს. ერთჯერადად, 100 აშშ დოლარი მისცეს იმათ, თვეში 1000 ევროზე მეტი რომ ჰქონდათ. ესაა დახმარება? ან უმუშევრებს რა მისცეს, იმ ადამიანებს, შემწეობა რომ არ ეძლევათ, პენსიამდე კი ბევრი აკლიათ, მაგრამ სამუშაოს ვერ ნახულობენ?! იმ ოჯახებს რა მისცეს, ბანკის პროცენტები რომ ახრჩობთ დ ანგარიშიც არ აქვთ, რადგან ყადაღა ადევს, რის გამოც ოფიციალურ სამუშაოზე არ იღებენ და თავი გააქვთ შემთხვევითი შემოსავლებით. ეს ხალხი, რომლის რაოდენობა საკმაოზე მეტია, არსად არაა აღრიცხული და არც არავის აუტკივებია თავი იმაზე ფიქრით, რას ჭამენ მაშინ, როდესაც ბაზრობები დაიხურა და ის დროებითი შემოსავალიც გადაეკეტათ.
– ეს ფული კოვიდსასტუმროებში, საავადმყოფოებში ირიცხება, საშეღავათო პაკეტების დაფინანსების გარდა . . .
– რას ამბობთ, თავად ხომ ნახეთ, როგორი მომზადებული შეხვდნენ კოვიდინფექციის ახალ ტალღას?! რომ გეკითხა, სწორედ ამ მიმართულებით მუშაობდნენ, მაგრამ ახლა არც საწოლები აქვთ, არც ჟანგბადი და არც სასუნთქი აპარატები. ასობით ადამიანი დაიღუპა უჟანგბადობის გამო. ჩამოშლილი ჯანდაცვა დაახვედრა მესამე ტალღას „ქართულმა ოცნებამ“, სად წავიდა ამხელა თანხები, არავინ იცის. იმის მაგივრად, რომ დახმარებოდნენ მოსახლეობას, სამუშაო ადგილები წაართვეს წერტილოვანი ლოქდაუნებით. იმათაც, ვისაც სამუშაო ჰქონდა, ბიზნესი გაუჩერეს, რაც ეკონომიკას საბოლოოდ გაანადგურებს.
– ქობულეთის საარჩევნო ოლქში წინასაარჩევნო კამპანიის ჩატრებისას, მოსახლეობის რა პრობლემამ მიიქცია თქვენი, როგორც მოქმედი დეპუტატის ყურადღება?
– ყველაზე მეტად გაგვაკვირვა იმ სიღარიბემ, რომელიც სუფევს ქობულეთის ბევრ ოჯახში. ჩვენ ვხედავდით უკიდურესად გაჭირვებულ ხალხს, მშიერ ბავშვებს, საბანკო პროცენტებისგან წელგატეხილ ოჯახებს. დამიჯერეთ, არ ვაჭარბებ, იმდენად ბევრია ჩვენ ირგვლივ უმწეო, რომ ლუკმა არ უნდა გადაგვდიოდეს ყელში. სწორედ ამიტომ ვერ შედიოდნენ ამ სოფლებში „ქართული ოცნების“ კანდიდატები, იცოდნენ, რაც ელოდათ. წამლები რომ წამლებია, ისიც ისეა გაძვირებული, რომ ვეღარ ყიდულობენ უკიდურესად დამძიმებული ავადმყოფისთვისაც კი.
– მმართველი გუნდი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და მისი ყოფილი ლიდერების პარტიებს თვლის დესტრუქციულ ძალად. ბევრი იმასაც აცხადებს, რომ თქვენ გარეშე უკეთესად იმუშავებს პარლამენტი და უმაღლესი საბჭო . . .
-კი, ბატონო, იყოს ასე. „ქართულმა ოცნებამ“ ჩრდილოეთ კორეას დაამსგავსა საქართველო. კომუნისტურ პარტიას მოგვაგონებს მისი რეჟიმი. მითხარით, რა განსხვავება იქნება მაშინ წინა საუკუნის საქართველოსა და ამჟამინდელს შორის? „ოცნება“ დემოკრატიულ, სამართლიან არჩევნებს არ ატარებს, მიიღო ერთპარტიული პარლამენტი და უმაღლესი საბჭო, კორუმპირებული, უმაქნისი ბიუროკრატებით გაავსო ხელისუფლება. რა დარჩა, ყველაფერი საბჭოთა რეჟიმის ანალოგიური აქვს.
– ასეთ შემთხვევაში ბოიკოტი გამოსავალია?
– ოპოზიცია ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე. ყველა პარტია ერთად ვდგავართ, ირმა ინაშვილიც და თარხან-მოურავიც კი ჩვენთან არიან. ეს არის ერის უპრეცედენტო გაერთიანების მაგალითი. ამ პოლიტიკოსებმაც კი, რომლებმაც თავის დროზე ბიძინა ივანიშვილი დასვეს პრემიერად, ახლა არ ისურვეს პარლამენტში შესვლა, რომელიც იქცა ბიძინას კანტორად. ამ აქციებზე, რომელიც ერთი თვეა, რაც მიმდინარეობს 24- საათიან რეჟიმში, ერთად დგას ყველა ოპოზიციური პარტია, ყველა დეპუტატობის კანდიდატი, ყველა მოქმედი პოლიტიკოსი. იყო სიცივეც, დარბევებიც, დაპატიმრებებიც, დაჯარიმებებიც, მაგრამ ხალხი არ მოგვკლებია, პირიქით, გვემატება.
– სანამდე აპირებთ აქციების გაგრძელებას, გამძაფრებული კოვიდინფექციის ფონზე რამდენად მისაღებია ამდენი ხალხის შეკრება?
– ჩვენ მაქსიმალურად ვიცავთ რეკომენდაციებს. აქ ყველა პირბადითაა და დეზინფექტანტებსაც ხშირად ვიყენებთ. აქციები კი გაგრძელდება მანამ, სანამ არ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნები და არ დაუბრუნებენ ამომრჩეველს მოპარულ ხმებს.
-„ლელომ“ დატოვა თქვენი აქციები, როგორც კი გამოჩნდა ბანერები წარწერებით „მიშა ჩამოდი!“
– ჩვენ უკვე გავარკვიეთ ეს საკითხი „ლელოსთან“, შეთანხმებულნი ვართ, რომ მსგავს შეკრებებზე მხოლოდ საერთო მოთხოვნები იქნება წინ წამოწეული. თუმცა ხდება ისეც, რომ ხალხი თავად იძახის, რაც უნდა. სამომავლოდ დაგეგმილი გვაქვს ახალი საპროტესტო პერფორმანსების მოწყობა . . .
– მანდატებზე უარის თქმით, ამომრჩევლის არჩევანს ხომ არ უარყოფთ? იქნებ სჯობდა, გაგეთვალისწინებინათ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოწოდება და პარლმენტის ტრიბუნიდან გებრძოლათ საკუთარი იდეების რეალიზებისთვის?
– ამაზე დიდი ტრიბუნა არ იქნება ერთპარტიულ პარლამენტში, იქ, სადაც შედიან მაღალი ხელფასებისთვის, კომფორტისთვის, ძალაუფლებისთვის. ჩვენი ტრიბუნა იქაა, სადაც ხალხი იკრიბება, სადაც მოსახლეობა საკუთარ სატკივარს აცხადებს, სადაც რეალურად წყდება ქვეყნის მომავალი. „ქართულ ოცნებას“ მოუწევს უკან დახევა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა.
– თქვენი პრინციპულობა ხომ არ გვიქადის რევოლუციას . . . უკვე გადავიტანეთ ძმათა მკვლელი ომი გასული საუკუნის 90-იან წლებში.
-არა, მსგავსი რამ გამორიცხულია. უკვე თვე გავიდა, რაც აქ ვდგავართ და არ წამოვგებივართ პროვოკაციებს, მრავლად რომ გვიწყობდა მთავრობა. მთელი ოპოზიცია ერთად ვართ, ჩვენ ვითხოვთ სამართლიან, დემოკრატიულ, გამჭვირვალე არჩევნებს და არა – ძმათა ომს და დაპირისპირებას. რევოლუცია არც ჩვენ გვინდა, ეს არ არის გამოსავალი იმ პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზისიდან, რომელიც დღეს საქართველოშია და რომლის დაძლევაც მხოლოდ ერთად დგომითაა შესაძლებელი.

