„რჩევას ვითვალისწინებ, საღ აზრს ვიზიარებ“
ოთარ ცინარიძე: 599 85 21 14 –
ზამთრის საბანშია გახვეული აჭარა-გურიის ქედი. აქ ერთ ქვაბურშია განფენილი სოფელი ნაღვარევი, სადაც ნოემბრის შუა რიცხვებში თოვლი მოვიდა. ზამთარი ძალაში შედის. წელიწადის ეს დრო, მოგეხსენებათ, განსაკუთრებული სიმკაცრით გამოირჩევა მთაში, თუმცა 70 წელს მიტანებულ მიხეილ ტაკიძეს მრავალი რთული ზამთარი გადაულახავს. გამოცდილება სიდინჯეს მატებს ამ მთიელი კაცის განსახიერებას, რომელმაც მთელი ცხოვრება თანასოფლელი პატარების სწავლა-განათლებას მოახმარა. იგი გაზეთ „აჭარის“ სტუმარია.
ნაღვარევს ცხოვრებისეული გამოცდილების, აწმყოს ხედვისა და მომავლის განჭვრეტის მქონე ადამიანები არ აკლდა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტს კარგად მახსოვს სოფლის უხუცესების სჯა-ბაასი. მათ შორის გამორჩეული იყო ისმაილ მურვანიძე. ცაცხვნარიდან გორიკულამდე თითქმის ექვს კილომეტრზე იყო განფენილი ნაღვარევი. ცხოვრება ჩვეული რიტმით მიდიოდა მის უბნებში – ფოთაროსა და ძაღიანში. იქ დამოუკიდებელი დაწყებითი სკოლა გვქონდა. ახლა სოფელს, რომელიც ერთ დროს 150-ზე მეტ მოსახლეს ითვლიდა, 30-მდე შემოვრჩით. იმხანად, ზამთრობით, გიდელას ხევი მიუვალ ადგილად ითვლებოდა. ნოემბრიდან მოყოლებული, აპრილის დასაწყისამდე სოფელში ტრანსპორტი არ შემოდიოდა. ის წლებიც მახსოვს, როცა დიდთოვლიან ზამთარში სოფელს სურსათი და ხორბლის ფქვილი შვეულმფრენით მოგვაწოდეს, მშობიარე ქალები რამდენჯერმე, ასევე, შვეულმფრენით გადაიყვანეს.
– უხვთოვლიანობა, გაუსაძლისი სოციალურ-ეკონომიკური პირობები იქნება საფუძველი, რომ სოფელი ცარიელდება. . .
– არ ვიქნები უფლისა და საკუთარი თავის წინაშე მართალი, რომ ნაღვარევის დაცარიელება, ფოთაროსა და ძაღიანში ცხოვრების მოშლა სოციალურ-ეკონომიკურ პირობებს დავაბრალო. წარსულს ჩაბარდა ის წლები, როცა ზამთარში სოფელი გარე სამყაროს მოწყვეტილი იყო. გიდელას ხევში 68 მეტრი სიგრძისა და მდინარის ზედაპირიდან 45 მეტრით მოცილებული ხიდი აშენდა. ამ საუკუნის დასაწყისში 33 მეტრი სიგრძის ხიდი გაკეთდა ჭინჭაოს ღელეზე. სოფლის უბნები ერთმანეთს საფეხმავლო ხიდებით დაუკავშირდა. დამწვარი საშუალო სკოლის ადგილზე თანამედროვე სტანდარტების შესაფერისი შენობა დაიდგა. მოსწავლეთა კონტინგენტის სიმცირის მიუხედავად, სასწავლო კერა სამსაფეხურიანი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს ინარჩუნებს. ხელისუფლება ალტერნატიული საბავშვო ბაღის გახსნასაც დაგვპირდა. სოფელი მთისა და ბარის გასაყარზეა და ტურისტულ მიმართულებებში მისი ჩართვის საუკეთესო შესაძლებლობებია. ამას ბუნების სიმშვენიერე – ლელთის ტბა და მისი შემოგარენი ხელს უწყობს. ადრე აქ ტელევიზიაც სანატრელი იყო. შეფერხებები კვლავ გვაქვს მობილური კავშირგაბმულობის მხრივ. უკვე „ჯეოსელის“ ერთი ანძა დაიდგა. მალე „მაგთის“ სისტემასთან წვდომასაც გვპირდებიან.
– ფიქრობთ, ყველა პირობაა, სოფელი რომ აღარ დაცარიელდეს?
– ქალაქისკენ ლტოლვა მარტო ნაღვარეველებისთვის რომ იყოს დამახასიათებელი, გამოსავალი მალე მოიძებნებოდა. ეს ყველა ქართული, განსაკუთრებით მთიან რეგიონებში არსებული, სოფლის სენად იქცა. ჩვენს ოჯახში 8 დედმამიშვილი ვიყავით. მათი უმრავლესობა ამქვეყნად აღარ არის. მეც ოჯახს ადრეულ ასაკში მოვეკიდე. ხიხაძირელ გულიკო ჯაიანთან ერთად 7 შვილი გავზარდე. ნაბოლარა ვაჟი, მამული, უკვე 22 წლისაა. იგი ბათუმის საზღვაო აკადემიის წარჩინებული სტუდენტია. ცხოვრებამ ბევრი რამ დამანახა. თუ დამიჯერებთ, გეტყვით, რომ 70 წლის ასაკისა და თითქმის ნახევარი საუკუნის პედაგოგიური სტაჟის მქონე ახლაც რჩევას ვითვალისწინებ, საღ აზრს ვიზიარებ. არადა, ბედმა მარგუნა, რომ ინწკირვეთის საშუალო სკოლის კურსდამთავრებულს შოთა შარაშიძის, მამია ვაშალომიძის და სხვათა სახით, ღირსეული დამრიგებლები მყოლოდა. ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე ჩვენი კურსი წარმატებული და წარჩინებული სტუდენტებით გამორჩეული იყო. 27 თანაკურსელიდან 10-მდე სტუდენტი კურსებს უმაღლესი შეფასებით ვხურავდით. შალვა ბახტაძის, თემურ ბერიძის, ჯუმბერ აბაშიძის, ასლან შანთაძის სახით ქართულმა მათემატიკურმა სკოლამ ღირსეული კადრები შეიძინა. ჩვენ საქმითა და პროფესიული მიდგომით გავამართლეთ ის მოტივაცია, რომელიც ინსტიტუტის კედლებიდან სილოვან დადუნაშვილმა, მიშა გადახაბაძემ, შოთა ქემხაძემ, ასლან ხახუტაიშვილმა, გივი ხუხუნაიშვილმა, ვლადიმერ ხალვაშმა, სელიმ ნიჟარაძემ გამოგვაყოლეს.
– თითქმის ნახევარი საუკუნეა, თანასოფლელი ჭაბუკებისა და გოგონების აღზრდას ემსახურებით, შედეგი?
მხოლოდ ერთი წელი ვიყავი მათემატიკის მასწავლებელი, შემდეგ სასწავლო-აღმზრდელობითი მუშაობის დარგში დირექტორის მოადგილედ დამაწინაურეს. 1985-1986 სასწავლო წლიდან 20 წლის განმავლობაში ნაღვარევის საშუალო სკოლის დირექტორი გახლდით. ასეულობით ახალგაზრდას დავულოცეთ სიმწიფის ატესტატის მიღება. ახლა ისინი მეცნიერების, საზოგადოებრივი საქმიანობის სარბიელზე არიან. ათეულობით ახალგაზრდა პედაგოგობას ეზიარა. მათ რიგებში ჩემი ქალიშვილებიც არიან. მე სკოლის ხელმძღვანელობა კოლეგას, კოლორიტ ნაღვარეველს, „საპატიო შუახეველს“, მთაში მომუშავე პოეტს, რამდენიმე პოეტური კრებულის, გახმაურებული ლექსის – „ჭვანური მეტამორფოზის“ ავტორ იოსებ ქათამაძეს გადავულოცე. შარშან იგი პენსიაზე გავიდა. ამჟამად, სკოლას სპეციალობით ისტორიკოსი, ჩემი ქალიშვილი მერი ტაკიძე განაგებს.
– როგორც სოფლის გულშემატკივარი, რას ფიქრობთ, როგორ უნდა გადარჩეს იგი – არ დაიცალოს თავის მკვიდრთაგან?
– ახალდაქორწინებული ვიყავი, როცა 30 ოჯახი ნაღვარევიდან დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში საცხოვრებლად გადავიდა. მთიელებმა კახეთის ნოყიერ და უხვმოსავლიან მიწაზე საუკეთესო შრომით უმალვე თავი გამოიჩინეს. ეს ნაბიჯი მაშინდელმა ხელისუფლებამ სოფლის განტვირთვის მიზნით გადადგა. იმხანად ერთი სახლი არ გამოკეტილა, ფოთაროსა და ძაღიანის დაცარიელებაზე წარმოდგენაც შეუძლებელი იყო, თუმცა გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ნაღვარეველებმა ეკონომიკური და სოციალური პრობლემების გამო აქაურობის მიტოვება და ოჯახის სარჩო-საბადებლის ძიება სხვაგან დაიწყეს. მაშინ მეცხოველეობისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე მოთხოვნა ძალიან მცირე იყო და მწარმოებელს მოგებას არ უტოვებდა. ახლა რძისა და ხორცის პროდუქტები კარგად ფასობს. ნაღვარევში სამთო ტურიზმის განვითარების საუკეთესო პირობებია, რაც ადგილზე წარმოებული პროდუქციის რაოდენობის გაზრდის საშუალებას იძლევა. ეს ადგილობრივებს დამატებით შემოსავალს გაუჩენს. იმასაც ვერ ავუვლი გვერდს, რომ არსად ისე არ ეფერებიან ადგილის დედას, როგორც ნაღვარევში. ჩვენმა თანასოფლელმა ომარ ტაკიძემ რამდენიმე წლის წინ „ნაღვარევობის“ დღესასწაულს სათავე დაუდო, რამაც შემდეგ უფრო დიდი დატვირთვა შეიძინა. ამჟამად ლელთის ტბასთან აღინიშნება და „ლელთობად“ მოვნათლეთ. ბოლო სამი წელია, მიტოვებულ სახლებს პატრონებმა მოაკითხეს, მიწასაც ამუშავებენ, მაგრამ ზამთრობით მაინც გვტოვებენ.
– ზოგიერთები სოფლების დაცარიელებას ხელისუფლების უნიათობასაც, უყურადღებობას მიაწერენ, თქვენ რას იტყვით ამაზე?
– ამას ენის მოსაქავებლად ამბობენ. დაბა შუახევის ცენტრს 30 კილომეტრით მოშორებულ სოფელში რაც დღეს კეთდება, თაობების ოცნება იყო. შარშან მხოლოდ ერთი კვირით შეფერხდა ტრანსპორტის მოძრაობა. მალე ნაღვარევში ასფალტ-ბეტონის საფარიანი გზა შემოვა. საუბარია ნაღვარევი-კიკიბო-ბახმაროს, ნაღვარევი-მერიაყელი-თაგინურის გზების კეთილმოწყობაზე, ახალი ტურისტული მარშრუტების ათვისებაზე. ნაღვარეველებმა ხელისუფლების თანადგომა, ყოველგვარი ზეწოლისა და სხვა მაქინაციების გარეშე, გამოვხატეთ კიდეც 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე.
– ვეტერანს, სოფლის ქომაგს და გულშემატკივარს, აღმზრდელს უპირველეს საზრუნავად რა მიგაჩნიათ?
– ქვეყნის, სოფლის ინტერესებში ახალგაზრდობის მეტი ჩართულობა, ადგილობრივი რესურსების გეგმაზომიერად მოხმარება, სოფლის ხელმძღვანელის ინსტიტუტის მიზნობრივად დატვირთვა. მე ვხედავ, რომ ხელისუფლება დიდ თანხებს ახმარს განათლებას და ეს სავსებით გამართლებულია. სკოლა დღეს სოფლის სახე და სარკეა, ამიტომ ეს ფუნქცია მას არ უნდა დაეკარგოს.

