კერძო ბაღები – გაკოტრების პირას
ხატია იაშვილი: 591 98 24 26 –
9 თვეა, პანდემიის გამო ჩვენს რეგიონში კერძო საბავშვო ბაღების მუშაობა შეჩერებულია. ბიზნესის ეს სექტორი უკვე გაკოტრების პირასაა. აჭარის რეგიონის გარდა, ოქტომბრის თვეში, 27 დღით, საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ათეულმა ბაღმა მუშაობა განაახლა, თუმცა რეგულაციების გამკაცრების შემდეგ, კვლავ გაურკვეველი ვადით, იძულებით დაიხურა. მძიმე ეკონომიური ვითარების ფონზე ბაღის ხელმძღვანელობამ შეძლო ახალი ფინანსების მოძიება და იმ ინფრასტრუქტურის შეძენა, რასაც ოქტომბრის თვეში რეგულაცია ითხოვდა. რა ვითარებაში არიან დღეს კერძო ბაღები, რა მოლოდინები აქვთ და რა რისკების წინაშეა ბიზნესის ეს სექტორი, ამ საკითხზე ა(ა)იპ ,,საქართველოს კერძო ბაგა-ბაღების ასოციაციის’’ ხელმძღვანელს პავლე ქალიაშვილს ვესაუბრეთ.
– ბატონო პავლე, რა მდგომარეობაშია დღეს კერძო ბაღები? ხომ არ ემუქრება ამ ბიზნესს საბოლოო გაკოტრება?
– კერძო ბაღების წარმომადგენლები ურთულეს მდგომარეობაში არიან. მათთან კომუნიკაციის დროს ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდება, რომ ვერ ვეხმარები. მათ დიდი საბანკო ვალდებულებები აქვთ აღებული. ზოგს ბინა აქვს ჩადებული და ასე თუ გაგრძელდა, უსახლკაროდ დარჩენა ემუქრებათ. ასოციაცია შუამავლის როლს ასრულებს მთავრობასა და მათ შორის, მაგრამ ჯერჯერობით საკანონმდებლო ორგანოსგან ვერანაირი პასუხი ვერ მივიღეთ. ყველგან, სადაც ხელი მიგვიწვდება, ვითხოვთ, მოგვხედონ.
– რა სახის დახმარებას ელოდებით ხელისუფლებისგან?
– პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ ბაღების დახურვის მეორე ეტაპი ხელისუფლებისგან ხელშეშლამ გამოიწვია. ძნელია მათთან კომუნიკაცია. ფაქტობრივად, ვერ ვახერხებთ კონტაქტს. აგვისტოს თვეში გვქონდა ონლაინშეხვედრა ბიზნესომბუდსმენთან, შეგვპირდა დახმარებას, მაგრამ შეხვედრის შემდეგ არც შეგვხმიანებია. არადა, ვითხოვთ ბანკებთან შუამდგომლობას, ერთჯერად ფინანსურ დახმარებას და საგადასახადო ვალდებულებების ერთი წლით გაუქმებას, ეს, რა თქმა უნდა, მაშინ, როდესაც დავიწყებთ მუშაობას. ამ მოთხოვნით ხუთ სამთავრობო უწყებას მივმართეთ, მათ შორის აჭარის მთავრობის თავმჯდომარესაც. ამ დრომდე არავინ შეგვხმიანებია. ბათუმში 4 მარტის შემდეგ, საქართველოს სხვა ქალაქებისგან განსხვავებით, არცერთი კერძო ბაღი არ გახსნილა. ოქტომბრის თვეში, როდესაც 27 დღით მოგვცეს გახსნის უფლება, აჭარა წითელ ზონად იყო გამოცხადებული. ერთადერთი, ვინც ელქტრონულ ფოსტაზე მოგვწერა, იყო საქართველოს ეროვნული ბანკი და აგვიხსნა, რომ ყველას საკითხი ინდივიდუალურია და უნდა დავრეკოთ ცხელ ხაზზე. დანარჩენ უწყებებში ჩვენი თემა დახურულია. ერთადერთი პრემიერ-მინისტრის იმედი გვაქვს, იქნებ დაგვეხმაროს და ეს ბიზნესი გადაარჩინოს.
– თუ გაქვთ მონაცემები, 4 მარტის შემდეგ რამდენი ბაღი დაიხურა და რამდენი ადამიანი დარჩა უსამსახუროდ?
– პირველი ლოკდაუნის შემდეგ ანუ მარტის თვეში საქართველოს მასშტაბით 280 კერძო ბაღი დაიხურა, თანამშრომლების რაოდენობა 5700 იყო. ახლა, ოქტომბრის თვეში, 140 კერძო ბაღიღა იყო დარჩენილი, დანარჩენები გაკოტრდა და 3600 თანამშრომელი დარჩა უსამსახუროდ. მათ სახელმწიფოს მხრიდან 200- ლარიანი დახმარება კი მიეცათ, მაგრამ ეს არაა საკმარისი ამ სექტორის გადასარჩენად. წარმოიდგინეთ, თითოეულ ბაღში მინიმუმ 15- 20 ადამიანია დასაქმებული. ბაღები ერთი თვის განმავლობაში საშემოსავლო გადასახადს 2000 და 3000 ლარამდე იხდიან. მათმა უმრალესომაბ 50 ათასამდე ზარალი ნახა. არავინ ითხოვს ამხელა თანხის კომპენსაციას, ბანკებთან შუამდგომლობა და ოქტომბრის თვეში ინფრასტრუქტურისთვის დახარჯული თანხის ანაზღაურება მაინც მოხერხდეს. რეგულაციების მოთხოვნით ზოგ კერძო ბაღს ინფრასტრუქტურის გადაკეთებაც კი მოუხდა. ცალკე საიზოლაციო ოთახის გასაკეთებლად შეიძინეს სხვადასხვა ინვენტარი, მათ შორის, რამდენიმე დისტანციური თერმომეტრი, მაგრამ მთავრობის მოთხოვნით 27 დღეში ისევ გაურკვეველი ვადით დაგვხურეს. რეგულაციების მოთხოვნის შესრულება ზოგ ბაღს 2000-დან 11 ათას ლარამდე დაუჯდა.
-როგორც ახსენეთ, რამდენიმე ბაღი უკვე გაკოტრდა. რა მოლოდინი გაქვთ?
– ამ გადასახედიდან ძალიან დიდი რისკია, რომ ეს სფერო საქართველოში საერთოდ გაქრეს. ალბათ გადარჩება მხოლოდ ის კერძო ბაღი, რომელსაც საკუთარი შენობა აქვს. ფაქტობრივად, მთავრობამ მეპატრონეები მოიჯარეებთან პირისპირ მარტო დატოვა. მათაც საბანკო ვალდებულებები აქვთ – შენობის ასაშენებლად აღებული. მარტო მეიჯარეს არ აქვს ბანკის ვალი, ეს ერთი ჯაჭვია, რომელსაც დახმარება სჭირდება. თუ არ იმუშავეს, ქირის ფული რითი გადაიხადონ? შეიძლება სახელმწიფოსთვის ეს დიდი თანხა არაა, მაგრამ ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. განაცდური მაინც ანაზღაურდეს, რომ არ გაქრეს კერძო ბაღები ბიზნესის სფეროდან.
– დაბოლოს, რა დრომდე შეძლებენ კერძო ბაღები ამ ვითარებაში თავის გადარჩენას?
– მომავალი წლის 1 მარტამდე, თუ რა თქმა, უნდა მთავრობა რამით მაინც დაეხმარება, კერძო ბაღების ნაწილი შეძლებს თავის გადარჩენას. როგორც აღვნიშნე, მათი უმეტესობა საკუთარი შენობის მფლობელი იქნება. თუ არადა, ეს ბიზნესი გაქრება. შემდეგ, მოთხოვნა თუ იქნება, ბაზარზე ახალი, გამოუცდელი პირები შემოვლენ და ბაღის პედაგოგების თუ მეპატრონეების 20-30-წლიანი შრომა წყალში ჩაიყრება. უფრო მეტიც, ისინი გაკოტრდებიან.