„მივეჩვიეთ მათ ბოიკოტს“
ცეცილი ირემაძე: 27 48 93 –
ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებები ფორმირების საპასუხისმგებლო ეტაპზეა. არჩევნების ორივე ტური დასრულდა, თუმცა ოპოზიცია არ თმობს პოზიციებს და ჯიუტად ამტკიცებს, რომ კენჭისყრა გაყალბდა, ამომრჩეველთა ნაწილი მმართველმა გუნდმა მოისყიდა ან დააშინა, აცხადებს – სანამ არ დაინიშნება ვადამდელი არჩევნები, ტრიბუნებს ქუჩებში გადავიტანთ და ვაიძულებთ მთავრობას ჩვენი პირობის შესრულებასო.
მმართველი გუნდის კომპრომისზე წასვლის არაერთი მცდელობის მიუხედავად, ოპონენტები აზრს არ იცვლიან. დაშანტაჟების მთავარ ბერკეტად,დაპირისპირებული მხარე ერთპარტიული პარლამენტის ნაცრისფერ პერსპექტივებს იყენებს, რაც ცხადია, არც გამარჯვებულ მხარეს მიაჩნია მიზანშეწონილად დემოკრატიულ, საპარლამენტო სახელმწიფოში.
რას ფიქრობს ამ საკითხზე მოქმედი პარლამენტის ვიცესპიკერი ილია ნაკაშიძე, ამაზე „აჭარასთან“ ინტერვიუში საუბრობს.
– ბატონო ილია, სანამ ძირითად საკითხზე გადავიდოდეთ, გვითხარით, რას აპირებთ სამომავლოდ, რჩებით პოლიტიკაში თუ დაუბრუნდებით პროფესიას?
– მიუხედავად იმისა, რომ არ ვიქნები მეათე მოწვევის პარლამენტარი, ვრჩები პოლიტსაბჭოს წევრად და არ გამოვრიცხავ ხელისუფლების აღმასრულებელ ნაწილში დარჩენას.
– თქვენ ხართ მაღალი რანგის პროფესიონალი, ექიმი-კლინიკოსი. ფიქრობთ, რომ პოლიტიკაში მოღვაწეობით უფრო წაადგებით საკუთარ ხალხს, ვიდრე – მედიცინაში?
– მე მართლაც მაქვს უნიკალური გამოცდილება მედიცინის ანესთეზია-რეანიმაციის ნაწილში. თავს არ ვიქებ, ვამბობ მხოლოდ, რომ ჩემი ცოდნა აუცილებლად უნდა გადავცე მომავალ თაობას. არ მინდა ჩემს ხალხს დავუკარგო წარსულში ჩემი თავაუღებელი შრომით მიღწეული შედეგები, ამიტომ არ ვაპირებ პროფესიის მიტოვებას. გასული საუკუნის 90-იანი წლების შემდეგ, რაც ოჯახით დავუბრუნდი საქართველოს, ამ დარგში დიდი მიღწევები მაქვს არა მხოლოდ აჭარის, ქვეყნის მასშტაბით. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ანესთეზია-რეანიმაციის მიმართულებით ძალიან კარგი სპეციალისტები გვყავს, ნიჭიერი ახალგაზრდა თაობაც მოგვყვება ფეხდაფეხ. ამიტომ აუცილებლად მიმაჩნია, გადავცე მათ ის ცოდნა, რაც დავაგროვე ამ ხნის განმავლობაში. ვაპირებ დავრჩე პოლიტიკაში და პარალელურად, გავაგრძელო აკადემიური მოღვაწეობა, არ მივატოვებ სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს.
– რა ხდება ჩვენს ირგვლივ? იმდენად გაუგებარ ვითარებაში აღმოვჩნდით არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენების გამო, რომ აღარც კი ვიცით, რომელი ერთი პრობლემა განვიხილოთ.
– თქვენ მარტო არ ხართ, ყველანი გაუგებრობაში აღმოვჩნდით. მოდით, გავიხსენოთ ახალი კონსტიტუციის მომზადების სტადია. როდესაც დასასრულს ვუახლოვდებოდით, სადაც საუბარი იყო არჩევნების სტილსა და სტრუქტურაზე, გადაწყდა, რომ პირდაპირპროპორციული არჩევნები ჩატარებულიყო 2024 წელს. მაშინ ვხელმძღვანელობდით შემდეგი მოტივაციით: მანამდე უნდა გაძლიერებულიყო პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობა ამომრჩეველთა წინაშე, ამაღლებულიყო პოლიტიკური ბრძოლის ხარისხი, კულტურა. კარგად გახსოვთ ისიც, რომ ჩვენს ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა ბრალდებები ოპოზიციის მხრიდან, ბოიკოტირება, აქციები და ა.შ. ყველაფერი ეს რომ არ გადაზრდილიყო ერის დაპირისპირებაში, მმართველი პარტია კომპრომისზე წავიდა, დათმო პოზიციები და შუალედურ არჩევნებზე შეთანხმდა ოპონენტებთან, რაც გულისხმობდა ნაწილობრივ პროპორციულ არჩევნებს. ცხადია, შემცირდა მაჟორიტარების რაოდენობა, გამსხვილდა საარჩევნო ოლქები, დაიწია ბარიერმა, ანუ დიდი მასშტაბის სამუშაოები ჩატარდა სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით. ყველაფერი მაღალ დონეზე მოეწყო, რადგან მმართველმა გუნდმა გადაწყვიტა, გვქონოდა მრავალპარტიული პარლამენტი და ამ არჩევნებით მიეცა შანსი სხვა პოლიტიკური პარტიებისთვის.
– მახსოვს, თქვენი გუნდიდან, დეპუტატების ნაწილი იყო ნაწილობრივ პროპორციული არჩევნების წინააღმდეგი.
– დიახ, წინააღმდეგნი იყვნენ და ახლა ვფიქრობ, რომ მართალი იყო ის ხალხი. ჩვენი ქვეყანა და პოლიტიკური სპექტრი მართლაც არ არის მზად არანაირი პროპორციული საარჩევნო სისტემისთვის. თურმე საკმოდ მყარი არგუმენტები მოჰყავდათ, რის საფუძველზეც არ სურდათ დათმობაზე წასვლა და სრული მაჟორიტარული სისტემის უგულებელყოფა.
– თუ შეიძლება, დაგვიკონკრეტეთ, რას გულისხმობთ?
– რაც დღეს ხდება, პოლიტიკური ამბიციების დუფარავი გამოვლენაა. არც მეტი, არც ნაკლები, მიმდინარეობს ბრძოლა ხელისუფლებისათვის და რაც უნდა პატრიოტული ლოზუნგები აფრქვიონ და ამტკიცონ, რომ მოსახლეობის ხმებს იცავენ, არავინ დაუჯერებთ.
– არის ხალხი, ვისაც ამის სჯერა.
– რისი სჯერა? რა გაყალბებაზეა საუბარი, როდესაც ყველა სადამკვირვებლო მისია, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო, ყველა პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი, ოპოზიციის მიერ დაკვეთილი ეგზიტპოლებიც კი, ამტკიცებს, რომ ეს იყო წინა არჩევნებზე უკეთესი არჩევნები, რომელიც ჩატარდა გამჭვირვალედ, ღია, მშვიდ გარემოში, ყოველგვარი ზეწოლისა და მუქარის გარეშე.
– საქმეც იმაშია, რომ ოპოზიცია მყარად, ერთიანად დგას და სრულიად საწინააღმდეგოს ამტკიცებს.
– დიახ, სახალხოდ ამტკიცებენ, თუმცა ძალიან კარგად იციან სიმართლე. ისიც კარგად იციან, რაც მოხდა ცესკოში, რომ ხმების ხელმეორედ გადათვლა მართლაც შეცვლიდა კენჭისყრის შედეგებს, ოღონდ – მათთვის საწინააღმდეგოდ. სწორედ ამიტომ არ სურთ გადათვლა, არც აქციების შეწყვეტა, რადგან იმედი აქვთ, თავისას გაიტანენ ბოიკოტის რეჟიმში ყოფნით.
– რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ მათი ბრძოლის ეს მეთოდი?
– სწორედ პოლიტიკური ბრძოლისთვის არსებობს პარლამენტი. თავის დროზე ის შეიქმნა, რათა პოლიტიკოსებს ჰქონოდათ ერთმანეთთან დებატების საშუალება და ყველას წარმოედგინა ხალხის სხვადასხვა ნაწილი. ბოიკოტით ისინი კარგავენ ამ ბრძოლის ლეგიტიმაციის საშუალებას, უარს ამბობენ მანდატებზე, რომლებიც მომხრეებმა ანდეს მათი თვალსაზრისის საკანონმდებლო ორგანოში წარსადგენად. ქუჩაში გამართული აქციები, მთელი ამ სისტემის მიმართ დესტრუქციას გულისხმობს, ქვეყნის დემოკრატიული საფუძვლის ჩამოშლის მცდელობაა.
– თქვენი ეს მტკიცება ჩემთვის გასაგებია, ვერც იმას ვიტყვით, რომ ოპოზიციაში მყოფმა პოლიტიკოსებმა არ იციან, რას აკეთებენ. მაინც როგორია მმართველი პარტიის პოზიცია ბოიკოტზე, რას აპირებთ?
– ჩვენთვის ახალი არ არის ოპოზიციის მიერ შერჩეული პროტესტის ეს ფორმა, გამოცდილებაც კი გვაქვს მიღებული. მივეჩვიეთ უკვე მათ ბოიკოტს. პარლამენტში ბოლო წელიწად-ნახევარი სწორედ ბოიკოტის რეჟიმში გაატარეს. ორივე მხარე კომფორტულად ვგრძნობდით თავს, ისინი მუშაობის გარეშე ხელფასებს იღებდნენ, ჩვენ კი უფრო ეფექტურად ვმუშაობდით – თუ არ იყო კონსტრუქცია, არ იყო დესტრუქციაც.
– ერთპარტიული პარლამენტიც ხომ არ არის გამოსავალი?
– ეს რომ ჩვენი მიზანი არ იყო, ამას ნაწილობრივ პროპორციული არჩევნების დანიშვნაც ადასტურებს. მე მაინც ვფიქრობ, საბოლოოდ დათმობენ პროტესტს და ოპოზიციის ნაწილის გონიერი წარმომადგენლები შევლენ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში და იქ გააგრძელებენ ქუჩაში წამოწყებულ ბრძოლას. ქუჩაში დარჩენას მოსახლეობაც არ დაუშვებს. ვიმეორებ, ახლა მიმდინარეობს უხეში ბრძოლა მხოლოდ ხელისუფლებისთვის და არა კონსტრუქციისთვის და ხალხისგან დავალებული მისიის შესასრულებლად, არც იმ იდეებისთვის, რომლითაც ამართლებენ პანდემიის პერიოდში მიმდინარე, ყოვლად გაუმართლებელ აქციებს. მაპატიონ ოპოზიციაში მყოფმა კოლეგებმა, მაგრამ საკუთარ პოლიტიკურ რენომეზე უფრო ფიქრობენ, ვიდრე იმ ხალხზე, მათ რომ ხმა მისცა.
-ამასთან ერთად, პანდემიის მზარდი პრობლემაც გვაშინებს. . .
-ამ გადასახედიდან კარგად ჩანს, რა მიღწევები გვქონდა ხელისუფლებას გაზაფხულზე ახალი კორონავირუსის დაძლევაში. ეკონომიკა სტაგნაციიდან რომ გამოგვეყვანა, იძულებული გავხდით, გაგვეუქმებინა შეზღუდვები ზაფხულში, რასაც მოჰყვა კოვიდვითარების გაუარესება, მაგრამ ვერ აღვადგინეთ შეზღუდვები მოახლოებული არჩევნების და მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიების გამო. ამ მარათონში მონაწილე პარტიებს ვთხოვდით, ზედმიწევნით დაეცვათ ჯანადაცვის სისტემის რეკომენდაციები, რასაც ყველა არ აკეთებდა. შეიქმნა ჩვენთვის ყველა მიმართულებით წამგებიანი პოზიცია: დაწესებული შეზღუდვების გამო გამოაცხადებდნენ, რომ მათ ვავიწროებთ, უფრო ხელგაშლილად რომ შეგვეზღუდა კოვიდვითარება, იტყოდნენ, ჯანდაცვის სისტემა ჩამოშლილი აქვთ, პანდემიას ვერ აკონტროლებენ და ა.შ. სამწუხაროდ, ვერც ამ მიმართულებით დავინახეთ მათგან თანამშრომლობა და კონსტრუქცია. შედეგიც სახეზეა – ქვეყანაში ათასზე მეტი პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა, ვკარგავ კოლეგებს. ბევრი მათგანი ახლაც კრიტიკულ სიტუაციაშია. ძალიან მწყდება გული შექმნილ ვითარებაზე, რადგან შესაძლებელი იყო გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რიცხვი გაცილებით ნაკლები ყოფილიყო. როგორც რეანიმატოლოგი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: ამ საკითხზე სოციალურ ქსელებში, ქუჩებში, გამოტანილი კამათი არ გვეკადრება. დებატები შეიძლება იყოს ცხარეც, უხეშიც, მაგრამ პროფესიულ პლატფორმაზე. სტატისტიკა ჯიუტია, ვიცით, რა იყო გაზაფხულზე და რა არის ახლა, რა მოგვიტანა არჩევნების გამო სიტუაციის ლიბერალიზაციამ, ზოგიერთი ოპოზიციური ძალების მიერ რეკომენდაციების იგნორირებამ. განსაკუთრებით საწყენია, როდესაც აქეთ გამტყუნებენ, რომ პოლარიზებულია ჯანდაცვის სისტემა.
– ოპოზიცია პირდაპირ აცხადებს, რომ უჟანგბადობით გვეხოცება ხალხი, „ოცნებამ“ ჩამოშლილი ჯანდაცვის სისტემა დაახვედრა პანდემიის მოსალოდნელ მეორე ტალღასო. . .
– ჟანგბადის პრობლემა ქვეყანაში პრაქტიკულად არ არსებობს. მთავრობას ძალიან კარგად ჰქონდა დამუშავებული ყველა ალტერნატივა. არც მედიკამენტების მოწოდებაში გვაქვს პრობლემა.
– მთავრობის უმოქმედობა აქციების აღკვეთის კუთხით გაუგებარია. მსოფლიო პანდემიის პერიოდში მსგავსი თავყრილობები როდის უნდა აიკრძალოს?
-საკმაოდ რთულია ამაზე პასუხის გაცემა. მე მაინც ვფიქრობ, რომ უნდა მოიძებნოს გამოსავალი, რადგან ქვეყნის ინტერესები პირადულზე მაღლა დგას. ბათუმის მცირერიცხოვანი აქციები უკვე პროტესტსაც აღარ ჰგავს. რაც შეეხება აკრძალვას, ჩვენი ყველაზე დიდი მიღწევა დემოკრატიაა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა უპირობოდ დანერგა და არ გვინდა შევეხოთ აზრის თავისუფლად გამოთქმის უფლებას ძალისმიერი მეთოდებით.
– გამოცხადებულის გარდა, კიდევ რა სახის შეღავათებს გეგმავს მთავრობა?
– საზოგადოების ყველა მოწყვლადი ჯგუფი იქნება ყურადღების ქვეშ. მათ შორის არის ის 60 ათასი სტუდენტი, რომელთაც სტატუსი შეუჩერდათ. იურიდიულად, დაუცველის სტატუსი ვისაც არა აქვს, მაგრამ ამ კუთხით რაღაც ქულები დაუგროვდათ, ისინიც მიიღებენ დახმარებას. ახლა არ გადაგღლით შეღავათების და ფინანსირების ჩამოთვლით, ვიტყვი მხოლოდ, რომ ყველას დავეხმარებით ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.
– მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დავაზუსტო ვაქცინაციის თარიღი, როდიდან დაიწყება საქართველოში ეს პროცესი?
– ვაქცინაცია ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია კოვიდთან ბრძოლაში. მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანამ უკვე შეიმუშავა ვაქცინაციის გეგმა. 8 სახის ვაქცინამდეა დამზადებული, რომელთა ნაწილი ჯანმოს გადაეცა. უკვე დაიწყო პროცესი აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, რუსეთში, თურქეთშიც კი, სადაც ერდოღანმა 40 მილიონი დოლარი გაიღო, რაც 20 მილიონი ადამიანის ვაქცინაციას უზრუნველყოფს. უკვე გაზაფხულზე მსოფლიო მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს ჩაუტარდება ვაქცინაცია, რაც შეაჩერებს პანდემიას. თავისთავად, საქართველოც მიიღებს თავის წილ ვაქცინას და დასრულდება ის პრობლემები, რაც პანდემიამ მოგვიტანა არსებობის ერთი წლის განმავლობაში.