„რაღაც ჩანაფიქრი აქვთ, რაღაცის მოთხოვნა უნდათ, თორემ აბსოლუტურად ალოგიკურია მათი ქმედება“
ხატია იაშვილი: 27 48 93 –
რეგიონში მიმდინარე დაძაბულ პოლიტიკურ პროცესებსა და არჩევნების გაყალბების ბრალდების აბსურდულობაზე საუბრობს „აჭარასთან“ ინტერვიუში უმაღლესი საბჭოს მოქმედი და ახალი მოწვევის დეპუტატი ილია ვერძაძე.
– ბატონო ილია, საუბარი დავიწყოთ არსებული რთული პოლიტიკური ვითარების მოკლე მიმოხილვით.
– რთული ვითარება ნამდვილად შეიქმნა, თუმცა შევეცდები ყველაფრის დეტალურად ახსნას. მინდა მკითხველისთვის გასაგებად, მარტივ მამრავლებად დავშალო მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. დავიწყოთ იმით,რომ ოპოზიციამ თავიდანვე დაიწყო ლაპარაკი მოსალოდნელ გაყალბებაზე. გამოდის, უკვე შემზადებული გაქვს სცენარი, რომლის განხორციელებასაც მომენტალურად შეუდგები, თუკი ვერ მიიღე სასურველი შედეგი, ანუ უკვე ზუსტად იცი, სად რა გაყალბდება და როგორ. ეს ყველაფერი მაგონებს კარგად მომზადებულ საშინაო დავალებას, რომელიც კარგად ისწავლეს და ახლა გადაუცდომლად მიჰყვებიან, ზემოდან წამოსული დირექტივების მიხედვით.
-ამით გინდათ თქვათ, რომ გაყალბება მხოლოდ მათ რიტორიკაშია ?
– მოდით, ჯერ გავარკვიოთ, რას ნიშნავს არჩევნების გაყალბება. გაიხსენეთ, ჯერ კიდევ არჩევნებამდე ტარდება სოციოლოგიური კვლევა, რის შედეგადაც ვიღებთ რაღაც ციფრებს. ადამიანს ეკითხებიან აზრს, შემდეგ კი სოციოლოგები, გამოცდილი მკვლევარები ამუშავებენ, აანალიზებენ და გვაძლევენ ფორმულას. ამის შემდეგ დგება არჩევნების დღე, რომელსაც აკვირდებიან საერთაშორისო დამკვირვებლები და აცხადებენ, რომ გარემო იყო დემოკრატიული, არსად შეუზღუდავთ არჩევანის გამოხატვის თავისუფლება. აქვე დგება ეგზიტპოლი, რაც ნიშნავს, უბნიდან გამოსული ადამიანის ნებაყოფლობით პასუხს, თუ ვის დაუჭირა მხარი. ამასაც გამოცდილი ადამიანები აჯამებენ და უკვე 8 საათისთვის (მანამდე არა აქვთ უფლება) აცხადებენ შედეგებს. ასევე, უბნებზე სხედან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც პარალელურად ითვლიან ხმებს. ამ ადამიანებმაც კარგად იციან, სად რა და როგორ უნდა დაითვალონ. ეს შედეგებიც, შესაბამისად, ქვეყნდება და ცნობილია. როდესაც ყველა ეს შედეგი ერთმანეთს ემთხვევა, დაინტერესებული მხარის მიერ შეკვეთილი კვლევებიც კი, მაშინ რატომ უნდა შეიტანო გაყალბებაში ეჭვი, თუკი სულ სხვა მიზანი არ გამოძრავებს, გაუგებარია. რადიკალური ოპოზიციის ეგზიტპოლებიც კი აჩვენებდა, რომ „ოცნებამ“ გადალახა 45%-იანი ბარიერი, ამის შემდეგ ცესკოს მონაცემების უარყოფა, სხვა რომ არაფერი, უხერხულია.
– ძირითადად, საუბარი იყო ოქმების დაბალანსებაზე.
– დიახ, ოქმების დაბალანსება მართლაც რთული თემაა, მაგრამ ეს სირთულე ხელოვნურად წარმოიქმნა თუ ბუნებრივად, ამაზე არ დავიწყებ საუბარს. ვიტყვი მთავარს, რომელსაც რატომღაც არავინ აქცევს ყურადღებას – ოქმის გაყალბებას არანაირი შეხება არ აქვს არჩევნების შედეგების გაყალბებასთან. აქაა ეკლეკტიკა და აქ სვამენ ტოლობის ნიშანს, ამით ცდილობენ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას.
– სიმართლე გითხრათ, ახლა მეც დამაბნიეთ. . .
– მოდით, პირად მაგალითზე აგიხსნით. ხომ სწავლობდით უნივერსიტეტში 5 წლის განმავლობაში? დიპლომის შევსებაში ტექნიკურად დაშვებული შეცდომის გამო, თუკი არასწორად ჩაწერეს ან დაბადების წელი ან თვე, რომ დაგითხოვონ სამსახურიდან და არ ჩაგითვალონ ამ ხნის განმავლობაში მიღებული ცოდნა, ხომ იტყვით, ვინც შეცდომა დაუშვა, ვერ გადაიტანა ზუსტად მონაცემები უწყისიდან დიპლომში, იმის ბრალეულობაზე ან შეცდომაზე შეიძლება საუბარი, მე რა შუაში ვარ, ეს ხომ არ ნიშნავს, მე არ მისწავლიაო. იგივეა ოქმში შეცდომა. . . აქ კიდევ ერთ გადასვლას გავაკეთებ. მას, ვისაც საარჩევნო უბანზე უმუშავია, ყველამ ძალიან კარგად იცის, როგორ ითვლება ხმები. როდესაც ბიულეტენები იყრება მაგიდაზე, თავმჯდომარე თითო-თითოდ იღებს, ირგვლივ მსხდომ 25-მდე ადამიანს (12 კომისიის წევრი და ამდენივე დამკვირვებელი)აჩვენებს და ხმამაღლა აცხადებს პარტიას, რომელმაც მიიღო ხმა. იქ იმხელა კონკურენციაა, ვერავის ვერაფერს გამოაპარებ. ერთი პარტიის ნაცვლად მეორეს იტყვი კი არა, ზედმეტად შემოხაზული, გაჩხაპნილიც რომ იყოს, გაგაბათილებინებენ. ყოველ ხმაზე მიდის ბრძოლა, მით უმეტეს, როცა კომისიის სამი წევრი ოპოზიციიდანაა და 10 – ოპოზიციური პარტიის დამკვირვებელია თითოეულ უბანზე. ოპოზიციის რამოდენა მასა გამოდის 4 000 უბანზე, თავადაც დათვლით და ამ ფონზე გასაკვირია, როცა უცერემონიოდ აცხადებენ 3% გაყალბდაო. ამას უფრო ზომიერები ამბობენ, თორემ ზოგიერთი 8-15%-საც გვაბრალებს. ციფრი სამი, სათქმელადაა ცოტა, თორემ 2 მილიონიდან 60 ათასი ამომრჩეველია. უბნების რაოდენობაზე რომ გაყო, თითოზე 16- 20 ხმა უნდა გააყალბო მთელი საქართველოს მასშტაბით. ახლა მითხარით, 20 ხმა როგორ უნდა გამოაპარო 25 კაცს? ეს არის აბსურდი, სამარცხვნო რამ, რომელსაც ისე მიაფუჩეჩებენ ლაპარაკში, რომ ვერც გაიგებ. თან რაღაც ოქმს აგიფრიალებენ, რომელიც არანაირ მტკიცებულებას არ წარმოადგენს და ურცხვად დაგიწყებენ ლაპარაკს. აქვე მინდა გითხრათ, რომ ოქმების უმრავლესობას შესწორების ოქმი ახლავს, ანუ იქვე არის ბალანსი გამოსწორებული. ამ საკითხებში გაურკვეველთათვის, ეს შეიძლბა იყოს არგუმენტი და ამაზე აქვთ ალბათ გათვლა.
– თქვენ თვლით, რომ ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი ყველა საბუთი ჰაერიდანაა აღებული?
– მე ვთვლი, რომ თუნდაც იმ სამი პროცენტის გაყალბება, ჩვენს საარჩევნო გარემოში, წარმოუდგენელია. პრინციპში, 90-იან წლებში და უფრო აქეთაც ხდებოდა მსგავსი გაყალბებები, მაგრამ მაშინდელ საარჩევნო უბნებში არ იყო წარმოდგენილი ამხელა ოპოზიციური სპექტრი, არც კონვერტი და ბეჭედი იყო და არც საერთაშორისო დამკვირვებლები აცხადებდნენ, არჩევნები მშვიდ, თავისუფალ გარემოში, გაუყალბებლად ჩატარდაო. ახლა, როდესაც ასეთ რამეს გვაბრალებენ, იმას არ უკვირდებიან, რომ საკუთარ დამკვირვებლებს აგდებენ უხერხულობაში. ყველამ კარგად იცის, რომ ოცს კი არა, ორ ხმას ვერ გააყალბებდნენ. მოსახლეობაც ხვდება ყველაფერს. ბევრს ჰყავდა ახლობელი საარჩევნო უბნებში და მათგან იციან, რომ ერთმანეთს არაფერს აპატიებენ ოპონენტები საარჩევნო უბანზე, ელემენტარულ გადახრასაც კი.
– ერთმა მითხრა, ჩემს უბანზე ნამდვილად ვერ გაყალბდებოდა, მაგრამ ალბათ, სხვაგან, სოფლებში გააყალბესო. . .
– რას ამბობთ, სწორედ ამაზეა გათვლა, ადამიანს სჯერა რაც საკუთარი თვალით ნახა, მაგრამ ეჭვობს, თუ არ ნახა და რასაც მედიასაშუალებებით უმტიკიცებენ. სოფელს უფრო ვერ მოატყუებ, იქ ყველა ერთმანეთს იცნობს და სახელებით იციან, ვინ ვის მისცა ხმა, ვერაფერს დაფარავ.
– აქციები ხომ მაინც იმართება?
-კი, მხოლოდ პარტიების წევრები ესწრებიან. ტყუილზე დაფუძნებული მიმართვები თავიდან მოქმედებს, მაგრამ დიდხანს ვერასოდეს მიიზიდავს ხალხს. სხვათა შორის, მათაც ლანძღავენ, რატომ არ გამოდიხართ და არ გვიჭერთ მხარსო. იმიტომ, რომ ის ხალხი ხვდება, მათ მტკიცებულებებს სიცრუე უდევს საფუძვლად. 8 პარტია იძახის პარლამენტში არ შევალთო. ეს ხომ წმინდა წყლის დესტრუქციაა. თან იმას რომ აცხადებენ, კოვიდი საშიში არ არის, აგერ ერთად დავდგეთო, შემდეგ კი აქეთ გვაბრალებენ, პანდემიის გაძლიერებული ტალღა, ამდენი დაინფიცირებული და გარდაცვლილი მთავრობის ბრალიაო, უკვე აღარანაირ ჩარჩოში არ ჯდება.
– პირადად თქვენ ვის ადანაშაულებთ კოვიდის გავრცელებაში?
– თავად გადახედეთ კოვიდსტატისტიკას, როდის მოიმატა გარდაცვლილთა და დაინფიცირებულთა რიცხვმა? სწორედ ოპოზიციის უპასუხისმგებლო ქმედებების შემდეგ. თუკი ახლა არის შესაძლებელი რამდენიმე ადამიანის შეკრება და პროტესტის პერფორმანსებით წარმოჩენა, მანამდე რატომ იკრებდნენ ამ ხალხს ირგვლივ? ექიმები არ ჰყავდათ გვერდით, რომ ეთქვათ, რამხელა რისკის შემცველი იყო ასეთი მასშტაბის თავყრილობები პანდემიის დროს? სტატისტიკის ციცაბო ზრდა სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა. ისე აჭრილი იყო ხაზი ზევით, ზებუნებრივ მოვლენასთან კავშირში გეგონებოდა.
– რაში ხედავთ გამოსავალს?
– ჩვენი თანაქალაქელების უმეტესობა, მათი მხარდამჭერებიც კი, ძალიან კარგად ხედავენ რეალობას, რომ კენჭისყრის შედეგები არავის გაუყალბებია. დღეს არ არის გადამოწმება რთული. იცით, კიდევ რა არის ცნობილი? ყველა უბანზე, კომისიის სამივე ოპოზიციონერ წევრს აქვს ხელი მოწერილი შედეგებზე. ამას ზეპირად ხომ ვერ გააკეთებდნენ?! დათვალეს ხმები, შედეგები დააჯამეს, ოქმებში გადაიტანეს და შემდეგ დაადასტურეს საკუთარი ხელმოწერებით. ეს ხომ ლოგიკურია და შემდეგ თუ ვინმეს შეეშალა 900 4000-ში (მესმის, დიდი ციფრია, მაგრამ როგორც ზემოთ ვთქვი, უმრავლესობა იქვე გასწორდა), რის გამოც ბალანსი ვერ დაჯდა, გვედავებიან. არადა, კატეგორიულად ვიმეორებ, ეს არ ნიშნავს გაყალბებას. ეს არის შეცდომით გადაწერილი ოქმი, რომელიც საჭიროებს გასწორებას.
– როდესაც არის შეცდომა, არის ეჭვის საფუძველიც. . .
– თუკი ამის საფუძველზე შეეჭვდები, გამოდის, არ ენდობი იმ შენს კომისიის წევრს, რომელიც გეტყვის, 30 ხმაზე მეტი არ მქონია, ეს 30 კი წერია, უბრალოდ ბალანსი ვერ დასვეს სწორადო. ამაზე მზაობა მაშინვე გამოთქვა ხელისუფლებამ და ჩასწორდა ყველაფერი. იქვე გაირკვა, რომ გაბათილებული ბიულეტენი ბევრი არც ყოფილა და სათანადო ჩარჩოში ჯდება ყველაფერი. ასევე, მმართველმა გუნდმა განაცხადა მზაობა ხმების გადათვლაზე. ისიც უთხრა, აგერაა ვიდეო მასალა, ნებისმიერი, თქვენთვის საინტერესო უბანი გავხსნათ და უწყვეტ რეჟიმში ვუყუროთ მთელ პროცესსო. არც ამ შეთავაზებას დათანხმდნენ, რადგან კარგად იციან ყველაფერი და დაანებონ დესტრუქციაზე საუბრებს თავი.
– თუკი იციან, რომ არაფერი გაყალბებულა, რა აზრი აქვს ასეთ ბოიკოტს, რატომ არ შედიან საკანონმდებლო ორგანოებში იმ მანდატებით, რაც მოიპოვეს?
-ასე მგონია, რაღაც ჩანაფიქრი აქვთ, რაღაცის მოთხოვნა უნდათ, თორემ აბსოლუტურად ალოგიკურია მათი ქმედება. თუ მათი მუქარა ბოლომდე შესრულდება, ვიტყვი, რომ სერიოზული პრობლემები გააჩნია ოპოზიციას საქართველოში, ხოლო თუკი ჩემი ნავარაუდევი მოთხოვნა გააჟღერეს, პოლიტიკურად რელევანტური იქნება და გონიერ ჩარჩოებში ჩაეტევა. მაშინ ნათელი გახდება, რის გამო აკეთებდნენ, რასაც აკეთებდნენ.
– რამდენიმე დღეში უნდა მოხდეს პარლამენტის და უმაღლესი საბჭოს ლეგიტიმაცია, რას უნდა ველოდოთ ერთი ან მეორე მხარისგან?
– წინასწარ მაინც არ მინდა პროგნოზი გავაკეთო. ვფიქრობ, ორივე მხარე შეთანხმდება და საბოლოოდ შემოვა პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში. . . და თუ მაინც თავის ნათქვამზე დარჩებიან, როგორც უკვე ვთქვი, მართლაც რთულად გვქონია ოპოზიციის საქმე ქვეყანაში.
– თუ არ დათმეს?
– თუ არ დათმეს, მერე გავაკეთოთ კომენტარი. ახლა არ მინდა პროგნოზირება, რადგან ეს უმადური საქმეა პოლიტიკაში. თანაც, არც ის მინდა, რომ დავუშვა მსგავსი პერსპექტივა, იმიტომ დავშალე მარტივ მამრავლებად კენჭისყრის პროცესი, რათა დამემტკიცებინა გაყალბების აბსურდულობა. შემდეგ კი ავხსენი, ამ სიცრუის გამო მანდატებზე უარის თქმა რატომაა ქვეყნისთვის დესტრუქციული.ბოლოს ისიც მინდა ვთქვა, რომ გმირი ექიმები გვყავს, აღვნიშნო, რა ძნელია ამ რეჟიმში მუშაობა და ის, რომ მაინც არ ტოვებენ ბრძოლის ველს. ახლა ყველა ერთად უნდა ვიდგეთ პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად. როდესაც პანდემიას დავამარცხებთ, ოპონირების რეჟიმში, დებატებში, პარლამენტის ტრიბუნასთან ვიმსჯელოთ ჩვენი ქვეყნის წინსვლა-განვითარებაზე.