,,მომწონს ის ფაქტი, რომ ცარიელ ფურცელზე ოცდაცამეტი ასო-ბგერისა და რამდენიმე სიმბოლოს გამოყენებით შეგიძლია სრულიად ახალი სამყარო შექმნა’’
ნაირა ფუტკარაძე: 27 48 93 –
ჩვენ ყოველთვის გამოვირჩეოდით საერთაშორისო დონის მწერლებითა და მათი გენიალური ნაწარმოებებით, რომლებსაც მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე თარგმიდნენ. კლასიკოსებს ღირსეული გამგრძელებლები ახლაც მოეძებნებათ და ჩვენ ვალდებულნი ვართ, წავიკითხოთ, შევაფასოთ და დავაფასოთ მათი ნამუშევრები. ბექა ადამაშვილი თანამედროვე ქართველი მწერალი, ჟურნალისტი, იუმორისტი და ბლოგერია. ცნობილი გახდა პირველივე სატირული რომანით –„ბესტსელერი“. 2019 წლის ევროკავშირის ლიტერატურული პრიზის ერთ-ერთი ფინალისტია წიგნით: „ამ რომანში ყველა კვდება“. მისი ერთ-ერთი მოთხრობა „წვიმის წვეთი“ ქიმიის სასკოლო სახელმძღვანელოშია შესული.
– გაეცანით ჩვენს მკითხველს. ვინ არის ბექა ადამაშვილი და როგორ ფიქრობთ, რატომ მოგიხსენიებენ ლიტერატურულ წრეებში „სიტყვის მოთამაშე ოსტატად“?
– ბექა ადამაშვილი არის ადამიანი, რომელსაც უყვარს წერა და არ უყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი, განსაკუთრებით, მესამე პირში. ბექა ადამაშვილს, სიმართლე რომ ითქვას, მაინცდამაინც ხშირად არ სმენია ლიტერატურული წრეებიდან გამოსული მსგავსი პოლიფონიური ქება, თუმცა, ფიქრობს, რომ ხმები მისი ოსტატად მოხსენიების შესახებ ოდნავ გადაჭარბებულია.
– თქვენს შემოქმედებით ბიოგრაფიაში გარდამტეხი როლი ითამაშა გასულ წელს ევროკავშირის ლიტერაურულმა პრიზმა რომანისთვის „ამ რომანში ყველა კვდება“ და გახდით პირველი ქართველი, რომელმაც ეს პრიზი მიიღო. როგორ გაიხსენებთ ამ ამბავს?
– გამორჩეული ვერ ვიქნები, თუკი ვიტყვი, რომ ნებისმიერი პრიზი, მათ შორის, ლიტერატურული პრემიები, ყოველთვის სასიხარულოა. ევროკავშირის ლიტერატურული პრიზი კი იმ მხრივაც არის გამორჩეული, რომ საშუალებას გაძლევს, გაზარდო მკითხველთა რიცხვი იმ ენებზე თარგმნის საშუალებით, რომლებზეც გაცილებით მეტი ადამიანი საუბრობს მსოფლიოში, ვიდრე ქართულად.
რაც შეეხება ეტაპებს, როდესაც ამ კონკურსის საფინალო მოკლე სიაში აღმოვჩნდი, გამარჯვების იმედი დიდად არ მქონია, ვინაიდან აქამდე არსებულ თითქმის ყველა ლიტერატურულ კონკურსში ჩემი წარმატების მაქსიმუმი სწორედ ასეთ მოკლე სიებში მოხვედრა იყო. თუმცა, საბედნიეროდ, ჟიური ჩემთან შედარებით ნაკლებ სკეპტიკური აღმოჩნდა ჩემივე რომანის შეფასებაში და მოხდა ის ყველაფერი, რაც ამ შეკითხვის ტექსტშია.
– რატომ არ შედგა თქვენი, როგორც ჟურნალისტის, ფსიქოლოგის და ა.შ. კარიერა? ამჟამად რა საქმიანობით ხართ დაკავებული?
– პროფესიით ჟურნალისტი ვარ, თუმცა ამ მიმართულებით მხოლოდ მცირე ხანს ვიმუშავე და აღმოვაჩინე, რომ ამ საქმისთვის მეტისმეტად ინტრავერტი გამოვდექი. ფსიქოლოგია და ლიტერატურათმცოდნეობა კი უბრალოდ ინტერესის გამო ვისწავლე და არა დასაქმებისთვის, ამიტომ ჩემს ცხოვრებაში მათი მეორეხარისხოვნების გამო დიდად საწუწუნო არ მაქვს. ამ ეტაპზე სარეკლამო სფეროში ვარ და ვცდილობ შემოქმედებითი ხელმძღვანელის (რაც ფართო წრეებში „კრეატიული დირექტორის“ სახელით უფრო არის ცნობილი) პოზიციით უფრო მეტი სარგებელი მოვიტანო, ვიდრე დანარჩენი პროფესიებით მუშაობის შემთხვევაში შევძლებდი.
– როგორ უნდა გახდე კარგი მკითხველი? ისევე, როგორც მწერლობამდე, ალბათ, აქამდეც გზაა გასავლელი.
– გამიჭირდება მკითხველები კარგებად და ცუდებად დავყო. უბრალოდ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც წაკითხული წიგნებიდან გამომდინარე დროთა განმავლობაში სხვადასხვაგვარი ინტერესები თუ გემოვნება ჩამოუყალიბდათ და ყოველი ახალი ნაწარმოების გაცნობისას, სწორედ მისით ხელმძღვანელობენ. ზოგადად, ისეთ მკითხველად თუ მწერლად ჩამოსაყალიბებლად, როგორიც, სავარაუდოდ, ამ შეკითხვაშია ნაგულისხმევი, ერთი მარტივი ორსიტყვიანი ფორმულა არსებობს – „ბევრი კითხვა“.
– ირონიასთან შეზავებული იუმორით წერა, ალბათ, ყველაზე რთულია. თქვენს ნაწარმოებებში ეს ისე ბუნებრივადაა, თითქოს ძალისხმევა არ სჭირდებოდეს. როგორ ახერხებთ, რა გეხმარებათ ამაში?
– სტილი დროთა განმავლობაში თავისთავად ყალიბდება. წერისას თვითონვე ხვდები, რა გამოგდის უკეთ და რა – ნაკლებად. მე, მაგალითად, როცა მივხვდი, რომ სენტიმენტალური სცენები და სიბრძნით განმსჭვალული ფრაზები ჩემი შესაძლებლობების საჩვენებლად საუკეთესო გზა არ იყო, იმის პაროდირებაზე გადავედი, რაც პრაქტიკულად არ გამომდიოდა. ეს კი ნელ-ნელა სტილად ჩამოყალიბდა. თუმცა, ცხადია, რაღაც ეტაპის მერე (და უკვე მგონია, რომ ეგ ეტაპი უკვე დადგა), ამ სტილშიც რაიმე ცვლილების შეტანა მომიწევს, რათა ერთფეროვანი არ გახდეს.
– თქვენი აზრით, რა არის მთავარი, რაც უნდა ჰქონდეს ჩვენს საუკუნეში დაწერილ კარგ წიგნს?
– ხანდახან მგონია, რომ ყველაფერი უკვე დაწერილი და მოყოლილია, ამიტომ ჩემთვის ამ საუკუნეში დაწერილ წიგნებში ფორმა ან ნაცნობი ამბის ახლებური პერსპექტივით დანახვა ყველაზე მნიშვნელოვანია. სწორედ ეს არის ალბათ, პოსტმოდერნიზმი – მოყოლილი ამბების ნგრევა და საკუთარის შენება მათი ნანგრევებიდან. თუმცა იმ განცდის პარალელურად, რომ ყველაფერი უკვე მოყოლილია, საკმაოდ დამამშვიდებელია იმის გააზრებაც, რომ სამაგიეროდ, ყველაფერი არ არის წაკითხული და კონკრეტული ადამიანებისთვის შენ მიერ მოთხრობილი თუნდაც უძველესი ამბავი, შეიძლება სიახლე აღმოჩნდეს.
– თქვენი წიგნი „ამ რომანში ყველა კვდება“ იწყება ასე: „წიგნს ვუძღვნი უნიკალურ ქართულ ანბანს, რომლის ოცდაცამეტივე ჰაეროვანი, მჭახე, ჩუმი და მჟღერი ასო-ბგერა ამ პატარა ფრაზაშია თავმოყრილი“. შემდეგ გვერდზე კი გვხვდება წარწერა: „ასევე ეძღვნება ყველა იმ პედანტს, ვინც შენიშნა, რომ წინა მიძღვნაში ასო-ბგერა „ჯ“ გამოტოვებულია“. ამაზე და ქართულ დამწერლობაზე რას გვეტყვით.
– ქართულ დამწერლობაზე ჩემზე უკეთ იმ საუკუნეთა სიმრავლე მეტყველებს, რომელთა განმავლობაშიც ეს დამწერლობა არსებობდა და ვითარდებოდა. ბუნებრივია, საამაყოა, როდესაც უნიკალური დამწერლობა გაქვს და მისი ვიზუალი ენის სრულიად არმცოდნე ადამიანებშიც კი დიდ სიმპათიას აღძრავს.
– კმაყოფილი ხართ თუ არა იმით, რაც აქამდე დააგროვეთ?
– თუ დაგროვებაში ცოდნა და გამოცდილება იგულისხმება, კმაყოფილების დონის განსაზღვრა რთულია, რადგან რაც უფრო დიდ ცოდნასა და გამოცდილებას აგროვებ, მით უფრო ხვდები, რომ მეტი ცოდნისა და გამოცდილების დაგროვებაცაა შესაძლებელი. ხოლო თუ დაგროვებაში რაიმე ტიპის ანაბარი იგულისხმება, მაშინ უფრო კმაყოფილიც შემეძლო ვყოფილიყავი.
– როგორ წერთ? ჯერ არსებობს რაღაც იდეა, ჩონჩხი და მერე ასხამთ ხორცს?
-ზოგადად, რაიმეს წერის დაწყება იდეის გარეშე, ალბათ გრაფომანია უფროა, ან უბრალოდ – სახლის შენების დაწყება საძირკვლის გარეშე. აქედან გამომდინარე, იდეის გარეშე (თუნდაც, ზოგადის და ბუნდოვანის), ფაქტობრივად, არასოდეს ვიწყებ წერას. პირველ ეტაპზე ვცდილობ ყველაფერი გადავიტანო ფურცელზე, რაც თავში მომივა, ყველაზე საინტერესო ეტაპი კი, რაც ყოველივე ზედმეტის წაშლას და თითოეული წინადადების დამუშავებას გულისხმობს, მხოლოდ ამის შემდეგ იწყება.
– რა ხდება, როდესაც წერთ? მწერლობისთვის ყველას თავისი მიზეზები აქვს. თქვენ რატომ წერთ?
– რაიმე კონკრეტული მიზეზი არ მაქვს. უბრალოდ, მომწონს ის ფაქტი, რომ ცარიელ ფურცელზე ოცდაცამეტი ასო-ბგერისა და რამდენიმე სიმბოლოს გამოყენებით შეგიძლია სრულიად ახალი სამყარო შექმნა. განსხვავებით, მაგალითად, ფილმისგან, სადაც ამავე სამყაროს შესაქმნელად არაერთი ადამიანის კოორდინირებული შრომა და დიდი ოდენობის თანხაა საჭირო.
– ვირუსმა სახელად კოვიდ-19 მთელ მსოფლიოს თვალნათლივ აჩვენა, რომ კრიზისულ სიტუაციაზე სხვადასხვა ერები განსხვავებულად რეაგირებენ. საქართველოს მაგალითს როგორ შეაფასებდით?
– თუკი ოდესმე საკუთარი თვისებებიდან ყველაზე სასარგებლოს გამოყოფას მთხოვენ, ერთ-ერთი აუცილებლად იქნება ის, რომ მაინცდამაინც არ მიყვარს ლაპარაკი ისეთ თემებზე, რომლებზეც უამრავი სხვა ადამიანი ბევრად უფრო კომპეტენტურად ილაპარაკებდა, ან ისეთზე, სადაც ახალს ვერაფერს ვიტყვი. კოვიდ-19, ამ მხრივ, ორივე კატეგორიაში იდეალურად თავსდება.
– გვაინტერესებს, მუშაობთ თუ არა ახალ წიგნზე? გეგმებზე რას გვეტყვი?
– ამ მომენტისთვის სამსახურში უფრო მეტი მუშაობა მიწევს, ვიდრე წიგნზე. თუმცა, როდესაც თავისუფალი დრო მრჩება, -ის დოკუმენტს ვხსნი და იქ არსებულ კონკრეტულ ტექსტს რამდენიმე აბზაცს ვამატებ. რამდენად გადაიზრდება ეს ყველაფერი წიგნში, ჯერ არ ვიცი, რადგან დრო იმდენად სწრაფად გადის და მომავალი იმდენად სწრაფად მოდის, რომ ამ ყველაფრის წინასწარ დასაგეგმად დამატებითი დროის დახარჯვა ოდნავ მენანება.