ორი ძალა, რომლებსაც სამყაროს შეცვლა შეუძლია – ეს სიყვარული და იმედია
ლაშა ხომერიკი: 593 50 82 69 –
დედ-მამის შემდეგ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი როლი მასწავლებელს რომ ენიჭება, ეს საკამათო როდია, არც ის, რომ იმ განსაკუთრებულ ვითარებაში, ახლა რომ ვიმყოფებით, მასწავლებლის როლი და პასუხისმგელობა იზრდება და მისი საქმიანობის ეფექტიანობა დიდად განაპირობებს მოსწავლეების როგორც ინტელექტუალურ ზრდას, ასევე ემოციურ განწყობას, ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. ამ პანდემიურ ვითარებაში, საბედნიეროდ, ბევრი ჩვენი მასწავლებელი წარმატებით გადაეწყო ახალი გამოწვევების საპასუხოდ და კარგად უმკლავდება მათ. სწავლებისადმი კრეატიული მიდგომა და არჩევანი მოზარდის სასარგებლოდ სწორედ ის მახასიათებელია, ჩვენი ინტერვიუს გმირს – შპს „ლამპარის” ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, ტელეკომპანია „ახალის” გადაცემა „მაგისტერის” წამყვანს, ქალბატონ ია ჯღარკავას რომ გამოარჩევს. საკუთარი თავის წარსადგენად რომელ ეპითეტებს ამჯობინებს, რა მატებს მის ცხოვრებას აზრს, ლიტერატურის სწავლებისას მომეტებულად რაზე ამახვილებს ყურადღებას და როგორ მუშაობს მოსწავლეთა სულიერი სრულყოფისთვის? ამ შეკითხვებზე პასუხებს მისი ჩვენთან საუბრიდან შეიტყობთ, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ.
– ბედნიერი ვარ და სხვა ბედნიერი ადამიანების ცქერა მიხარია. სხვისი წარმატების გაზიარებაც მიყვარს. ძალიან ემპათიური ვარ, რაც ზოგადად ადამიანის ღირსებად მიმაჩნია. განვიცდი უმწეო მოხუცების და ბავშვების ბედს, ვზრუნავ მიუსაფარ ცხოველებზე. მძულს შური და მზაკვრობა, რომელთა წინაშეც ბევრჯერ აღმოვჩენილვარ და გამიმარჯვია მათზე. . . ხმაურიანი ცხოვრება მიყვარს, ვწერ და ვკითხულობ მუსიკის თანხლებით, ასე ყველაფერი უკეთესი გამოდის. ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებელი ვარ, ასევე ჟურნალ „მასწავლებლის” ერთ-ერთი ავტორი, აგრეთვე – ლექსების კრებულისა და წიგნისა „სამეგრელოს ფოლკლორითა და ტრადიციებით დაინტერესებულთათვის”. ტელეკომპანია „ახალის” ეთერში ვუძღვები საავტორო საზოგადოებრივ საგანმანათლებლო გადაცემა „მაგისტერს”. ჩემი ლექსები იბეჭდება „მწერლის გაზეთსა“ და სხვა გამოცემებში. ვწერ და ვსაუბრობ გერმანულ ენაზე. ვიყავი ფონდ „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის ” ონლაინგაკვეთილების მოწვეული პედაგოგი. ჩემს ბიოგრაფიაში ბევრია ისეთი მომენტი, მეც რომ მიკვირს. მაგალითად -კომპოზიტორ კახა ცაბაძის მიერ ჩემს ლექსზე დაწერილი სიმღერა. ჩემი ცხოვრების მთავარი აზრი, რა თქმა უნდა, ჩემი შვილია. მტირალა არ ვარ, თუმცა უმწეო მოხუცებზე გული მიყუჩდება. მოხუცები ჩემს საყვარელ ბებია-ბაბუას მახსენებენ. ბავშვებში ჩემს შვილს ვხედავ, ვფიქრობ, ადამიანმა ბევრი რამ უნდა მოასწროს ამ წუთისოფელში, სწორედ ამიტომ ვცდილობ სიკეთის მოსწრებას. ვინ იცის, მეორედ მოვალ თუ არა.
– ბავშვებს ლიტერატურის გაკვეთილს რომ უტარებთ, რომელიმე მწერლის შემოქმედების სწავლებისას, განსაკუთრებით რა ასპექტებზე ამახვილებთ ყურადღებას?
– ზოგადად, გაკვეთილის შემოქმედებითად ჩატარება მიყვარს. ასეთი პრინციპი მაქვს, მოსწავლეებს ყოველთვის განსაკუთრებულად ვუმახვილებ ყურადღებას ამა თუ იმ მწერლის ბავშვობაზე. ბავშვებს თავისით არ უყვართ ბიოგრაფიების სწავლა, ეს მათ მასწავლებელმა უნდა შეაყვაროს, თორემ ჰგონიათ, რომ ილია ჭავჭავაძე 70 წლის დაიბადა და პირდაპირ „აჩრდილი” და „განდეგილი” დაწერა. მახსოვს,. ილიას ბიოგრაფიის შესწავლისას მეტი დრო მის ბავშვობაზე საუბარს დავუთმე – როგორ გაუხდა დედა ავად, 9 წლისა როგორ დაობლდა. . . მომაკვდავი დედა ვერც მოინახულა, სახადი მასაც რომ არ გადასდებოდა. რა კეთილი მამიდა ჰყავდა, რომელმაც აღზარდა და დედის სითბო და ალერსი არ მოაკლო – შედეგი და უკუკავშირი გასაოცარი აღმოჩნდა. ბავშვებმა ისეთი თანაგრძნობა გამოხატეს მწერლის მიმართ, ყველა ნაწარმოები მისი პატივისცემით შეისწავლეს. ჩემი მეორე პრინციპი ტექსტის რომანულ ეპიზოდებზე ყურადღების გამახვილებაა – ეს უფრო მაღალ კლასებში. რუსთაველის „ვეფხისტყაოსნში” ეს არავის უკვირს, მაგრამ ჰაგიოგრაფიულ ტექსტებში ამ ხერხს მივმართავ ხოლმე. შუშანიკისა და ვარსქენის, აშოტ კურაპალატის, მისი ძის – ბაგრატის სიყვარულზე ვესაუბრები. ზოგადად, ყველა ნაწარმოებზე მსჯელობისას დიდ დროს ვუთმობ სიკვდილ-სიცოცხლისა და სიყვარულის თემებს. ახლა „ოთარაანთ ქვრივს” გავდივართ. ისე ავხსენი ეს გაკვეთილი, იმდენი ვისაუბრე კესოსადმი გიორგის არამიწიერი ლტოლვის შესახებ, რომ ერთდროულად ვტიროდით. . . ხშირად ხდება ასე ჩემს გაკვეთილებზე. ბავშვებს აზროვნებას ვასწავლი, ყოველ მოსაზრებას არგუმენტებით ჩვენივე თავგადასავლებიდან ვხუნძლავ, არ მეშინია პირადი მაგალითებით საუბრის. აი, ასე ვენდობით ერთმანეთს და შედეგიც კარგია.
– შემდგარი ადამიანის წარმატების ფორმულად ემოციური ინტელექტი მიაჩნიათ, მისი უნარ-ჩვევების განვითარებაში ლიტერატურას რა როლი ენიჭება?
– ვფიქრობ, სწორედ ემოციური ინტელექტი განსაზღვრავს ადამიანის გამორჩეულობას, თუმცა ასეთი ბევრი არ მგონია. ლიტერატურა ემოციური ინტელექტის გარეშე ვერ წარმომიდგენია. ის, რაც კათარზისს განგვაცდევინებს, სწორედ ემოციური ინტელექტით მიიღწევა. სხვა რა არის პროზა და პოეზია ემოციების სიტყვით მართვის ოსტატობის გარდა? აფორიზმები, ანდაზები, სენტენციები და დევიზები მაღალი ემოციური ინტელექტის ადამიანის აზროვნების ნაყოფი არ არის? მაგალითად, დოსტოევსკის ნამუშევრები ფილოსოფიურია, მიუხედავად იმისა, რომ კარგად არ იყო განსწავლული ფილოსოფიაში. უცნობია, წამდა თუ არა იმის, რაზეც წერდა „ძმებ კარამაზოვებში”, რომელიც გამაოგნებელი ფილოსოფიური მოსაზრებებითაა გამორჩეული. საიდან? იქიდან, რომ მწერალს სწორედ ის ინტელექტი აქვს, რომელიც ბუნების იშვიათი საჩუქარია და ზოგჯერ ასობით წიგნის წაკითხვასაც არ მოაქვს.
– ამბობენ, რომ წიგნის სიდიდის საზომი ისაა, რამდენად დიდია სევდა მისი წაკითხვის შემდეგ. . . ეთანხმებით? რომელ ასეთ წიგნებს ჩამოთვლიდით?
– დიახ, ასეა. არცერთი წიგნის წაკითხვა არ მომდომებია ორჯერ ჰიუგოს, მანის, დოსტოევსკის, ტოლსტოის, ჰემინგუეის და მათნაირი 6-7 მწერლის ნაწარმოებების გარდა, ალბათ სწორედ იმ უსაზღვრო სევდის გამო, ისინი რომ იტევდნენ. მოსწავლეები ხშირად მთხოვენ ვურჩიო საკითხავი ლიტერატურა, ვურჩევ, თუმცა მგონია, რომ მათ ეს დამოუკიდებლად უნდა გადაწყვიტონ. ლიტერატურულ ცხოვრებაში თუკი სიახლეა, ეს ჩემმა მოსწავლეებმა პირველებმა იციან, მათ უკვე წაიკითხეს გია მურღულიას საგანმანათლებლო პროექტ „მცირე პროზის” ანუ საზღვარგარეთის ლიტერატურის უდიდესი მწერლების ნაწარმოებები, მათ შორის : ბორხესი, ბახი, აკუტაგავა, აპდაიკი, ბრედბერი, კაფკა, მარკესი, ჰესე, ჯოისი და სხვა. აი, რა უნდა წაიკითხოს თანამედროვე მოსწავლემ.
– ადამიანი თავისი შესაძლებლობების დიაპაზონს მუდამ უნდა აფართოებდეს და სიახლეს ესწრაფოდეს. ამის დასტურია თქვენი წარმატებული ნაბიჯი ტელევიზიაში „ახალი არხი”, გვიამბეთ ამის შესახებ.
– ერთ ადგილას დგომა არ მიყვარს, უბრალოდ, არ შემიძლია. სულ ახალ-ახალ საქმეებს ვეძებ, ვცდილობ საჩემო საქმე ვიპოვო. ერთ-ერთი ასეთი ახალი ნაბიჯი ტელეკომპანია „ახალში” მუშაობაა. გადაცემას არისტოტელეს ენაზე „მაგისტერი” (ქართულად – „მასწავლებელი”) ჰქვია. ეს სათაური ყველანაირ სასაუბრო თემას უხდება. ცხოვრებაც მასწავლებელია და მასწავლებელი ყველა პროფესიის მესაძირკვლეა. გადაცემაში სტუმრებსაც ვიწვევთ და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებზეც ვამზადებთ სიუჟეტს, საქველმოქმედო რუბრიკაც გვაქვს. უკვე არაერთ მრავალშვილიან ოჯახს დავეხმარეთ, რომელთაც გადაცემის მხარდამჭერი „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის” წიგნები ვაჩუქეთ. ჩემთან სტუმრობა ყველას შეუძლია, სწორედ ესაა ამ გადაცემის მთავარი არსი, ყველას აძლევს აზრის თავისუფლად გამოთქმის საშუალებას. არხის ხელმძღვანელმა ქეთი მიქაძემ მე რომ დამიჭირა მხარი, ამით სიმბოლურად ყველა მასწავლებლის გვერდით დადგა.|
– სტუდიაში მხატვრებს იწვევთ. . . ანუ ფერწერა, ზოგადად ხელოვნება გამორჩეულად გიყვართ? თქვენი აზრით, როდისაა ხელოვანი წარმატებული?
– სტუდიაში სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს ვიწვევ. ყველა სიამოვნებით მსტუმრობს ხოლმე. პირველი მხატვარი, ვინც მოვიწვიე სტუდიაში, დავით მურაჩაშვილი იყო,რომელიც თვითმყოფადი შემოქმედია. ხელოვანის წარმატების რამდენიმე ფორმულა არსებობს. უპირველესად, ალბათ შემოქმედებისათვის ხელშემწყობი პირობები სჭირდება.
– ახალმა კორონავირუსმა შეცვალა ჩვენი ცხოვრება, გადაწყობა ციფრულ ტექნოლოგიებსა და ონლაინურთიერთობებზე ბევრ რამეს ცვლის, მათ შორის ფსიქიკასაც. . . თქვენი დაკვირვება მოსწავლეებზე, მოზარდებზე და საერთოდ, საზოგადოებაზე. . .
– ეს ვირუსი სუსტი მტერი სულაც არ მგონია, მან ყველგან უხეშად შეაღწია და დამღა დატოვა. . . ან განსაცდელია, ან ხელოვნური ხრიკი, რაც უნდა იყოს, თავი უნდა დავიცვათ, თავდაცვისთვის კი ცოდნა და განათლება გჭირდება. რაც შეეხება სასკოლო გეგმებს, რომლებიც კორონავირუსმა თავის ჭკუაზე გადაგვახალისებინა, ონლაინსწავლების ფორმატშიც მრავალფეროვანია. საქმეს ვირტუალურ სასკოლო ოთახში ვაგრძელებ, ბავშვებმა ისე კარგად იციან ციფრული ტექნოლოგიები, გაკვეთილების დაგეგმვაშიც მეხმარებიან. მე თუ მკითხავთ, ტელეფონებთან და კომპიუტერებთან საათობით ჯდომამ ბავშვები მოღალა, ზოგს თვალები აწუხებს, ზოგს – ყურების ტკივილი. არ ვიცი, როდის დავუბრუნდებით რეალურ საკლასო სივრცეს, ასე სწავლის გაგრძელება ბევრი მიზეზის გამო სახიფათოცაა და ნაკლებად ხარისხიანი.
– ახლახან შეიქმნა აპლიკაცია „ვეფხისტყაოსანი”. რა აზრის ხართ ამ ელვერსიაზე, რამდენად შეუწყობს იგი ხელს ამ უკვდავი პოემის სწავლებას?
– შოთა რომ არა, მსოფლიო პოეზია მოსაწყენი და უფერული იქნებოდა. დიდი ხანია სამეცნიერო ლიტერატურას ვკითხულობ, რა არ წამიკითხავს რუსთაველზე, მაგრამ მაინც ვერ გავიგე – ეს კაცი მართლა მიწიერი იყო?! კლასიკურ წიგნს ვერაფერი ჩაანაცვლებსო, ვამბობთ, მაგრამ თანამედროვე ციფრულ ეპოქაში შექმნილი მრავალფეროვანი საგანმანათლებლო აპლიკაციები და ელვერსიები დიდ როლს თამაშობს. ხელს ვერაფრით ვკრავთ. მთავარი მხოლოდ წიგნი არ არის, მისი ყველა დამხმარე რესურსი მნიშვნელოვანია. ვისწავლოთ „ვეფხისტყაოსანი” როგორც გვსურს, მთავარია ვისწავლოთ.
– როგორც პედაგოგი და ჟურნალისტი ამ ვითარებაში მოზარდი თაობის ინტელექტუალური და ემოციური მდგრადობის გასაუმჯობესებლად რა მეთოდებს მიიჩნევთ აუცილებლად და თავად რას აკეთებთ ამ მიმირთებით, ანდა რას აპირებთ?
– ჩემი მოსწავლეები ძალიან აქტიურები არიან, თითქმის ყველა საგანმანათლებლო პროექტში ვმონაწილეობთ და ხშირად ვიმარჯვებთ. ამასწინათ „იმედის დილისთვის“ ჩვენ შესახებ სიუჟეტიც მოამზადეს. რა გითხრათ, ინტელექტუალი და ინტელიგენტი ძვირფასი ცნებებია და ქუჩაში არ ყრია. ხშირად ვამბობ, სკოლასა და მასწავლებელს გაცილებით დიდი გავლენა აქვს მოზარდზე, ვიდრე მშობელსა და ოჯახს. მე ყველაფერს ვაკეთებ ჩემი მოსწავლეებისთვის, რათა ისინი საზოგადოების წარმატებული წევრები გახდნენ. ძალიან მინდა ჩემს მოსწავლეებში ინტელექტუალი და ინტელიგენტი დავინახო.
– სასურველი და უცილებელი შეკითხვა. . .
– რომელ ორ ძალას დაასახელებთ, რომლებსაც სამყაროს გაკეთილშობილება შეუძლია? -ეს სიყვარული და იმედია.

