„წითელი ჯვრის საზოგადოების“ საქველმოქმედო აქცია
ნათია იმნაიშვილი: 27 48 93 –
საქართველოს „წითელი ჯვრის საზოგადოებამ“ საქველმოქმედო აქცია გამართა. ეს აქცია, რომელიც მიზნად ისახავს მარტოხელა ხანდაზმულებისა და სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებას, ჯერ კიდევ გაზაფხულზე დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში კოვიდ-19 დაფიქსირდა. „წითელი ჯვარი“ მას სხვადასხვა სავაჭრო კომპანიასთან ერთად ახორციელებს. აქციაში ჩართვა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.
-კოვიდ-19-ის დაფიქსირებიდანვე, საქართველოს „წითელი ჯვრის საზოგადოებამ“ აქტიურად დაიწყო მოსახლეობისათვის სხვადასხვა სერვისის მიწოდება. ერთ-ერთი მიმართულებაა სოციალურად დაუცველთა დახმარება, განსაკუთრებით 70 წელს გადაცილებული ხანდაზმულების, რომლებიც მარტოხელები არიან. ჩვენ ეს ყველაფერი გაზაფხულზე დავიწყეთ, დავგეგმეთ საქველმოქმედო აქცია, რომლის ფარგლებშიც ჩვენი მოხალისეები სხვადასხვა სუპერმარკეტში იდგნენ. ნებისმიერ მოქალაქეს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ მისულიყო, შეეძინა პროდუქტი და გადაეცა „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლისთვის. ამის შემდეგ ჩვენს ბენეფიციარებთან მიდიოდა, როგორც სასურსათო, ასევე ჰიგიენური საშუალებების ამანათები. ეს აქცია ისევ გავაგრძელეთ, სადაც ჩართულები არიან სხვადასხვა სუპერმარკეტის წარმომადგენლები. ესენია: „კარფური“, „გუდვილი“. . . აქვე მინდა მოვუწოდო სხვებსაც, რომ აუცილებლად შემოგვიერთდნენ. საქართველოს „წითელი ჯვრის საზოგადოება“ პანდემიის დაწყებიდან როგორც ბიზნეს სექტორის, ასევე რიგითი მოქალაქეების დახმარებით, „წითელი ჯვრის“ სასურსათო ამანათებით, ჯამში, დაეხმარა 100 000-ზე მეტ ბენეფიციარს, – გვითხრა საქართველოს „წითელი ჯვრის საზოგადოების“ პრეზიდენტმა ნათია ლოლაძემ.
– ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი „წითელი ჯვრის“ სტენდი, სადაც ნებისმიერ მომხმარებელს, სურვილის შესაბამისად, შეუძლია გადმოგვცეს, როგორც სურსათი, ასევე ჰიგიენური საშუალება. აღნიშნულ ნივთებს მივაწვდით მარტოხელა პენსიონერებს, მოხუცებს, – გვითხრა საქართველოს „წითელი ჯვრის საზოგადოების“ მოხალისე ლალი ზარიძემ.