„უდიდესი სიხარული საძირკვლის მშენებლობიდან იწყება და მეპატრონის ახალმოსახლეობის დალოცვით გვირგვინდება“
ოთარ ცინარიძე: 599 85 21 14 –
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში ჭურკვეიძეების გვარის შთამომავლებს ხელოვნებისა და ხელოსნობისადმი მიდრეკილებით გამოარჩევენ. ანსამბლ „ბათუმის“ სოლისტია პაატა ჭურკვეიძე, მისი ძმა იაგო კი შუახევის კულტურის ცენტრთან არსებული ფოკლორულ ანსამბლ „შუახევის“. წუთისოფლიდან ნაადრევად (ავტოავარიის გამო) წასული მათი მამა, აკაკი, სოფლის ანსამბლში მღეროდა. სოფელში ქორწილი, სხვა რიტუალი, მთა ღომაზე დღესასწაული „შუამთობაც“ მისი სიმღერითა და ცეკვა-თამაშით მშვენიერდებოდა.
სოფელში კი არა უჩამბის თემსა და მარეთის ხეობაში საუკეთესო დურგლებად იცნობდნენ მამა-შვილ მახმუდ და რეჯებ ჭურკვეიძეებს. ბაბუისა და მამის გზა აირჩია რეჯების ვაჟმა ბადრიმ. იგი 44 წლისაა და უკვე 61 საცხოვრებელი სახლისა და კოტეჯის მშენებლობა მიითვალა.
- ხელოსნობისა და ხელოვნების მიმდევრებთან ერთად გვარში სპორტსმენებიც გვყავდა. ჩვენს დიდ წინაპარს ყოჩს ეძახდნენ. ყოჩი პირველობასთან, დაუმორჩილებლობასთან ასოცირდება. თურქეთში ბეჭდაუდებელ ფალავანთან საჭიდაოდ მიუწვევიათ. ყოჩი რომ დაეძგერა, ოსმალოთა რჩეული ფალავანი საჭიდაო ხალიჩიდან (მინდორიდან) ისე გადაუგდია, რომ ერთხანს გონიც დაუკარგავს. გურჯებმა კაცი კი არა ყოჩი გამოიყვანეს საჭიდაო არენაზეო, უთქვამთ თურქი ფალავნის გულშემატკივრებს. იმ დღიდან მოყოლებული, ალი ჭურკვეიძეს ყოჩი შეარქვეს. ჩვენც ყოჩიაშვილებად გვიხსენიებდნენ. ქართული გვარის აღდგენის ჟამი რომ დამდგარა, ადგილის დედის პატივსაცემად ჭურკვეიძის გვარი დაუბრუნებიათ. წაბლანაში ჭურკვეიძეები სოფელ ტბეთის ჭურკვეითის უბნიდან ვართ გადმოსულები. ფიზიკური აღნაგობით, ღონიერებით წაბლანელი და ტბეთელი ჭურკვეიძეები ერთმანეთს ვემსგავსებით.
- დურგლობა ძალასა და ენერგიასთან ერთად კიდევ რა თვისებებს მოითხოვს?
- გონიერებას. ერთი უზუსტობა და შესაძლებელია ამოყვანილი კედელი ჩამოიშალოს, ან გამრუდდეს. ამ საქმეში ძალ-ღონე, გონიერება და თვალის სიზუსტეა მთავარი. ჩემი მასწავლებელი, დამკვალიანებელი ოდიშელი ოსტატი იოსებ მაღულარია იყო, რომელმაც ამ საქმეს ჩემი სამხედრო სავალდებულო სამსახურში ყოფნის დროს მაზიარა. ბათუმში ვმსახურობდი. ჯარისკაცები მშენებლობაზე გაგვამწესეს. ცულის, ეჩოს, ხერხის გამოყენება არ გამჭირვებია, რადგან მანამდე მამასაც ხშირად დავყავდი მშენებლობებზე. ცინარეთში გათხოვილ ქალიშვილს გულიკოს ბოსელს რომ უშენებდა, მოსწავლე ვიყავი და უფროს დასთან დასახმარებლად გავყევი. არდადეგები იყო, დასთან დარჩენა მომინდა. მამას არ გავუმხილე, რომ ფეხი ნაჯახით გავიჭერი, მან გამოცდა მომიწყო, მცირედი სამუშაოები დამიტოვა. გულიკოს ჭრილობის ამბავი მამა რომ წავიდა, მხოლოდ მაშინ ვუთხარი. იმ დროს მობილური ტელეფონი არ არსებობდა. სანამ მამამ ეს ამბავი გაიგო, ჭრილობაც მოვიშუშე, დარჩენილი სამუშაოც სიძესთან, ჯემალ აბუსელიძესთან ერთად დავასრულე. მაშინ სხვა გატაცება მქონდა. თანასოფლელ გურამ და გივი ველიაძეების მსგავსად მეზღვაურობა მსურდა. ჩემი ცხოვრების სარბიელზე გამოსვლა ქვეყანაში არეულობისა და ეკონომიკური სიდუხჭირის წლებს დაემთხვა. ქართული სანაოსნო გაუქმდა. ცხოვრება ზღვაში კი არა ხმელეთზეც სახიფათო გახდა. ჯარში ოდიშელი ოსტატის მიერ ნასწავლი ხელობა გამომადგა. გვერდიდან არ მიშორებდა, ისე მაზიარა ხეზე მუშაობის მრავალ საიდუმლოს, დაზგასთან მუშაობაც მან მასწავლა.
- 44 წლისას 61 საცხოვრებელი სახლი და კოტეჯი დამოუკიდებლად გაქვთ აშენებული. რა ასაკში ჩამოხსენით ხარაჩოები პირველ ობიექტს?
- ოჯახს 22 წლის ჭაბუკი მოვეკიდე. უკვე სტუდენტების მამა ვარ. მეზღვაურობა თავად რომ ვერ შევძელი, შვილებს გადავულოცე. ისინი იმიტომ ვახსენე, რომ პირველი სახლის დამოუკიდებლად აშენებას შვილების გაჩენის სიხარულს ვადარებ. ის განცდა, მეპატრონის სიხარული ახლაც თვალწინ მიდგას.
- ადრე დურგლის იარაღები ეჩო, ხერხი, სატეხი, შალაშინი და ბურღი იყო. ახლა ისინი დაზგამ ჩაანაცვლა. დურგლის შრომა გარკვეულწილად, გაიოლდა. . .
- გეთანხმებით, თუმცა ამ იარაღებს ფასი მაინც არ ეკარგება. იყო დრო, როცა დურგალს ბურღიც არ ჰქონდა. ფიცრებზე სოლის ჩასაშვებ ჭრილს სატეხით ჭრიდნენ. ურეხსა და გოგაძეებში ისეთი სახლების დაშლა მომიხდა, რომლებზეც ჭრილი ბურღით კი არა სატეხით იყო გაკეთებული. ახლა ელექტრობურღს ვიყენებთ, სამუშაოც იოლდება და კედელიც მყარი გამოდის. ოსტატიც და მამაც სულ მასწავლიდნენ, რომ ხეზე მუშაობას აჩქარება არ უყვარს. დღემდე ამ შეგონების ერთგული ვარ. 60-80 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი სახლის, მცირე ზომის კოტეჯის კედლების ამოყვანასაც ორ თვეზე მეტს ვანდომებ. უფრო საკირკიმალოა კარ-ფანჯრების დამზადება და ხის კედელზე მორგება. მეტალოპლასტმასის ფანჯრებმა დურგლებს სამუშაო ცოტა შეგვიმცირა, სამაგირეოდ, სიზუსტის დაცვა მეტად გვმართებს.
- ოდიშელ დურგალს უმადლით, ხელობა შემასწავლაო. თავადაც ხომ არ ცდილობთ შეგირდების ყოლას?
- წაბლანას და მეზობელ სოფლებს დურგლები აღარ შემორჩნენ. ახმედ ბერიძე, ხასან ჯიბლაძე, ალი მუკუტაძე, ოთარ აბუსელიძე, მუხამედ ველიაძე, თეიმურაზ კეჟერაძე ისე წავიდნენ წუთისოფლიდან, რომ საქმე სხვას ვერ გადაულოცეს. მე თანასოფლელი რევაზ ბერიძე, სიძე ჯემალ აბუსელიძე, მისი თანასოფლელი ფრიდონ ხუჯაძე ავიყოლიე. უკვე რამდენიმე შენობა ერთიანი ძალისხმევით დავდგით. შვილებსაც ვასწავლი დაზგასთან მუშაობას, კედლის აყვანას, ეჩოსა და ხერხის დანიშნულებისამებრ გამოყენებას.
- მთაში სოფლები ცარიელდება, ხის სახლები კი ქვითკირის შენობებით ჩაანაცვლეს. დურგალს სამუშაო ხომ არ შემოგაკლდათ?
- ჩემი მშობლიური სოფელი მთა ღომას ემიჯნება. დაწყებულია ამ მთის კურორტად განვითარების საქმე. უჩამბის თემის სოფლების მკვიდრნი იქ კოტეჯებს აშენებენ. უკვე 10-მდე კოტეჯი მე ავაშენე. წელს ცნობილი ექიმის, თემურ ბერიძის კოტეჯის აშენებას მოვრჩი. ადრე, ზამთრის თვეებში, ოჯახში ვრჩებოდი. ახლა ნოემბერ-დეკემბერშიც აღარ მცალია საკუთარ სახლში ყოფნისთვის. შემოდგომის, დეკემბრის პირველი დეკადის თბილი და მზიანი ამინდები მიზნობრივად გამოვიყენე და ჯემალთან და ფრიდონთან ერთად ცინარეთში ოთხი საძინებლისა და დამატებითი სათავსოების მქონე ხის კოტეჯი დავდგი. იქ სამუშაოებს რომ მოვრჩები, ცნობილი ბიზნესმენი და მეცენატი ოქროპილაურელი ვაჟა დავითაძე ახალი კოტეჯის ასაშენებლად მეპატიჟება. ორი წელი თურქეთის რესპუბლიკაშიც ვიმუშავე. საერთოდ, თურქი დამკვეთი ძალიან პრეტენზიულია, მაგრამ ჩემი მისამართით ერთი შენიშვნაც არ გამოუთქვამთ. ჩემი პროფესიის ხელოსანი იქაც დეფიციტია. ორი წლის წინ ვარჯანაულელ მალხაზ ჭაღალიძეს სახლი ავუშენე. შესანიშნავი პროექტი, კარგად შერჩეული ხის მასალები ჰქონდა. ისეთი ჩინებული შენობა გამოვიდა, მისი მსგავსი ახლა ხეობაში არ დგას. პატრონიც კმაყოფილია და მეც ნახელავით თავს ვიწონებ. სოფლები ცარიელდება, მაგრამ ვინც ადგილზე რჩებიან, ცდილობენ საცხოვრებელი სახლები თანამედროვე სტანდარტების შესაფერისად აიგონ. მეც და სხვა დურგლებიც მთა ღომას განაშენიანების იმედს არ ვკარგავთ. იმედი რეალობად რომ იქცევა, გვჯერა. მაშინ საქმეც უფრო მოგვეძალება.
- ცხოვრების კალენდარზე შუადღე გიდგათ. როგორია ეს ასაკი თქვენი პროფესიის ადამიანისთვის?
ჟურნალისტებს, შემოქმედებით მუშაკებს სიხარულისა და სიამაყის განცდა გეუფლებათ, როცა თქვენს ნაშრომს (ნაწერს) იწონებენ. ჩემთვის უდიდესი სიხარული საძირკვლის მშენებლობიდან იწყება და მეპატრონის ახალმოსახლეობის დალოცვით გვირგვინდება. ასეთი პატივის ღირსი წელიწადში თითქმის ორჯერ ვარ. ჯერჯერობით ხარაჩოზე ცოცვა არ მიჭირს, თვალის ჩინი, მკლავისა და მუხლის ძალა არ მზღუდავს. მომავალი გაზაფხულისთვის მთა ღომაზე ორი კოტეჯის მშენებლობა შემიკვეთეს. უფლის ნებით, დაკვეთასაც შევასრულებ და მეპატრონის სიხარულსაც გავიზიარებ.

