იუსტიციის სახლები შშმ პირებისთვის მომსახურებას უფრო ხელმისაწვდომს ხდის
ხატია იაშვილი: 591 98 24 26 –
იუსტიციის სახლები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის საკუთარ სივრცესა და მომსახურებას უფრო ხელმისაწვდომს და უკეთ ადაპტირებულს ხდის. უწყების ცნობით, შეიქმნა 400 ტერმინის შესაბამისი ახალი ჟესტები, რომლებიც გრაფიკულ გამოსახულებებთან ერთად ხელმისაწვდომია ჟესტური ენის ლექსიკონში; მიმდინარე წელს ჟესტური ენის ტრენინგში მონაწილეობა მიიღო 73-მა თანამშრომელმა. მათ მომსახურების პროცესში საბაზისო დონეზე დამოუკიდებლად შეუძლიათ კომუნიკაცია ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებთან. ,,იუსტიციის სახლის თანამშრომლების ნაწილმა გაიარა გაღრმავებული კურსი ჟესტურ ენაში. ისინი ყრუ პირებს უკვე თარჯიმნის გარეშე ემსახურებიან, რამაც სერვისებზე წვდომა მნიშვნელოვნად გაამარტივა. აღსანიშნავია ის ფაქტი რომ პროექტის „გაუმჯობესებული სერვისები ყველასთვის“ ფარგლებში:
შეიქმნა ორი სახელმძღვანელო/გზამკვლევი – „ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირთა მომსახურება იუსტიციის სახლში“ და „მომხმარებელთა შორის ძალადობის ფაქტების გამოვლენა და მათზე რეაგირება იუსტიციის სახლში“. სახელმძღვანელოებზე დაყრდნობით, შემუშავდა ტრენინგმოდულები, რომელთა საფუძველზეც იუსტიციის სახლის 7 თანამშრომელი, დარგის ექსპერტებთან ერთად, უზრუნველყოფს იუსტიციის სახლის 850-მდე თანამშრომლისათვის ტრენინგების ჩატარებას. შემუშავებული ტრენინგმოდულები იქნება იუსტიციის სახლის ახალი თანამშრომლების გადამზადების სისტემის ნაწილი, რაც პროექტის შედეგების მდგრადობას უზრუნველყოფს. ასევე, მიმდინარე წელს იუსტიციის სახლის 16-მა თანამშრომელმა, ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირთა მომსახურების და სერვისის გაცემის პროცესში ძალადობის ფაქტების გამოვლენისა და მათზე რეაგირების შესახებ ტრენერთა ტრენინგის კურსი გაიარა‘’, – ნათქვამია იუსტიციის სახლის განცხადებაში.
სასიხარულოა ის ფაქტი, რომ შშმ პირებისათვის ხელმისაწვდომია იუსტიციის სახლის ვებგვერდიც. უსინათლო და მცირემხედველთათვის განკუთვნილია ადაპტირებული, ფუნქციის მიხედვით სამი სხვადასხვა ვერსია: ხმოვანი, კონტრასტული, ზრდადი.
იუსტიციის სახლის ფილიალები ვებკამერებით აღიჭურვა. ვებკამერები ჩაიწერს შშმ პირების მონაწილეობით გარიგებებზე ხელმოწერის დამოწმების პროცედურას. შედეგად, შშმ პირებს გარიგებაზე ხელმოწერის დასამოწმებლად ნოტარიუსთან სტუმრობა აღარ სჭირდებათ.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურების სტანდარტი იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში 2018 წლის ნოემბრიდან დაინერგა. დღემდე, იუსტიციის სახლში ჟესტური ენის გამოყენებით 1000-მდე სერვისი გაიცა; იუსტიციის სახლის წინა ხაზის ყველა თანამშრომელმა გაიარა მომსახურების სტანდარტის შესაბამისი ტრენინგი.