,,24-ქულიანი ფილტვების ანთების მქონე სიკვდილს გადამარჩინეს“
ხატია იაშვილი: 555 184 888 –
ჩვენს რეგიონში 1 571 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კლინიკურ სასტუმროებში მკვეთრად გაუმჯობესდა როგორც სამედიცინო მომსახურება, ასევე კვება და სხვა საჭირო სერვისები. ჩვენთან საუბარში კოვიდით ინფიცირებულმა თამუნა სანიკიძემ, რომელიც სასტუმროში მკურნალობს, აღნიშნა, რომ არ ელოდა მსგავს დახვედრას და მომსახურებას.
– როდესაც ვირუსის სიმპტომები გამომივლინდა, ვიფიქრე სახლის პირობებში ვიმკურნალებდი, მაგრამ კიდევ კარგი მოვხვდი ამ პროფესიონალი ადამიანების ხელში. თავდაპირველად, ზურგის არეში მწვავე ტკივილი ვიგრძენი, ტემპერატურა 37 გრადუსი დამიფიქსირდა, რომელიც შემდეგ, საღამოობით, 38-ზე ადიოდა. თავს შეუძლოდ ვგრძნობდი. წავედი ცხელების ცენტრში – სასტუმრო ,,სითი ბათუმში’’. არაჩვეულებრივად მიმიღეს, ტესტით კოვიდი დამიდასტურდა. ჩემს შვილს, რომელიც 20 წლისაა, სუნთქვის პრობლემები შეექმნა. მალევე ,,ბაუში’’ გადაიყვანეს. საავადმყოფოში დიდი დახმარება გაუწიეს, მე კი სასტუმრო ,,კოლიზეუმში’’ გადმომიყვანეს. მანამდე კომპიუტერული ტომოგრაფია გადაგვიღეს, Dდიმერის ანალიზიც ჩავაბარეთ. არ მესმის იმ ხალხის, ვინც მომსახურებით და ყურადღებით უკმაყოფილოა. თავს გვევლებიან, საუკეთესო კვება და სისუფთავეა. მე მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. იმედია, ვირუსს მალე დავამარცხებ და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდები. – გვითხრა თამუნა სანიკიძემ.
მასალის მომზადების დროს სოციალურ ქსელში ერთ ძალიან თბილ წერილს წავაწყდი, სადაც პაციენტი ექიმებს სიცოცხლის შენარჩუნებისთვის მადლობას უხდიდა. ის ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში 42 დღე მკურნალობდა: ,,მოხდა სასწაული – ხანგრძლივი, 42- დღიანი, მკურნალობის შემდეგ შემინარჩუნეს სიცოცხლე. მათ შეძლეს შეუძლებელი, 24-ქულიანი ფილტვების ანთების მქონე სიკვდილს გადამარჩინეს. მადლობას ვუხდი კლინიკა ,,ბაუს’’ თანამშრომლებს, რომლებიც რისკის მიუხედავად დაუღალავად ზრუნავენ თითოეულ ავადმყოფზე”, – წერს ყოფილი კოვიდპაციენტი რომან ცეცხლაძე.

