„საქართველოს მოსახლეობის 60%-ს დღეს პარლამენტში საკუთარი წარმომადგენელი არ ჰყავს“
ცეცილი ირემაძე: 27 48 93 –
,,ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის” წევრი, საბურთალოს საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატი, პარლამენტის ყოფილი წევრი ლევან გოგიჩაიშვილი მიიჩნევს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და რომ ოპოზიცია მაინც აიძულებს ხელისუფლებას დანიშნოს ვადამდელი არჩევნები. კონკრეტულად რას ფიქრობს მიმდინარე საკითხებზე, რატომ ვერ მიიღო ხმები მისმა პარტიამ და რა მიაჩნია აუცილებლად პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად, ამაზე საუბრობს ბატონი ლევანი „აჭარასთან“ ინტერვიუში.
– დღეს ოპოზიციის გარეშე გაიხსნა ახალარჩეული საქართველოს პარლამენტის პირველი სხდომა. როგორ შეაფასებთ ამ ფაქტს?
– რაც დათესა, ის მოიმკა „ქართულმა ოცნებამ.“ სამწუხაროდ, ყველანი აღმოვჩნდით შეუსაბამო ფაქტის წინაშე, დემოკრატიული ქვეყნის პარლამენტი ერთპარტიულია, ისიც ნაწილობრივ პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარების შემდეგ. გამოდის, საქართველოს მოსახლეობის 60%-ს დღეს პარლამენტში საკუთარი წარმომადგენელი არ ჰყავს.
– თავად „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მან მიიღო ხმების უმრავლესობა – 48%.
– რეალური გათვლებით კი „ქართულ ოცნებას“ ხმების 40%-იც არ მიუღია. სამართლიანი არჩევნები რომ ჩაეტარებინათ, სწორედ ამ ციფრს გამოაქვეყნებდნენ. ამიტომ განვაცხადეთ ოპოზიციამ გაყალბების შესახებ და ამიტომ გადავედით ბოიკოტის რეჟიმში. გამოდის, დღეს საქართველოში გვაქვს უმცირესობის დიქტატურა, იმიტომ რომ 40% არ არის 60%-ზე მეტი.
– ჩვენ მომსწრე ვართ უფრო ტოტალური გაყალბებების ადრინდელ არჩევნებში, თუმცა ოპოზიციას არასოდეს მიუღია მსგავსი გადაწყვეტილება.
– იყო ბოიკოტის გამოცხადების მცდელობა 2008 წლის არჩევნებში, მაგრამ ხელისუფლებამ იპოვა გამყიდველი ძალა მაშინდელ ოპოზიციაში და ამით მოახერხა პარლამენტის ლეგიტიმაცია. ის გამყიდველები დღეს „ქართულ ოცნებაში“ არიან გაერთიანებულები და საკუთარი გამოცდილების თავს მოხვევას ცდილობენ ოპოზიციის ამჟამინდელ წარმომადგენლებზე, მაგრამ არცერთმა პოლიტიკოსმა აღარ ისურვა გადაელახა ზღვარი და დაჰყოლოდა მმართველი გუნდის ნებას.
-2008 წლის არჩევნები ხომ სააკაშვილმა გააყალბა?
– დიახ, მაშინ მართლაც უმძიმესი, ტერორის ქვეშ მოქცეული არჩევნები იყო, რომელმაც დაანახა ხალხს, რომ აღარ შეიძლებოდა ისე ცხოვრება. სწორედ ანალოგიური არჩევნები ჩაატარა ახლა „ქართულმა ოცნებამ“, ტერორით, მუქარით, ზეწოლით და დაშინებით. მართალია, ახლა ნაკლები ტერორი იყო მაშინდელთან შედარებით, მაგრამ მუქარა, სამსახურის დაკარგვის კუთხით ზეწოლა, ადმინისტრციული რესურსის გამოყენება და ამომრჩევლის მოსყიდვა ნამდვილად იყო. ამის ფაქტებიც არსებობს. პოლიციელებიც მუდმივად იქ იდგნენ, სადაც შეკრებები ტარდებოდა. თუკი ადამიანს ემუქრები და ამის გამო სხვა გადაწყვეტილებას იღებს, ეს ძალადობაა, რა თქმა უნდა.
– თქვენ ჯერ კიდევ ფიქრობთ, რომ მანდატებზე უარის თქმით, ოპოზიციამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო?
– დიახ, მიმაჩნია, რომ მართალია ოპოზიციის საბოლოო გადაწყვეტილება. როდესაც ხელისუფლება აყალბებს არჩევნებს, საკუთარი დასწრებით არ უნდა „გააპრავო“ პარლამენტი, რომელიც ხმების მოპარვის შედეგად ჩამოყალიბდა. მხოლოდ ეს გამოსავალი დარჩა ოპოზიციას. სხვა მხრივ გავლენა ვერ მოახდინა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. ასეთ დროს, ბრძოლის საუკეთესო ინსტრუმენტი ბოიკოტის რეჟიმია, რა თქმა უნდა, მხოლოდ ეს ბერკეტი შერჩა ხელთ გაერთიანებულ ოპოზიციას.
– თქვენმა პარტიამ ვერ გადალახა ბარიერი. . .
– რა თქმა უნდა, ვერ გადალახავდა ოფიციალურ ჩვენებებში, რადგან, თუკი ვინმეს ხმებია მიტაცებული, მათ შორის პირველი ჩვენ ვართ. იმდენი მხარდამჭერი გვყავდა, მსგავსს ვერაფერს წარმოვიდგენდით. გამოდის, მათი ხმები ვერ დავიცავით. სიმართლე გითხრათ, დარწმუნებული ვიყავით, რომ მმართველი პარტია ვერ გაბედავდა არჩევნების გაყალბებას, ამიტომ ჩამოვყალიბდით ცალკე პოლიტიკურ ძალად და ამიტომ მივიღეთ არჩევნებში მონაწილეობა. დიახ, ასეთი გულუბრყვილო წარმოდგენა მქონდა მაშინ, დარწმუნებული ვიყავი, რომ ქალაქის ცენტრში, საბურთალოზე, ვერ შეეხებოდნენ კენჭისყრის რეალურ შედეგებს. . . ყველაფერი იკადრა „ქართულმა ოცნებამ“ და პირდაპირი მნიშვნელობით, მანიპულაციები ჩაატარა ჩვენი ხმების მოსაპარად.
– თუკი ასე დარწმუნებული ხართ, რომ ხმები მოიპარეს, რატომ არ დათანხმდით შემოთავაზებულ გადათვლაზე?
-კარგი, ჩვენ ვთქვით უარი, მაგრამ თუ ასე არიან დარწმუნებული საკუთარ სიმართლეში, თავად რატომ არ ხსნიან დოკუმენტაციას და რატომ არ იმართლებენ თავს. დაანახონ საზოგადოებას, რომ მართლები არიან.
– პრინციპში, ვისაც პრეტენზია აქვს, იმას თუ არ სურს გადათვლა, თავად რატომ შეიწუხებენ თავს, მით უმეტეს, დარწმუნებულნი არიან საკუთარ სიმართლეში.
– იმიტომ, რომ თავად ამტკიცებენ, მართალნი ვართო. მაინც და მაინც მე ვუთხრა გახსენიო? გახსნან ყველა უბანი სათითაოდ.
– თუ ოპოზიცია არ დაესწრება გახსნის პროცესს, რა აზრი ექნება გადათვლას, როგორ დაამტკიცებს სიმართლეს?
– ეს უკვე აღარაა გასარკვევი, რომ მოენდომებინათ გახსნა, ამდენ ხანს გახსნიდნენ. თუკი ოპოზიცია არ დაესწრება, პირდაპირ ეთერში გახსნან უბნები საკუთარი ინიციატივით, შემთხვევითი შერჩევით და დაანახონ ადამიანებს, რომ არაფერი შეუცვლიათ და გაუყალბებიათ.
-ამ გადასახედიდან, მთელი ოპოზიცია შეიკრიბა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ და ემორჩილება ამ ძალის ლიდერის, სააკაშვილის რეკომენდაციებს.
– რა გავაკეთოთ, რადგან ასეა, არ ვთქვათ, რომ გაგვიყალბეს? „ნაციონალებს“ კი არ მოპარეს ხმები, ჩვენ მოგვპარეს. სააკაშვილისთვის არავის წაურთმევია კენჭისყრის შედეგები, მე წამართვეს. რამდენი ხანი უნდა ვიყოთ ამ ტყვეობაში, აღარ ამოვიღოთ ხმა და ბოიკოტსაც არ დავუჭიროთ მხარი?
– თქვენ თვლით, რომ პარლამენტს გარეთ დარჩენა რეალური გამოსავალია ამ ქვეყნისთვის?
– როდესაც შიგ არ გიშვებენ, გამოდის, გარეთ უნდა დარჩე და იქიდან იბრძოლო ამ ქვეყნისთვის და არჩევანის თავისუფლებისთვის. ხმები დაუფიქსირეს მხოლოდ „ოცნებას“ და „ნაციონალებს“, დანარჩენს როგორ მოგვექცნენ? ესაა პროპორციული არჩევნები, ამისთვის ვაწყობდით მიტინგებს? ქართველი ამომრჩეველი უნდა მიხვდეს, რომ ამ ორ პოლიტიკურ ძალას შორის არჩევანი უკვე ბოროტებაა. თუკი ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის აკეთებ არჩევანს, ამით ანგრევ საკუთარი ქვეყნის მომავალს. ჩვენ, დანარჩენმა პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა ვიმუშაოთ ამომრჩეველთან, რომ სხვა დროს სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღოს. ხელისუფლებამ კი უნდა იცოდეს, რომ თუ გააყალბებს ხალხის არჩევანს, მაშინ ოპოზიცია აუცილებლად აიძულებს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას. რატომ მომპარეს ხმები, რატომ არ მიიღეს მხედველობაში იმ ადამიანების არჩევანი, რომლებიც მხარს უჭერენ ჩემს რიტორიკას? პრინციპში, ისიც ხომ უნდა ვიცოდე, რამდენი არ მეთანხმება, რომ საბოლოოდ გამოვასწორო ჩემი ხარვეზები. როგორ მეცოდინება ეს ყველაფერი, თუკი არ მექნა არჩევნების, კენჭისყრის ზუსტი შედეგები. მოკლედ, ძალიან ცუდი რამ მოხდა. კორუფცია გაგრძელდება ისევ. არ იქნება მრავალპარტიული პარლამენტი და არ იქნება ძალა, რომელიც წინ აღუდგება მმართველი გუნდის განუკითხაობას.
– ამ შემთხვევაში, უნდა მიეღოთ შემოთავაზებული შერიგების პირობები.
-არა, ეს არ გააკეთეს და კარგიც დარჩა ჩვენი პოლიტიკოსების იმიჯისთვის, ანუ არავინ გაიყიდა.
– თუკი საკანონდებლო ორგანოში არ შევიდნენ, გამოდის, რევოლუციური სცენარი მზადდება. რამდენ ხანს დარჩება ოპოზიცია ქუჩაში?
– ნებისმიერი პოლიტიკური კრიზისი მთავრდება ან რევოლუციით, ან ვადამდელი არჩევნების დანიშვნით. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება ვერ გაუძლებს დიდი ხნის განმავლობაში საერთაშორისო ორგანიზაციების პირისპირ დარჩენას და საბოლოოდ, დანიშნავს ვადამდელ, სამართლიან და სრულიად გამჭვირვალე არჩევნებს. გამორიცხულია, ვერ გაუძლებს ამ რეჟიმს ხელისუფლება, სხვა რაღაცაზე წაიტეხავს ცხვირს, მაგალითად კორონაზე . . .
– თქვენი აზრით, კორონავირუსის გაძლიერებასა და ამდენი ადამიანის დაღუპვაზე პასუხისმგებლობა ვის ეკისრება?
– თავიდან ბოლომდე – ხელისუფლებას. რა საჭირო იყო ამ გამძაფრებულ ვითარებაში არჩევნების ჩატარება. გადაედოთ არჩევნები და ყველა ერთად შევებრძოლებოდით კოვიდს. ასეთ საშინელ შედეგებს ხომ არ მივიღებდით?!
– ხელისუფლება აცხადებს, რომ არჩევნების გადადებას ოპოზიცია ხელისუფლების არასამართლებრივად გაგრძელებად ჩაუთვლიდა.
-არავინ არაფერს ჩაუთვლიდა. პირიქით, სათავისოდ გამოიყენეს კოვიდ-პანდემია და ყველა ის შეღავათი, რაც ამის გამო დაწესდა, საკუთარი რეიტინგის ასამაღლებლად გამოიყენეს. ახლა კი დაიწყება, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური და სოციალური კრიზისები, რასაც თავს ვერ გაართმევს პარლამეტში მარტო დარჩენილი გუნდი, რომელსაც სწორედ ამ მიზეზით, საერთაშორისო თანამეგობრობაც არ დაუდგება გვერდით. ივანიშვილმა, ამ გაჭირვების ჟამს, ორად გახლიჩა ერი. სულ ცალ კარში თამაშობენ, ეგრეც არ არის. . . რომ ვიცოდე, რომ არ არის კორუმპირებული მთავრობა, არ არის დიქტატურა, ხელისუფლება გადანაწილებულია, თავისუფალი აზრის გამოხატვა ნებადართულია, რომ არავინ დამჩაგრავს და დაცული ვარ, არავინ შიმშილობს, არ არის სიღარიბე და გაჭირვება – მაშინ დავუდგები გვერდით, მაგრამ „ქართული ოცნების“ ერთ თვისებასაც ვერ იტყვი, რის გამოც მოგინდება მისი დაცვა.
– ხმები რომ აეღო თქვენს პარტიას, შეხვიდოდით პარლამენტში თუ თავადაც ბოიკოტის რეჟიმს არჩევდით?
-ხმები რომ მიგვეღო და არჩევნები არ გაყალბებულიყო, არც ბოიკოტი დასჭირდებოდა ოპოზიციას, მაგრამ მე რომ ამეღო მანდატი და სხვების დაჩაგვრის ფაქტები მქონოდა, სოლიდარობის ნიშნად, არც მე შევიდოდი იმ პარლამენტში, სადაც თავისუფალი, საღი აზრი ვერ გავიდოდა. ეს არც ქვეყანას წაადგება და არც ხალხს. „ქართულმა ოცნებამ“ პასუხი უნდა აგოს და ამიტომ ვუჭერ მხარს ოპოზიციის ნაწილს. მე ვდგავარ სიმართლის მხარეს. ამ მოცემულობაში, ბოიკოტი ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა. თავისუფალი ადამიანი ვარ, საკუთარი აზრი გამაჩნია და ცუდს და კარგს შორის განსხვავება რა არის, ისიც კარგად ვიცი.

