ძალადობა – პანდემიის პერიოდში
მარიამ ხითარიშვილი: 27 48 93 –
დროსთან ერთად, თითქოს უკან დაგვრჩა ქალისა და მამაკაცის თანასწორუფლებიანობის კანონიერად აღიარება, მაგრამ ჩვენს რეალობაში ისევ და ისევ გვხვდება ამ ორი სქესის წარმომადგენელთა დაუსრულებელი ბრძოლა საკუთარი აღმატებულობის დასადასტურებლად. იმდენად ხშირია მამაკაცების მხრიდან ცოლის ცემის, დაშინების, ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტები, რომ კანონში ცვლილებებიც კი შევიდა, რომლებმაც, პირველ ჯერზე, საგრძნობლად შეცვალა სტატისტიკა – გაიზარდა მსხვერპლთა რიცხვი, მაგრამ აქვე დაგამშვიდებთ – გაიზარდა იმიტომ, რომ არის მიმართვები პოლიციაში და ფიქსირდება შემთხვევები, რაც მანამდე თითქმის წარმოუდგენელი იყო. საზოგადოებამ თანდათან დაიჯერა, რომ პოლიციაში მისულ, ქმრის მიერ ნაცემ ქალს აქვს შანსი, ერთხელ და სამუდამოდ მოიშოროს აგრესორი კანონის დახმარებით.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში გახსნილია რამდენიმე თავშესაფარი ასეთი ქალებისათვის. იქ მათ სამი თვის განმავლობაში აძლევენ ოთახს, ტანსაცმელს, საკვებს და ეხმარებიან ცხოვრების მოწყობაში. უკვე 2010 წლიდან მოქმედებს საკონსულტაციო სერვისი. იურისტები ტელეფონით აბონენტებს ინფორმაციას აწვდიან მსხვერპლთა თავშესაფრებისა და სხვადასხვა მომსახურების შესახებ. ასევე, აცნობენ სამართლებრივ მექანიზმებს, ესაუბრებიან დამცავ და შემაკავებელ ორდერებზე, ჯანდაცვის სამსახურებსა და სერვისებზე, ფსიქოლოგიურ მომსახურებაზე ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ცხელი ხაზის ნომერია: 116 006. ნებისმიერი ოპერატორიდან განხორციელებული ყველა ზარი, საერთაშორისო ზარების ჩათვლით, უფასოა. სერვისი ანონიმურია და 24-საათიანი. მას ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი კურირებს. ოპერატორებს ხშირად ურეკავენ მსხვერპლთა მეზობლები, მეგობრები, ნათესავები, რადგან არა აქვთ თავად მსხვერპლის გამბედაობის და აგრესორის ფსიქოლოგიური ზეწოლისგან გათავისუფლების იმედი.
ფსიქოლოგის, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, შორენა ვაშაძის განცხადებით: „კორონავირუსის გამო დანიშნულმა შეზღუდვებმა, სახლში დარჩენამ და ერთ სივრცეში ოჯახის დიდი ხნით გამოკეტვამ, ეკონომიკური პრობლემების გარდა, ფსიქოლოგიური სტრესიც წარმოქმნა, რამაც თავისთავად გამოიწვია აგრესია ოჯახის იმ წევრებს შორის, რომლებსაც მანამდეც აღენიშნებოდათ ამ კუთხით პრობლემები. კერძოდ, ოჯახური ძალადობა გახდა უფრო მასობრივი და შეეხო სუსტი სქესის იმ წარმომადგენლებსაც, რომლებიც მანამდე ახერხებდნენ რაღაც ბალანსის შენარჩუნებას დაპირისპირებების დროს.“
იურიდიული ტერმინოლოგიით: „ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულვებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით,“ რომელსაც უდგება საქართველოს კანონი „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“, მუხლი 3.
შორენა ვაშაძის განმარტებით, ოჯახური ძალადობა, ყველაზე ხშირად, პარტნიორებს შორის ხდება. ასეთ ძალადობას, როგორც წესი, სისტემატური ხასიათი აქვს და მიზნად ისახავს ერთი ადამიანის მიერ მეორის დაქვემდებარებას, საკუთარი ძალაუფლებისა და კონტროლის ქვეშ მოქცევას. ძალადობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ადამიანი, ნებისმიერი რასის, სოციო-ეკონომიკური წრის, სექსუალური ორიენტაციის, ასაკის, გენდერული იდენტობისა თუ რელიგიის წარმომადგენელი. ძალადობა შეიძლება ხდებოდეს ნებისმიერ წყვილს შორის, ვინც დაქორწინებულია, ერთად ცხოვრობს ან უბრალოდ, ხვდება ერთმანეთს. პარტნიორთა შორის ძალადობა მოიცავს ქცევათა ძალიან ფართო სპექტრს, რომელშიც შედის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქო-ემოციური და ეკონომიკური ძალადობა. კვლევები ცხადყოფს, რომ მსხვერპლთა დიდი უმრავლესობა ქალია, მოძალადე კი კაცი.
ხშირად იმისთვის, რომ გავიაზროთ ოჯახში ძალადობის სისტემატური ხასიათი, ვიყენებთ ძალაუფლებისა და კონტროლის ბორბლის ვიზუალს, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორი საქციელი შეიძლება იყოს ძალადობა.
– ქალბატონო შორენა, რას ნიშნავს „ძალაუფლებისა და კონტროლის ბორბალი“?
– ფიზიკური და სექსუალური ძალადობა ყველაზე მწვავე ფორმის ძალადობაა. ხშირად ფიზიკურ ძალადობას მოსდევს სექსუალურიც, რადგან მოძალადე საძინებლის ზღურბლზე გადაბიჯების შემდეგაც არ იცვლება. იქ, სადაც ფიზიკური და სექსუალური ძალადობაა, სხვა ტიპის უფრო მსუბუქი ძალადობრივი ქცევებიც შემაშფოთებლად აღიქმება მსხვერპლის მიერ. ასე, მაგალითად, დამამცირებელი სახელით მიმართვა, რაც არასასიამოვნოა ადამიანისათვის, არაძალადობრივ წყვილში მოგვარდება ჩვეულებრივი საუბრით, სადაც ერთი მხარე მეორეს აუხსნის, რომ ასეთი მიმართვა არ სიამოვნებს, შეთანხმდებიან და ინციდენტი ამოიწურება, მაგრამ როდესაც დამამცირებელი სახელით მიმართავს მოძალადე მსხვერპლს, იგი ვერ ბედავს შეპასუხებას, რადგან ეს შეიძლება ძალიან ძვირად დაუჯდეს. შესაბამისად, ცალკე აღებული არასასიამოვნო ინციდენტები, რასაც ჩვეულებრივი წყვილი მარტივად გაართმევდა თავს, პრობლემურ წყვილში ძალადობის სისტემას აყალიბებს და ამყარებს.
ძალაუფლებისა და კონტროლის ბორბალი სასარგებლო ინსტრუმენტია, რათა დავინახოთ, როგორ მუშაობს ძალადობა. ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობას ძალიან ხშირად თან ახლავს მცირე ძალადობრივი ხასიათის ქცევა. ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობასთან შედარებით, იგი ძნელად შესამჩნევია, თუმცა დიდ როლს თამაშობს მყარი ძალადობის მოდელის ჩამოყალიბებაში.
– თუ შეიძლება დავაკონკრეტოთ, რას მოიცავს ეს მოდელი?
– პირველი ნაბიჯია ძალადობა და მუქარა. კერძოდ, ემუქრება, რომ ტკივილს მიაყენებს ან მიატოვებს, თავს მოიკლავს. ამით აიძულებს, გამოიტანოს განცხადება პოლიციიდან, ჩაიდინოს კანონსაწინააღმდეგო ქმედება. ასევე, აშინებს პარტნიორს გამოხედვით, საქციელით, ჟესტებით, ამტვრევს ნივთებს, ანადგურებს პარტნიორის საკუთრებას. აღსანიშნავია, რომ მოძალადე, რიგ შეთხვევებში, ძალადობს ცხოველებზე, ან დაშინების მიზნით, აჩვენებს იარაღს, ახდენს ქალზე ფსიქოლოგიურ ძალადობას – ამცირებს პარტნიორს, აიძულებს თავის თავზე ცუდად იფიქროს, ეძახის დამამცირებელ სახელებს, აკეთებს ყველაფერს, რათა ცოლმა იფიქროს, რომ თავადაა გიჟი.
– ფსიქოლოგიური ძალადობის გარდა, რას მიმართავს მოძალადე პარტნიორის დასაჩაგრად?
– გავრცელებულია ეკონომიკური ძალადობის ფორმებიც. მაგალითად, როდესაც მამაკაცი ქალს ხელს უშლის, მოძებნოს ან შეინარჩუნოს სამსახური. აიძულებს მას სთხოვოს ფული, როცა თავად დაეპატრონება მეუღლის ფულს. ამასთან, პარტნიორს არ აწვდის ინფორმაციას, ან არ აძლევს უფლებას, ხელი მიუწვდებოდეს ოჯახის საერთო შემოსავალზე.
ხშირია საკუთარი პრივილეგიების გამოყენებაც, როდესაც ქმარი ცოლს ეპყრობა როგორც მოსამსახურეს, იქცევა როგორც მბრძანებელი, თავად აწესებს ქალისა და მამაკაცის როლებს. ამყოფებს იზოლაციაში, აკონტროლებს, სად მიდის პარტნიორი, ვის ხვდება, ვის ელაპარაკება, რას აკეთებს, რას კითხულობს. ამცირებს პარტნიორის საზოგადოებაში ჩართულობას, ეჭვიანობით ცდილობს საკუთარი საქციელის გამართლებას.
– ბავშვების წინაშე როგორ იქცევა?
– არც თუ იშვიათად, ხდება ბავშვების გამოყენება. დედას აიძულებს, მათ წინაშე დამნაშავედ იგრძნოს თავი, ემუქრება ბავშვების წართმევით და ა.შ. მცირე დეტალად მიიიჩნევს ძალადობას და არასერიოზულად აღიქვამს პარტნიორის შეშფოთებას, უარყოფს ძალადობის ფაქტებს. . .
საინტერესოა ისიც, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ძალადობის ზრდის შესაძლო რისკთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობამ, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარების სერვისებისა და ცხელი ხაზების შესახებ ინფორმაცია, პანდემიის დაწყებიდან ერთ კვირაში აფთიაქებსა და მაღაზიებში განათავსა. ხელუსუფლების სტრუქტურები ცდილობენ დაეხმარონ რთულ ვითარებაში აღმოჩენილ ქალებს, ცხადია, თუ მათგანაც იქნება სათანადო სურვილი.
აღსანიშნავია, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით მუშაობენ კრიზისული ცენტრები და თავშესაფრები. ჩამონათვალს მალე დაემატება დისტანციური ფსიქოლოგიური კონსულტაციის სერვისიც.
საქართველოს შსს-ს მონაცემებით, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა ქვეყანაში ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკაში მესამე ადგილზეა.
შსს-ს მონაცემებით, 2019 წელს ოჯახური ძალადობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა 4,6 ათას ადამიანს, რომელთა უმეტესობა დაკავებულია. სულ 2019 წელს გამოძიება დაიწყო ოჯახური ძალადობის 6 ათას ფაქტზე, მაშინ, როცა 2018 წელს ეს მაჩვენებელი 5,6 ათასი იყო.
2014 წლიდან ოჯახური ძალადობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცალკე მუხლად ჩამოყალიბდა. გენდერული მოტივით ჩადენილი დანაშაული დამამძიმებელ გარემოებად ითვლება. საქართველოს ხელისუფლებამ კანონის გამკაცრება ოჯახური კონფლიქტების ნიადაგზე მკვლელობების გახშირების შემდეგ გადაწყვიტა. 2014 წელს ოჯახური გარჩევების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა.
გენდერული თანასწორობის და ოჯახში ძალადობის პრევენციის უწყებათაშორისი კომისიის კვლევის თანახმად, საქართველოში ქმრის ან პარტნიორისგან სხვადასხვა სახის ძალადობა 7 ქალიდან ერთს მაინც განუცდია. ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გამხდარა ქალების 31%, სექსუალური ძალადობის – 13%, ფსიქოლოგიურის – 73%, ხოლო ეკონომიკური შევიწროების – 54%.
ახლახან, გენდერული ნიშნით ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, რომელსაც საქართველოც შეუერთდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საზოგადოებრივ ადგილებში განხორციელებული სექსუალური შევიწროების შესახებ ანგარიშის ონლაინპრეზენტაცია გამართა.შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილმა, რომელმაც ანგარიში წარადგინა, ხაზგასმით აღნიშნა სექსუალური შევიწროების ფაქტების დროულად გამოვლენისა თუ პრევენციის მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ინფორმირებულობის უზრუნველყოფის აუცილებლობა. როგორც კონფერენციაზე აღინიშნა, საქართველოში სექსუალური შევიწროების მსხვერპლნი ყველაზე ხშირად 16-დან 45 წლამდე პირები ხდებიან, ხოლო სამართალდამრღვევთა ასაკი 17–დან 55 წლამდე მერყეობს. შევიწროების მსხვერპლნი ხდებიან როგორც ქალები, ისე მამაკაცები. თუმცა, სექსუალური ძალადობის საფრთხის წინაშე ყველაზე ხშირად ქალები და გოგონები დგებიან. მას შემდეგ, რაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში სექსუალური შევიწროების მუხლი ამოქმედდა, 2019 წლის 10 მაისიდან 2020 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით, სექსუალური შევიწროების 43 ფაქტი გამოვლინდა, 2019 წელს – 19, 2020 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში კი 24 ფაქტია იდენტიფიცირებული. ყველა მათგანი განსახილველად სასამართლოს გადაეცა. ასეთ შემთხვევებში სამართალდამრღვევთა მიმართ სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სახდელის სახით ძირითად შემთხვევაში, ჯარიმა გამოიყენება. „არსებული პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ სექსუალური შევიწროება, ძირითადად, ქუჩასა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხდება, რაც უმეტესად, სხვადასხვა ფიზიკური ფორმის სექსუალური ხასიათის ქცევაში გამოიხატება. პრაქტიკის ანალიზი ასევე აჩვენებს, რომ სექსუალური შევიწროების ფაქტების უმრავლესობა დღის საათებში ხორციელდება“, – აღნიშნულია განცხადებაში. სექსუალური შევიწროება არის პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან/და იწვევს მისი ღირსების შელახვას და ქმნის მისთვის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ, ღირსების შემლახველ ან შეურაცხმყოფელ გარემოს. საქართველოში სექსუალური შევიწროება ითვალისწინებს ჯარიმას 300 ლარის ოდენობით, ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი ჯარიმას 500 ლარის ოდენობით ან გამასწორებელ სამუშაოებს 1 თვემდე ვადით.
სექსუალური შევიწროება არასრულწლოვნის, ორსულის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ ითვალისწინებს 500–დან 1500 ლარამდე ჯარიმას. ანალოგიური სასჯელია არასრულწლოვნის თანდასწრებით ჩადენილი აღნიშნული ქმედების გამოც. დანაშაულის განმეორებით ჩადენა ისჯება 800–დან 1 ათას ლარამდე ჯარიმით, ან ერთ თვემდე ვადით გამასწორებელი შრომით ან 10 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობით.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ სექსუალური შევიწროების ფაქტების პრევენციისა და მათზე ეფექტური რეაგირების მიზნით, შს სამინისტრომ არაერთი აქტივობა განახორციელა, მათ შორის, პოლიციელთათვის შემუშავდა სახელმძღვანელო რეკომენდაცია და მხარეებთან გასაუბრების ოქმების ნიმუშები, რომლებიც სექსუალური შევიწროების ფაქტებზე მხარეებისაგან სრული და ამომწურავი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას იძლევა. გარდა ამისა, პოლიციის 300-ზე მეტმა ოფიცერმა უკვე გაიარა შესაბამისი სწავლების კურსი. პანდემიის პირობებში კონტინგენტის პროფესიული სწავლების პროცესი ონლაინრეჟიმში კვლავ გრძელდება.