აშშ-ის ახალი პრეზიდენტის მკაფიო გზავნილი და ზესახელმწიფოთა რეალური მიზნები
ლაშა ხომერიკი: 593 50 82 69 –
„ამერიკა ბრუნდება, მზად არის უხელმძღვანელოს მსოფლიოს, კვლავ დაჯდეს მაგიდის სათავეში” – ეს სიტყვები აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამასწინათ წარმოთქვა,რაც გასაკვირი არ არის, ის დიდი ხანია აკრიტიკებდა ტრამპს რუსეთთან ლოიალობის და ამავე დროს მოკავშირეებისადმი ინდიფერენტულობის გამო. ისმის კითხვები: რის მიღწევას შეძლებს აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია საგარეო პოლიტიკაში? გაფართოვდება თუ არა ნატო? მსოფლიოში გავლენის ზრდის თვალსაზრისით, რომელი სახელმწიფოებისკენ იხრება სასწორის პინა.? თავდაპირველად, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ტრამპის მმართველობის მონაკვეთი გავიხსენოთ რუსეთთან მიმართებით. უნდა ითქვას, რომ მიუხედავად რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციებისა, რასაც ტრამპი დიდ მოვლენად თვლიდა, სასურველი შედეგი ( რუსეთი დათმობაზე წასულიყო უკრაინის მიმართ) არ დადგა, რაც, პირველ რიგში, სწორედ ამერიკისა და ზოგადად, დასავლეთის უუნარობის ნიშანი იყო, რაც კარგად გამოიყენა რუსეთმა თავისი ჰეგემონიური პოლიტიკისთვის ახლო სამეზობლოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში – სირიაში, ვენესუელაში, რომ აღარაფერი ვთქვათ, პოსტაბჭოთა სივრცეზე. . . ყარაბახში რუსული ჯარის განთავსებაც რუსეთის დომინანტობას ცხადყოფს. არც ის დაგვავიწყდეს, რომ ტრამპი ეწინააღმდეგებოდა რუსეთის გაძევებას დიდი „შვიდეულის” რიგებიდან და ამავე დროს, გაართულა ურთიერთობა ევროპულ სახელმწიფოებთან. სწორედ ამის გამო, გარკვეულწილად, ნატო, ასე ვთქვათ, ჩრდილში მოექცა, ყოველ შემთხვევაში ამ რელობაზე საუბრობდნენ ანალიტიკოსები,
აშშ-მა თურქეთთანაც გაიუარესა ურთიერთობა, რაც გამოიწვია გარკვეულწილად, რუსეთ-თურქეთის დაახლოებამ. ეს დასავლეთის მიზნებს ეწინააღმდეგება, როგორც ჩანს, აშშ-ისახალი ადმინისტრაცია აცნობიერებს ნატოსა და მოკავშირეების (ევროკავშირის, თურქეთის. . .) ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობას. ამიტომაც თქვა ბაიდენმა, რომ აშშ დაიცავს მოკავშირეებს და ამავე დროს იზრუნებს იმისთვის, რომ ნატო გაფართოვდეს. ცხადია, ალიანსის გაფართოება, უპირველეს ყოვლისა, ჩვენთვის იქნება კარგი, რადგან გაწევრიანების პოტენციურ კანდიდატად საქართველო სახელდება, ეს რომ მოხდეს, ამისთვის ნატოს ყველა წევრი ქვეყანა უნდა იყოს თანახმ. როგორც ვიცით, საქართველოს გაერთიანებას ეწინააღმდეგებიან გერმანია და საფრანგეთი. გადამწყვეტი სიტყვა, ცხადია, აშშ-ს ეკუთვნის. სწორედ მის რეალურ ძალისხმევაზეა დამოკიდებული ნატოს გაფართოება. . . ცხადია, ჩვენზეც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. ნატოს ყველა სტანდარტს უნდა ვაკმაყოფილებდეთ, რომ ალიანსის გაფართოების მოწინააღმდეგეებმა წუნი ვერ მოგვიძებნონ. ამ მხრივ მათ გარკვეული საბაბი ნამდვილად აქვთ, და ამიტომაც მსგავსი საკითხები დროულად უნდა გადავწყვიტოთ. ეს არ არის ისე ძნელი, როგორც გერმანიის და საფრანგეთის დათანხმება ნატოში ჩვენს მიღებაზე. თუმცა თუ აშშ რეალურად მოინდომებს ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას, მიზანსაც მიაღწევს.
არის კი დღესდღეობით აშშ ის სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია თუნდაც მოკავშირეებსის დარწმუნება ალიანსის გაფართოების თვალსაზრისით? თუ ჩვენ გეოპოლიტიკურ სივრცეს ორ ნახევარსფეროდ დავყოფთ – ამერიკად და ევრაზიად, აღმოჩნდება რომ აშშ-ის პოლიტიკური გავლენის არეალი შემცირებულია. ექსპერტები კი აცხადებენ, რომ ჯერ კიდევ საკმაოდ ძლიერია აშშ-ის გავლენა მსოფლიოზე და თითოეულ სახელმწიფოზეც კი. ეს აშკარა და თვალშისაცემია გაეროს მუშაობის პროცესშიც, როდესაც აშშ-ის წინადადებას ბევრი სახელიწიფო უჭერს მხარს. თუ გადავხედავთ თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკურ რუკას, დავინახავთ, რომ სახელმწიფოების უმეტესობა პროამერიკულია და ეს თვალსაჩინოა, თუმცა ვერცამერიკის გავლენის შემცირების ტენდენციას, უარვყოფთ. მას განაპირობებს რამდენიმე ფაქტორი. პირველია რუსეთ- ჩინეთის ალიანსი საერთაშორისო პოლიტიკაში და მცდელობა, დაბრუნდეს გლობალურ პოლიტიკაში, აღიდგინოს ის პოზიციები, რაც ჰქონდა საბჭოთა კავშირის დროს. აშკარაა, რომ რუსეთი გლობალურ პოლიტიკაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. თუ დავაკვირდებით ბოლო 15 წლის პროცესებს, კარგად დავინახავთ, რომ რუსეთმა შეძლო პოზიციების გამყარება პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან მიმართებით, ასევე, არაღიარებული ტერიტორიების ცნება შემოიტანა საერთაშორისო არენაზე, როგორებიცაა დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიები, დაარღვია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ფაქტობრივად, ევრაზიის, აზიის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებში რუსეთის როლი იზრდება. საგულისხმოა, რომ კრემლის რიტორიკა დასავლეთის მისამართით აგრესიული და დამცინავი ხდება.
რაც შეეხება ზესახელმწიფოების სტატუსს: გლობალურ სამყაროში არის სამი ჰეგემონიური ძალა – ამერიკა, რუსეთი და ჩინეთი. ჯერჯერობით რუსეთი და ჩინეთი თანამშრომლობენ სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით და დროდადრო გმობენ აშშ-ის პოლიტიკას გლობალურ პოლიტიკაში, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი რეალური მოკავშირეები არიან. სინამდვილეში ჩინეთი ის სახელმწიფოა, რომელსაც შეუძლია რუსეთის ჩაყლაპვა. არაოფიციალური ცნობით, რუსეთში 40 მილიონი ჩინელი ცხოვრობს, რაც მრავლისმთქმელია. აშკარაა, რომ ჩინეთი ზესახელმწიფოა, რასაც ყველა აქტორი ანგარიშს უწევს. ჯერჯერობით ეს ქვეყანა საფრთხეს ვერ ან არ უქმნის აშშ-ს და რუსეთს, თუმცა რა იქნება რამდენიმე წელში, არავინ იცის. მაგალითად, 30 წლის წინათ ვერავინ წარმოიდგენდა საბჭოთა კავშირის დაშლას, მაგრამ ბოროტების იმპერია დაინგრა, ამიტომ სავსებით შესაძლებელია, გლობალურ პოლიტიკაში ჩინეთი გახდეს უპირობო ლიდერი, თუმცა ეს მაინც ვერსიებია. დღეს მსოფლიო მრავალპოლუსიანია. ეს აშკარაა. ყარაბახის ამასწინდელმა ომმა თვალნათლივ დაგვანახა მრავალპოლუსიანობის მაგალითი – რუსეთის და აზერბაიჯანის (ცხადია, თურქეთის მხარდაჭერით) ინტერესების თანხვედრა ამ ომში. დაზარალდა სომხეთი. აშკარაა, რომ სომხეთი რუსეთმა გაწირა. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობა და მეორე მხრივ, ამერიკის მხარდაჭერა ჩვენდამი. ამ კუთხით, უნდა ითქვას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი საერთაშორისო არენაზე თავს გრძნობენ და განიხილავენ მოწინააღმდეგე ძალებად. აშშ რუსეთს სერიოზულ კონკურენტად მიიჩნევს საერთაშორისო სისტემაში გავლენის სფეროების მოპოვების თვალსაზრისით. თავის მხრივ, რუსეთი მიიჩნევს, რომ აშშ არის სახელმწიფო, რომელიც ხელს უშლის მისი გავლენის გაფართოებას დანარჩენ მსოფლიოში. სწორედ ესაა დაძაბულობისმიზეზი რუსეთსა და აშშ-ს შორის. მიუხედავად ამისა, არის სფეროები, სადაც ეს სახელმწიფოები ერთმანეთთან საკმაოდ კარგად თანამშრომლობენ. მაგალითად, კოსმოსის, საერთაშორისო ტერორიზმისა და სხვა სფეროებში, რაც ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობას, აღსანიშნავია, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს გადმოეცა უახლესი ამერიკული შეიარაღება. ეს მეტყველებს იმაზე, რომ აშშ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად აღიქვამს, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ აშშ საომარ ვითარებაში საქართველოსთვის იომებს. ასეთი რამ არ მოხდება და არც ჩვენთვისაა საჭირო ორი ზესახელმწიფო ერთმანეთს ჩვენს მიწაზე დაუპირისპირდეს. აჯობებს, თუკი დასავლეთი რუსეთს მოლაპარაკებების გზით დაარწმუნებს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციაში. ამ კუთხით, ცხადია, უმთავრესია, ქვეყნის შიდა პოლიტიკა იყოს სტაბილური. ამ მიმართებითაც აშშ ყოველნაირად გვეხმარება. ამის მაგალითია თუნდაც, საქართველოში ამერიკის ელჩის თაოსნობით მოლაპარაკებები მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის. ეს საქართველოში სწორედ სტაბილურობისა და დემოკრატიის შენარჩუნებას უწყობს ხელს, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოსახლეობა, განსაკუთრებით პოლიტიკური ელიტა, სანამ ვერ მიხვდება, რომ სახელმწიფოში დემონსტრაციებით, რევოლუციებით საკითხები ვეღარ გადაწყდება, მანამდე ვერც ნატოს და ვერც ევროკავშირის წევრი გავხდებით. ცხადია, ამ მხრივ უფრო მეტი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. მოკლედ, ქვეყანაში უნდა შეიქმნას ჯანსაღი გარემო, არავის უნდა ეშინოდეს ხელისუფლებიდან წასვლის, ყველა უნდა მიეჩვიოს, რომ ხელისუფლება ცვალებადია და მის სათავეში ყოფნა პრივილეგია კი არაა, არამედ მაღალი პასუხისმგებლობა და საპატიო ტვირთია, რომელიც ღირსეულად უნდა ატარო.