საუკუნის მშენებლობა საუკუნის პრობლემად რომ არ იქცეს. . .
ოთარ ცინარიძე: 599 85 21 14 –
წყალარინება, წყალმომარაგება, დაბისა და მისი შემოგარენის კეთილმოწყობა, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო მაგისტრალის ხიჭაური-ზამლეთის მონაკვეთის დასუფთავება, ნარჩენების შეგროვება – ეს ნაწილია იმ საქმიანობისა, რასაც ა(ა)იპ „შუახევის კომუნალური სერვისის“ თანამშრომლები ასრულებენ. „აჭარა” ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელ ზაზა დავითაძეს ესაუბრა.
– ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები, ტურისტების მოზიდვა, ტურიზმის განვითარება მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული წყალმომარაგებაზე, სანიტარულ მდგომარეობაზე, დაბის, სოფლების კეთილმოწყობაზე. ორგანიზაცია თავის ფუნქციას პასუხისმგებლობით ეკიდება.
– სახელდობრ?
– კონკურსში გამარჯვებული მეწარმე, ფირმა სამუშაოს დაასრულებს, სპეციალური კომისია მას ჩაიბარებს, წყალსადენის სათავე ნაგებობა, მილსადენი გამართულია, მაგრამ ერთი თვეც არ იქნება გასული და კომუნალური სერვისის სპეციალისტები მათ შეკეთებას შეუდგებიან.
– საუბარი ფურტიო-ბუთურაული-ნენიის წყალსადენზე არსებულ მდგომარეობაზეა?
– ეს მართლაც დიდი და საშვილიშვილო პროექტია შუახევის მუნიციპალიტეტის რეალობაში. 29-კილომეტრიანი წყალსადენის მშენებლობა ხუთ მილიონ ლარზე მეტი ღირებულებისაა. იგი ნამდვილად წაადგება სამი დიდი სოფლის: ფურტიოს, ბუთურაულისა და ნენიის მომავალს. ამ სოფლების სარწყავი და სასმელი წყლით უზრუნველყოფა ადამიანების ადგილზე დასაქმების, სოფლების არმოშლის წინაპირობად რჩება. შუახევში კი არადა, აჭარის მთიანეთის არცერთ ტერიტორიაზე ვაზი ისე კარგ მოსავალს ვერ იძლევა, როგორც ნენიაში. ისეთ ნიგოზს ვერსად ნახავ, როგორიც ფურტიოშია. სამართლიანი აღიარებაა, რომ ეს პროექტი საუკუნის მშენებლობად მონათლეს.
– აქაურებს ახსოვთ მშენებლობა იმ წყალსადენისა, მდინარე აჭარისწყლიდან აქაჩული წყლით ეს სოფლები რომ უნდა მოერწყო. სამივე სოფლის მკვიდრებმა კომუნისტური რეჟიმის დაშლას იმ წყალსადენის დაშლაც მიაყოლეს. ახლაც იგივე რომ არ განმეორდეს და საუკუნის მშენებლობა საუკუნის პრობლემად არ იქცეს, რა ღონისძიებების გატარებას მიიჩნევთ საჭიროდ?
– წყალსადენის გამართული მუშაობა მარტო მუნიციპალიტეტის ან ჩვენი ორგანიზაციის პასუხისმგებლობაზე არაა დამოკიდებული. რაქვთიდან ნენიის ბოლო ტერიტორიამდე არსებული წყალსადენის მოვლა-შენახვა თითოეული ფურტიოელის, ბუთურაულელის, ნენიელის უპირველეს მოვალეობად უნდა იქცეს. სხვაზე გადაბრალება, მინდობილი საქმის მიფუჩეჩება სასურველ შედეგს ვერ მოგვიტანს.
– გერმანიის მთავრობა, ქვეყნის ხელისუფალთან ერთად, მნიშვნელოვან ინვესტიციას დებს შუახევში წყალმომარაგების მოწესრიგებაში. ეს პროექტი რა შედეგს მოიტანს და როგორია თქვენი ჩართულობა?
– ნაჩქარევად, თვალის ერთი გადავლებით გაკეთებული პროგრამები სასურველისგან ყოველთვის შორს რჩება. მისასალმებელია ის პრევენციული ღონისძიებები, რასაც აჭარის მთავრობა და ინვესტორი აკეთებენ. საპილოტე სოფლებში გამართულმა შეხვედრებმა გვაჩვენა, რომ სამუშაოები გერმანული სიზუსტით წარიმართება. ეს მრავალწლიანი პროგრამაა და სასურველ ეფექტს დატოვებს.
– იყო წლები, როცა ცალკეული ა(ა)იპ-ები ზოგიერთების თავშესაფრად, მუშაობისაგან თავის ასარიდებელ ორგანიზაციებად ითვლებოდა. ეს პროცესი გრძელდება, თუ. . .
– ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობამდე შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე ვიყავი. წარმომადგენლობით ორგანოში მუშაობამ ადამიანებისადმი, დაკისრებული მოვალეობისადმი საქმიანი მიდგომა მასწავლა, რაც ძალიან დამეხმარა საბიუჯეტო ორგანიზაციაში პირველ პირად მუშაობისას. სამუშაოზე ავიყვანეთ პროფესიონალი სანტექნიკოსები, შემდუღებლები, ოპერატორები. ისინი დაკისრებულ მოვალეობას გულისხმიერად ასრულებენ.
– არსებული წყალსადენები სპეციალისტების მობილიზებას ითხოვს, მათი შრომითი ანაზღაურება კი ძალიან მოკრძალებულია. თუ აპირებთ მომავალ წელს ორგანიზაციაში დასაქმებულთა ხელფასების გაზრდას?
– უკვე ხელთ გვაქვს მომავალი წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი. იგი ჩვენს და სხვა ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა სახელფასო დანამატს არ ითვალისწინებს. ისევ რეგიონისა და ქვეყნის, ცენტრალური ხელისუფლების იმედზე ვრჩებით. ორგანიზაციაში დასაქმებულების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ისინი მშობლიური მუნიციპალიტეტის ინტერესებს არ ღალატობენ. არადა, რა ჯაფა, სირთულეების დაძლევა უწევთ, როცა მთა ღომადან, სოლიხევიდან გამოყვანილი სასმელი წყლის მილები ზიანდება ან სათავე ნაგებობები გასაწმენდი ხდება. ორი-სამი წყალსადენი რომ იყოს მოსავლელი, არ ვიწუწუნებდით, მაგრამ მცირე ხელფასი, ნაკლები მუშახელი საქმეს ართულებს. რამდენიმე დღეს ვუნდებით სამუშაოებს, როცა ფურტიოში, ახალდაბაში, ნიგაზეულში, მახალაკიძეებში სასმელი წყლის მილები ზიანდება. მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ მისამართით. მათ ახალდაბის, მახალაკიძეების წყალსადენები ნორმებისა და პროექტის დაცვით გააკეთეს, მაგრამ მთის მკაცრმა კლიმატმა ცალკეული მონაკვეთები მაინც დააზიანა.
– ბოლო დროს ერთობ შეიცვალა დაბა შუახევის ინფრასტრუქტურა. ქუჩების, სკვერების კეთილმოწყობას მნიშვნელოვანი თანხები ხმარდება. ეს სიახლე ა(ა)იპ „კომუნალური სერვისის“ მუშაობაში რა ეფექტს ტოვებს?
– წელს დაბა შუახევის ცენტრის კეთილმოწყობის მეორე ეტაპის სამუშაოები დასრულდა. მომავალი წელი მესამე ეტაპის სამუშაოების დასრულების გარანტიას იძლევა. კეთილმოწყობილი სკვერები, ქუჩები, ეზოები ჩვენს ორგანიზაციაში დასაქმებულებს მუშაობას შეუმსუბუქებს. როგორც შუახეველი, მშობლიური კუთხის გულშემატკივარი, ვაღიარებ, რომ ქვეყნის, რეგიონისა და ადგილობრივი ხელისუფლის ძალისხმევით შუახევის ცენტრმა სახე მართლაც იცვალა.
– წლევანდელი შემოდგომა და ზამთრის პირველი თვე მთისთვის უჩვეულოდ მზიანი, თბილი დღეებით ხასიათდება. ბუნების ამ სიკეთეს როგორ იყენებთ?
– გასული წლების მუშაობის პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ ზამთარი, უხვი ნალექი და თოვლი ინფრასტრუქტურას, გარემოს გარკვეულწილად აზიანებს და მის მოწესრიგებას დიდი ჯაფა, თანხების მობილიზება სჭირდება. ნალექის ნაკლებობა იმედს გვაძლევს, რომ ზამთარს იოლად დავძლევ. იმასაც გეტყვით, რომ თოვლის გარეშე არ დავრჩებით და შესაბამისად, მზად ვართ კიდევაც. მომარაგებული გვაქვს სათადარიგო ნაწილები, ასევე ტექნიკა, რასაც ადრე სხვისგან ვქირაობდით, ახლა კი ჩვენი ორგანიზაციის დაქვემდებარებაშია და მოსახლეობასაც ვეხმარებით.
– ტექნიკური პარკის განახლებას თუ აპირებთ?
– ყველაფერი თანხებზე, ადგილობრივ ბიუჯეტზეა დამოკიდებული. იმედს ვიტოვებთ, რომ ქვეყანა დაძლევს კოვიდ-19-ის პანდემიას და ყველაფერი ნორმალურ რიტმს დაუბრუნდება.