ზოგი ჭირი მარგებელია, ანუ „ადამიანებს შეუძლიათ აისრულონ პატარა ოცნებები, თუ მოინდომებენ“
ნათია იმნაიშვილი: 27 48 93 –
ხელოვნება არის საშუალება, აისრულო ცხოვრების სანუკვარი ოცნება. მაშინ, როცა პანდემიის გამო ადამიანები სახლში ჩაკეტილები აღმოჩნდენ, საკუთარ თავთან მარტო დარჩენილებმა იპოვეს დრო და შეძლეს ის, რისი განხორციელებისთვისაც ან არ ეცალათ აქამდე, ან უბრალოდ, არ უცდიათ. . . თუმცა ნიჭს ვერ დამალავ, ან რატომ უნდა დამალო, როცა შეგიძლია ფართო საზოგადოებას გააცნო.
ჩვენს დღევანდელ რესპონდენტებს ერთი საერთო აქვთ – მათ უშიშრად გადადგეს პირველი ნაბიჯები და დაიწყეს იმის კეთება, რაც ბედნიერებას ანიჭებთ.
თათია კალანდაძე:
– ვარ 24 წლის, ხარაგაულის რაიონის სოფელ ხორითიდან. გადატვირთული გრაფიკის გამო (უნივერსიტეტი, სამსახური), არასდროს მქონდა დრო, რომ სხვა საქმისთვის მომეკიდა ხელი, თუმცა ინტერესი სულ მქონდა. როდესაც დაიწყო პანდემია, მარტში სამსახური დავტოვე და თბილისიდან ჩემს სოფელში დავბრუნდი. ამ ვითარების გამო ბევრი თავისუფალი დრო გამომიჩნდა. სახლში აღმოჩენილი ძველი ნივთებისგან დავიწყე სათამაშოებისა და სუვენირების დამზადება. პირველივე ნამუშევარმა ირგვლივ მყოფთა დიდი მოწონება დაიმსახურა.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სასიხარულო იყო ჩემი შშმ ძმის, გიოს კომპლიმენტი. ერთად შევქმენით რამდენიმე სახალისო ნივთი როგორც ქსოვილისგან, ასევე ხისგან. ინტერესი მაქვს, რომ საქმიანობა დავხვეწო და გამოფენა-გაყიდვა მოვაწყო. ამ ეტაპზე ამის სახსრები არ გამაჩნია, მაგრამ იდეა პერსპექტივაში მაქვს. ახლა მხოლოდ ახლო მეგობრებს და ოჯახის წევრებს ვახალისებ. ყველაზე დიდ სტიმულს ოჯახის წევრები მაძლევენ. თვლიან, რომ ეს ყველაფერი კარგად გამომდის და გვერდით მიდგანან, სწორედ ამის გამო ვაპირებ გავიზარდო ამ სფეროში.
ანა მურადოვა:
– ბავშვობიდან მეხერხებოდა ხატვა, ქარგვა, ქსოვა. . . თუმცა სულ სხვა გზით წავედი. დავამთავრე ეკონომიკური ფაკულტეტი და დავიწყე მუშაობა ბანკში. იმდენად უინტერესო და ერთფეროვანი აღმოჩნდა ეს, რომ სამი წლის შემდეგ წამოვედი სამსახურიდან. ერთხელ, ახალი წლის წინა დღეებში რატომღაც მომინდა ჯინჯერის (თაფლაკვერის) სახლის გამოცხობა.
ჩემი მცდელობა ყველას ძალიან მოეწონა. ერთმა მეგობარმა მირჩია, სხვა რაღაცების გამოცხობაც მეცადა. თავიდან ისე არ გამომივიდა, როგორც მინდოდა, მაგრამ გავიდა დრო და ახლა მყავს მუდმივი მომხმარებლები, მაგრამ არ ვჩერდები, ვაგრძელებ საკუთარ თავზე მუშაობას. ჩემთვის ეს ყველაზე კარგი დამამშვიდებელია და ძალიან საინტერესოა თვითონ პროცესიც.
ლია ჭიქაბერიძე:
– პროფესიით პედაგოგი ვარ, ვცხოვრობ ქუთაისში. მალე 55 წლის გავხდები. შვილები გაიზარდნენ და დავიწყე ჩემი ოცნებების რეალიზება. თექაზე მუშაობა 2 წლის წინ ვისწავლე. ვცდილობ სიახლეებით გავამდიდრო. ჯერ თავშლებს ვთელავდი, მალე შეკვეთებიც მივიღე. დავიწყე თექით ხატვა, ნაძვის ხის სათამაშოების დამზადება, ბროშების, მძივების კეთება. ტურისტულმა კომპანიამ მთხოვა მასტერკლასების ჩატარება, მაგრამ პანდემიამ შემიშალა ხელი, თუმცა, მეორე მხრივ, უფრო მოვემზადე ტურისტების მისაღებად. იმედია, ეს დღეც მალე დადგება. მაქვს ჩემი ბაღი, რომელიც პანდემიის დროს გავაფართოე.
ადამიანებს შეუძლიათ აისრულონ პატარა ოცნებები, თუ, რა თქმა უნდა, მოინდომებენ. პანდემია ჩემმა საყვარელმა საქმიანობამ გადამატანინა. ბედნიერებაა, თუ ადამიანს ჰობი აქვს. მინდა უფრო განვვითარდე და მეტი დრო დავუთმო თექაზე მუშაობას.