„მთის კანონის“ სიკეთეები
ოთარ ცინარიძე: 599 85 21 14 –
ხუთი წელია საქართველოში „მთის კანონი“ ამოქმედდა. მისი შემოღება, რასაც სასიკეთო შემოთავაზებები მოჰყვა, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამსახურებაა. ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებაში ყოფნის წლებში შემუშავდა კანონი „მთიანი და მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“, მაგრამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების 9-წლიანი მმართველობის დროს, მრავალ სხვა კანონთან ერთად, მისი მოქმედებაც შეწყდა, თუმცა მოსახლეობის საკეთილდღეოდ ამ კანონით არაფერი გაკეთებულა. მერვე მოწვევის პარლამენტის წევრების დამსახურებად უნდა ჩაითვალოს, რომ აჭარის მთიანეთიდან ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში არჩეული და სხვა მთიანი რეგიონების მაჟორიტარი პარლამენტარების მიერ ინიცირებულ „მთის კანონს“ მხარი დაუჭირეს. ამ კანონს მხარი არ დაუჭირეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მაჟორიტარმა დეპუტატებმა, მათ შორის იყო აჭარის მთიანეთის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის მაჟორიტარიც.
მერვე მოწვევის მაჟორიტარი პარლამენტარების ანზორ ბოლქვაძისა და იაშა შერვაშიძის ძალისხმევით, „მთის კანონის“ შეღავათები შეეხო ხულოს, შუახევის, ქედის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს, ცოტა მოგვიანებით კანონი მაჭახლის ხეობაშიც ამოქმედდა. ხეობის მოსახლეობაზე შეღავათების გავრცელებაში ისევ და ისევ დიდი წილი მიუძღვის მეცხრე და უკვე ძალაში შესული მეათე მოწვევის მაჟორიტარ პარლამენტარ ანზორ ბოლქვაძეს. მაჭახლელებმა მას გაწეული ამაგი დაუფასეს, რაც 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში მისი დიდი მხარდაჭერით გამოიხატა.
თანახეობელები ამაგს არც პროფესორ როინ მალაყმაძეს უკარგავენ. მისი წამოწყებით ხეობაში რამდენიმე ხალხმრავალი აქცია გაიმართა, რათა ხეობის მოსახლეობას „მთის კანონით“ გათვალისწინებული შეღავათებით ესარგებლა. ინიციატორისა და მოსახლეობის ამ მოთხოვნისადმი რატომღაც გულგრილ დამოკიდებულებას იჩენდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მაშინდელი აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების ხელმძღვანელობა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და ქვეყნის ხელისუფლებამ კი საზღვრისპირა რეგიონის მოსახლეობის მოთხოვნა კანონით განამტკიცეს.
დროის მოკლე მონაკვეთში „მთის კანონმა“ აჭარის მთიანეთისა და მაჭახელის ხეობის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებას გარკვეული ბიძგი მისცა. მოსწავლეთა კონტინგენტის სიმცირის მიუხედავდ, არცერთ სოფელში არ დაიხურა სასწავლო კერები, პირიქით, სკოლების მოძველებული შენობების ნაცვლად ახლები შენდება. სკოლები ინვენტარითა და თვალსაჩინოებებით შეუფერხებლად მარაგდება. აჭარის მთიანეთისა და მაჭახლის ხეობის სასწავლო დაწესებულებებშიი ყოველთვის პედაგოგიური კადრების ნაკლებობას უჩიოდნენ. მასწავლებელთა სახელფასო დანამატის გაზრდამ, „მთის კანონით“ გათვალისწინებულმა 20-პროცენტიანმა დანამატმა, აჭარის ბარის რაიონებისა და სხვა რეგიონების მკვიდრებს მოტივაცია გაუჩინა მთის სკოლებში წასულიყვნენ სამუშაოდ, რამაც ფრიად სასიკეთოდ იმოქმედა აქ უცხო ენების მასწავლებლების დეფიციტის დაძლევაზე.
21-ე საუკუნის დასაწყისში აჭარის მთიანეთის არცერთ სოფელში საბავშვო ბაგა-ბაღები არ მოქმედებდა. პირველი სოფელი მერისი იყო, სადაც სკოლამდელმა დაწესებულებამ მოქმედება დაიწყო. ბოლო ხუთ წელიწადში სკოლამდელი დაწესებულებები მასობრივად გაიხსნა. აღსაზრდელთა კონტინგენტიც საკმაოა, რაც იმის წინაპირობაა, რომ სკოლებიც საკმარისად შეივსება.
საქართველოს მთიან მუნიციპალიტეტებს შორის ხულო ერთადერთი იყო, სადაც შობადობა სიკვდილიანობის მაჩვენებელს უსწრებდა. 2019 წელს მას ამ მხრივ შუახევის მუნიციპალიტეტმაც მიჰბაძა. შობადობის მატება იმ რეგულაციების შედეგია, რასაც „მთის კანონი“ აწესებს. სოფლებში იმატა ოჯახების რაოდენობამ, სადაც 18 წლამდე ასაკის 3 და მეტი ბავშვი იზრდება. სახელმწიფო კმაყოფაზე მყოფი ბაღების რაოდენობას ალტერნატიული საბავშვო ბაღებიც ემატება. საბავშვო ბაღის გახსნას შორეული სოფლის, ნაღვარევის მოსახლეობაც ითხოვს. ხულოში უკვე 20-ზე მეტი საბავშვო ბაღია, ცოტა ნაკლები – შუახევსა და ქედაში.
არაერთხელ გვითქვამს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერთა მიერ აჭარის მთიანეთის სოფლებში ბიბლიოთეკების ხელაღებით გაუქმება და მათი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებზე მიერთება ყოვლად გაუმართლებელი იყო. მომდევნო ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ბიბლიოთეკების აღდგენის პროცესი სოფელ ჭვანიდან დაიწყო. მის გახსნას ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძეც დაესწრო. მოსახლეობა სიხარულით შეხვდა ბიბლიოთეკების აღდგენას ისეთ ისტორიულ სოფლებში, როგორებიცაა ხიხაძირი, დიოკნისი, რიყეთი, დიდაჭარა, შუბანი, უჩამბა, დღვანი, ფურტიო, ბარათაული. „მთის კანონით“ კულტურის სფეროში დასაქმებულებს სახელფასო ანაზღაურებასთან ერთად პენსიის აღებაც არ ეზღუდებათ. ეს შეღავათი პედაგოგებზეც ვრცელდება. თანაც ისინი სხვა პენსიონერების მსგავსად, დანამატსაც იღებენ. ეს შეღავათი ყველაზე მეტად უხუცესთა ქორეოგრაფიულ ანსაბლ „ბერმუხას“, ასევე, „ფესვების“ წევრებს წაადგათ. პირველ რიგში, ხელოვნების სიყვარულის და ასევე, ზემოთ აღნიშნული მატერიალური წახალისების გამოცაა, რომ ისევ სცენაზე დგანან საუკუნეს მიტანებული მუხამედ ირემაძე, 80 წელს გადაცილებული შოთა დიასამიძე და თამაზ ბუჩუკური. 70 წელზე გადაცილებულებს აღარ ვასახელებთ.
მთის კანონის წყალობით, ხელ-ფეხი გაეხსნათ მეწარმეებს, საოჯახო სასტუმროების მეპატრონეებს. სამთო-სათხილამურო კურორტების – ბეშუმისა და გოდერძის მსგავსად განვითარება დაიწყო ჩირუხმა და ღომამ. იქაც გაჩნდა საოჯახო სასტუმროები, ინდივიდუალური კოტეჯები. „მთის კანონით“ დამწყები მეწარმეები გარკვეული დროის განმავლობაში გადასახადებისგან თავისუფლდებიან.
მთაში მოსახლეობის დამაგრება, ჭარბი შრომითი რესურსის დასაქმება ყოველთვის პრობლემა იყო. „მთის კანონმა“ წინაპირობები შექმნა, რომ მოსახლეობის მიგრაციის პროცესები შემცირდეს. 8 წლის წინ აჭარის მთიანეთში ერთი საწარმოც არ მოქმედებდა. ამჟამად გახსნილია კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ ქედის ღვინის ქარხანა, ამავე კომპანიის ხილის გადამამუშავებელი საწარმო „ნენა“. მარტო ქედის მუნიციპალიტეტში ამ დროის განმავლობაში 10-ზე მეტი ღვინის მარანი ამოქმედდა. მოსახლეობამ ხელი მიჰყო ფუტკრის ოჯახების გამრავლებას, თევზის აუზების მშენებლობას.
ადგილობრივი ნედლეულის ბაზრის ხელშეწყობით საწარმოების ამოქმედებაზე თადარიგს იჭერენ შუახევსა და ხულოში. მაჭახლის ხეობის ტყეები დაცულ ტერიტორიებად გამოვაცხადეთ. ქვეყნის მთავრობა, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წევრები „მთის კანონით“ გათვალისწინებულ რეგულაციებს, ამ მიზნით კანონში შესწორებებისა და დანამატების შეტანას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ჩვენი და მთის რეგიონების მაჟორიტარი დეპუტატების ინიციატივით, ამ კანონში შესწორება კიდევ გველის, – გვითხრა პარლამენტარმა ანზორ ბოლქვაძემ.