„ლაბორატორია 2/20“ – პროექტი ხელოვნების პოპულარიზაციისათვის
ნანა აბულაძე: 577 20 35 90 –
ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, პროექტი „ლაბორატორია 2/20“ ვირტუალურ სივრცეში დაიწყო. მისი მიზანი ადგილობრივ მხატვართა შემოქმედების, ექსპერიმენტული და ლაბორატორიული სამუშაო პროცესების სტიმულირების და თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციის ხელშეწყობაა. პროექტში 4 მხატვარი, 4 მუსიკოსი, 4 მწერალი, 4 მსახიობი და 4 რეჟისორია ჩართული. თავდაპირველად, მუშაობას მხატვრები იწყებენ. პირველი კვირის განმავლობაში ყალიბდება კონცეფცია, მეორე კვირიდან კი პროექტში ერთვებიან ზემოთ აღნიშნული პროფესიის ადამიანები, რის შემდეგაც იწყება პერფორმანსების მზადების პროცესი.
პროექტის მნიშვნელობაზე მხატვარი ირმა სურმანიძე გვესაუბრა:
– „ლაბორატორია 2/20“-ის იდეის ერთ-ერთი ავტორი და ასევე მონაწილე გახლავართ. პროექტი სამი წელია მიმდინარეობს. ყველა ის ნამუშევარი, რაც პროექტის ფარგლებში შეიქმნა, შვილივით მიყვარს და ძვირფასია ჩემთვის. მიუხედავად იმისა, რომ წლებია ვხვეწთ იდეას მე და ოთარ ქათამაძე, მის განხორციელებამდე ვერ წარმომედგინა, როგორი იქნებოდა პროცესი. მინდა გითხრათ, რომ არც ისეთი მარტივი აღმოჩნდა, როგორიც მეგონა. საკმაოდ რთულია მოკლე დროში იმხელა ტილოებზე მუშაობა, რომლის სიმაღლე და სიგანე 2/20-ზეა, სწორედ ამიტომ ჰქვია პროექტს „ლაბორატორია 2/20“. ასევე, აღსანიშნავია, რომ ძალიან მოკლე დროში ხდება კოლაბორაცია, ეს ყველაფერი პროცესში იმდენად საინტერესოა, ვფიქრობ, უდიდესი ფუფუნებაა შემოქმედი ადამიანისათვის, ამავდროულად, ძალიან აზარტულია. ყველაზე საინტერესო პროექტის მეორე ეტაპია, როცა რეჟისორი, მუსიკოსი, მწერალი და მსახიობი გიერთდება და ნახატის ინსპირაციით ყველა არტისტი თავის ნამუშევარს ქმნის. საბოლოო სინთეზი კი ერთგვარი ჰარმონიაა. პროექტი წელს ფრიად გაიზარდა. ალბათ, ეს ქვეყანაში შექმნილმა სიტუაციამ განაპირობა – რადგან შეზღუდულები ვართ, გამოსავალი სხვადასხვა ფორმით ვიპოვეთ, რამაც მეტი საინტერესო შტრიხი შემატა პროექტს.
– ემოციურად, რამდენად მნიშვნელოვანია სხვა არტისტებთან ურთიერთობა, ერთობლივი პროდუქტის შექმნის პროცესი. . .
-ასე მგონია, ეს პროექტი უდიდესი ემოციების მატარებელია, თან ამ ყველაფერს ხელს უწყობს მისი ფორმატიც. წელს ადგილობრივი მხოლოდ მე ვიყავი, სამი მხატვარი კი თბილისიდან იყო მოწვეული. ძალიან კარგი არტდიალოგები გაიმართა. აზრთა და ემოციების გაცვლა თითოეულზე შემოქმედებითად აისახა. ქვეყანაში არსებული შეზღუდვების გამო, დრო ცოტა გვქონდა და ვცდილობდით, ყველა ჩანაფიქრის სრულყოფილად განხორციელებას. დავამატებ, რომ პროექტით ყოველ წელს ვიწვევთ უცხოელ მხატვარს, რაც პანდემიის გამო ვერ მოხერხდა, შევიზღუდეთ ასევე, პერფორმანსების ჩვენებაში, თუმცა, შესანიშნავ აზრამდე მიგვიყვანა გამოუვალმა მდგომარეობამ -გადავიღეთ ვიდეოარტები, ასევე, ნახატები გამოვფინეთ სხვადასხვა ადგილზე არა დაბლა, არამედ მაღლა, რათა შორიდანაც შესაძლებელი ყოფილიყო მისი აღქმა. ასევე, რეჟისორმა შექმნა ვიდეოკადრები, ერთი მუსიკოსი ონლაინ ჩაგვერთო და შექმნა შესანიშნავი მუსიკა. აღმოვაჩინეთ, რომ ამ მდგომარეობამ პროექტს მეტი გამომხატველობა შესძინა.
– პერფორმანსების მზადებისას, რა ძირითადი თემატიკა გამოიკვეთა წელს?
– მაგალითად, მე მქონდა დღევანდელობასთან შესაბამისი ნაწარმოები – ჩაკეტილ სივრცეში ერთი ადამიანის სხვადასხვა მდგომარეობა. შემდეგ, რეჟისორმა, როგორც დაინახა, ისე გამოხატა ვიდეოარტის სახით. მწერალმა დაწერა ნახატისგან მიღებულ განწყობაზე. ასევე, იყო მითოლოგია – მედუზა გორგონას ისტორია, სტერეოტიპები, საკუთარი თავის გაცნობა, პირადი სივრცე და სასიყვარულო თემატიკები. რაკი მუზეუმები დაკეტილია, მე და ოთარ ქათამაძემ გადავწყვიტეთ, შემოქმედება გამოგვეტანა გარეთ. მაგალითად, ნახატები გამოგვეფინა სხვადასხვა შენობაზე. თუკი მასშტაბურია ნახატები, უფრო მომგებიანია ეს ვიზუალი, ასევე, ვიდეოს სახით ნახატების ან მისი შექმნის პროცესის ჩაწერა და კედლებზე ფილმივით გაშვება. ბევრი საინტერესო იდეა დაიბადა ჩვენში, რაც გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ „ლაბორატორია 2/20“ მომავალში კიდევ უფრო მრავალფეროვანი და მასშტაბური გახდება. მინდა მადლობა გადავუხადო პროექტის სულისჩამდგმელს, რეჟისორ ოთარ ქათამაძეს. ის რომ არა, ვფიქრობ, აღნიშნული პროექტი არ შედგებოდა. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მხარდაჭერისათვის მადლობა გადავუხადო აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს.