„იმდენად ბევრი გვქონდა ჩახუტება, რომ არ ვაფასებდით, არ ვიცოდით, რომ ესეც ფუფუნება ყოფილა“
მარინა მითაიშვილი: 593 31 73 90 –
გიული ხალვაში ერთ-ერთია იმ მრავალრიცხოვან ექიმს შორის, ვინც დღეს თავის საქმეს საკმაოდ საშიშ პირობებში აკეთებს. სათქმელად იოლია, მაგრამ თუ გავიხსენებთ, რამდენი მედიკოსის სიცოცხლე შეიწირა კოვიდპანდემიასთან ბრძოლამ თუნდაც ბოლო თვეში, კიდევ ერთხელ გავიაზრებთ, რა რისკის ფასად გვემსახურებიან დღეს თეთრხალათიანები, რომლებსაც გმირებს სულ უფრო ხშირად ვუწოდებთ. რასაკვირველია, ისე როგორც ყველა პროფესიაში, არც აქაა ყველა მოწოდების სიმაღლეზე, მაგრამ, უდავოა, რომ თითოეული ექიმი, ექთანი თუ სანიტარი თავის ჯანმრთელობას სასწორზე დებს, როცა კოვიდპაციენტს ემსახურება, განსაკუთრებით მძიმე შემთხვევების დროს, როცა დახმარება სისწრაფეს და ისეთ თავდადებას მოითხოვს, სიფრთხილეს რომ გავიწყებს. გიული ხალვაში იმ მედიკოსთა სიაშია, რომელთა თანაგრძნობას და თანადგომას პაციენტი ურთიერთობის პირველივე წუთებიდან ხედავს (ამაში თავად დავრწმუნდი – მ. მ.), ხოლო მისი სიტყვები დამარწმუნებელი და იმედისმომცემია. გიული კლინიკურ სასტუმრო „ეუფორიაში“ დგას უხილავი მტრით დაზაფრული ადამიანების ჯანმრთელობის დაცვის სადარაჯოზე და მიუხედავად ათობით პაციენტისა (იყო პერიოდი, როცა ასზე მეტიც ყოფილა), რომლებსაც ყოველდღიურად უნდა მოემსახუროს, არასოდეს აძლევს თავს უფლებას დაღლილობა, დაძაბულობა პაციენტთან ურთიერთობაზე აისახოს. მისი სიმშვიდე გადამდებია, სითბო – ნუგეშისმომცემი, კვალიფიციური რჩევები – მშველელი. მართალია, პედაგოგთა ოჯახში დაბადებულ-გაზრდილს, ბავშვობაში მასწავლებლობისკენ მიუწევდა გული, საბოლოოდ მაინც ექიმობა არჩია. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი წინა საუკუნის 90-იან წლებში დაამთავრა (1990-96). 2000 წლიდან ხელვაჩაურის სამედიცინო ცენტრში ექიმ ენდოკრინოლოგად მუშაობს. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
უდავოდ, საინტერესოა იმ ადამიანთან საუბარი, რომელსაც ანგარიშგასაწევი გამოცდილება დაუგროვდა კოვიდინფიცირებულებთან ყოველდღიური შეხება-მკურნალობისას. თავადაც დაამარცხა ეს ვირუსი, რამაც თითქოს უფრო დააახლოვა თავის პაციენტებს.
– ბანალური, მაგრამ საინტერესო შეკითხვით დავიწყოთ, რომელი თვისებაა აუცილებელი ექიმისთვის?
– ექიმს უნდა უყვარდეს: ადამიანი, თავისი პროფესია და შრომა.
-კოვიდ-19-მა ყველა ჩვენ-ჩვენს მიგნებებამდე მიგვიყვანა, თქვენ რა დასკვნას მიაგენით?
– შევაფასე და დავაფასე კოვიდამდელი ცხოვრება. ახალმა კორონავირუსმა რადიკალურად შეცვალა ჩემი და არა მარტო ჩემი, ყოფა. მივხვდი, რა ბედნიერება იყო, რაც აქამდე მქონდა და მოუთმენლად ველოდები ამ საგიჟეთის დასრულებას.
– როგორ და სად ჩაგიტარდათ ტრენინგები ახალ კორონავირუსთან ბრძოლისთვის რომ მომზადებულიყავით?
– კოვიდტრენინგები ონლაინრეჟიმში ჩაგვიტარდა. ძალიან დაგვეხმარა გერმანიაში მოღვაწე ქართველი პულმონოლოგი – თამარ ჟამურაშვილი, რომელიც დღემდე გვიზიარებს პირად გამოცდილებას.
– რა შველის ყველაზე მეტად კოვიდით დაავადებულს?
– პირველ რიგში დამშვიდება, რადგან ძალიან შფოთავენ, ძლიერი შიში თრგუნავთ, სხვადასხვა მხრიდან მიღებული ინფორმაციაც უწყობს ამას ხელს – ურეკავენ და ეუბნებიან, – იმას ასე დაემართა, ამას ასე დაემართა, -ინფექციის მსუბუქად მიმდინარეობისასაც კი რთულია დაარწმუნო, რომ ნამდვილად მსუბუქი ფორმაა და განსაკუთრებული მკურნალობა არ ჭირდება.
– გართულების საშიშროება ხომ არსებობს?
– საერთოდ რომ არ ეშინოდეს და არაფრად ჩააგდოს ეს დაავადება, არ შეიძლება, მაგრამ ექიმი თუ გეუბნება, რომ არაა საშიში, უნდა ენდო. სულ ვეუბნები პაციენტებს, მე რომ შემეშინდება, მაშინ შეგეშინდეს-მეთქი, ანუ მთავარია, ენდობოდეს ექიმს. ვფიქრობ, ასეა ნებისმიერი დაავადების დროს. თუმცა მათი მესმის, არ მიცნობენ და როგორ მენდონ?! ქირონიკულ ცისტიტით დაავადებულნი, მცნობენ და მიჯერებენ, მაგრამ აქ რომ არ მიცნობენ, რა გასაკვირია. მთელი მსოფლიო შეაშინა და შეცავლა ამ ვირუსმა. . . მაგრამ გარკვეული პრაქტიკა უკვე დაგვიგროვდა, ზღვა მასალას გვიზიარებენ გამოცდილი ექიმებიც და ვიცით, როდის შეგვეშინდეს. ვაფრთხილებთ – თუ გახანგრძლივდება ცხელება, გახშირდება სუნთქვა, სატურაცია დავარდება, ეს საშიშია, ხოლო ზურგის ტკივილი – არა. ზოგჯერ ამის გამო ისტერიკაში ვარდებიან პაციენტები. თუ დაგიჯერებს და მოგყვება, დაავადებაც უფრო მარტივი სამართავია. ყველას თრომბოემბოლიის ეშინია. უკვე ამ საშიშროების ასაცილებლად ანალიზებსაც ვაკეთებთ სასტუმროში.
– მსუბუქი სიმპტომები თუ შეიძლება დაამძიმოს მხოლოდ და მხოლოდ შიშმა, პანიკამ?
– შიში და პანიკა თრგუნავს იმუნიტეტს და არაა გამორიცხული, დიდი შიშის შემთხვევაში ისე დაეცეს იმუნიტეტი, რომ მდგომარეობა გართულდეს კიდეც… ნებისმიერი დაავადება შეიძლება გაირთულო ამით. პანიკა ძალიან ცუდია, თუმცა მთლად უდარდელობაც არ გვარგებს, ოქროს შუალედი უნდა ვიპოვოთ. გვყავდა პაციენტები, რომლებიც სახლში მაღალი ცხელებით ერთ კვირას და მეტხანსაც ისხდნენ და როცა ეკითხები, რას ელოდებოდა ამდენ ხანს? რა, ამისთანა გრიპი მქონია? რატომ უნდა გამოვქცეულიყავიო, გპასუხობენ. ასეთი მიდგომაც არ შეიძლება.
– მაინც რით განსხვავდება უბრალო გრიპისგან? ეს კითხვა კვლავ ისმის ხოლმე, რატომ არის კოვიდი უფრო საშიში, მაშინ როცა ხედავენ 80 პროცენტი იოლად იკურნება და უმტკიცდებათ აზრი, რომ ჩვეულებრივი გრიპია.
– იმდენად ბევრი ითქვა ამაზე, რომ ცოტა მერიდება კიდეც. . . მართლაც, 80 პროცენტს გადააქვს თითქმის უსიმპტომოდ, მაგრამ გრიპზე ბევრად იოლად ვრცელდება. სხვა ვირუსები ასეთი სისწრაფით, ასეთი მასშტაბით ასე მცირე დროში არ გავრცელებულა. საქართველოში ასე მასობრივად გრიპის ეპიდემია არ მახსენდება, ასე გადაჭედილი არასოდეს ყოფილა საავადმყოფოები, იმდენად, რომ ავადმყოფების საწოლი ადგილების პრობლემა შექმნილიყო და პაციენტი ვერ მიეღოთ. ის ოცი პროცენტიც, რომელთა სიმპტომები საყურადღებოა, ძალიან ბევრია. ექიმებსაც ძალიან გვიჭირდა ამდენი შემთხვევის მართვა. ახლა ცოტა შეგვიმსუბუქდა მდგომარეობა, რადგან მასობრივად ჩაერთნენ ოჯახის ექიმები და ტელეფონით მართავენ. ხალხიც უფრო გათვითცნობიერდა და პაციენტთა რაოდენობამაც იკლო შეზღუდვების გამო.
– ანუ შეზღუდვები აუცილებელი იყო?
– დიახ, ჩვენ სული მოვითქვით. ფაქტია, რომ იმდენი შემთხვევა აღარაა და სტაციონარებში ადგილები გამოჩნდა, მძიმე პაციენტების გადაყვანა პრობლემა აღარაა. საახალწლოდაც თუ გააგრძელებენ შეზღუდვას, ძალიან კარგი იქნება.
– იმათთვის ვინც კოვიდ-19 გადაიტანა, განსაკუთრებით საშიშია სხვა ვირუსები, ამის გამო სხვა რისკჯგუფებთან ერთად, კორონაგადატანილების აცრაც უფასოა. მათთვის სხვა ვირუსები მხოლოდ ამ სეზონზეა ასე საშიში თუ მომავალშიც?
– გააჩნია, როგორ გადაიტანა. . .
– ანუ თუ იოლად გადაიტანა, ისე საშიში აღარაა?
– ასეც ვერ იტყვი. ახალი კორონავირუსი არ არსებობდა, მაგრამ სხვადასხვა ვირუსი მაინც მძიმედ გადაჰქონდა ზოგს. ამიტომ ყველა უნდა აიცრას, ვინც გადაიტანა კოვიდი. მე ყველას ვურჩევ ამას, თავადაც ვიკეთებ გრიპის აცრას ათი წელია, ოჯახის წევრებსაც ვაკეთებინებ და ძალიან კმაყოფილი ვარ. კოვიდგადატანილისთვის მით უფრო საჭიროა ეს. რაც მთავარია, ძალიან კარგი ხარისხის ვაქცინა შემოდის საქართველოში.
– ამბობენ, რომ დაგვიანებულია დეკემბერში გრიპზე აცრა.
– არ არის დაგვიანებული. უნდა მივეჩვიოთ სპეციალისტების დაჯერებას ყველა დარგში, მედიცინაში – მით უმეტეს. ისინი კი გვეუბნებიან, რომ აუცილებელია გრიპზე აცრა კოვიდგადატანილებისთვის. სხვათა შორის, ვისაც გრიპზე აცრა ჰქონდა გაკეთებული, უფრო იოლად გადაიტანა კოვიდიც.
– გარკვეული პერიოდის შემდეგ ახალი კორონავირუსით ხელმეორედ ინფიცირების შემთხვევაში, უფრო რთულად მიდის ავადმყოფობა თუ პირიქით – იოლად?
– ჩემს პაციენტებს შორის არ ყოფილა, თუმცა ამბად ვიცი, რომ კლინიკა „მედალფაში“ ექთანს დაემართა 6 თვეში ხელმეორედ და პირველად თუ ძალიან მძიმედ გადაიტანა, მეორე შემთხვევას ვერც გაიგებდა უბრალო გეგმიური ტესტირების დროს რომ არ გამომჟღავნებულიყო. არანაირი სიმპტომი არ ჰქონია. საერთოდ, სპეციალისტების მტკიცებით, ორი წელი და მეტი გრძელდება იმუნიტეტი კოვიდგადატანილებში. კოვიდზე ვაქცინაციაც, რომელიც დაწყებულია ზოგიერთ ქვეყანაში და ორ ეტაპად კეთდება, ორი წელი გიცავს.
– უცნაური პაციენტები თუ შეგხვედრიათ? გვიამბეთ.
– დიახ, ყოფილან. ეს ვირუსი, ზოგადად, ნერვულ სისტემაზე ძალიან მოქმედებს, ყოფილა შემთხვევები ძალიან უცნაური ქცევებით და მერე, გამოჯანმრთელების შემდეგ უთქვამთ, რომ არ ახსოვთ. მაგალითად, ერთ პაციენტს, რომელიც ღამით შემოვიდა ჩვენს კლინიკურ სასტუმროში, დილით, როგორც წესია, გავეცანი და დავინტერესდი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით. აგრესიულად მიპასუხა, რომ ღამით ჰქონდა პრობლემები, მაგრამ უკვე არაფერი ჭირდებოდა. აღარ გავაღიზიანე, თავი დავანებე, მაგრამ ერთ საათში ისევ მოვიკითხე, რადგან გახშირებული სუნთქვა შევნიშნე, ასევე, ხველაც და ქოშინიც. მაგრამ ქალი მეჩხუბა, კარგად ვარო და როგორ გინდა შეაპარო, რომ სტაციონარშია გადასაყვანი. მეორედ შესვლისას მეუბნება, რას გადამეკიდეთ, უბრალოდ გავცივდი სახლის დალაგებისას რემონტის შემდეგო, უბრალო ბრონქიტი მაქვსო. მე ეს მითხრა, არადა, შვილს ეუბნება თურმე, ვიხრჩობი და პატრონი არ მყავსო. მოკლედ, გავუშვით სტაციონარში, გამოჯანმრთელდა. საერთო ნაცნობიც აღმოგვაჩნდა, რომელმაც მითხრა, რომ არანაირი რემონტი არ ჰქონიათ და საერთოდ, არ ახსოვს ეს ინციდენტიო. პრინციპში ეს არ იყო გასაკვირი, მას ტვინის ჰიპოქსია ჰქონდა (ჟანგბადის ნაკლებობა) კოვიდის გამო. ბევრი მოდის აგრესიით. არის შემთხვევა, რომ ათი წუთის შემოსულია და უკვე ჩხუბობს, არავინ მომიკითხაო. არადა, ათ წუთში შესაძლოა მისი მოსვლის ინფორმაციაც არ ჰქონდეს ექიმს მიღებული. ის კი უკვე შფოთავს, შეშინებულია. ორი-სამი დღის შემდეგ გეუბნება, ისეთი ინფორმაცია მქონდა, მეგონა არავინ მომიკითხავდა და ამიტომ ავტეხე ეს ამბავიო. მერე თვითონაც რცხვენიათ. არ ვიცი, შესაძლოა, მართლაც, იმის გამო იქცევიან ასე, რომ ნერვიულ სისტემას ძალიან აღიზიანებს ეს ვირუსი. ერთხელ შემთხვევით შევხვდი ახალმიღებულ ერთ ქალბატონს, რომელიც ჩემი პაციენტი არ იყო. ძალიან აღელვებული იყო. დავამშვიდე, არანაირი ისეთი სიმპტომი არ გაქვთ, რომ შეშინდეთ,- მეთქი. ავუხსენი ნომერში შესვლისას შუქი როგორ ჩაერთო და ასე შემდეგ. . . მერე გავიგე ჩემზე სამადლობელი ტექსტი დაუწერია სოციალურ ქსელში. გამიკვირდა, ზოგიერთს გადაყვები და არაფერი ახსოვს და მისთვის განსაკუთრებული რა გავაკეთე, უბრალოდ ავუხსენი, რომ საშიში არ იყო მისი სიმპტომები.
– სწორედაც განსაკუთრებული – წყალივით აუცილებელი იყო კლინიკურ სასტუმროში ახალმოსული დაბნეული და შეშინებული კოვიდპაციენტისთვის თქვენი დამამშვიდებელი ახსნა-განმარტება. ამას ვინმე უნდა აკეთებდეს დახვედრისთანავე. ასწავლოს, როგორ მოიქცეს ახალ გარემოში თუ რაიმე დასჭირდა. ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მივლენ მის საშველად. ამ პერიოდში ჯანდაცვის სისტემა დიდი გამოცდის წინაშეა. საზოგადოებაში ორგვარი აზრი ფიგურირებს – ერთნი მედიკოსებს გმირებად აღიარებენ, მეორენი უყურადღებობასა და არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებენ. . .
– პოლიკლინიკაში კოვიდისგან გამოჯანმრთელებულებთან საუბრისას მხოლოდ ის მესმის, რომ სტაციონარებში უამრავი პაციენტის გამო ერთი წუთითაც არ ჰქონდათ მოსვენება ექიმებს. ცუდს არაფერს ამბობენ მედიკოსებზე, პირიქით – რა ძალა გაქვთ, როგორ უმკლავდებით ასეთ დატვირთვასო, სამდურავი არავის უთქვამს. ერთადერთი, რითაც ძალიან დასტრესილები არიან, სხვა პაციენტების მდგომარეობის სიმძიმისა და გარდაცვალების დანახვაა..
– ცხადია, ყველას ურთულესი პერიოდი გვიდგას, მაგრმ ექიმებს – განსაკუთრებით, რადგან იმასთან ერთად, რომ სხვების მსგავსად და უფრო მეტადაც ემუქრებათ ინფიცირება, მათ აკისრიათ კოვიდპაციენტების მკურნალობა, რაც შრომასთან ერთად, დიდ პასუხისმგებლობასაც მოითხოვს. ამიტომ მედიკოსებს ორმაგად რთული დრო უდგათ. რას შეადარებთ თქვენს ცხოვრებაში ამ პერიოდს?
– რადიკალურადაა შეცვლილი ყველაფერი – მთელი დღე სამსახურში ვარ, ოჯახის წევრებსაც ნაკლებად ვნახულობ, დედაჩემს ოთხი თვეა მხოლოდ ტელეფონით ვესაუბრები. არც დრო მაქვს და ვერიდები კიდეც, ინფექცია არ მივუტანო. მეგობრებსაც ტელეფონით ვეკონტაქტები, ისიც იშვიათად, რადგან ძალიან ცოტა დრო მაქვს. კოლეგები ერთმანეთს ოჯახზეც კი ვეღარაფერს ვეკითხებით, მხოლოდ საქმეზე ვსაუბრობთ. ისე არ მინდა გამომივიდეს, რომ თავს გაცოდებთ, მარტო მე არ ვარ ასეთ დღეში. ჩემს ირგვლივ ყველა ექიმი იგივე მდგომარეობაშია. ახლა ცოტა მოგვეშვა. თავიდან ყველაფრის გვეშინოდა, მერე გამოცდილება მივიღეთ, პრაქტიკის დროს უკეთ გავიაზრეთ, როდის უნდა გვეშინოდეს და რისი. მოკლედ, რადიკალურად შეიცვალა ცხოვრება. ყველა მენატრება. ადამიანური ურთიერთობები მომენატრა, ჩახუტება მენატრება ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. ერთი სული მაქვს როდის დამთავრდება ეს პანდემია.
– და როდის დამთავრდება, თქვენი აზრით?
– ვაქცინაციის შემდეგ, ალბათ, მაგრამ ამ ვაქცინაზეც წინასწარ ვერ ვიტყვი, რამდენად ეფექტური იქნება, ისე სწრაფად შექმნეს. იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში. თანაც აჭარაში უკვე ძალიან ბევრმა გადაიტანა ეს ვირუსი. სერიოზული კომპანიაა „ფაიზერი“ და იმედია, გაამართლებს მისი შექმნილი ვაქცინა. იმდენად მინდა, რომ ეს ყველაფერი სწრფად დამთავრდეს, ოპტიმისტურად ვარ მაინც განწყობილი.
-არიან ადამიანები (არც ისე ცოტანი), რომლებიც „ამტკიცებენ“, რომ ახალი კორონავირუსის ვაქცინაცია ადამიანების დასაჩიპად სჭირდებათ, ამიტომ არ უნდა გავიკეთოთო, რას ეტყოდით მათ?
– დაჩიპვის თეორიის მომხრეებს ნამდვილად არ ვიცი, რა ვუთხრა, არა მგონია, ჩემი თქმით რამე შეიცვალოს. უბრალოდ, უნდა გაუსწორონ რეალობას თვალი. ფაქტია, რომ ამ ვირუსით უამრავი ადამიანი იღუპება და გადარჩენის ერთ-ერთი საუკეთესო გზა ვაქცინაციაა. თანაც ვაქცინაცია ხომ ახალი არაა? გეგმიურ აცრებს ხომ ვუკეთებთ ბავშვებს?!
– მიუხედავად სრულიად არასახუმარო თემისა, სასაცილო შემთხვევას ხომ ვერ გაიხსენებთ კოვიდისტორიიდან?
– ერთხელ გვაცნობეს, რომ დედა რეკავს ერთ-ერთ ნომერში, ჩემი ბავშვი ძალიან ცუდადაა და სასწრაფოდ მიდით, მიხედეთო. გავიქეცით, პედიატრიც გამოვიძახეთ, მივვარდით დასახელებულ ნომერთან და კარი გაგვიღო 35-40 წლის მამაკაცმა. ვეკითხებით, – ბავშვი სადაა? – მარტო ვარ ნომერში, დედაჩემმა დარეკაო, გვიპასუხა.
– ოჯახის წევრები ალბათ გეხმარებიან, როგორ გამოხატავენ მხარდაჭერას?
– უფროსი შვილები, გოგონები (ელენე და სესილი), თბილისში არიან, მეუღლე (გელა ჯორთმენაძე) და ვაჟი (მათე) მეხმარებიან. მათესგან იმასაც ვგრძნობ, ეამაყება (13 წლისაა), რომ დედა ჩართულია კოვიდთან ბრძოლაში. . . ასე მგონია, რადგან არ წუწუნებს (თავს იკავებს) დედისგან ყურადღების ნაკლებობის გამო. ცდილობს კარგად ისწავლოს და მაჩვენებს თავის პროექტებს, რომ დარდად არ მქონდეს მისი სწავლა-განვითარება. მე არ მცალია, რომ მოვიკითხო მისი ამბავი და თვითონ მაბარებს ანგარიშებს. მეუღლეც მეხმარება. საოჯახო საქმეები, პრაქტიკულად, ქმარ-შვილმა გადაიბარა.
– საახალწლო სურვილები. . .
– ალბათ ყველას ერთი სურვილი გვაქვს, დამთავრდეს ეს ყველაფერი და ადამიანებმა ერთმანეთის ჩახუტება შევძლოთ. ახლა მხოლოდ ეს მეფიქრება. იმდენად ბევრი გვქონდა ჩახუტება, რომ არ ვაფასებდით, არ ვიცოდით, რომ ესეც ფუფუნება ყოფილა.

