მზის ყოველი ამოსვლისას ადამიანები მადლობას უნდა სწირავდნენ უფალს
ლაშა ხომერიკი: 593 50 82 69 –
განსაცდელი, რომელიც პანდემიის სახით მოგვევლინა, ადამიანისგან უპირველესად, სულის სიძლიერეს და მხნეობას მოითხოვს და ახლა, ამ საყოველთაო შიშისა და პანიკის ფონზე, თანამემამულეთა გასამნევებლად ყოველი სიტყვა და საქციელი თითოეული ჩვენგანის ფიზიკურ და სულიერ გადარჩენას ემსახურება და ფასეულია. მადლობა უფალს, ჩვენ შორის არიან კეთილშობილი ადამიანები, ბევრისგან განსხვავებით მასმედიიდან დადებითად რომ გვმუხტავენ, რწმენასა და იმედს გვინერგავენ, ზოგჯერ იუმორს იმარჯვებენ, გვახალისებენ და კიდევ ერთხელ გვიმტკიცებენ, რომ რწმენა, იმედი, იუმორი შეუდარებელი მკურნალია, მით უფრო ახლა, ამ განსაცდელში. ამის საილუსტრაციოდ ერთ საინტერესო, კრეატიულ, მოაზროვნე, კეთილ კაცთან ზაზა მაღულარიასთან ინტერვიუს გთავაზობთ.
– წარმოგვიდგინეთ საკუთარი თავი.
– მე ვარ ზაზა მაღულარია, დავიბადე 1982 წელს თბილისში და როგორც საბჭოთა კავშირის მოქალაქეს, ბავშვობისა და ყრმობის ასაკში მომიწია ყველა იმ სოციალური თუ პოლიტიკური ქარტეხილის გამოვლა, რომელიც ჩვენს ქვეყანას დაატყდა თავს. სრულწლოვანებას უკვე დამოუკიდებელი საქართველოს მოქალაქემ მივაღწიე. დღევანდელი გადმოსახედიდან ძალიან მენატრება ბავშვობა და სიყმაწვილის წლები, რაც ზოგადი სიდუხჭირის მიუხედავად მაინც არაჩვეულებრივად კარგი იყო ჩემთვის. მიყვარს ჩემი ქვეყანა, ქალაქი, სადაც დავიბადე, პროფესია (იურისტი ვარ) და ლიტერატურა, რისი სიყვარულიც ბავშვობიდანვე ჩამინერგეს ოჯახის წევრებმა. ასევე, პატივს ვცემ ყველა იმ პიროვნებას, ვისთვისაც ადამიანური გრძნობები და ურთიერთობები უცხო ხილი არ არის.
– პრფესიით იურისტი, მოწოდებით პოეტი. . . გააგრძელეთ. . .
– პროფესიით იურისტი ვარ, ადვოკატი, თუმცა პოეზიას ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ფაქტობრივად, ჩემი სულის ნაწილია, მეორე მე, სულიერი საზრდო, რომელიც ბევრჯერ დამხმარებია ცხოვრებისეული სირთულეების გადალახვაში. მისი წყალობით არ მეშინია იმ პაწია შინაგანი ზღაპრული სამყაროს დანგრევის, რომელიც იმისთვის გამოვიგონე, რათა ხანდახან მკაცრ რეალობას გავექცე და მასში შევიყუჟო.
– რასაც სხვები აგრესიულად აკრიტიკებენ, თქვენ იუმორით ამბობთ,ამას მიზეზი აქვს თუ თავისთავად გამოგდით?
– დღეს ტელევიზიებიდან და ინტერნეტსივრციდან იმდენი ნეგატივი და აგრესია მოედინება, რომ რთულია ყველაფრის ცივი გონებით გაანალიზება. ვცდილობ იუმორით შევხედო ამ ყველაფერს. ვიცინი, როცა ამის საშუალება მომეცემა და ეს თავისთავად ხდება, სპონტანურად. . . დღევანდელ რეალობაში სასაცილოს რა გამოლევს, სატირალიც რომაა, ისეთს. . .
– პოეზია რომ არ არსებულიყო, რა ეშველებოდათ ადამიანებს? თქვენ და პოეზია. . .
– პოეზია და ზოგადად, ხელოვნება, ჩემი წარმოდგენით, ღვთიური სასმელივითაა, რომელიც წვეთ-წვეთობით უნდა დააგემოვნო, რათა უკვდავებას გაზიაროს. მე პირადად ვერ წარმომიდგენია პოეზიის გარეშე როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება და იმ ადამიანებისაც არ მესმის, ვინც კატეგორიულად აცხადებენ, რომ პოეზია ვერანაირ სულიერ სიამოვნებას ვერ ანიჭებთ. ასეთი ადამიანების ავკარგიანობაში ძალიან მეპარება ეჭვი (ეს ჩემი სუბიექტური აზრია.) რაც შეეხება ჩემს შემოქმედებას, ვწერ ზოგადად ყველაფერზე, რაც მაწუხებს, მტკივა, თუ მიხარია. . . მიმაჩნია, რომ ვისაც სამწერლო ასპარეზზე დამკვიდრების ოდნავი პრეტენზია აქვს, მეტ-ნაკლებად ყველანაირ სოციალურ თემას უნდა შეეხოს, არ შემოიფარგლოს მხოლოდ პირადი ხასიათის საკითხებით. ჩემი აზრით, პოეზია ერთ-ერთი ( არა ერთადერთი) ნათელი წერტილია ამ სასტიკ და მატერიალურ სამყაროში, რომლის გარეშეც, ალბათ, ადამიანები ემოციისგან სრულიად დაცლილნი და უსახურები იქნებოდნენ. . .
– რაზე წუხხართ და რა გახარებთ? დღევანდელობას როგორ აღიქვამთ?
– ვწუხვარ ჩემი ქვეყნის ბედ-იღბალზე და გული მიჩუყდება, როდესაც ულუკმაპურო ბავშვს ვხედავ ქუჩაში გამათხოვრებულს ნებით თუ ძალდატანებით. . . პატარებს არ უნდა ჰქონდეთ წართმეული ლაღი ბავშვობა. . . თუმცა ამასთანავე, მწამს, რომ ერთხელაც ჩვენს ქვეყანასაც ეწვევა ნანატრი კეთილდღეობა. მახარებს მცირეოდენი ყურადღება, როგორც ზოგადად, ყველა ადამიანს, ასევე, საინტერესო საზოგადოებასთან ურთიერთობა. ვცდილობ დღევანდელობას შეძლებისდაგვარად ავუწყო ფეხი უკეთესი მომავლის იმედით განმსჭვალულმა.
– ბუნება საუკეთესო მკურნალია? სოფელი და თქვენ. . .
– ბუნება ძალიან მიყვარს. დედულეთს, ვანის მუნიციპალიტეტში სოფელ ტობანიერს ვსტუმრობ და შეძლებისდაგვარად ვუვლი. ეზოში მაქვს აკაციის და მუხის ხეივანი, რომელიც მართლაც, ჩემი სულიერი მკურნალია. ვისაც ბუნება სულიერ სიმშვიდეს ვერ ანიჭებს, მას მშვენიერების აღქმის სერიოზული პრობლემა აქვს, ჩემი აზრით.
– ვინ არიან თქვენი მასწავლებლები, მეგობრები, რომლებმაც სულიერად გაგაძლიერეს?
– გამოვარჩევდი ლიტერატურის მასწავლებელ თამარ აბრამიშვილს, ასევე, პოეტ აკაკი თევზაძეს, რომლმაც სამწერლო ასპარეზზე გამომიყვანა წლების წინ და შთამაგონა, თუ როგორ არ უნდა მეწერა. ასევე, გამოვარჩევდი ბებიაჩემს – ფილოლოგ თალიკო მილორავას, რომელმაც წიგნების კითხვა შემაყვარა. რაც შეეხება საყვარელ მწერლებს, სათითაოდ ყველას ჩამოთვლა გამიჭირდება, თუმცა მათ შორის გამოვარჩევდი გალაკტიონ ტაბიძეს და ნოდარ დუმბაძეს, რომლებმაც ჩემ სულიერ ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს.
– თქვენი აზრით, როგორია კარგი ადამიანი, რას დავაბრალოთ შურიანი და მედროვე მწერლების მომრავლება?
– როგორც ლევ ტოლსტოი იტყოდა, არ არსებობს ყოველმხრივ კარგი ან ცუდი ადამიანი. იგი ცხოვრების განმავლობაში ხასიათის ხან დადებით მხარეს წარმოაჩენს, ხანაც უარყოფითს. ადამიანი იდეალური ვერ იქნება, თუმცა, კარგი პიროვნება, ჩემი აზრით, ისაა, ვისაც საკუთარი შეცდომის გაანალიზება და აღიარება შეუძლია, ასევე, ვინც სხვისი წარმატებით არ იბოღმება და საკუთარ წარუმატებლობას ობიექტურად აფასებს. რაც შეეხება შურიანი და მედროვე მწერლების მომრავლებას, ესეც ზუსტად იმ ადამიანურ ფაქტორებთანაა დაკავშირებული, რაც ზემოთ აღვნიშნე :
– თუ მწერალს საკუთარი შესაძლებლობების ობიექტური შეფასება არ შეუძლია, იგი ვერასოდეს გაიზრდება და ყოველთვის გააღიზიანებს სხვისი წარმატება, თუნდაც მისნაირი შურიანის. მედროვეობა კი ყოველთვის არსებობდა სამწერლო ასპარეზზე და სოციალურმა სიდუხჭირემ კიდევ უფრო მოამრავლა ისინი.
– პანდემიაზე რას ფიქრობთ, ეს ზეციდან მოვლენილი განსაცდელია თუ შემთხვევითობა?
– პანდემია, ერთის მხრივ, უფლის სასჯელია და მეორე მხრივ, გლობალიზაციის მსურველთა მძლავრი იარაღია მსოფლიო მმართველობის ხელში ჩასაგდებად. შემთხვევით არაფერი ხდება და არც ეს ეპიდემია მგონია შემთხვევითი, თუმცა იმედი მაქვს, რომ უფალი არ გაგვწირავს და ამ რთული სიტუაციიდან გამოსავალს გვაპოვნინებს.
– როგორ უნდა იწყებოდეს დღე, მზის ამოსვლას როგორ ეგებებით?
– ადამიანი ყოველი დღის გათენებას ისე უნდა ხვდებოდეს, როგორც ხელახლა დაბადებას, რადგან არავინ იცის შემდგომი დღე ისევ გაუთენდება თუ არა. . . ამიტომ ყოველ ცისმარე, მზის ამოსვლისას ადამიანები მადლობას უნდა სწირავდნენ უფალს ამისთვის. მეც ამ პათოსს ვიზიარებ.
– ხვალ რომ გათენდება, პირველი ფრაზა, სამყაროს რომ გასძახებთ. . .
– ხვალ რომ გათენდება, ალბათ, ჩვენი ავკარგიანობის გათვალისწინებით, იმას შევძახებ სამყაროს, რასაც ერთ-ერთ ლექსში ვამბობ: „მძულხარ, მიყვარხარ და მეკრძალები”. . .

