დავით გაბაიძე: ჩემი აქტიური ჩართულობით შეიცვალა კონსტიტუციური კანონი ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“
ნინო ცხვარაძე: 595 96 63 65 –
მეხუთე მოწვევის უმაღლეს საბჭოს ისევ დავით გაბაიძე უხელმძღვანელებს. მის კანდიდატურას უმრავლესობის თოთხმეტმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. დავით გაბაიძე გასული ოთხი წლის განმავლობაში საკმაოდ აქტიური კანონმდებელი იყო – 35 საკანონმდებლო ინიციატივა, 175 კანონშემოქმედებით და საზედამხედველო საკითხებზე გამართული სხდომა, 9 სადეპუტატო კითხვა, 17 მოხსენება საქართველოს პარლამენტში. ეს ოთხწლიანი საქმიანობის არასრული ჩამონათვალია. დავით გაბაიძე აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს და ევროპის ქვეყნების რეგიონულ პარლამენტებთან. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ირწმუნება, რომ ისევ აქტიური იქნება, მით უფრო იმ ფონზე, როცა სწორედ მისი თავმჯდომარეობის პერიოდში რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს უფლებამოსილებები გაეზარდა. შეასრულებს თუ არა დანაპირებს დავით გაბაიძე, ამას მომავალი გვიჩვენებს, დღეს კი „აჭარასთან“ მან წინა მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობა შეაჯამა.
– ბატონო დავით, რას თვლით გასული ოთხი წლის განმავლობაში თქვენი საქმიანობის მთავარ მიღწევად?
– საკონსტიტუციო ცვლილებებს. ვიყავი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი, რომლის ფარგლებში მომზადდა საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი. ამავე ცვლილებების ფარგლებში მივიღეთ ახალი კონსტიტუციური კანონი ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“. ჩემი თავმჯდომარეობით უმაღლეს საბჭოში კანონშემოქმედებით და საზედამხედველო საკითხებზე გაიმართა 175 სხდომა, ვარ 35 საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი და ინიციატორი, მათ შორის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის ახალი რედაქციის, უმაღლესი საბჭოს ახალი რეგლამენტის, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებისა და საპატიო წოდებების შესახებ“ და ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონების და ა.შ. ვარ 9 სადეპუტატო კითხვის ავტორი, საქართველოს პარლამენტის 17 პლენარულ და საკომიტეტო სხდომაზე გახლდით მომხსენებელი, საანგარიშო პერიოდში გააქტიურდა უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობები. მიმდინარეობს მრავალმხრივი თანამშრომლობა ევროპის რეგიონულ საკანონმდებლო ორგანოებთან. გაფორმდა თანამშრომლობის შესახებ ახალი მემორანდუმები ევროპული ქვეყნების რეგიონების საკანონმდებლო ორგანოებთან, კერძოდ: ქვემო სილეზიის სეიმიკთან (პოლონეთი), ზემო სილეზიის სეიმიკთან (პოლონეთი), ოდესის სამხარეო რადასთან (უკრაინა). უმაღლეს საბჭოსთან თანამშრომლობის შედეგად ქვემო სილეზიის სეიმიკმა მიიღო საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია 2008 წლის რუსეთის აგრესიის მეათე წლისთავთან დაკავშირებით. გაფორმდა ორწლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულება ბრანდერბურგის (გერმანია) ლანდტაგთან. შეთანხმებულია და ხელმოსაწერად მზადაა მემორანდუმი ლუბუშის სეიმიკთან (პოლონეთი), ხოლო დაგეგმილი და მომავალ თანამშრომლობასთან დაკავშირებით დაწყებულია კომუნიკაცია მადეირას ავტონომიური რეგიონის საკანონმდებლო ასამბლეასთან (პორტუგალია), ტიჩინოს კანტონის საბჭოსა (შვეიცარია) და ლვოვის რეგიონულ საბჭოსთან (უკრაინა). უმაღლესი საბჭო გახდა ,,პაბსეკის“ პარტნიორი, გააქტიურდა თანამშრომლობა ევროპის რეგიონთა ინსტიტუტსა და ევროპის რეგიონთა ასამბლეასთან. რეგულარურად იმართება სამმხრივი რეგიონული საპარლამენტო შეხვედრები (ქვემო სილეზიის სეიმიკი – ბრანდებურგის ლანდტაგი -აჭარის უმაღლესი საბჭო), ქვემო სილეზიის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოებული ვარ ქვემო სილეზიის საპატიო ოქროს მედლით. ჩემი აქტიური ჩართულობით შეიცვალა კონსტიტუციური კანონი ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ და ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია.
– არაერთხელ გითქვამთ, რომ სწორედ 2016 წლის მოწვევის უმაღლესმა საბჭომ შეძლო მთავრობაზე კონტროლის მექანიზმის გაუმჯობესება.
– დიახ, ვარ ავტორი და ინიციატორი მთავრობაზე კონტროლის გაზრდის მიზნით შექმნილი საკანონმდებლო ბაზის, რომლითაც დაწესდა მთავრობის თავმჯდომარის ყოველწლიური ანგარიშის სავალდებულოობა, შემოვიღეთ კითხვისა და ინტერპელაციის ფორმა, დროებითი კომისიის ინსტიტუტი, შემცირდა უნდობლობის გამოცხადებისათვის საჭირო ქვორუმი, გამარტივდა ვეტოს დაძლევის მექანიზმი და დაწესდა მინისტრის საათი. ასევე, ვხელმძღვანელობდი პროცესს, რის შემდეგაც უმაღლესმა საბჭომ ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით მოიპოვა UNDP-ს გრანტი 500 000 ლარის ოდენობით. გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობითა და ფინანსური მხარდაჭერით, განახლდა უმაღლესი საბჭოს ვებგვერდი. პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაციის გათვალისწინებით ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ უმაღლესი საბჭო დაასახელა ყველაზე გამჭვირვალე დაწესებულებად. საქართველოს პარლამენტთან გაფორმდა თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობს ყველა დონეზე.
– კერძოდ?
– მემორანდუმის ფარგლებში პარლამენტის ბევრ კომიტეტთან კანონშემოქმედებით სფეროში ჩამოყალიბდა მჭიდრო ურთიერთობა. უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლები კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული ზრდის ხელშეწყობის მიზნით მონაწილეობენ პარლამენტის სასწავლო ცენტრის ტრენინგ-პროგრამებსა და სხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ ღონისძიებებში. უმაღლესი საბჭო მონაწილეობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტების აპარატების შეხვედრებში. საკანონმდებლო ორგანოს აპარატის უფროსი რეგულარულად მონაწილეობს შავი ზღვის ნატოს წევრი და ასპირანტი ქვეყნების პარლამენტების აპარატის უფროსების კონფერენციაში. უმაღლესი საბჭოს პარტნიორობით, ბათუმში გაიმართა შავი ზღვის ნატოს წევრი და ასპირანტი ქვეყნების პირველი საპარლამენტო აკადემია. ჩემი ინიციატივით მე-4 მოწვევის უმაღლეს საბჭოში პირველად დაინერგა ელექტრონული საქმისწარმოების სისტემა, რაც უწყებას უფრო ქმედითს და ეფექტურს ხდის. უმაღლესი საბჭო ჩაერთო ელექტრონული მთავრობის სისტემაში, რაც უწყების ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად ზრდის. უმაღლესი საბჭო შეუერთდა ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივას, რის ფარგლებშიც აღებულია რიგი ვალდებულებები და დაიწყო მათი შესრულების პროცესი. მათ შორისაა ვალდებულებები: უმაღლესი საბჭოს სხდომების პირდაპირი ეთერით გადაცემის, უმაღლესი საბჭოს შენობის სრულ ადაპტირებაზე, მოქალაქეებთან შეხვედრების სივრცის შექმნის შესახებ, მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების დანერგვის თაობაზე.
– მოქალაქეებთან შეხვედრის კუთხით თქვენს აქტიურობაზე რას იტყვით?
– საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, უმაღლესი საბჭოს შენობაში, უშუალოდ, ინდივიდუალურად შევხვდი 1150-ზე მეტ მოქალაქეს.