ათწლეულები – თანამემამულეთა ჯანდაცვის სამსახურში
ოთარ ცინარიძე: 599 85 21 14 –
წელს სახალხო დღესასწაული „შემოდგომა ქედაში“ („ქედობა“) არ გამართულა კოვიდ-19-ის პანდემიის გამო. ამ ზეიმის ერთ-ერთი ნაწილი „საპატიო ქედელის“ წოდების მინიჭებაა. ქედის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების ხელმძღვანელებმა, ზეიმის ორგანიზატორებმა წლების განმავლობაში დამკვიდრებული აქტივობა წელს მაინც არ გამოტოვეს და საპატიო ქედელებთან ერთად წარმოაჩინეს სხვა წარმატებული თანარაიონელები, ის ადამიანები, რომლებსაც აქტიური წვლილი შეაქვთ ქედის მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში, კულტურის, განათლების, მედიცინის სფეროებში. „საპატიო ქედელის“ წოდება მიეკუთვნა ჯანდაცვის საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორს, ღირსების ორდენოსან შოთა შარაძეს. იგი გაზეთ „აჭარის“ სტუმარია.
ყოველი ადამიანის ცხოვრებაში მისი საქმიანობის შეფასების, ღირსების აღიარების ბედნიერი დღე დგება. ჩემს ცხოვრებაში ასეთი მომენტი მაშინ დადგა, როცა ქედის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან გორგილაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძემ „საპატიო ქედელის“ დიპლომი გადმომცეს.
-წლებია თანარაიონელების ჯანმრთელობის დაცვას ემსახურებით. ამაგი დაგიფასეს. ელოდით ასეთ აღიარება?
–„აჭარა“ პირველია, რომელმაც ეს აღიარება ქვეყანას უნდა ამცნოს. ჩემი თაობის ექიმები იმ საქმეების, ადამიანების ჯანმრთელობის დაცვის სამსახურში ყოფნის ტრადიციების გამგრძელებლები ვართ, რომლებსაც სათავე ყედირ შერვაშიძემ და სხვა ცნობილმა ექიმებმა დაუდეს. მალე 7 ათეულ წელს უკან მოვიტოვებ. ეს დრო საფუძველს გაძლევს, ობიექტურად, ყოველგვარი შელამაზების გარეშე შეაფასო ცხოვრების ის ეტაპები, რომლებიც ღირსეულ ადამიანებთან ერთად გამოიარე, გონებასა და გრძნობაში გადახარშო მათი ღვაწლი, ვინც ხელი შეგაშველა, საჭირო დროს და ადგილას „მწვანე შუქი“ აგინთო. ინაშარიძეებელი სულეიმან შარაძის ოჯახში ექვსი დედმამიშვილი გავიზარდეთ. შრომისმოყვარეობა, ადამიანებთან ურთიერთობა, სხვისი მადლით გახარება ოჯახიდან გამომყვა. მშობლებს კლასიკური განათლება არ მიუღიათ, მაგრამ საკუთარი და შვილების ცხოვრების გზამკვლევობა ჩინებულად გამოსდიოდათ. მე და ჩემი თანამეცხედრე – საგარეჯოელი ლეილა მკევლიშვილი ლინდას, ირაკლისა და გიორგის მშობლები ვართ. ხშირად ვცდილობ ოჯახური ურთიერთობის იმ ფორმებით ვიხელმძღვანელო, რაც ჩემს დედ-მამას ახასიათებდა.
-ვხედავ, რომ ადამინის ჩამოყალიბებაში ოჯახს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებთ.
–რა თქმა უნდა, მაგრამ სკოლა, უმაღლესი სასწავლებელი და სხვა გარემოც, სადაც ინდივიდს ყოველდღიური ურთიერთობები აქვს, კვლავაც მნიშვნელოვან ფაქტორად რჩება. არა მარტო ქედაში, არამედ აჭარასა და ქვეყანაში წარმატებული სასწავლო კერა იყო და ახლაც ასეთად რჩება მერისის საჯარო (საშუალო) სკოლა. ფასდაუდებელია ის წვლილი, რაც ჩემს აღზრდა-განვითარებაში შეიტანეს სკოლის მაშინდელმა დირექტორმა ოთარ ბეჟანიძემ, ქიმიის, მშობლიური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა გულნარა და ლევან თურმანიძეებმა. 1970 წელს დავამთავრე სკოლა და მომავალ სპეციალობად ექიმობა ავირჩიე. სასურველ მიზნამდე მიღწევა არ იყო იოლი. ჩემი თაობის ახალგაზრდებს კარგად ახსოვთ ის გარემო, კორუფცია, რომელიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში ვლადიმერ გელბახიანის რექტორობის დროს იყო. საგამოცდო კონკურსში ხელი რომ მომეცარა, უმალვე არმიის რიგებში გამიწვიეს. ამ დროს შეიცვალა ინსტიტუტის რექტორი. მას სათავეში მსოფლიოში აღიარებული ტრავმატოლოგ-ორთოპედი, აკადემიკოსი ოთარ ღუდუშაური ჩაუდგა. 1974 წელს სასურველი ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი გავხდი. მთაში გაზრდილ ყმაწვილს ოჯახიდან, სკოლიდან გამოყოლილმა ურთიერთობებმა, ლადო ჯიქიას, ლექსო ბოლქვაძის მსგავსი პროფესორ-მასწავლებლების თანადგომამ მომცა შესაძლებლობა, წარმატებით დამეძლია ის სასწავლო პროგრამები, რომლებიც იმხანად იყო. 1981 წელს თერაპევტის სპეციალობით მშობლიური მერისის ხეობას დავუბრუნდი და საექიმო ამბულატორიას სათავეში ჩავუდექი. 16 წელი გავატარე აქ.
-ახალბედა ექიმს, ოჯახის მამას მთელი ხეობა გეფერებოდათ. აქ მუშაობიდან გასახსენებელი და მოსაგონარი მრავალი გექნებათ?
–სოფლის ექიმი ერთი სპეციალობით ვერ შემოიფარგლებოდი. ჩემთვის სამუშაო საათები განუსაზღვრელი, მოუცლელობა კი გამორიცხული იყო. ზაფხულის წვიმიან და ზამთრის უხვთოვლიან დღეებში მთის შორეულ სოფლებში, მათ შორის ნამონასტრევსა და გარეტყეში ასვლა არასოდეს დამზარებია. მახსენდება 1989 წლის მძიმე ზამთარი. გარეტყელი ხასან და ზექიე თურმანიძეების ოჯახში ავდიოდი ხოლმე. მრავალშვილიანი ცოლ-ქმარი იყო. ხასანს მხედველობის პრობლემა ჰქონდა, ქალბატონს სახსრები აწუხებდა. მკურნალობა დავუნიშნე. გამოხდა ხანი და ისინი საქართველოში ყველაზე ხანდაზმულ წყვილად აღიარეს. წელს საუკუნეს მიტანებულები მშობლიურ მიწას მიაბარეს. მერისის ამბულატორიის ხელმძღვანელობა 16- წლიანი მუშაობის შემდეგ ახალბედა სპეციალისტ ანზორ ბროლაძეს ჩავაბარე. იგი ახლა მერისის პირველად ჯანდაცვის ცენტრს უძღვება. მოსახლეობაში კარგი ავტორიტეტით სარგებლობს.
-ქედის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელს მოსახლეობა გენდობათ, სისტემისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა გაფასებთ. ამ ეტაპზე რა გამოწვევების წინაშე დგახართ?
–კოვიდ-19-ის პანდემიასთან ბრძოლაა დღეს მთავარი საზრუნავი. აჭარაში პანდემიამ შემოდგომასა და ზამთრის დასაწყისში პიკს მიაღწია, ქედა დასნებოვნებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლებით ბოლო ადგილზეა. ვიტყოდი, რომ გატარებულმა ღონისძიებებმა, ჩვენი და მოსახლეობის ერთობლივმა, შეთანხმებულმა მუშაობამ დადებითი შედეგი მოგვცა, „საპატიო ქედელის“ წოდებაც ამ თვალსაზრისით მომანიჭეს. პანდემია ისევ მძვინვარებს. ვაქცინის შემოტანამდე, საყოველთაო აცრებამდე გარკვეული დრო რჩება, მუშაობა ისევ გველის. მარტო ვერას გავხდები. გვერდით მიდგას პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ხელმძღვანელობა, თემის სამედიცინო ცენტრების პერსონალი. ტესტირება, პანდემიით დაავადებულთა დროული გამოვლენა, სამედიცინო ცენტრებსა და კოვიდსასტუმროებში გამწესება, ბინაზე მკურნალობა ყოველდღიურ საქმედ ვაქციეთ. გადავამზადეთ პერსონალი.
-მშობლიური რაიონის მოსახლეობის ჯანმრთელობის სადარაჯოზე 40 წელი დგახართ. პროფესიული გამოცდილება, ავტორიტეტი არ გაკლიათ, ღვაწლიც გიფასდებათ, ფიზიკური მდგომარეობა ხელს გიწყობთ. მომავალი როგორ გესახებათ?
–ერთი შვილი აშშ-ში საქმიანობს. იგი წარმატებული მუსიკოსია და ავტორიტეტით სარგებლობს. მიხარია, რომ ნიჭიერი და წარმატებული ახალგაზრდობა მოდის. ჩვენს სფეროში მრავალი წარმატებული სპეციალისტი საქმიანობს. მსურს მათთან ერთად ნაყოფიერი მუშაობა გავაგრძელო. ის დაძაბული სიტუაცია, რომელიც ამ ეტაპზეა, წარსულს ჩაბარდება. ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულებს ნორმალური მუშაობის საშუალება გვექნება. ჩემთვის ფრიდონ სირაბიძის, ოთარ ხარაძის გვერდით მუშაობა პატივია. იმასაც გეტყვით, რომ „საპატიო ქედელის“ წოდებას ჩემს გარდა კიდევ 5-მდე ექიმი ატარებს. ექიმ-გინეკოლოგს მარინა აბულაძეს ეს წოდება წელს მიეკუთვნა. ახალი წლის შემობრძანებამდე დიდი დრო აღარ რჩება. პირველ რიგში, დამდეგს ჩემს ქვეყანას ვულოცავ, ყველა ღირსეულ თანამემამულეს და ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში მომუშავეებს. მჯერა, პანდემიას მალე დავძლევთ და მომავალ წელს ჩვეულ რიტმში გავაგრძელებთ ცხოვრებას.

