„მთავარი ნდობის ფაქტორია“
ოთარ ცინარიძე: 599 85 21 14 –
მოსახლეობის რაოდენობით, ტერიტორიით უჩამბის ადმინისტრაციული ერთეული შუახევის მუნიციპალიტეტში საპატიო ადგილს იჭერს. მისი ექვსი სოფელი და რამდენიმე დასახლება საქართველო-თურქეთის საზღვრის გაყოლებაზეა განლაგებული. ჩვენი სტუმარია სწორედ ამ ადმინისტრაციულ ერთეულში შუახევის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ემზარ დავითაძე.
ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა იმ ადმინისტრაციული ორგანოს (თემის) ხელმძღვანელობა, სადაც იმუშავეს ისეთმა ცნობილმა საჯარო მოხელეებმა, როგორებიც ზექერია ველიაძე, მიხეილ, ოსმან აბუსელიძეები, მიხეილ ნაკაშიძე, ლევან წულუკიძე, შოთა ბერიძე, შოთა აბუსელიძე იყვნენ. საქმისადმი კეთილსინდისიერი მიდგომითა და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით მათ ბევრი შესძინეს ისეთ ისტორიულ სოფლებს, როგორებიცაა: ჯაბნიძეები, ტბეთი, გოგაძეები, წაბლანა, სამოლეთი, ცინარეთი. მდიდარი ისტორიული წარსულის შენარჩუნებასთან ერთად მომავალს მტკიცე საძირკველს უქმნიდნენ.
– მდიდარ ისტორიულ წარსულად რას თვლით?
– ტოპონიმები: ნადარბაზევი, ნახიზნევი, ნაომვარი, ნათლისმცემლის გორია, კომაკეთის სერი, ოხორთი, კვირიაული, ტბეთი, ჯვარის მინდორი, საყენდრია, ჯვართიღელე, მარიამეთი მრავლისმთქმელია და ეს ადგილებიც მრავლისმომსწრეა. ჩვენს ადმინისტრაციულ ერთეულზე გადიოდა შუა საუკუნეების საქარავნო გზის ერთი მარშრუტი. მერისის ხეობის სოფლებთან, აჭარა-შავშეთის ქედის გაყოლებაზე მდებარე დასახლებებთან სიახლოვე და კეთილმეზობლური ურთიერთობები ჩვენი მოსახლეობის კულტურულ, სოციალურ განვითარებას ხელს უწყობდა. ისტორიული წარსულის უტყუარი მემატიანეა ცინარეთის კლდეებზე შემორჩენილი ციხის ნანგრევები. არქეოლოგიურმა გათხრებმა, სხალთის ეპარქიის მთავარეპისკოპოსის მეუფე სპირიდონის დიდმა ძალისხმევამ შესაძლებლობა მოგვცა, თაობებისთვის გვეჩვენებინა ნათლისმცემლის, ქაშვეთის ეკლესიის ნანგრევები. ზაქარია ჭიჭინაძეს თუ ვერწმუნებით, ეკლესიები გვქონდა ცინარეთში, სამოლეთში, ტბეთსა და გოგაძეებში. წინაპრების სულების, ისტორიული წარსულის შთაგონებით, მართლმადიდებლობას მეც (შარშან) ვეზიარე. წარსულის პატივისცემად და მოფერებად მიგვაჩნია სხალთელი და ბოლნელი მთავარეპისკოპოსების მეუფე სპირიდონისა და მეუფე ეფრემის ლოცვა-კურთხევით წამოწყებული საღვთო დღესასწაული „ჯვარობა“, რომელიც მთა ღომაზე ყოველი წლის აგვისტოში იმართება. ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში საცხოვრებლად გადასული ტბეთელები სახალხო დღესასწაულ „ტბეთობის“ დაარსების ინიციატორები გახდნენ. სხვა სოფლებმაც მოგვბაძეს სახალხო დღესასწაულების წამოწყებაში, თუმცა აღარ უპატრონეს. ჩვენ კი, პანდემიის მიუხედავად, 2020 წელს „ჯვარობა“ და „ტბეთობაც“ ვიზეიმეთ. უჩამბელები ერთ-ერთი პირველები ვიყავით, როცა ნათლისმცემლის გორაზე, უჩამბის ცენტრში მანათობელი ჯვრები აღვმართეთ. ჯვარი უკვე ცინარეთის ციხეზეცაა აღმართული და მას 2021 წელს გავანათებთ. ჯვრებია აღმართული მთა ღომასა და წმინდისერის გორაზეც, ამ უკანასკნელის აღმართვის ინიციატორები ტბეთიდან და გოგაძეებიდან თბილისსა და ქვემო ქართლში გადასულები იყვნენ.
– წარსულის მოფერება მისასალმებელია, მაგრამ ეს საკმარისი არ იქნება, თუ მას არ გაამდიდრებთ, ახალს არ შემატებთ.
–გეთანხებით. ქვეყნის, რეგიონისა და ადგილობრივი ხელმძღვანელობის ძალისხმევა მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებისა და კულტურული წინსვლისკენაა მიმართული, რაც საქმითაც დასტურდება. მარტო მიმდინარე წელს 20-მდე მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. უჩამბა ის ადმინისტრაციული ერთეულია, სადაც 5 სამსაფეხურიანი და 1 ორსაფეხურიანი საჯარო სკოლები გვაქვს. გარდა ამისა, სკოლა-ფილიალები შევინარჩუნეთ ვერხვანაში, კვირიაულში, ლაკლაკეთში. უჩამბელები ვამაყობთ, რომ შუახევის რაიონის ტერიტორიაზე 1949-1950 სასწავლო წელს პირველი საშუალო სკოლა ჩვენთან გაიხსნა. ამ სასწავლო კერამ უდიდესი წილი გაიღო ახალგაზრდების სწავლა-განათლების თვალსაზრისით. ჩვენი სოფლების მკვიდრნი თავის სიტყვას ამბობენ მეცნიერებაში, საზოგადოებრივი საქმიანობის სარბიელზე. ემენ დავითაძე, თემურ თურმანიძე, ნიაზ ზოსიძე, გივი თურმანიძე, მიხეილ დავითაძე თავიანთი შემოქმედებით გვახარებენ. ისინი პოეტური და პროზაული კრებულების, პუბლიცისტური ნაწარმოებების ავტორები არიან. იაგო და პაატა ჭურკვეიძეების, როლანდ ივანაძის, ნანული გოგიტიძის, მარინა ფევაძის სახით ნიჭიერი ხელოვანები მოდიან.
– დრო, 21-ე საუკუნე ახალ მოთხოვნებს გვიყენებს, რა კეთდება მათ საპასუხოდ?
– უფროსი თაობის უჩამბელები მომსწრენი არიან ეპიდემიების შემოტევისა, მაგრამ ისეთი სიტუაცია, როგორიც ახლაა, არ ახსოვთ. პანდემიამ სერიოზულად შეგვაფერხა, თუმცა 2020 წლის პროგრამები და პრიორიტეტები დროულად დავასრულეთ. ჯერჯერობით სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელიც არ გვაქვს. ისეთი სოფლებიცაა, სადაც ინფიცირებული ოჯახები არ არიან. დროის მოთხოვნათა საპასუხოდ, ჩვენი თემის სოფლებშიც გამოჩნდნენ მეწარმეები, რომლებიც აქ ტურიზმის განვითარების წამომწყებებად გვევლინებიან. სამაგალითოდ საოჯახო სასტუმრო „ლაკლაკეთი“ გამოგვადგება. მისმა მეპატრონემ 30 ათასი ლარის ღირებულების გრანტი მოიპოვა და ღვინის მარანი გააკეთა. ედნარ კეჟერაძე და მისი ოჯახის წევრები ვაზს უვლიან. ვენახში უკვე 4 ტონამდე ცოლიკაური იკრიფება. „ლაკლაკეთს“ მიმდევრები მალე გამოუჩნდებიან. სამოლეთში, ვერხვანაში, ცინარეთში არიან მევენახეები, სოფლის მეურნეობის სხვა დარგების მიმდევრები, რომელთაც ადგილზე წარმოებული პროდუქტების ბაზაზე ტურისტული ობიექტების შექმნა შეუძლიათ.
– თქვენი ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიას მთა ღომა ემიჯნება. ეს ტერიტორია საუკეთესოა სამთო-სათხილამურო ტურიზმის განვითარებისთვის. რა სიახლეებია ამ კუთხით?
– შუახევის მუნიციპალიტეტში ჩირუხისა და ღომას სახით საუკეთესო ტერიტორიები გვაქვს, სადაც სამთო-სათხილამურო ტურიზმის განვითარება დაწყებულია. მთა ღომაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია ტერიტორია, სადაც მშენებლობა ან სხვა სამუშაოები არ ტარდება. დანარჩენი ტერიტორიები მოსახლეობის ერთმა ნაწილმა უკვე აითვისა. ბოლო წლებში ტარიტორიას 200-მდე ახალი ნაგებობა შეემატა. დასვენებისა და სამთო-სათხილამურო ტურიზმის განვითარებისთვის ღომა მართლაც ხელსაყრელია. იგი ქედა-შუახევის გასაყარზეა. წელიწადის 6 თვეს თოვლი ძევს, შენარჩუნებულია ფლორა და ფაუნა, რაც სხვა ტერიტორიებისთვის იშვიათობაა. სამკურნალო წყლები, რაც მთა ღომასა და მის შემოგარენში არსებობს, ასათვისებელია და ქვეყნის სამსახურს უნდა მოხმარდეს.
– ბიზნესი რას აპირებს?
– მთავრობის მოლოდინშია. საინტერესოა, რას შემოგვთავაზებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო. თუ გვექნება განაშენიანების გეგმა, ბიზნესიც წამოგვეშველება. გვაქვს ინფორმაცია, რომ მთა ღომას პირობებით დაინტერესდნენ პრესტიჟულ კომპანია „ნოვას“ ხელმძღვანელები.
– ახლოვდება 2021 წელი, უკვე ხელთ გაქვთ იმ პროგრამების პროექტები, რომლებიც მომავალ წელს განხორციელდება. მთავარი აქცენტი რაზე კეთდება?
– მთის სოფლების მოსახლეობას საქმე და საზრუნავი არ ელევა. ჩვენ შრომა, ცხოვრება ბუნებასთან, სტიქიურ მოვლენებთან ჭიდილში გვიხდება. ისევ არიან ოჯახები, რომლებიც ხელისუფლების თანადგომას საჭიროებენ. ჯაბნიძეებში, ტბეთში გვყავს ოჯახები, რომლებიც ზვავ და მეწყერსაშიშ ტერიტორიებზე სახლობენ. მათ დახმარებას გავუწევთ. გზა, წყალი, სხვა ინფრასტრუქტურა ისევ საზრუნავად რჩება.
– უკან დარჩა საქართველოსთვის 2020 წლის მნიშვნელოვანი მოვლენა – ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები. 2021 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. რას აკეთებდით და გააკეთებთ ამ პოლიტიკური კამპანიების დროს?
– ადამიანებთან ურთიერთობის საკმაო გამოცდილება დამიგროვდა. მთავარია ნდობის ფაქტორი. 2020 წლის საპარლამენტო არჩვნებმა დაგვანახა, რომ ჩვენს თემში მოსახლეობა მმართველი პარტიის პოლიტიკურ კურსს უჭერს მხარს. თემში 6 საარჩევნო უბანი იყო. ჯაბნიძეებში, ცინარეთში, ტბეთში ამომრჩეველთა 50 პროცენტზე მეტმა მმართველ პარტიას და დეპუტატობის მის კანდიდატებს (საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში) ანზორ ბოლქვაძესა და ფრიდონ ფუტკარაძეს დაუჭირეს მხარი. შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჩვენი თემიდან მაჟორიტარადაა არჩეული ჯემალ ივანაძე. ის ამომრჩეველთა მაღალი ნდობით სარგებლობს, მინდობილ საქმეს პასუხისმგებლობით უდგება. ახლა 2021 წლის არჩევნებისთვის მზადებას ვიწყებთ. მჯერა, რომ მმართველი პარტიის კანდიდატებს მხარდაჭერა კვლავ ექნებათ.