„ყოველ შობას ვნატრობდი, მაღალ მთაზე სახლი მქონოდა ბუხრითა და ლამაზი ნაძვის ხით, სადაც მეგობრებს წავიყვანდი“
ნათია იმნაიშვილი: 27 48 93 –
ახალი წლის უსაზღვრო სიყვარულმა დააწყებინა ის საქმე, რასაც ახლა აკეთებს, იმასაც ამბობს, რომ საზღვარგარეთ ხშირმა მოგზაურობამ ეს გრძნობა კიდევ უფრო გაუღრმავა. იდეა მძიმე ოთხმოცდაათიან წლებში, სტუდენტობის დროს გაჩნდა, როცა მეგობრებისთვის ხშირად ქმნიდა ხელნაკეთ თოჯინებს. დღეს კი, ჯადოსნურ ახალ წელს, მისი ხელნაკეთი ნივთები ნებისმიერ ადამიანს საოცრებათა ქვეყანაში ამოგზაურებს.
ჩვენი სტუმარი თამუნა გაჩეჩილაძეა, რომელიც თავად მოგვიყვება განვლილ გზაზე და მომავლის გეგმებსაც გაგვიმხელს.
– პროფესიით ისტორიკოსი (ეგვიპტოლოგი) და იურისტი გახლავართ, თუმცა ამ მიმართულებებით მცირე ხნით ვიმუშავე. იურისტობა არც ისე საინტერესო აღმოჩნდა, ხოლო ისტორიკოსის დიპლომით, სამწუხაროდ, საქართველოში მხოლოდ სკოლაში თუ იმუშავებ. ეგვიპტოლოგია ეგვიპტის სიყვარულმა ამარჩევინა. ოცდაორი წლის წინათ მქონდა ბედნიერება, უცხოელ არქეოლოგებთან ერთად კაიროში და მეფეთა ველზე ექსპედიციაში მიმეღო მონაწილეობა. ხელოვნებისადმი ჩემს სიყვარულს ჰობს ვერ დავარქმევ, ადრეული ასაკიდანვე ჩემი ცხოვრების განუყრელი ნაწილია, ეს ისაა, რაც მასაზრდოებს და ძალიან დიდ ბედნიერებას მანიჭებს, თუმცა ისევ ვიტყვი – ქვეყანაში ეს დარგიც ნაკლებად პერსპექტიულია.
– პირველი შეხება ხელოვნებასთან. . .
– ეს იყო ძალიან დიდი ხნის წინათ, როცა მეშვიდეკლასელი ბავშვი ერმიტაჟში მოვხვდი. იმ თავბრუდამხვევი შთაბეჭდილებიდან დღემდე მიჭირს გამოსვლა. ბავშვობის პირველმა მოგზაურობამ ხელოვნების სამყაროში სამომავლოდ საოცარი გზა გამიკვალა.
– როგორ და რატომ დაიწყეთ ეს საქმიანობა ?
– სტუდენტობისას მეგობრებისთვის ხშირად ვქმნიდი ხელნაკეთ თოჯინებს, წინა საუკუნის 90-ანი წლები იყო. იმ პერიოდში არაფერი იშოვებოდა, ამიტომ ვჭრიდი ძველ კაბებს, ბებიის ჯადოსნურ სკივრში ვპოულობდი ათასფერ მაქმანებს, ღილებს, შემდეგ კი ვცდილობდი, ეს თოჯინები ბედნიერ, ფერად, ლაღ არსებებს დამსგავსებოდნენ. მიხაროდა, ჩემი ხელნაკეთი თოჯინები მეგობრების სახლში რომ იწყებდნენ ცხოვრებას და სურვილი მიჩნდებოდა, ახალ-ახალი, განსხვავებული ნივთები შემექმნა.
– რატომ აირჩიეთ საახალწლო თემატიკა ?
– უსაზღვროდ მიყვარს ახალი წელი, უფრო სწორად, საახალწლო სამზადისი, როცა ყველა ცდილობს ეს დღესასწაული გაილამაზოს, გაიფერადოს. ჩემთვის ეს პროცესი ოქტომბრიდან იწყება, მაშინ, როცა შობაზე ფიქრისთვის ჯერ კიდევ არავის სცალია. საზღვარგარეთ ხშირად მოგზაურობამ ეს სიყვარული უფრო გამიღრმავა. ის, რაც, მაგალითად, ევროპაში შობას ხდება, ძნელი წარმოსადგენია. აღფრთოვანება, სიხარული, სილამაზე სახლებში, ქუჩებში და ადამიანების გულებში – ამ ყველაფრის ერთიანად აღქმისას დაუჯერებლობის განცდა მიჩნდება. რაც ყველაზე მეტად მომწონს, ეს ქუჩებში უამრავი ბედნიერი ადამიანის ნახვაა. მინდა აქაც ასე იყოს. ახალმა წელმა დაუვიწყარი წუთები უნდა გვაჩუქოს.
– რა ან ვინ არის თქვენი მუზა ?
– შორეულ ბავშვობაში დიდი თოვლი რომ მოდიოდა, ყოველ შობას ვნატრობდი, მაღალ მთაზე სახლი მქონოდა ბუხრით, ლამაზი ნაძვის ხითა და კომფორტით, სადაც მეგობრებს წავიყვანდი. . . ბევრჯერ გამიტარებია ახალი წელი ევროპაში. ერთი განსაკუთრებული შემთხვევა მადრიდს უკავშირდება, სადაც სამეფო სასახლესთან უშველებელ რიგში ვიდექით , რომ შობის სცენები გვენახა. ეს ნამდვილი საოცრება იყო! პორტუგალიური შობის ღამეც მახსენდება სინტრის სამეფო სასახლეში, ატლანტის ოკეანიდან მთის წვერზე დაუჯერებელი ამბავი ხდება, საფრანგეთში კი დისნეილენდის პარკში შობა კიდევ უფრო ჯადოსნურია, ეტლებით, თოვლის ბაბუებით, საახალწლო ფოიერვერკით და ზღაპრით, რომელსაც ერთხელ თუ ნახავ, სამუდამოდ გემახსოვრება. არ არსებობს ამაზე მეტი მუზა შემოქმედი ადამიანისთვის!
– რომელიმე ნამუშევარი თუ გიყვართ გამორჩეულად?
– კი, არის ნამუშევრები, რომლებსაც ვერასოდეს შეველევი. განსაკუთრებულად მიყვარს ღილებით შექმნილი ნაძვის ხე, სამი ათასი ღილით და ექვსი ათასი ქინძისთავით დამზადებული. გერმანიაში შემთხვევით წავაწყდი ულამაზეს ღილებს და წამოსვლისას ათი კილო ღილი ჩამოვიტანე. გამორჩეულად ძვირფასი კიდევ თემატური საახალწლო დეკორაციებია: ესპანურ და იტალიურ მოტივებზე შექმნილი ახალი წელი, რომელიც განსაკუთრებულად ახლობელია ჩემთვის.
– რა ადგილი და დრო უჭირავს ხელოვნებას თქვენს ცხოვრებაში ?
– ხელოვნება ჩემთვის სიცოცხლეა. ვიცი, არასოდეს მომბეზრდება მუზეუმებში ხეტიალი, ხელოვანი ადამიანების ყურება, როცა ნებისმიერ ხელნაკეთ ნივთს ქმნიან. თავად მაქსიმალისტი ვარ, ყოფილა შემთხვევა, ორი დღე და ღამე მიმუშავია საახალწლო დეკორაციაზე, მანამ ვერ მივატოვე, ვიდრე არ დავასრულე. ამიტომ მსგავსი ადამიანები ჩემში მუდმივად იწვევენ ინტერესს.
-ამბობენ, ხელოვნებას ადამიანი სხვა განზომილებაში გადაჰყავსო.
-ასე არაფერს დავთანხმებივარ. შემოქმედებითი ქმნილებების ნახვა, ვფიქრობ, უფრო კეთილშობილ და ღირსეულ პიროვნებად გვაქცევს, თუნდაც წამით. ვერ წარმოიდგენთ, რა სასიამოვნოა, როცა თუნდაც პრადოს მუზეუმში დადიხარ და უკვე იცი, რომელ კუთხეში რა ნამუშევარი გელოდება, როცა მედიჩების სასახლეში აღორძინების ხანის გენიოსების ნახატებს აკვირდები, როცა ვენაში ჰაბსბურგების სასახლეში დედოფალ სისის დახვეწილი გემოვნებით შექმნილ გენიალურ ოთახებს ათვალიერებ. . . ჩამონათვალი უსასრულოა, ბედნიერია ყველა, ვისაც მოგზაურობა შეუძლია.
– პანდემიის გამო არსებულ შეზღუდვებს როგორ ეგუებით ?
– საერთოდ არ მაწუხებს ეს შეზღუდვები. მთავარი ასეთ დროს პირადი სივრცეა, რაც სახლში მაქვს. შესაბამისად, როცა რამეზე მუშაობას ვიწყებ, დრო ისე გადის, ჩაკეტილობის განცდა არ გამჩენია. გაგეცინებათ, თუმცა ერთადერთი რაზეც ვრეაგირებ, თვითმფრინავის ხმაა, რომელიც უკვე იშვიათად ისმის ჩვენი ცის თავზე. უზომოდ მენატრება ფრენა.
– რა გაგიჭირდათ ყველაზე მეტად ამ პერიოდში?
– ტირილამდე მენატრება მოგზაურობა. საბედნიეროდ, მქონდა შესაძლებლობა, წელიწადში სამჯერ მაინც მომენახულებინა ევროპის სხვადასხვა ქალაქი. ერთი მოგზაურობა ყოველთვის ოჯახთან ერთად, მეორე და მესამე კი მეგობრებთან. ამის გარეშე ცხოვრება, ჩემთვის ძალიან რთული და მოსაწყენია.
– საახალწლო რიტუალი თუ გაქვთ?
-კონკრეტული რიტუალი არ მაქვს, არ მიყვარს ნორმად მიღებული წეს-ჩვეულებების დაცვა, არც ცრურწმენების მჯერა, ერთადერთი რიტუალი ჩემთვის ნაძვის ხის მაისში აღებაა.
– რის გაკეთებას გეგმავთ მომავალში?
– გაგიმხელთ – მომავალზე ფიქრისას, ყოველთვის ბავარიის ალპებში დასახლება წარმომიდგება. იქ აუცილებლად მექნება პატარა სახელოსნო და ჩემი ხელით შექმნილი ნივთებით შიგადაშიგ ყველას გავახარებ. იმედია, ეს ოცნება ამიხდება!

