ლევან ანთაძე: რა მნიშვნელობა აქვს, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს მივმართავთ სადეპუტატო უფლებამოსილების შესაჩერებლად თუ უსკოს
ნინო ცხვარაძე: 595 96 63 65 –
ოპოზიცია ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ამ დრომდე საკანონმდებლო ორგანოში არ შედის. მხარეებს შორის მოლაპარაკებების ოთხი რაუნდი გაიმართა უცხოელი ელჩების მონაწილეობით, თუმცა უშედეგოდ. ოპოზიცია კვლავაც ვადამდელ არჩევნებს ითხოვს, ხოლო „ქართული ოცნება“ საკანონმდებლო ცვლილებებს აანონსებს. ინიციატივების თანახმად, პარტიას, რომელსაც საპარლამენტო მანდატები შეუჩერდება, ან საკანონმდებლო მუშაობაში არ ჩაერთვება, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდება, ან ერთი წლით შეუჩერდება. საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობას მიიღებს პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზაციისათვის კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს.
მმართველი გუნდის მიერ დაანონსებული ინიციატივები კითხვის ნიშნებს აჩენს როგორც ოპოზიციაში, ისე ფასილიტატორებშიც, რომლებიც მოლაპარაკებებში არიან ჩართულები. ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ რჩება შთაბეჭდილება, რომ საარჩევნო რეგისტრაციის შეჩერების საკანონმდებლო ინიციატივა მიმართულია ქვეყანაში არსებული ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პარტიისკენ და მსგავსი კანონები ყოველთვის აჩენს კითხვის ნიშნებს.
– როგორც ფასილიტატორი, ვხედავ, რომ პარტიები ერთმანეთს უფრო შორდებიან, იმის ნაცვლად, რომ დაუახლოვდნენ და ეს ხდება მაშინ, როდესაც დრო მიდის იმაზე სწრაფად, ვიდრე ოდესმე და კარმა დახურვა დაიწყო. ეს ჩემთვის შემაშფოთებელია. ვფიქრობ, ვითარება სერიოზულია და ამის გამო ჩემი მოწოდება ყველას მიმართ იქნება, რომ გამოიყენონ მომენტი, რათა შეაფასონ, თუ რა გამოსავლის მიღება სურთ პასუხისმგებლიან პარტიებს ამ ვითარებიდან. როგორც ფასილიტატორები, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას. ერთი მხრივ, მოხარული ვარ, რომ მხარეები ჯერ კიდევ გამოთქვამენ მოლაპარაკებებისთვის მზაობას, თუმცა ყველა მხარემ ასევე უნდა გადაწყვიტოს, რაზე ისაუბროს და როგორ მიაღწიოს შეთანხმებას, – აცხადებს კარლ ჰარცელი.
მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლები, უცხოელ ელჩებთან ერთად, მოლაპარაკებების მაგიდას უახლოეს დღეებში უკვე მეხუთედ მიუსხდებიან. როდის დასრულდება მოლაპარაკებები და შეთანხმდებიან თუ ვერა მხარეები ჯერჯერობით თქმა შეუძლებელია, რადგან, პოლიტიკაში გამორიცხული არაფერია.
როგორც ვიცით, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც ჩატარდა და რამდენიმე დღის წინ რეგიონის საკანონმდებლო ორგანომ 21 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო, თუმცა ოპოზიციის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ მანდატებზე უარს იტყვიან და საპროტესტო აქციებს იმ დრომდე გააგრძელებენ, ვიდრე ხელისუფლება ხელახალ არჩევნებს არ ჩანიშნავს. ახალი მოწვევის უმაღლესმა საბჭომ პირველი სხდომა 15 დეკემბერს გამართა, სწორედ ამ დღეს მიმართა უსკოს გაერთიანებულმა ოპოზიციამ განცხადებით სიების განულებაზე. უფრო კონკრეტულად კი, ოპოზიციამ საარჩევნო სია სრულად არ გააუქმა ანუ შესაბამის ორგანოში წარდგენილი განცხადებით მოითხოვა მე-8 ნომრიდან სიის გაუქმება. მოხდა ისე, რომ ოპოზიციის 7 დეპუტატიდან ერთმა – ირაკლი ჩავლეიშვილმა უმაღლეს საბჭოში შესვლა გადაწყვიტა, რაც, ფაქტია, თანაგუნდელებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.
რატომ მიმართა უსკოს საარჩევნო სიის განულების განცხადებით ოპოზიციამ სწორედ 15 დეკემბერს და არა უფრო ადრე, ვიდრე ყველა დეპუტატის უფლებამოსილებას ცნობდა უმაღლესი საბჭო? ამ და სხვა საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხებზე ჩვენს კითხვებს უმაღლესი საბჭოს ჯერ კიდევ მოქმედმა დეპუტატმა ლევან ანთაძემ უპასუხა.
-„ქართული ოცნება“ მთელი თავისი სამთავრობო მოღვაწეობის განმავლობაში მიჰყვებოდა ერთ ხაზს – ყველაფერი გაეკეთებინა ერთი კაცის გავლენით და ეს კაცია ბიძინა ივანიშვილი. მის საამებლად ხელისუფლების მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი მოსახლეობის გაღარიბებასთან და თავად ივანიშვილის გამდიდრებასთანაა დაკავშირებული, – აცხადებს ლევან ანთაძე, რომელიც ირწმუნება, რომ უმრავლესობის დაანონსებული ინიციატივები, საბოლოო ჯამში, ბიძინა ივანიშვილს ცუდად დაუბრუნდება.
– ბატონო ლევან, მაშინ როცა ოპოზიცია ცესკოს შედეგებს არ აღიარებს, რატომაა თანახმა, სწორედ იმ პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით მიიღოს სახელმწიფო დაფინანსება, რა შედეგიც აიღო არჩევნებში? რა გამოდის, დაფინანსების ნაწილში ეთანხმება არჩევნების შედეგებს?
– პარტიების დაფინანსება არაა მიბმული პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობა-არმონაწილეობაზე, რასაც დაანონსებული ცვლილება ითვალისწინებს. ბევრი პარტია საერთოდ ვერ ხვდება საკანონმდებლო ოგანოში, მაგრამ საბიუჯეტო დაფინანსებას ღებულობს. მმართველი გუნდის ინიციატივა კონკურენტების გზიდან ჩამოშორებას ემსახურება მხოლოდ.
– ამბობთ, რომ საქართველოს პარლამენტი ერთპარტიულია, თუმცა საკანონმდებლო ორგანომ მუშაობა დაიწყო, ოპოზიცია კი საპროტესტო აქციებს აგრძელებს. საზოგადოებას არწმუნებთ, რომ დეპუტატის მანდატებზე უარს ამბობთ, თუმცა, ამის მიუხედავად, თუნდაც აჭარის მაგალითზე რომ ვთქვათ, ოფიციალური განცხადებით ამ დრომდე არ მიგიმართავთ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე.
– საარჩევნო სიის გასანულებლად ჩვენ მივმართეთ უსკოს, პასუხის გასაჩივრების ორდღიანი ვადა გვაქვს და ყველა პროცედურის გავლის შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიის წევრები დავწერთ განცხადებას, მათ შორის მეც.
– რატომ არ მიმართეთ სიის განულების განცხადებით უსკოს იქამდე, ვიდრე უმაღლესი საბჭო 21 წევრის უფლებამოსილებას ცნობდა? როგორც ვიცით, ოპოზიციის შვიდივე წარმომადგენელს განცხადება ამის თაობაზე დაწერილი გქონდათ.
– განცხადების დაწერა სხვა თემაა და სიის გაუქმება – სხვა.
– უსკოს საარჩევნო სიის მე-8 ნომრიდან განულების თხოვნით მიმართეთ და არა ერთიანი სიის.
– მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. არ გვინდოდა, ამ პროცესისთვის ხელი შეგვეშალა. თუმცა, რა მნიშვნელაობა აქვს, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს მივმართავთ თუ უსკოს სადეპუტატო უფლებამოსილების შესაჩერებლად.
– როდის მიმართავთ განცხადებით დავით გაბაიძეს?
– სავარაუდოდ, ორშაბათს.
– რატომ – მე-8 ნომრიდან? ეჭვი გაჩნდა, რომ თუ სიის პირველი შვიდეული უარს იტყოდით უმაღლეს საბჭოში შესვლაზე, მომდევნო შვიდი შევიდოდა?
– ამის თეორიული ალბათობა არსებობდა, თუმცა სიის პირველ შვიდეულს, მათ შორის ირაკლი ჩავლეიშვილსაც, განცხადება დაწერილი გვქონდა უმაღლეს საბჭოში არშესვლაზე. ისე, მნიშვნელოვანია არა ტექნიკური მხარე, არამედ ის, რომ მოსახლეობას თავისი არჩევანი მოპარეს და გააფორმეს ერთპიროვნული მმართველობა. რამდენად მოსაწონია 21-ე საუკუნეში ერთპარტიული მმარველობა, ამაზე ქართველ ხალხს შესაბამისი პასუხი აუცილებლად ექნება. არჩევნები აჭარაში გაცილებით დიდი მასშტაბით გააყალბეს, ვიდრე სხვა რეგიონებში.
– რა მოლოდინი გაქვთ, როგორი დასასრული ექნება მოლაპარაკებებს?
– ჩვენი მოთხოვნა ცნობილია – ხალხს დაუბრუნონ მოპარული არჩევნები. დიდად არ ველოდები, რომ „ქართული ოცნება“ წამოვა დათმობაზე. იმედი მაქვს ქართველი ხალხის, რომელიც ამ ხელისუფლებას ბევრ რამეს აიძულებს.
– ირწმუნებით, რომ უმაღლეს საბჭოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ არცერთი წევრი არ შეხვალთ, თუმცა, ოპოზიციიდან ირაკლი ჩავლეიშვილმა დეპუტატის მანდატზე უარი არ თქვა. იქნებ სხვებმაც მიბაძონ მას.
– ნამდვილად არ ველოდებოდი, ირაკლი ჩავლეიშვილი ასეთ გადაწყვეტილებას თუ მიიღებდა. ვფიქრობ, ეს დიდი მინუსია მისთვის როგორც პოლიტიკოსისთვის და პიროვნებისთვის.