24 დეკემბრიდან შეზღუდვების მხოლოდ ნაწილი შემსუბუქდება, რეგულაციები კი გამკაცრდება
ხატია იაშვილი 555 18 48 88 –
24 დეკემბრიდან ორი იანვრის ჩათვლით, ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების მხოლოდ ნაწილი შემსუბუქდება. კოვიდუსაფრთხოების ყველა წესის დაცვის შემთხვევაში, ფუნქციონირებას შეძლებს, ბაზრობების გარდა, ყველა სავაჭრო ობიექტი. ამასთან, გათვალისწინებულია დამატებითი რეგულაციები. რაც შეეხება სხვა შეზღუდვებს, ისინი კვლავ ძალაში დარჩება, მათ შორის მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა. ეს გადაწყვეტილება დღეს საკოორდინაციო საბჭომ მიიღო, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ხელმძღვანელობდა. მიღებულ გადაწყვეტილებებზე საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ ვიცეპრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა:
,,უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო აქტიურად მუშაობდა როგორც ექსპერტებთან, ეპიდემიოლოგებთან, ასევე, ბიზნესის წარმომადგენლებთან დაწესებული შეზღუდვების 24 დეკემბრიდან შემსუბუქების მიზანშეწონილობაზე. ყველა კარგად ვხედავთ, რომ 28 ნოემბრიდან დაწესებულმა შეზღუდვებმა იქონია პირდაპირი გავლენა ინფიცირების გავრცელების შენელებასა და ეპიდვითარების დასტაბილურებაზე. ინფიცირებიის დღიური მაჩვენებლის შემცირების მიუხედავად, ინფიცირების დონე მაინც რჩება მაღალი. მხოლოდ დღეს, ინტენსიური ტესტირების შედეგად, გამოვლინდა ინფიცირების 3064 შემთხვევა, საავადმყოფოებში მკურნალობს 6358 მოქალაქე. შესაბამისად, თითოეული ჩვენგანის, როგორც ხელისუფლების, ისე კერძო სექტორისა და თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა, გავუფრთხილდეთ მიღწეულ შედეგს და იმ ფასს, რომელსაც ჩვენი ქვეყანა იხდის. ამიტომ, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვები ბოლომდე არ შემსუბუქდეს: ძალაში რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში. ასევე, ძალაში რჩება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით. კერძო ავტომანქანებით გადაადგილება კვლავ იქნება ნებადართული, ბაზრობები არ გაიხსნება. მუშაობას ისევ გააგრძელებენ აგრარული ბაზრები. წესების სრული დაცვის პირობით, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით ზემოთ აღნიშნულ ქალაქებში კოვიდუსაფრთხოების ყველა წესის დაცვის შემთხვევაში, მუშაობას განაახლებენ სავაჭრო ობიექტები, მეტიც, გათვალისწინებულია დამატებითი რეგულაციები, რომლებზეც წინასწარ გაიმართა კონსულტაციები ბიზნესთან:
- მაღაზიების სამუშაო საათები განისაზღვრება დილის 07:00-დან 19:00 საათამდე;
- მომხმარებელები სავაჭრო სივრცეში ნაკადების მკაცრი მართვით უნდა დაიშვას, რისთვისაც:
– მაღაზიის ფართის ყოველ 20 კვმ-ზე დაიშვება არაუმეტეს ერთი მომხმარებლისა;
– მაღაზიების როგორც შიდა, ასევე, გარე სივრცეში უნდა მოხდეს მომხმარებელთა რიგების მართვა;
– ფასდაკლებების აქციები გამოცხადდეს, ძირითადად, დილის საათებში ან/და ონლაინგაყიდვების შემთხვევაში;
– ტანსაცმლის მაღაზიებში არ იმუშავებს გასახდელები;
– მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, მაღაზიებმა უნდა დაუშვან პროდუქციის დაბრუნება ან გადაცვლა ერთი თვის განმავლობაში და ეს უნდა მოხდეს მხოლოდ 1 თებერვლის შემდეგ;
– სავაჭრო ცენტრებში იკრძალება კვების ობიექტების ფუნქციონირება, მათ შორის გადატანის სერვისით;
– ყველა სივრცეში, მათ შორის, მაღაზიის გარეთ რიგებში დაცული უნდა იყოს სოციალური დისტანცია და პირბადეების სწორად ტარების მოთხოვნები;
– აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება სავაჭრო ობიექტების ადმინისტრაციას;
– ნებისმიერი დარღვევის დადგენის შემთხვევაში, ობიექტების მიმართ გამოყენებული იქნება კანონით დადგენილი ყველა ღონისძიება, როგორც დაჯარიმება, ასევე საქმიანობის შეჩერება.
მოგეხსენებათ, რომ დღეის მდგომარეობით, სათხილამურო კურორტების გარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაშვებული იყო სასტუმროების და მათთან არსებული რესტორნების ფუნქციონირება მხოლოდ სასტუმროების სტუმრების მომსახურებისთვის. აკრძალულია კულტურული და სხვა სახის გასართობი ღონისძიებების მოწყობა.
სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ სასტუმროების დიდი ნაწილი ცდილობს ამ მოთხოვნების გვერდის ავლას და საახალწლო საღამოების მოწყობას.
აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სასტუმროების რესტორნები იმუშავებენ მხოლოდ 21:00 საათამდე, ხოლო 21:00-დან დაშვებული იქნება მხოლოდ ნომერში მომსახურების სერვისი. რესტორნები და კვების ობიექტები ქვეყნის მასშტაბით აგრძელებენ მუშაობას მხოლოდ გატანის სერვისზე.
ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, როგორც ქვეითად, ისე ავტომობილით;
გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე – 31 დეკემბრის და ასევე, შობის ღამე – 6 იანვრის. აღნიშნული გამონაკლისის მიუხედავად, კვლავ მოვუწოდებთ მოსახლეობას, დღესასწაულები აღნიშნონ ვიწრო ოჯახურ წრეში”, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა