ერთადერთ ადამიანს საქართველოში, რომელმაც ოპოზიციის ბოიკოტი დაარღვია, იმედი აქვს, რომ სხვაც მიბაძავს
ირმა ცეცხლაძე 27 48 94 –
აჭარის 21-წევრიან უმაღლეს საბჭოში 14 მანდატი მიიღო „ქართულმა ოცნებამ,“ 7 – ბლოკმა – „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშია“. აქედან ექვსმა დეპუტატმა უკვე მიმართა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით. მანდატზე უარი არ თქვა მეშვიდემ, ირაკლი ჩავლეიშვილმა და თანაგუნდელთა რისხვაც დაიმსახურა.
ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე, „რესპუბლიკური პარტიის“ დღეს უკვე ყოფილმა წევრმა, უმაღლეს საბჭოში შესვლის გადაწყვეტილება 16 დეკემბერს მიიღო. რას ფიქრობს ირაკლი ჩავლეიშვილი საკუთარ ნაბიჯზე, რომელსაც ათასგვარი ბრალდება მოჰყვა და რატომ მიაჩნია აჭარის საკანონმდებლო ორგანოში უკვე მეორედ შესვლა აუცილებლობად, ამაზე საუბრობს დეპუტატი „აჭარასთან“ ინტერვიუში.
– პირველად როდის გახდით აჭარის საკანონმდებლო ორგანოს წევრი?
– 1990 წელს, როდესაც მაჟორიტარული არჩევნები მოვიგე. გავიდა ზუსტად 30 წელი და ისევ შევედი ამ ორგანოში. მანამდე კი, სამჯერ ვიყავი ბათუმის საკრებულოს წევრი.
– საქართველოს მასშტაბით, ოპოზიციის ერთადერთი წარმომადგენელი ხართ, რომელმაც უარი თქვა ბოიკოტზე და შევიდა საკანონმდებლო ორგანოში. რატომ განუდექით თანამოაზრეებს?
– ვიცი , რომ საზოგადოება არაერთგვაროვნად შეხვდა ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ ჩემი ღრმა რწმენით, ხალხის მიერ საკანონმდებლო ორგანოში არჩეული დეპუტატი, უნდა მოღვაწეობდეს იქ, სადაც მას ლეგიტიმაცია მიეცა. ამასთან,კონსტიტუცია არ გვზღუდავს, მონაწილეობა მივიღოთ ქუჩის სხვადასხვა საპროტესტო აქციაში, რაც გვაძლევს პროტესტის ორმაგ ბერკეტს. სიტყვის გამოხატვის თავისუფლება ჩვენთან კონსტიტუციითაა დაცული.
– თქვენ მიგაჩნიათ, რომ საქართველოს პარლამენტში შესვლაზე უარის თქმით ოპოზიციამ საკმაოდ ძლიერი ბერკეტი დაკარგა?
– დიახ, მიმაჩნია, რომ ხალხის მიერ არჩეული ოპოზიციის წარმომადგენლები უნდა შესულიყვნენ პარლამენტში. მანდატებზე უარის თქმით მათ დაკარგეს რეალური ბერკეტი. იქიდან უნდა ებრძოლათ არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ, შეემუშავებინათ ბრძოლის სამომავლო გეგმები და პარალელურად, მონაწილეობა მიეღოთ ქუჩის აქციებში, ამას მათ ვერავინ დაუშლიდა. ბოიკოტი ჩემთვის, როგორც გამოცდილი პოლიტიკოსისთვის, მიუღებელია.
– „რესპუბლიკური პარტიიდანაც“ წამოხვედით. .
– ვინაიდან „რესპუბლიკური პარტიის“ ეროვნული კომიტეტი სხვა აზრზე იყო, იძულებული გავხდი, შემეჩერებინა სტატუსი ამ პარტიაში. მოკლედ რომ ვთქვათ, ყოფნა-არყოფნის საკითხი ჩემებურად გადავწყვიტე. სხვათა შორის, მსგავსი სიტუაცია ადრეც შემექმნა პარტიაში, როდესაც დავუპირისპირდი მურმან დუმბაძეს აზიზიეს მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით. მე მომხრე ვიყავი გადაგვერჩინა თურქეთის ტერიტორიაზე შემორჩენილი ქართული კულტურის ძეგლები და ჩავრთულიყავით მოლაპარაკებებში. ბატონი დუმბაძე წინააღმდეგი იყო მეჩეთის აშენების ხარჯზე ნებისმიერი დიალოგის. ყველანი მომსწრე ვართ შედეგის. არც აზიზიეს მეჩეთი აშენებულა და ის ძეგლებიც დაექვემდებარა რესტავრაციას. მაშინ პარტიის წევრთა უმრავლესობამ მხარი მე დამიჭირა და მურმანი იძულებული გახდა, წასულიყო პარტიიდან. ასე რომ, დრო გვიჩვენებს, ვინაა კონკრეტულად ამ პერიოდში მართალი.
– ითქვა ისიც, რომ „ნაციონალების“ მხრიდან ზეწოლას განიცდიან იმ პარტიების წარმომადგენლები, რომლებსაც სურთ ბოიკოტის დარღვევა და პარლამენტში შესვლა. თქვენც დაგემუქრნენ?
-არა, ამას ვერ ვიტყვი. ყველა პარტია სრულიად თავისუფალია საკუთარ არჩევანსა და გადაწყვეტილებაში, ისევე, როგორც დეპუტატი. უბრალოდ, მიაჩნიათ, რომ ბოიკოტით მიაღწევენ იმ შედეგს, რომლისკენაც ილტვიან, ვგულისხმობ, „ქართული ოცნების“ მმართველობის დასასრულს. თქვენ ხედავთ, რომ აზრთა სხავადასხვაობა არა მხოლოდ ამ ბლოკში, არამედ სხვა პარტიებშიცაა. დასაწყისში უფრო ლიბერალური დამოკიდებულება იყო ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებში შესვლასთან დაკავშირებით. ახლა იძალა საპირისპირო აზრმა, რაც დიდ შეცდომად მიმაჩნია, როგორც ცალკე აღებულ ერთ პიროვნებას. ვფიქრობ, მაქვს უფლება, ჩემი აზრი გამაჩნდეს არსებულ საკითხთან დაკავშირებით და მოვიქცე ისე, როგორც ამას ჩემი მრავალწლიანი ოპოზიციონერის გამოცდილება და პოლიტიკური ხედვა მიკარნახებს. უმრავლესობის გადაწყვეტილება ყოველთვის არ ნიშნავს ჭეშმარიტებას. უკვე 30 წელიწადია, რაც წარმატებულად ვმონაწილეობ არჩევნებში. ისიც მინდა გავიხსენო, რომ მართლაც ტოტალური გაყალბებების დროს გვიწევდა თავის გატანა. იმ დროსაც კი ვიღებდით იმდენ ხმას, რომ მხოლოდ ორკაციანი ოპოზიციით შევდიოდით საკანონმდებლო ორგანოებში, მაგრამ მანდატზე უარი არასოდეს მითქვამს, ნდობა უნდა გაამართლო. ყველა ხართ მოწმე, როგორ ვიბრძოდით „ნაციონალების“ პერიოდში მე და თემურ ყურაშვილი, ჩვენს გასაკეთებელ საქმეს ვაკეთებდით და აქტიურ ოპონირებას ვუწევდით მოსახლეობისთვის საჭირბოროტო საკითხებში უმრავლესობას, ვიცავდით ადამიანის უფლებებს და ვიდექით იქ, სადაც ყველაზე მეტად ვჭირდებოდით ჩვენს ხალხს. ასე რომ, ეს გამოცდილება მე მაქვს. ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევცვალოთ არჩევნების სისტემა, რათა აღარ მოხდეს გაყალბება. ის, რაც ახლა დაფიქსირდა არჩევნებზე, იყო „ნაციონალური მოძრაობის“ სამწუხარო მემკვიდრეობა. ამ მოძრაობამ, რომელიც მოვიდა დემოკრატიის დროშით, ვერ შეასრულა დანაპირები და ხალხის მიერ არჩეულ, ევროპული ფასეულობებისკენ მიმავალ გზას გადაუხვია.
– თუკი ასეა, რატომ შეხვედით მათ ბლოკში?
– მეგონა შეცვალეს ღირებულებები, ახალი ხალხი მოვიდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“, გრიგოლ ვაშაძე გახდა გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, რომელსაც ანალოგიურად სურდა დამოკიდებულებების შეცვლა, მაგრამ დავინახეთ, რომ ისიც მარტო დარჩა და იძულებული გახდა, დაეტოვებინა როგორც პარტია, ისე საარჩევნო ბლოკის ხელმძღვანელობა.
– ის რატომ არ შევიდა პარლამენტში?
– მოგეხსენებათ, პარლამენტი უფრო ფართო ლეგიტიმაციის საკანონმდებლო ორგანოა, მეტი წარმომადგენლობითა და უფლებამოსილებით, მაშინ, როდესაც უმაღლესი საბჭო გაცილებით შეზღუდული საქმიანობის განმახორციელებელი უწყებაა. აქ ერთ ადამიანსაც ეძლევა შანსი, დააფიქსიროს განსხვავებული აზრი და იღვაწოს საკუთარი რეგიონის საკეთილდღეოდ. ამ შემთხვევაში, სწორედ ეს იყო ჩემთვის მთავარი ამოსავალი წერტილი. პარლამენტში კი ერთი კაცის შესვლა ვერაფერს შეცვლის, მეტი უნდა მივიდეს, რადგან აუცილებლად უნდა შეიცვალოს საარჩევნო გარემო, კანონმდებლობა. სხვაგვარად, 2024 წელს საქართველოს ევროკავშირში შესვლაზე განაცხადის გაკეთება ვერ უშველის.
– მერიდება, მაგრამ მაინც უნდა გკითხოთ. . .
– მომისყიდეს თუ არა (იცინის)? არაფერია მოსარიდებელი. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში განსხვავებული აზრის მქონე ადამიანზე შექმნეს სტიგმა, რომ არის ნაყიდი, სამშობლოს მოღალატეა ან უშიშროების მიერ კომპრომატებით დაშინებული და ა.შ. ის, რომ საჯარო მოხელე ან თანამდებობის პირი ასრულებს საკუთარ ვალდებულებას ქვენა აზრების ან მიდრეკილებების გარეშე, კარგა ხანია გამორიცხა ქართულმა საზოგადოებამ. თავად მიჩნდება კითხვა, ვის რაში სჭირდება ასეთი არჩევნები ან ასეთი ქვეყანა, სადაც მოსახლეობის 90% დარწმუნებულია, რომ თანამდებობის პირი აუცილებლად ჩაფლულია კორუფციაში. ახლა ათასგვარ ტალახს ისვრიან ჩემი მისამართით. მე იგივეს ვერ ვიტყვი, მაგალითად, გიორგი კირთაძეზე, ჩემამდე რომ იყო ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე, რომ მას თვალი ან ხელი გაექცა „რაღაცისკენ“. მსგავსი საუბრები, ფიქრიც კი, დამანგრეველია საზოგადოებისთვის. თუკი არსებობს ფაქტები, კი ბატონო, წარმოადგინონ, სხვა მხრივ, როგორ შეიძლება ასეთი ბრალდების უსაფუძვლოდ წაყენება. 42 წელი ვიყავი „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი, ბევრს არ ვეხატებოდით გულზე, მაგრამ მსგავსი ბრალდება არავის უკადრებია. სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოება ვერ ჩამოყალიბდა დემოკრატიულ საფუძვლებზე, რადგან ჯერ კიდევ ვერ წარმოუდგენიათ, რომ ცალკე მყოფ ერთ პიროვნებას შეიძლება ჰქონდეს ყველასგან განსხვავებული აზრი და აქედან გამომდინარე – ქმედებაც. თუკი რამე განსხვავებული გააკეთე, სვავებივით დაგესევიან და არჩიე მერე მტყუან-მართალი.
-ამ გადასახედიდან, როგორ ფიქრობთ, არჩევნები გაყალბდა თუ ეს მხოლოდ ბოიკოტის საბაბია ოპოზიციისთვის?
– რა თქმა უნდა, გაყალბდა. ყველაზე ცუდი კი ის არის, უკვე 30 წელიწადია, რაც არჩევნები ყალბდება საქართველოში. თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები არ ყოფილა აქამდე „არ- ნახული“ და „გაუგონარი“. . .
-სხვა უფრო მეტად გაყალბებული არჩევნებიც გახსოვთ?
– მე მაქვს შენახული 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ორიგინალი ოქმები, სადაც კარგად ჩანს, რომ ერთ დღეს იგებდა უბანს ოპოზიციის წარმომადგენელი, ხოლო მეორე დღეს, უკვე შემაჯამებელ ოქმში, 500 ხმა დაემატა მიხეილ სააკაშვილს და 700 კაცით გაიზარდა არჩევნებზე მომსვლელთა რაოდენობა. ასე ტარდებოდა ადრე და იგივე მეორდება დღეს.
– ახლაც ასეთივე ციფრებზეა საუბარი?
– ახლა მოხდა იმ ხალხის პორტირება „ქართულ ოცნებაში“, ვინც თავის დროზე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ემსახურებოდა. სწორედ მათი დამსახურებაა ის ბალანსი, რომელსაც ვერავინ ედავება, რადგან პროფესიულად აქვთ გაკეთებული. ხოლო იქ, სადაც ციფრები არ ემთხვევა, ელემენტარულად, არითმეტიკის უცოდინარი ადამიანების შეცდომაა. მოინდომეს, მაგრამ ვერ გააკეთეს, მიაკლდათ გაყალბებაში დახელოვნებული პიროვნებების ცოდნა-გამოცდილება. ამიტომ ამტკიცებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომ არჩევნები გაყალბდა, გადათვლას არ თანხმებიან, რადგან კარგად იციან, რომ ვერაფერს აღმოაჩენენ, ისე კარგადაა შენიღბული. ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ დღემდე ამ რელობაში ვცხოვრობთ, დაუსრულებელ სიცრუის წრეში ვტრიალებთ და თუ არ ამოვიღეთ ხმა, ასე იყო, არის და იქნება. ამიტომაა აუცილებელი ახალი საარჩევნო კანონმდებლობის მიღება, რათა ერთხელ და სამუდამოდ შედგეს ქვეყნის დემოკრატიული საზოგადოება, რომელიც შეუერთდება დასავლურ ცივილიზაციას. არავინ მიგვიღებს ამ დავიდარაბით, დაპირისპირებებით, პერმანენტული რევოლუციებით, აქციებით, ერთმანეთის ლანძღვით და ტალახის სროლით.
– როგორ ფიქრობთ, ხელახალ არჩევნებს ჩაატარებენ?
– როდესაც პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისია, ხელახალი არჩევნების ჩატარება იცავს საზოგადოებას პოლარიზაციისგან. კიდეც რომ ჩაატარონ გაზაფხულზე ახალი არჩევნები, იგივე წესით და კანონმდებლობით უნდა ვიხელმძღვანელოთ. მაშინ რა აზრი ექნება ყველაფერ ამას? ისევ ჩაერევიან დეიდები, ბიცოლები, კრიმინალური სამყარო, ფული. . . თუ კანონით არ დარეგულირდება, იგივე განმეორდება და იგივე უკმაყოფილებას და დაპირისპირებას მივიღებთ. ამიტომ ჯერ უნდა მოწესრიგდეს საკანონმდებლო ბაზა და შემდეგ, თუკი საზოგადოება მოითხოვს, პარტნიორი ქვეყნების და ფასილიტატორი ელჩების დახმარებით, ჩატარდეს ევროპული დონის არჩევნები, რომლის შედეგებზე აღარავის გაუჩნდება პროტესტი და პრეტენზიები. ყველა არჩევნებზე გვთხოვს მოსახლეობა, დავიცვათ მათი ხმები. ჩვენც ვპირდებით, მაგრამ უშედეგოდ. ფაქტია, რომ ვერ ვიცავთ და ვღებულობთ იმას, რასაც ვღებულობთ.
– რას დაამატებდით?
– მთელ საქრთველოში ერთადერთი ადამიანი აღმოვჩნდი,რომელმაც ოპოზიციის ბოიკოტი დავარღვიე და უდიდესი დარტყმაც მივიღე. ერთს ვიტყვი, როდესაც ოპოზიცია არ შედის საკანონმდებლო ორგანოში და ქუჩაში გადააქვს პროტესტი, ამით ხალხი, ქვეყანა ზარალდება. არ ვარ არანაირი რევოლუციის მომხრე, თუნდაც ხავერდოვანის. უმჯობესია, ნაბიჯ- ნაბიჯ ვიაროთ, ღირსეულად, ერთმანეთის შეურაცხყოფის გარეშე ვატაროთ ჩვენი ტვირთი. მერწმუნეთ, ყველა საკუთარ გზას ნახავს, საზოგადოება კი შეაფასებს და სათანადო ადგილს მიუჩენს. იმედი მაქვს, სხვაც მომბაძავს, შეწყვეტს ბოიკოტს და საბოლოოდ, პირუთვნელ, მიუკერძოებელ შეფასებას მივიღებ თანამემამულეებისგან.

