მიმდინარე წლის ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ცვლილებები შევიდა
ნინო ცხვარაძე 595 96 63 65 –
ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დღეს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირეს. პანდემიის გამო შემცირდა გადასახადებიდან და მოსაკრებლებიდან მისაღები შემოსავლები. შესაბამისად, ბიუჯეტის ფაქტობრივი შესრულების მაჩვენებლების გათვალისწინებით, ცვლილებები შევიდა ბათუმის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელების ცალკეულ პროგრამებში, ასევე ქვეპროგრამებში და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის შემოსულობები – 4,790,470 ლარით, ხოლო გადასახდელები 4,790,470 ლარით შემცირდა.
საკრებულომ მხარი დაუჭირა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, ქალაქ ბათუმში, დ.თავდადებულის ქ. №61-ში მდებარე უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაცემის საკითხს. 2755,0 კვმ არასასოფლო-სამეურეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა (საკადასტრო კოდი: 05.28.05.007) აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში გადაეცა ახალი საგანმანათლებლო სივრცის შესაქმნელად, კერძოდ, შემდგომში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობისათვის.
-ახალი სკოლის მშენებლობა მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის, რადგან ბათუმის ცენტრალურ ნაწილში სასწავლო დაწესებულებების სიმცირე გვაქვს. საკრებულოს გადაწყვეტილება მისასალმებელია, – განაცხადა ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა.
დღესვე საკრებულომ დაამტკიცა მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამა, რომლის მიხედვითაც მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი ბინები, განკარგულებით განსაზღვრული პირობებით, გადაეცემათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ (რეგისტრირებულ) ოჯახებს და იმ ოჯახებს, რომელთა ოჯახის უფროს წევრთაგან (დედა ან/და მამა) ერთ-ერთი რეგისტრირებულია ბათუმში და ჰყავთ შვიდი და მეტი შვილი.
– თუ გასულ წლებში მრავალშვილიან ოჯახებს გაურემონტებელ ფართებს გადავცემდით, დღეიდან ასეთი ოჯახები გარემონტებულ ფართებს მიიღებენ. აქვე გეტყვით, რომ წლის ბოლოს ოთხი მრავალშვილიანი – სამი შვიდშვილიანი და ერთიც ცხრაშვილიანი ოჯახი საკუთრებაში საცხოვრებელს მიიღებს, – გვითხრა ბათუმის მერიის მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა დავით კოპინაძემ.
მიმდინარე წლის ბოლო სხდომაზე საკრებულოს წევრებმა მედიკოსებს პროფესიული დღე მიულოცეს და მადლობა გადაუხადეს სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებულებს.