როგორ გაალამაზა თამამი გოგონას სიძნელეებით სავსე ცხოვრება იუმორმა და პოეზიამ
ოთარ ცინარიძე 599 85 21 14 –
ქალის ასაკს ხშირად გვერდს ვუვლით. მათი ცხოვრების, საზოგადოებრივი საქმიანობის კალენდარზე აკიაფებულ მრგვალ თარიღებს ციფრებით არ გამოვხატავთ. ასე მოვიქცევით ნერიმან დიასამიძის დაბადებისა და შრომითი საქმიანობის მრგვალი თარიღების აღნიშვნისასაც, რომელიც თავისი ღვაწლით შესამჩნევ კვალს ტოვებს მშობლიური სოფლის, კუთხის საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაში. დღეს იგი ჩვენი სტუმარია.
ჩანჩხალოელი დიასამიძეები პატრიოტული სულისკვეთებითა და პრინციპულობით გამოვირჩევით. ჩვენი წინაპრები ამ სოფელში ქედიდან, კერძოდ, სოფელ გულებიდან გადმოსულან. შორეულ ისტორიას თუ გავყვებით, კათოლიკოს ევდემოზ დიასამიძემდე მივდივართ. სამცხე და აჭარა ერთიანი და ძლიერი კუთხეები იყო საქართველოში. სამცხეში დიასამიძეები აღარ შემორჩნენ, სამაგიეროდ, აჭარაში მყარად დავმკვიდრდით.
– აქაური დიასამიძეები დაუმორჩილებლობით, რევოლუციური სულიკვეთებით იყვნენ და არიან ცნობილნი.
– გეთანხმებით. შორს რომ არ წავიდეთ, მევლუდ და შახველედ დიასამიძეების გმირული თავდადება, მეფის რუსეთთან, მის რეჟიმთან შეურიგებლობაც საკმარისია მაგალითისთვის. უკვე მზად გვაქვს ისტორიული ნარკვევი შახველედ დიასამიძესა და მისი ბედის გამზიარებლებზე. ის ხიჭაურის დასახლებაში ჩამოახრჩვეს. მაშინდელი ღირსეული მამულიშვილების დროული ქმედება რომ არა, შახველედის მრავალ თანამებრძოლსაც ამგვარად საჯაროდ დასჯას უპირებდნენ.
– ასეთი სულისკვეთება თქვენც გახასიათებთ?
– მახსოვს, როცა აჭარის რესპუბლიკურ (საჯარო) ბიბლიოთეკაში მთავარ ბიბლიოთეკარად ვმუშაობდი, ერთხელ დირექტორმა თანამშრომელთა უმრავლესობა ჩოლოქში წაიყვანა. მე შვილებთან ერთად საპროტესტო აქციაზე წავედი. დემონსტრანტებისკენ მომავალ სახანძრო მანქანებს შვილებთან (სამი ვაჟი) ერთად წინ გადავეღობე. ერთი როგორღაც გაგვეპარა, დანარჩენმა სამმა წყლის ჭავლი ჩვენზე მოუშვა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა ამ თავდადების საპასუხოდ შვილი, ილია, შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის თანამდებობიდან შეთითხნილი ბრალდებით გაათავისუფლეს, ბიბლიოთეკარსაც „წითელი ბარათი“ მიჩვენეს, მაგრამ მე მებრძოლი ხასიათი არც ამის და არც ძლიერი ავტოავარიის შემდეგ დამიკარგავს. მეგობრებმა, თანამოსაქმეებმა „ოცნების ქალი“ შემარქვეს.
– ეს მესტსახელი რასთან დაკავშირებით გიწოდეს?
– 6 თვის განმავლობაში, ავტოავარიის გამო, სარეცელს ვიყავი მიჯაჭვული. ჩემი გადარჩენის მინიმალური შანსი იყო. უფლის ნებით, ძლიერი სხეულისა და ჯანსაღი სულის პატრონი აღმოვჩნდი და ექიმებმა სიკვდილს გამომტაცეს. ყავარჯნებზე შევდექი თუ არა, მშობლიურ ჩანჩხალოს, ქმრისეულ მაწყვალთას მივაკითხე. ეკალ-ბარდებით დაფარული წინაპრების საძვალეები მოვაწესრიგე, საჯარო სამსახურებში გამოცხადებულ კონკურსებში ჩავერთე. ქალაქ ბათუმის მერის თანაშემწის ვაკანსიაზე ყველაზე მეტი ქულები დავიმსახურე, მაგრამ ქალაქში დარჩენა ჩემს ჯანმრთელობას არ მოუხდებოდა. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობამაც რამდენიმე ვაკანსიაზე გამოაცხადა კონკურსი. აქაც საჭირო ქულები დავაგროვე. ყავარჯნებზე შემომდგარს, ოლადაურის თემის რწმუნებულობა შემომთავაზეს. უარი არ მითქვამს. მაშინ გაჩნდა მეტსახელი „ოცნების ქალი“, რადგან ყველგან და ყველაფერში მაქსიმალური მომკითხველობა და მომთხოვნელობა მახასიათებს. ყველაზე მეტად გზის მოწესრიგებაზე პასუხისმგებელ პირებს, მედიცინის სფეროს მუშაკებს ვთხოვდი მინდობილი საქმის კეთილსინდისიერად შესრულებას. ამასწინათ, სოფელ მაწყვალთაში ღირსეული პიროვნების ჯელალ ნაკაიძის გარდაცვალების გამო გახლდით. გამიხარდა, რომ გზებზე, ჩემს დროს დაწყებული, ასფალტ-ბეტონის სამუშაოები გრძელდება. ბეტონისსაფარიანმა გზამ მაწყვალთაშიც მიაღწია. ამ სოფელს უკვე კეთილმოწყობილი გზა, თანამედროვე სტანდარტების შესაფერისი საჯარო სკოლა, ალტერნატიული ბაღი აქვს. ქვეყნისა და ადგილობრივი ხელმძღვანელობის ძალისხმევით, მალე „ნაციონალების“ მიერ გაუქმებული ბიბლიოთეკაც აღდგება.
– ყოფილ ბიბლიოთეკარს პროფესია თავს გახსენებთ?
– ჩემი ცხოვრება კურიოზებითაა სავსე – ეს პროფესია ობოლი ბიძაშვილის, ნაზი დიასამიძის, ხათრით ავირჩიე. ერთად გვინდოდა ყოფნა, სწავლა და ამიტომ ერთ სასწავლებელში ჩავაბარეთ გამოცდები. ჩანჩხალოს საჯარო სკოლას 1977 წელს გამოვემშვიდობე, რომელიც თანატოლებზე ერთი წლით ადრე დავამთავრე. ჩემი მშობლები შუშანა ქამადაძე და გურამ დიასამიძე ჩაქვში ადრევე იყვნენ საცხოვრებლად გადასული. მე ბებია დოდია დარჩიძესთან და ბაბუა მევლუდთან გავიზარდე. 1967-1968 სასწავლო წელი რომ დაიწყო, ჯერ კიდევ სკოლამდელი ასაკის, უფროსებს გავეპარე და პირველკლასელებს სკოლაში შევყევი. უფალმა აცხონოს დედაენის მასწავლებელი ელენა დუმბაძე, საკლასო ოთახიდან არ გამომაგდო. ერთ მერხზე მესამე ჩამოვჯექი. ასე შევედი ერთი წლით ადრე სკოლაში. სასწავლო პროცესს ბევრზე უკეთესად ავუღე ალღო. 6 თვის შემდეგ, სკოლის მაშინდელი დირექტორის, ბაგრატ დუმბაძის, ბრძანებით, საკლასო ჟურნალში ჩემი გვარ-სახელი შეიტანეს. სკოლის დამთავრების შემდეგ ბათუმის კულტურულ-საგანმანათლებლო ტექნიკუმი დავამთავრე. მშობლიური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ გუგული დიასამიძის წყალობით წიგნი, ქართული სიტყვა მიყვარდა, მასთან ჭიდილი მოწოდებად მქონდა ქცეული. 1980 წელს თბილისის ა. პუშკინის სახელობის სახელმწიფო ინსტიტუტის ბიბლიოთეკა-ბიბლიოგრაფიის სპეციალობის სტუდენტი გავხდი. ამ სპეციალობამ ცხოვრება მასწავლა, ოჯახის შექმნაშიც დიდად წამადგა.
– სად ბიბლიოთეკარობა და სად ოჯახი?
– ესეც კურიოზია. 1980 წელი იყო. დაუსწრებელზე ვსწავლობდი, თან შუახევის რაიონულ ბიბლიოთეკაში ბიბლიოთეკარად ვმუშაობდი. მე და გოგაძეებელი შალვა თურმანიძე მეთოდური დახმარების მისიით ოლადაურში მიგვავლინეს. ღამე იქაური ბიბლიოთეკარის ოჯახში გავათიეთ. დილით სამარშრუტო ავტობუსით შუახევში წამოვედით. დავინახე, ჩემს მოპირდაპირედ შესაშური აღნაგობის მამაკაცი ჩამოჯდა. გამომელაპარაკა, ყურადღება არ მივაქციე, შემდეგ ჩემ გვერდით ჩამოჯდომა მოისურვა. სასტიკი უარი მიიღო. შუახევამდე ისე ვიმგზავრეთ, რომ ერთმანეთს სიტყვა არ შევარჩინეთ. თამამი და ამაყი გოგონა ხარ, შენისთანა რძალი ჩემს ოჯახს წაადგებაო. ეს ადამიანი მომავალი მამამთილი ტარიელ ფუტკარაძე აღმოჩნდა. მას მეგობრული ურთიერთობები ჰქონდა ჩემს ნენიელ ბაბუა ასლან ქამადაძესთან, ბიძასთან – ჟურნალისტ ნოდარ ქამადაძესთან. ეს უკანასკნელი მაშინ გაზეთ „სოვეტსკაია ადჟარიას“ საკუთარი კორესპონდენტი იყო. საქმეში ჩაერთო გამზრდელი ბაბუაც და 1980 წელს ცხოვრების მეგზურად ჩემსავით მრავალშვილიან ოჯახში გაზრდილი ჭაბუკი, მაწყვალთელი შოთა ფუტკარაძე ავირჩიე.
– თქვენი ცხოვრების გარკვეული წლები შუახევს უკავშირდება. კიდევ სად გიმუშავიათ და რა საქმიანობით დაამახსოვრეთ თავი საზოგადოებას?
– ჩემი მეუღლე პროფესიით ინჟინერია. იგი შუახევში სამუშაოდ ინსტიტუტიდან გაანაწილეს. იმუშავა შუახევის ავტოსატრანსპორტო და ხილის გადასამუშავებელი საწარმოების ხელმძღვანელად, იყო აგროგაერთიანების ინჟინერი. შემდეგ ორივე ბათუმში სამუშაოდ წამოვედით. 1998 წელს თბილისის ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ასპირანტურაში ჩავირიცხე ჟურნალისტიკის მიმართულებით. მალევე გონიოს კოოპერატიული ინსტიტუტის ჟურნალისტიკის კათედრის გამგეობა მანდეს. ჩემი ამ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში ჟურნალისტის პროფესიას ათეულობით ახალგაზრდა ეზიარა. ახლა ისინი პრესისა და ტელევიზიის ცნობილი სახეები არიან. უნივერსიტეტში ჩემი მეცნიერ-ხელმძღვანელი ცნობილი მეცნიერი, ქართული ჟურნალისტიკის ბრწყინვალე მკვლევარი, გალაკტიონ ტაბიძის ძმისშვილი ნოდარ ტაბიძე გახლდათ. მან საძიებო თემად „შოთა ქურიძის ჟურნალისტური მოღვაწეობა“ შემომთავაზა. დავიწყე მუშაობა, საქმეში ჩავრთე შოთა ქურიძის ქალიშვილი რუსიკო ქურიძე, მაგრამ ბედი არ გინდა?! აკადემიის ხელმძღვანელობამ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქართული ენისა და ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტურაში გადამიყვანა და სადისერტაციო ნაშრომად „მე-20 საუკუნის ბათუმის პრესა“ შემირჩიეს. ისევ ძიება გაყვითლებულ ჟურნალ-გაზეთებში. . . და საბედისწერო ავტოავარია, რომელმაც ყველაფერი დამავიწყა. ამას ოჯახური ბიუჯეტის სიმწირეც დაერთო და ნახევრად მომზადებული სადისერტაციო ნაშრომი თაროზე შემოვდევი. სამაგიეროდ, სარეცელს მიჯაჭვულსა და ყავარჯნებზე შემდგარს მუზა მომეძალა.
– ეს პოეზიაში ბედის პირველი ცდა იყო?
– დედა, შუშანა ქამადაძე, ლექსებს წერდა. პირველი მსმენელები და შემფასებლები ოჯახის წევრები ვიყავით. შესანიშნავი ლირიკა დაგვიტოვა ბიძამ ნოდარ ქამადაძემ. თავს მათი შემოქმედებითი საქმიანობის გამგრძელებლად მივიჩნევ. პირველი ლექსი 15 წლისამ დავწერე.
– 150-ზე მეტი ლექსის ავტორი რომელს მიიჩნევთ გამორჩეულად ?
– ქვეყანა რძალ-დედამთილისა და სიძე-სიდედრის უკუღმართ ურთიერთობებზე საუბრობს, მე კი ერთ-ერთ გამორჩეულ ლექსად სწორედ დედამთილ აიშე მაკარაძე-ფუტკარაძისადმი მიძღვნილს მივიჩნევ. ის საოცარი დედა, მზრუნველი, მოსიყვარულე ქალი იყო. ჯერ პირველი შვილი, ილია, შემდეგ ტყუპები გიგლა და გელა მან გამიზარდა. ზაფხულობით მაწყვალთის მთაშიც მიჰყავდა.
– სამი ვაჟის დედა თავად როგორ ირგებ დედამთილის ფუნქციას?
– გელა და გიგლა უკვე 36 წლისანი არიან, მაგრამ ჯერ არ დაცოლშვილებულან, მე და ილიას მეუღლეს კი დედაშვილური ურთიერთობა გვაქვს. ასეთი დამოკიდებულება დედამთილისგან შევისისხლხორცე. ილია და დეა ორ შვილიშვილს მიზრდიან.
– საპენსიო ასაკში საზოგადოებრივ შრომას მაინც ვერ ელევით. ამჟამად რით ხართ დაკავებული?
– შუახევის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ვარ. თანამოსაქმეები, ოლქის ხელმძღვანელობა პრინციპულ და ობიექტურ წევრად მიცნობენ. ეს ბავშვობიდან მომდგამს. 40 წელზე მეტი სტაჟის მქონე დღესაც ამ პრინციპების ერთგული ვარ.
– საუბრისას ხშირად მამისეულ, ქმრისეულ სოფლებს, მათთან ურთიერთობებს ახსენებთ. თქვენი დამოკიდებულება ქართული სოფლისადმი?
– ჩემი დამოკიდებულება იმაშიც ჩანს, რომ ისევ სოფელში ვაგრძელებ ცხოვრებას. ექიმებიც მთაში ცხოვრებას და შრომას მირჩევენ, მაგრამ ასეც რომ არ ყოფილიყო, მთას, მშობლიურ გარემოს, ქართულ სოფელს მაინც ვერ შეველეოდი. მაწყვალთაში, რომელიც ზღვის დონიდან 1300 მეტრზე მაღლა მდებარეობს, თხილის პლანტაცია გავაშენე, მთის გარემოზე შეგუებულ ხეხილს ვზრდი, ოჯახში სამყოფი ბოსტნეული და ბაღჩეული მომყავს. ყანაში, ბოსტანში თოხითა და ყავარჯნით მივდივარ. ხშირად მუზას და შრომას ერთმანეთთან ვაიგივებ.