საბიუჯეტო ცვლილებებს 13-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა
ნინო ცხვარაძე 595 96 63 65 –
აჭარის უმაღლესი საბჭოს 23 დეკემბრის რიგგარეშე სესიაზე დეპუტატებმა ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები განიხილეს.
კანონის პროექტი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ჯაბა ფუტკარაძემ წარმოადგინა. მისი თქმით, საბიუჯეტო პარამეტრების ცვლილება წარმოქმნილმა ეკონომიებმა და კოვიდინფექციის გავლენამ განაპირობა.
-მიუხედავად განვითარებული მოვლენებისა, არ შეფერხებულა და კვლავ გრძელდება რეგიონისა და მისი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი ყველა პროექტი. კოვიდინფექციის გამო შეუსრულებელი რიგი ღონისძიებების მიზეზით მიუღებელმა შემოსავლებმა გავლენა იქონია შესაბამის საბიუჯეტო პარამეტრებზეც, თუმცა საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო 22 მილიონ 400 ათას ლარს აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტზე გადაანაწილებს, – განაცხადა ჯაბა ფუტკარაძემ.
კანონის პროექტით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტი 108 324, 1 ათასი ლარია, 45 948,1 ათას ლარს შეადგენს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი, 15 257,5 ათასი ლარია სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი. 26 980,8 ათასი ლარითაა განსაზღვრული ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი. კორექტირებული მთავარი საფინანსო კანონის პროექტით, დაფინანსდება საკარანტინე სივრცეებსა და რესპუბლიკურ საავადმყოფოში დასაქმებული მედპერსონალის ანაზღაურება. ამასთან, რესპუბლიკური საავადმყოფოს შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის გათვალისწინებულია დამატებით ორი გენერატორის შეძენაც. პროექტი ითვალისწინებს კოვიდმედიკამენტების შეძენისთვის საჭირო თანხებსაც.
საბიუჯეტო ცვლილებებზე თანამოხსენება საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მარინე გვიანიძემ წარმოადგინა. კითხვა-პასუხისა და გამოსვლების შემდეგ, საბიუჯეტო ცვლილებებს მხარი 13 დეპუტატმა დაუჭირა. კენჭისყრაში მონაწილეობისაგან თავი შეიკავა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ირაკლი ჩავლეიშვილმა.
-ობიექტური მიზეზების გამო ბიუჯეტის ფორმირებაში მონაწილეობა არ მიმიღია. აქედან გამომდინარე, არც კენჭისყრაში მივიღე მონაწილეობა, თუმცა უნდა გითხრათ, რომ ბიუჯეტის შესრულება უმრავლესობის პრეროგატივაა და მე როგორც მაკონტროლებელი, ყოველთვის ვიქნები ჩასაფრებული და გავაკონტროლებ შესრულდება თუ არა რომელიმე მუხლი. ჩემთვის საკანონმდებლო ორგანო უცხო არ არის. ვიყავი სამი მოწვევის საკრებულოს წევრი, სადაც ყოველთვის მარტო ვიყავი უმცირესობაში. ყოველთვის ვიღვწოდი ჩემი ქალაქის ინტერესების დასაცავად. ასევე ვიქნები აქაც და აჭარის მოსახლეობა უმაღლესი საბჭოდან გაიგონებს განსხვავებულ აზრს, – აღნიშნა ირაკლი ჩავლეიშვილმა.
უმაღლესი საბჭოს წევრებმა მედიკოსებს პროფესიული დღესასწაული მიულოცეს და მადლობა გადაუხადეს პანდემიასთან ბრძოლაში თავდაუზოგავი შრომისათვის. კანონმდებლებმა მადლობა გადაუხადეს აღმასრულებელ ხელისუფლებასაც გატარებული სწორი პრევენციული ღონისძიებებისათვის, რომელთა მიზანი დღეს არსებული უმთავრესი გამოწვევის დაძლევაა.