საბავშვო ბაღებში პროდუქტის გაცემის მე- 8 ეტაპი დაიწყო
ხატია იაშვილი 591 98 24 26 –
გუშინ ბათუმის მერიამ მუნიციპალური საბავშვო ბაღებიდან პროდუქტის გაცემის VIII ეტაპი დაიწყო. საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მშობლები სასურსათო პროდუქტების მიღებას მათივე ბაღებიდან შეძლებენ. სურსათთან ერთად ბავშვებს საახალწლო ტკბილეულიც დაურიგდებათ. ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი პროცესს დაესწრო. მისი თქმით, მსგავსი ტიპის მხარდაჭერის პროგრამა კვლავ გაგრძელდება.
„ქალაქის მასშტაბით, სკოლამდელ დაწესებულებებში სასურსათო კალათების გაცემის მერვე ეტაპი მიმდინარეობს, რაც გამოწვეულია სასწავლო პროცესის შეჩერებით. 33 მუნიციპალური საბავშვო ბაღის ყველა ბენეფიციარი მიიღებს ათი დასახელების პროდუქტისაგან შემდგარ სასურსათო კალათას. მომავალშიც, შეზღუდვების ვადით, გაგრძელდება მსგავსი ტიპის მხარდაჭერის პროგრამები. საახალწლოდ კი ჩვენ გვაქვს სიახლე, ბავშვებს, ჩვეულებრივ სასურსათო კალათასთან ერთად, სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად, დაურიგდებათ სპეციალური სასაჩუქრე პაკეტები ტკბილეულითა და ნუგბარით. ჩვენს პატარებს ვულოცავ დამდეგ შობა-ახალ წელს. იმედს ვიტოვებ, მომდევნო წელს ერთად შევხვდებით და კვლავ დავუბრუნდებით სასწავლო პროცესს,“ -აღნიშნა არჩილ ჩიქოვანმა.
სასურსათო კალათების გაცემა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. პროდუქტი გაიცემა 10:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე. პროდუქტის მისაღებად საბავშვო ბაღში უნდა გამოცხადდეს მშობელი (დედა, მამა, მეურვე).
პროდუქტების გაცემის პროცედურა სწრაფი და მარტივია, რაზეც გათვლილია 1-2 წუთი. კერძოდ, მშობელი შედის ბაღის ფოიეში, ხელს აწერს უწყისში თავისი გვარის გასწვრივ, იღებს კუთვნილ ფუთას და გადის გარეთ. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, არამალფუჭებადი პროდუქტების გაცემა, უსაფრთხო გარემოში, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ყველა რეკომენდაციის დაცვით მიმდინარეობს.
ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება მშობლებს მოუწოდებს, დაიცვან კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის დადგენილი უსაფრთხოების წესები, დაიცვან სხვა პირებთან 2-მეტრიანი დისტანცია, დაემორჩილონ საბავშვო ბაღის ინსტრუქციებს, თან იქონიონ პირბადე.
თხოვნაა: მშობლებმა დათქმულ ვადებში დროულად გაიტანონ მათთვის განკუთვნილი სასურსათო კალათა, წელს ჩარიცხული აღსაზრდელების მშობლებმა კი თან იქონიონ პირადობის მოწმობა.
სასურსათო კალათის შემადგენლობაში ტკბილეულთან ერთად შედის: რძე – 1 ლ, ყველი – 1 კგ, კარაქი – 200 გრ, შაქარი-1 კგ, ფქვილი – 1კგ, მაკარონი – 900 გრ, შვრია – 500 გრ, ზეთი – 1 ლ, კვერცხი – 10 ცალი.

