ქართული ქორეოგრაფიის დიდი მოჭირნახულე – ზაურ ლაზიშვილი
გარდაიცვალა დიდი ხელოვანი, ღვაწლმოსილი ქორეოგრაფი, აჭარის დამსახურებული პედაგოგი, რომელსაც არაერთი ცნობილი მოცეკვავე ჰყავს აღზრდილი, საქართველოს სახალხო განათლების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე (სამეცნიერო დარგში), აჭარის დამსახურებული არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი, აჭარის უმაღლესი საბჭოს ორი მოწვევის დეპუტატი, ქორეოგრაფიის რაინდი, ბათუმის საპატიო მოქალაქე ზაურ ლაზიშვილი. . .
2016 წელს აჭარის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „არსიანის“ შენობის წინ გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი.
ამ სახელისა და გვარის უკან დგას ადამიანი, რომელიც ასოცირდება ქართულ ქორეოგრაფიასთან. მას კარგად იცნობდნენ არა მარტო ხელოვნების ამ სფეროს წარმომადგენლები და არა მხოლოდ ბათუმში. ბატონი ზაური ქართული ქორეოგრაფიით ცოცხლობდა. იგი არაერთხელ გახლდათ „ბათუმობის” ზეიმის მთავარი ქორეოგრაფი.
ხატოვნად და სიღრმისეულად წერდა ქართულ ქორეოგრაფიაზე, ქორეოგრაფებზე, მოცეკვავეებზე. . . მისი არაერთი მასალა დაიბეჭდა გაზეთ „აჭარაში“. თანამშრომლობდა ჩვენთან და ამიტომ ხშირად გვსტუმრობდა რედაქციაში. მისი მოსვლა ყოველთვის გვახარებდა. მისი საგაზეთო წერილები იყო უაღრესად საინტერესო თავისი შინაარსით და ბუნებრივია, ქორეოგრაფიაში კარგად ჩახედული, ამასთან ფრიად განათლებული ადამიანის ენით დაწერილი. ჩვენი ყოველი შეხვედრა იყო გულთბილი, მაშინაც, როცა ამა თუ იმ ღონისძიებაზე ჟიურის წევრი თუ მისი თავჯდომარე იყო და მაშინაც, როცა რედაქციაში შევხვდებოდით ხოლმე. ცოტაა ისეთი რესპონდენტიც, როგორიც ბატონი ზაური გახლდათ. ისეთ კვალიფიციურ კომენტარს ჩაგაწერინებდა, ერთ სიტყვასაც ვერ შეცვლიდი, ვერც დაამატებდი.
ძალიან დასანანია ასეთი ადამიანის იმქვეყნად წასვლა. ბევრს დასწყვიტა გული მისმა გარდაცვალებამ. ბევრმა სოციალურ ქსელში გამოთქვა ეს დიდი გულისტკივილი.
– გასული საუკუნის 90-იან წლებში თითქმის ყოველდღე მოდიოდა ჩვენს ოჯახში. გვიკითხავდა მის ნაშრომებს, რასაც შემდეგ ბჭობა მოჰყვებოდა. მამა და ზაური ერთად იხსენებდნენ ყოველ დეტალს, რაც უნახავთ და გაუგონიათ როგორც აჭარის საცეკვაო ფოლკლორის, ისე კოლორიტული შემსრულებლების, დადგმების, ტერმინების შესახებ. მამა, დედა და ზაური ბიძია ერთად ცეკვავდნენ. სხვათა შორის, სახელიც მან დამარქვა. რთულია მისი ღვაწლის გადმოცემა, მისი ყოველი ამოსუნთქვა ქართული ქორეოგრაფიით იყო გაჯერებული, განსაკუთრებით აჭარული საცეკვაო ფოლკლორი იყო მისი კვლევის საგანი. ჩემთვის დაუვიწყარია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ განხორციელებულ აჭარის საცეკვაო ფოლკლორის საექსპედიციო მოგზაურობაში მასთან ერთად გატარებული დღეები. უნდა გენახათ, როგორი პასუხისმგებლობითა და ყურადღებით იწერდა თითოეულ სიტყვას. ასრულებდა მოძრაობებს შემსრულებლებთან ერთად, საღამოობით კი ერთად ვარჩევდით დღის განმავლობაში შეგროვებულ ინფორმაციას, რომელთაგან ზოგს ეთანხმებოდა, ზოგს – არა, მერე საკუთარ დასკვნებს აკეთებდა. იქვე მიუჯდებოდა მაგიდას და სანამ ყველაფერს არ დაამუშავებდა, არც არაფერს შეჭამდა და არც დაიძინებდა. არაერთ კონფერენციაში მიგვიღია ერთად მონაწილეობა და მისი გამოსვლები ყოველთვის ძალიან საინტერესო იყო. დიდია მისი ღვაწლი აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლაში, სადაც არაერთი წელი, სიცოცხლის ბოლომდე, პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. 1976 -2004 წლებში კი ამავე სასწავლებლის (მაშინდელი ბათუმის კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებლის) დირექტორი იყო. საოცარი კალმოსანი გახლდათ. ბოლოს შეხვედრისას, დამპირდა, რომ მამაზე (ხელოვან ზაურ ბაღდადიშვილზე მ. ძ.) დიდ სტატიას დაწერდა, რითაც პატივს მიაგებდა მეგობრის ხსოვნას, მისდამი უდიდეს სიყვარულს. ბევრი რამ მახსენდება. . . მაგრამ ეს ჩემი და მისი სამყაროა, ლამაზი, დინამიკური, საინტერესო, ექსპრესიული, მამაშვილური, – წერს ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლ „ბათუმის“ ქორეოგრაფ-რეპეტიტორი მირანდა ბაღდადიშვილი.
დიდი და ნაყოფიერი გზა განვლო ზაურ ლაზიშვილმა. სამწუხაროა, როცა ასეთი ადამიანები მიდიან ამქვეყნიდან. მან თავისი ცხოვრებით ნამდვილად დატოვა კვალი ნათელი. სანამ იარსებებს ქართული ქორეოგრაფია, მისი სახელიც იარსებებს.
უფალმა დაუმკვიდროს ნათელი მის სულს.
გაზეთ „აჭარის“ სახელით
მანანა ძიძიშვილი