ამბები
85 ხმით პარლამენტმა გიორგი გახარიას მეთაურობით საქართველოს მთავრობას ნდობა ერთხმად გამოუცხადა. მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში ერთი ახალი მინისტრია – იუსტიციის მინისტრად გოჩა ლორთქიფანიძე დაინიშნა. საკანონმდებლო ორგანომ ასევე ნდობა გამოუცხადა 2021-2024 წლების სამთავრობო პროგრამას – „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისკენ“. სხდომის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა, რასაც აქვე გთავაზობთ.

საქართველოს პარლამენტმა გიორგი გახარიას მეთაურობით მთავრობას ნდობა გამოუცხადა
ხატია იაშვილი 591 98 24 26 –
85 ხმით პარლამენტმა გიორგი გახარიას მეთაურობით საქართველოს მთავრობას ნდობა ერთხმად გამოუცხადა. მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში ერთი ახალი მინისტრია – იუსტიციის მინისტრად გოჩა ლორთქიფანიძე დაინიშნა. საკანონმდებლო ორგანომ ასევე ნდობა გამოუცხადა 2021-2024 წლების სამთავრობო პროგრამას – „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისკენ“. სხდომის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა, რასაც აქვე გთავაზობთ.

-გაქვთ იმედი, რომ ოპოზიცია პარლამენტში შემოვა?
-იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია პარლამენტში შემოვა. თუ შემოვა, რა თქმა უნდა, ეს იქნება ქვეყნის განვითარებისთვის, სახელმწიფოს გაძლიერებისთვის და ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციისთვის გადადგმული პასუხისმგებლიანი ნაბიჯი. თუ არ შემოვა, ამ სცენარისთვისაც მოვემზადებით. რა თქმა უნდა, ოპოზიციის არყოფნა დარბაზში ეს არის პრობლემა და ჩემი პრობლემა კი არ არის, მე კი არ მიქმნის ეს დისკომფორტს, ეს არის ქვეყნის პრობლემა, ეს არის პრობლემა, რომელიც საშუალოვადიან პერსპექტივაში რეალურად უქმნის ქვეყანას და გადაწყვეტილების მიღების პროცესს პრობლემას. ჯანსაღი ოპონირების და თუნდაც არაჯანსაღი ოპონირების გარეშე, რა თქმა უნდა, რთული იქნება კონსესუსური გადაწყვეტილების მიღება. ეს არის დემოკრატიული პროცესის ელემენტარული ჭეშმარიტება. დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი მივიდა სარჩევნო უბანთან, ხმა მისცა 8 ოპოზიციურ პარტიას. პირველად საქართველოს ისტორიაში 60 მანდატი არის ოპოზიციის. ამ მიღწევაზე უარის თქმა და ამავდროულად მიზანმიმართული სახელმწიფოს და სახელმწიფოს ბევრი ინსტიტუტის, მათ შორის, პარლამენტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და პოლიციის, ჯარის დელეგიტიმაციისკენ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები ჩემთვის უბრალოდ გაუგებარია. პარალელურად, ფრთხილი მოწოდებები საკმაოდ სუსტად დასაბუთებული რევოლუციისკენ მაშინ, როდესაც ქვეყანა გლობალური კრიზისული პროცესების წინააღმდეგ იბრძვის ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, რას მაგონებს ეს იცით? საქართველოს მოქალაქემ პოლიტიკოსებზე უკეთესად გაიაზრა, რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა, მივიდა არჩევნებზე, ხომ წარმოგიდგენიათ, რა პანდემიური მდგომარეობა იყო მაშინ და ისე გადაანაწილა მანდატების რაოდენობა, რომ თქვა: ნებისმიერი, ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც სჭირდება, მაგალითად, ამდენი მანდატი, ვერ იქნება მიღებული ოპოზიციის ჩართულობის გარეშე. ჩვენ ორჯერ უფრო მეტი უნდა ვიშრომოთ, ორჯერ უფრო მეტ ადამიანს გავცეთ პასუხი და მივაქციოთ ყურადღება. ეს არ არის ჩემი გადაწყვეტილება, ეს არ არის მათი გადაწყვეტილება, ეს არის საქართველოს მოქალაქის დავალება და ყველამ ნება უნდა იბოძოს და ეს პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. როდესაც საუბრობენ რაღაც წარმოუდგენელ სცენარებზე და იმედი აქვთ, რომ ეს წარმოუდგენელი სცენარები მათ რევოლუციურ განვითარებამდე მიიყვანს, ეს ტყუილია და ტყუილად ელოდებიან. საქართველოს მოქალაქე, 2 მილიონი ადამიანი არჩევნებზე რომ მივიდა ხმის მისაცემად, განა მარტო ჩვენ და ოპოზიციას მისცა ხმა, მან ხმა მისცა იმას, რომ ქვეყნის პოლიტიკა უნდა კეთდებოდეს და წყდებოდეს პარლამენტში და არა ქუჩაში და ამ ქვეყანამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაივიწყოს და დარწმუნებული ვარ, უკვე დაივიწყა, როგორ კეთდება პოლიტიკა ქუჩაში. მეტსაც გეტყვით – რაც უფრო ნაკლებ პასუხისმგებლობას გამოიჩენს ოპოზიცია ან მისი ნაწილი, მით უფრო მკაცრ შეფასებას მისცემს ამას ამომრჩეველი შემდეგ არჩევნებზე.
-არსებობს თუ არა დიალოგის რესურსი ოპოზიციასთან?
-მე შეიძლება ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი უფრო მომწონს, ზოგი – ნაკლებად, ან საერთოდ არ მომწონს, რადგან მისი ფასეულობები არ მესმის, მაგრამ ჩემს გემოვნებაზე ხომ არ არის საქმე?! საქართველოს მოქალაქემ თქვა, რომ პარლამენტში იჯდეს ეს ხალხი და ისევე, როგორც მე დამავალა მათი თმენა და მათთან მუშაობა, მათ დაავალა ჩემი თმენა და ჩემთან მუშაობა, პირობითად. ამიტომ, ეს პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გაიაზროს. დიალოგი არის ვალდებულება, ამ ვალდებულების გააზრებით ვმოქმედებთ ჩვენ და დიალოგისთვის ყოველთვის ვიქნებით მზად. ერთპარტიული პარლამენტი ნებისმიერი ქვეყნისთვის, განვითარებული დემოკრატიული ქვეყნებისთვის არის პრობლემა. საუბარი იმაზე, გაუძლებთ?! ამორალურია. ჩვენი ვალდებულებაა, გავუძლოთ და თუ ვინმეს ჰგონია, რომ პარლამენტში არ შემოვა და ორიენტირებული იქნება დიალოგის ჩაშლაზე იმიტომ, რომ ვიღაც რაღაც გამოწვევებს ვერ გაუძლებს, ფუჭი იმედებია.
– სამთავრობო პროგრამა „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისკენ“ და მისი მთავარი მესიჯები.
-მოგეხსენებათ, რთულ, არაორდინარულ პერიოდში გვიწევს ცხოვრება. ყველანი კარგად ვხვდებით დროთა განმავლობაში, რომ კოვიდ-19 როგორც პანდემია არ არის ის პრობლემა, რომელიც 1 დღეში, 1 თვეში ან 1 წელში მოგვარდება. ეს არის ის პრობლემა, რომელიც ჩვენთან იქნება საკმაოდ დიდ ხანს. კოვიდპანდემიის შედეგად გამოწვეული გლობალური ეკონომიკური კრიზისი უკვე გახდა სტრუქტურული ეკონომიკური კრიზისი ბევრი ქვეყნისთვის გლობალურად და, შესაბამისად, ყველას კარგად გვესმის, რომ საქართველო მარტო, ისევე როგორც ბევრი სხვა ქვეყანა, ამ კრიზისს ვერ გაუმკლავდება. ამიტომ სამთავრობო პროგრამის 4 ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტიდან პირველი, ყველაზე მნიშვნელოვანი, არის ეკონომიკა. ეკონომიკური ნაწილის ძირითადი ამოცანაა სამუშაო ადგილების შენარჩუნება, მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება იმისთვის, რომ ქვეყანას სწრაფი, პოსტკოვიდური ეკონომიკური აღდგენის რესურსი შევუნარჩუნოთ. უამრავი რეალური ფაქტობრივი რეფორმაა დაგეგმილი საგადასახადო ნაწილში, ფისკალური ეფექტურობის გაზრდის ნაწილში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიების მართვის ნაწილში და კიდევ ბევრი რამ. მეორე – რა თქმა უნდა, ეს არის სოციალური ნაწილი, რომელშიც ჩვენ ვაერთიანებთ ჯანდაცვას, სოციალურ ნაწილსა და ადამიანური კაპიტალის მართვას თავისი განათლების ნაწილით. მესამე და უაღრესად მნიშვნელოვანი, ეს გახლავთ – საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება და ოკუპაცია. მოგეხსენებათ, ძალზედ მნიშვნელოვანია სამართალდამცავი სისტემა და მეოთხე, ახალი ნაწილი, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის და ვფიქრობ, ქვეყნისთვისაც არის მმართველობითი სისტემა. საპარლამენტო დემოკრატიაში, ხომ ვხედავთ კარგად, დღეს პოლიტიკური კრიზისის შექმნის რამხელა მცდელობაა. ამიტომ, მაღალი პროფესიონალიზმის მატარებელი, კეთილსინდისიერი და პოლიტიკურად ნეიტრალური საჯარო მოხელე არის ფუნდამენტი სახელმწიფოს შემდგომი განვითარებისთვის. იმისთვის, რომ როდესაც უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები თავიანთ პარტიულ, ვიწრო ინტერესებს დააყენებენ სახელმწიფოზე და ქვეყნის ინტერესებზე მაღლა, საჯარო მოხელე უნდა იყოს ის პოლიტიკურად ნეიტრალური, მაღალი კვალიფიკაციის და კეთილსინდისიერი ადამიანი, რომელმაც უნდა გააგრძელოს ადამიანსა და მოქალაქეზე ზრუნვა.
-საუბარია, რომ კულტურის და სპორტის სამინისტროები ცალკე გამოიყოფა.
-ცალკე სპორტის სამინისტროს ჩამოყალიბება არ განიხილება, ის ან დარჩება განათლების სამინისტროში, ან კულტურის სამინისტროსთან ერთად გამოიყოფა. ჩვენ ხომ ადამიანები ვართ. შეიძლება შეცდომა დაუშვა, მაგრამ ის შეცდომა უნდა გამოასწორო. რეალურად, ამ 2 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით დღეს, როდესაც მართლა რთული ვითარებაა, კულტურის სფეროს წარმომადგენლები მართლაც საჭიროებენ ცალკე ჩამოყალიბებულ სამინისტროს. კიდევ ერთი რამ არის – ჩვენი კულტურა და კულტურული მემკვიდრეობა არის შეუფასებელი და ჩვენ, ყველას, კარგად უნდა გვესმოდეს, ცალკე სამინისტრო საჭიროა იმისთვის, რომ როგორც კულტურა განვითარდეს, ასევე, კულტურის შემდგომი კომერციალიზაცია მოხდეს. ამას სჭირდება ცალკე მიდგომა, აუცილებელია ეს იმიტომ, რომ ჯერ კიდევ, სამწუხაროდ, ღარიბ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ჩვენი პასუხისმგებლობა, სოციალური სახელმწიფოს პასუხისმგებლობა კულტურის სფეროს წარმომადგენლების წინაშე უფრო მეტ ყურადღებას საჭიროებს. მოვუსმინეთ კულტურის სფეროს წარმომადგენლებს და მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. რაც შეეხება სპორტს. სპორტზე დღესაც გვქონდა დისკუსია. სპორტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არაერთგვაროვანია, დისკუსიის საგანია რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი – მასობრივი სპორტი, რაც არის დღეს ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი გამოწვევა, ბევრად უფრო ახლოს არის განათლების სამინისტროსთან იმიტომ, რომ მასობრივი სპორტის ძირითადი ფრონტი არის სასკოლო განათლება. მეორე – პროფესიული, მაღალი მაჩვენებლების სპორტზე თუ ვსაუბრობთ, იქ სტრუქტურა ცოტა სხვაგვარადაა მოწყობილი და ყველგან არის ფედერაციები, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტს უფინანსებს და მათ გადაწყვეტილების მიღებისა და მართვის საკმაოდ დიდი ავტონომიები აქვთ. ამიტომ ცოტა სხვადასხვა სფეროა. კულტურის სამინისტრო ერთმნიშვნელოვნად იქნება ცალკე, რაც შეეხება სპორტის ნაწილს, ის ან დარჩება განათლების სამინისტროში, ან კულტურის სამინისტროსთან ერთად გამოიყოფა. ცალკე სპორტის სამინისტროს ჩამოყალიბება არ განიხილება.
-რას გვეტყვით ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღების საქმესთან დაკავშირებით?
-ჩემი დავალება შსს-ს მიმართ იყო, რომ ჩვენი მოქალაქეების სისხლი არ უნდა დაღვრილიყო. რა თქმა უნდა, ეს არის ჩემი მოვალეობა. ისევე, როგორც შსს-ს მოვალეობაა, ნებისმიერ შემთხვევაში, სასჯელის გარდაუვალობა იყოს აღსრულებული. მერწმუნეთ, რომ შსს ამ დავალებას შეასრულებს. თქვენ თუ გგონიათ, რომ მსგავსი საკითხებით რაღაც წინააღმდეგობას გააჩენთ ჩემსა და შს მინისტრს შორის, არ გამოგდით. ჩემი დავალება მაშინ იყო აბსოლუტურად სწორი და ლეგიტიმური, რომ ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქეების სისხლი არ უნდა დაღვრილიყო. ამასთან ერთად, სასჯელის გარდაუვალობა უნდა დადგეს და დადგება ძალიან მალე.

სულ ნანახია
504

დღეს ნანახია
1