რა პრობლემებია სამთო კურორტებზე?
ხატია იაშვილი 591 98 24 26 –
ქვეყნის მასშტაბით 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გარდა, ზამთრის კურორტებზე დამატებითი რეგულაციები მოქმედებს. კერძოდ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით, ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში გაჩერდა სათხილამურო ტრასების და საბაგიროების ფუნქციონირება. ამასთან, სათხილამურო კურორტებზე სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად. სამთო-სათხილამურო კლუბ „გუდაურას” ხელმძღვანელმა შალვა აბრამიშვილმა და სოციალური კამპანია „გადავარჩინოთ ზამთარის“ წევრებმა იმ პრობლემების შესახებ ისაუბრეს, რომელიც კოვიდპანდემიის გამო ზამთრის კურორტებს შეექმნა. შალვა აბრამიშვილის თქმით, მათ მოამზადეს წერილი , რომელიც უნდა გაგზავნონ სამინისტროებში და თხოვნით მიმართავენ მთავრობას, გაიმართოს კონსულტაციები ამ საკითხზე. ,,ჩვენ არაფერს არ ვაპროტესტებთ, არაფერს მოვითხოვთ. ჩვენი მიზანია მთავრობის წარმომადგენლებთან დიალოგი შედგეს. ვთვლით, რომ საბაგიროების ფუნქციონირება არათუ გაამწვავებს ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, პირიქით, განმუხტავს მას. აგიხსნით რატომ – მოგეხსენებათ, ბაკურიანსა და გუდაურში მრავლადაა აპარტამენტები, საკუთარი ბინები აქვთ ადამიანებს, უკვე ისედაც დატვირთულია კურორტები. თუ ჩავრთავთ საბაგიროებს, ამით კურორტსა და დაბას განვმუხტავთ , რადგან ბაკურიანის შემთხვევაში, სათხილამურო არეალი 7-ჯერ დიდია დაბასთან შედარებით, გუდაურის შემთხვევაში კი 10-ჯერ დიდი. გეოგრაფიულ არეალში თუ გავშლით, ბაკურიანში ყველა პარკში არ მოიყრის თავს და ასე უფრო ნაკლები რისკია. ამას გარდა, არის ეკონომიკური ფაქტორი, ასევე, პრობლემები, რომელიც ექმნება სპორტს.
სკიპასის ბარათი ონლაინ ჩაიტვირთება, ანუ დისტანციურად. ამაზე გავიარეთ კონსულტაციები და ეს თემა მოგვარდება.
შემდეგი არის- რიგი. ოთხი გასასვლელია, შუა ორს დავკეტავთ ანუ გვერდზე დისტანცია დაცული იქნება, პირდაპირ დისტანცია თხილამურის სიგრძის გამო ისედაც დაცულია . შემდეგი არის ღია საბაგირო – ორი კაცი ორი მეტრის დაშორებით იქნება ერთმანეთისგან.
გაზრდილია სათხილამურო არეალი, აქედან გამომდინარე, რიგები არ შეიქმნება, დატვირთვა არ ექნება საბაგიროებს. გარდა ამისა, მოთხილამურეები აღჭურვილნი არიან ბაფით, სათვალით, ხელთათმანით. თუ დამუშავდება სკამები და გამტარები სადეზინფექციო ხსნარით, ფაქტობრივად, ნულამდე დაგვყავს საბაგიროდან ვირუსის გავრცელების საფრთხე. როცა კურორტზე ისედაც არის მობილობა, საბაგიროს არჩართვა, უბრალოდ, აზრს მოკლებულია. თხოვნით მივმართავთ მთავრობას, რომ ჩვენს წარმომადგენლებთან დაიწყოს კონსულტაციები. მათ გავაცნობთ ჩვენს მოსაზრებებს. ასევე, გვჭირდება ეპიდემიოლოგების რჩევები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იმუშაონ კვების ობიექტებმა და ინსტრუქტორებმაც. შარშანდელი წელი ჩაგვივარდა და ფაქტობრივად, გაკოტრების პირას ვართ. აქედან გამომდინარე , ძალიან გაგვიჭირდება ამ ვითარებაში შემდეგი სეზონისთვის მომზადება. ბევრმა, შესაძლოა, ხელი აიღოს საქმიანობაზე“ -აცხადებს შალვა აბრამიშვილი.