ამბები
მადლობა სამედიცინო პერსონალს – საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია
ხატია იაშვილი 591 98 24 26 –
დღეს ბათუმის ქუჩებში გამოჩნდა ბანერი – მადლობა სამედიცინო პერსონალს. იდეა საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციას ეკუთვნის. ორგანიზაციის თავმჯდომარის ოსმან ჩალიშქან მჟავანაძის თქმით, ეს მცირედია, რაც ჩვენი ქვეყნის გმირი ექიმებისთვის მადლობის სათქმელად შეგვიძლია გავაკეთოთ.
,,2020 წელი ყველასთვის რთული იყო. კოვიდ-19-ის პანდემიის მიერ გამოწვეულმა ვითარებამ, სამწუხაროდ, ყველა დაგვაზარალა. საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის სახელით, გვინდა, მადლობა გადავუხადოთ ჩვენს სამედიცინო პერსონალს, რომლებიც პანდემიის რთულ პერიოდში თავდაუზოგავად, საკუთარი ჯანმრთელობის ფასად იცავენ ჩვენს ჯანმრთელობას. აქვე გვინდა მოვუწოდოთ მოსახლეობას, დავრჩეთ სახლში და დავიცვათ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები, ასე შევძლებთ უხილავი მტრის დამარცხებას. ჩვენი ყველას ჯანმრთელობა ერთად უნდა დავიცვათ. უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს! ვიმედოვნებთ, უახლოეს მომავალში შევძლებთ ვირუსის დამარცხებას და ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნებას. ყველას გილოცავთ დამდეგ 2021 წელს! პირველ რიგში, გისურვებთ ჯანმრთელობას, ეს წელი ყოფილიყოს ბედნიერების, სიმშვიდის, სიხარულის, სიკეთისა და წარმატების მომტანი თითოეული ჩვენგანისთვის’’, – გვითხრა საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძემ.
ცნობისათვის: ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 655 კვლევა, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 881 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 515 პირი. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 863, აჭარაში – 97, იმერეთში – 259, ქვემო ქართლში – 168, შიდა ქართლში – 145, გურიაში – 35, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 112, კახეთში-108, მცხეთა-მთიანეთში – 54, სამცხე-ჯავახეთში – 29, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 11 შემთხვევა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 165, საიდანაც 5 969 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 687, აჭარაში – 584, იმერეთში – 1 196. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 068, მათ შორის, თბილისში – 522, აჭარაში – 121, იმერეთში-239. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 414 პირი, მათგან თბილისში – 187, აჭარაში – 64, იმერეთში – 74.
1542 ადამიანი მოთავსებულია კოვიდსასტუმროებში, მათ შორის, 603 – თბილისში, 668 – აჭარაში, 112 – იმერეთში.
12 654 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 396 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 183, აჭარაში – 116, ხოლო იმერეთში – 13.
სულ 6 ოქტომბრიდან – 24 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 20 905 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 38 693 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 19 708 პირი, აჭარაში – 4 006, იმერეთში – 4 887.
სულ ნანახია
610
დღეს ნანახია
1