14 მომხრე, ერთი წინააღმდეგი – რეგიონის მთავრობის თავმჯდომარედ თორნიკე რიჟვაძე აირჩიეს
ნინო ცხვარაძე: 595 96 63 65 –
25 დეკემბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომაზე რეგიონის მთავრობის თავმჯდომარედ (თოთხმეტი მომხრე, ერთი წინააღმდეგი) თორნიკე რიჟვაძე აირჩიეს. სამთავრობო გუნდი საქმიანობას ძველი სახეებით გააგრძელებს. კანონმდებლებმა კენჭისყრამდე, ორი დღის განმავლობაში, თავმჯდომარეობის და მინისტრობის კანდიდატებს მოუსმინეს, იმსჯელეს მათ მიერ წარმოდგენილ გეგმებზე.
მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა თორნიკე რიჟვაძემ კოვიდპანდემიის პირობებში, მოქალაქეების გართულებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოსახლეობის სასურსათო კალათებით და მედიკამენტებით უზრუნველყოფა მომავალი წლიდან პროგრამულ სახეს მიიღებს. რაც შეეხება პოსტპანდემიურ პერიოდს, ტურიზმის სექტორის მაქსიმალური ხელშეწყობა ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება იქნება, ვინაიდან ეკონომიკურ აღმავლობას მნიშვნელოვნად სწორედ ეს სფერო განაპირობებს. მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა საინვესტიციო პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც არ შეფერხებულა, ისაუბრა ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, განათლების, კულტურის, სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაგეგმილ პროგრამებზე.
თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ მთავრობის უმთავრესი საზრუნავი უმუშევრობის მინიმუმამდე შემცირებაა. ამ მიზნით 2024 წლისთვის 10 000-მდე სამუშაო ადგილის შექმნა იგეგმება. მთავრობის ამბიციური გეგმა 30-პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას ითვალისწინებს.
პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა და გამოცდილება, – ეს ის კრიტერიუმებია, რის გამოც მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატს და მინისტრთა კაბინეტს მხარი დაუჭირა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ. მისივე თქმით, ეს პოსტები პატივთან ერთად, დიდი პასუხისმგებლობაა და ამ ტვირთს ღირსეულად ზიდავენ არჩეული მთავრობის წევრები.
– ჩვენ არ გვაქვს ექსპერიმენტების დრო, მსოფლიო უმძიმეს მდგომარეობაშია და მთავრობის ამ შემადგენლობამ პანდემიის ფონზე, ძალზე დაძაბულ რეჟიმში მაქსიმუმი შეძლო, – განაცხადა დავით გაბაიძემ.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ სხვა პოლიტიკური განცხადებებიც გააკეთა. მისი თქმით, მომავალში ბევრი ცარიელი სავარძელი არ იქნება საკანონმდებლო ორგანოში.
– ერთპარტიული არ არის უმაღლესი საბჭო, რაშიც ვეთანხმები ბატონ ირაკლი ჩავლეიშვილს. მგონია, რომ ოპოზიციურ სპექტრში ჯერ კიდევ არსებობს რაციონალური აზრი და ძალიან მალე გაცილებით მეტნი ვიქნებით – 20 ან 21. ასეთია ჩვენი მოსახლეობის დაკვეთა, – განაცხადა დავით გაბაიძემ, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა აძლევს მას ამის თქმის საშუალებას.
– მადლობა მინდა გადავუხადო უმაღლეს საბჭოს, გამოცხადებული ნდობისთვის, განსაკუთრებული მადლობა კი საქართველოს მოსახლეობას, რომელმაც, ასევე, ნდობა გამოგვიცხადა, რათა შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში არსებული პრობლემების გადასაჭრელად ვიმუშაოთ. მოკლევადიან პერსპექტივაში, ჩვენი მთავარი ამოცანაა ეპიდემიის დასტაბილურება და ლოკალიზება. საბედნიეროდ, დადებითი დინამიკა გვაქვს ინფიცირებულთა რაოდენობის კლების კუთხით. პარალელურად, არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი რეგიონის მოსახლეობა, რომლის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება. ამისთვის გადავდგით და გადავდგამთ შესაბამის ნაბიჯებს, ყველა საჭიროების გათვალისწინებით, უზრუნველვყოფთ მათ. ჩვენი, მთავრობის, გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა საკმაოდ ამბიციურია და ამავე დროს, რეალისტური, რომელიც მიზნად ისახავს ეკონომიკის ყოველწლიურად 6,5-პროცენტიან ზრდას, ასევე, რეგიონის ეკონომიკის გაზრდას 30 პროცენტით 2024 წლისთვის. ამასთან, ფერმერები, გლეხები კიდევ უფრო მეტად იგრძნობენ ჩვენი პროგრამების ეფექტურობას, ჩვენს მხარდაჭერას. განათლების მიმართულებით რეგიონი კვლავაც სამაგალითო უნდა დარჩეს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღეს ბრძოლის წინა ხაზზე დგანან ექიმები, პოლიციელები და ჩვენ ყველასთან ერთად ვიმუშავებთ ძალიან ბევრს, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა იგრძნონ მთავრობის და სახელმწიფოს გვერდით დგომა, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
– პროგრამა, რომელიც წარმოადგინა მთავრობამ, რეგიონის ყველა გამოწვევას პასუხობს. ამიტომ, ჩვენ ერთხმად დავუჭირეთ მხარი მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატს და სამთავრობო გუნდს, – გვითხრა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი მანველიძემ.
თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურას მხარი მხოლოდ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ირაკლი ჩავლეიშვილმა არ დაუჭირა და მიზეზად თქვა, რომ მხარდაჭერას ავანსად არ გასცემს.
– მომავალში გამოჩნდება, როგორ იმუშავებენ და იმის მიხედვით გავაკეთებ შეფასებებს, – გვითხრა ირაკლი ჩავლეიშვილმა, რომელსაც, დავით გაბაიძის მსგავსად, სურს ცარიელი სავარძლები არ იყოს საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზში.
– ჩემი სურვილია, ის ცარიელი სავარძლები არ იყოს. ამასთან, მოსახლეობამ აგვირჩია იმისთვის, რომ ვიღვაწოთ უმაღლეს საბჭოში. ამ დარბაზში უნდა ჟღერდეს განსხვავებული აზრი, თუმცა ვერავის ვერაფერს მოვუწოდებ, ყველამ დამოუკიდებლად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, – აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ირაკლი ჩავლეიშვილმა.
25 დეკემბრის რიგგარეშე სხდომაზე აჭარის უმაღლესმა საბჭომ დაამტკიცა რეგლამენტის ცვლილებები, რითაც აჭარის რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში პირველად დაინერგა პეტიციის ინსტიტუტი. 2021 წლის მაისიდან მოქალაქეებს შეეძლებათ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, 200 თანამოქალაქის ხელმოწერის შეგროვებით, მიმართონ აჭარის უმაღლეს საბჭოს. პეტიციის დანერგვა უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ერთ-ერთი ვალდებულებაა, რომელიც სამოქალაქო სექტორის აქტიური მონაწილეობით შემუშავდა. კიდევ ერთი ვალდებულება, რომელიც სამოქმედო გეგმის შესაბამისად აისახა უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში, კომიტეტების სამოქმედო გეგმების შემუშავებაა, რაც აჭარის რეგიონის წარმომადგენლობით ორგანოში სტრატეგიულ მიდგომებს და შედეგიანობის შეფასებას დაამკვიდრებს. აჭარის უმაღლესი საბჭოს ღიაობის სამოქმედო გეგმა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის UNDP მხარდაჭერითა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან თანამშრომლობით შემუშავდა.
სხდომაზე კანონმდებლებმა ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ რეგლამენტის პროექტი გამარტივებული წესით განიხილეს. საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილის მიერ წარმოდგენილი პროექტი 15 ხმით დამტკიცდა.