მედიკოსები – სიცოცხლის სადარაჯოზე
მანანა ძიძიშვილი 598 24 94 97 –
წლევანდელი წელი დაძაბული აღმოჩნდა მთელი მსოფლიოსთვის, გამონაკლისი არც საქართველოა. ახალი კორონავირუსის პანდემიამ დედამიწაზე ასიათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ზოგჯერ სამედიცინო პერსონალი უძლური ხდება ამ ვერაგი ვირუსის წინაშე, მაგრამ, საბედნიეროდ, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი ბევრად სჭარბობს დაღუპულებისას და ამაში ძალიან დიდია სამედიცინო პერსონალის წვლილი – ექიმები, ექთნები, სანიტრები თავდაუზოგავად შრომობენ. ყველას გვახსოვს გაზაფხულზე, საგანგებო მდგომარეობის დროს, როგორ ერთსულოვნად გამოხატა საქართველოს მოსახლეობამ თავისი დამოკიდებულება მედიკოსებისადმი, როცა „მადლიერების ტაშის“ მსოფლიო აქციას შეუერთდა. დღე და ღამე თავდაუზოგავად მუშაობს აჭარის მედპერსონალი. არაერთი გამოჯანმრთელებული ადამიანი სოციალურ ქსელსა თუ მედიასაშუალებებით საქვეყნოდ უხდის მათ მადლობას.
„ადამიანი ღვთის გაჩენილ არსებათაგან ყველაზე ძლიერი და ამავდროულად, ყველაზე სუსტია. მისი ამტანობა და სულიერ-ფიზიკური მოთმინება ერთდროულად უსაზღვროცაა და მკაცრად განსაზღვრულიც, ამიტომ მართებს მას ათასი სიბრძნე-გონიერება. რაც თავი მახსოვს, ათასგვარი განსაცდელის წინაშე დამდგარა კაცთა მოდგმა. ამჟამინდელი გამოცდა, რომელსაც კორონავირუსი ჰქვია, თვისის სიმუხთლითა და ბარბაროსულობით, სწორედაც რომ უღვთო რამაა – რამდენის სიცოცხლე შეიწირა და სამწუხაროდ, საზღვარ-სამანი არ უჩანს. ჩვენ, ადამიანები, ერთდროულად ყველაზე და ყველაფერზე ძლიერებიც გავუჩენივართ უფალ ღმერთსა და ცოცხალ არსებათა შორის ყველაზე სუსტად და უძლურებადაც, ამიტომ საკუთარ თავსა და ჯანმრთელობაზე, საკუთარ სიცოცხლესა და სხვათა სიცოცხლეზედ ზრუნვა-გაფრთხილება გვმართებს და გვევალება.
დღევანდელი, ჯერ კიდევ ბოლომდე შეუსწავლელი, მოარული სენი, პირდაპირ თუ ირიბად, ჩემს ოჯახსაც შეეხო. მინდა გულითადი მადლიერება გამოვხატო ყველა იმ ადამიანისადმი, ვინც რისკისა და საკუთარი ჯანმრთელობის ფასად, გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, გვიხსნა ამ განსაცდელისაგან. მადლობას ვუხდი სახელმწიფოს, ჯანდაცვის სისტემას ჩვენდამი გამოჩენილი ყურადღებისა და ზრუნვისათვის. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენი სიცოცხლის სადარაჯოზე იდგა, რომელთა შორის არიან: თინა მაკარაძე, რიტა პლიევა, ნინო კახიძე, მზევინარ მასხულია, მაია გორგილაძე, ნანა ჯაიანი, ნანი გამრეკელიძე, მაია ზოიძე, დალი შალიკაძე, შოთა სახვაძე, ლევან თენეიშვილი, თორნიკე მიქელაძე.
მადლობა ბათუმის „მედცენტრს“, ქობულეთის კლინიკა „ბომონდს“ (მის დირექტორ ქეთევან ნოღაიდელს) და კლინიკის სამედიცინო პერსონალს. მადლობა სასტუმრო „ლეგენდას“ და მის პერსონალს“, – გვწერს მწერალი ემენ დავითაძე, მომდევნო წერილი კი ორთაბათუმის მკვიდრ გივი ბურკენაძეს ეკუთვნის:
„თქვენი გაზეთის საშუალებით მინდა მადლობა გადავუხადო მათ, ვინც ყველაფერი გააკეთა, რათა სიცოცხლე შემნარჩუნებოდა. რომ არა ექიმების გულისხმიერება, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მუშაკების, ჯანდაცვის თუ 112-ის ცხელ ხაზებზე მოპასუხეთა განსაკუთრებული ყურადღება, მე, 86 წლის კაცი, ამ ვერაგ ვირუსს, შესაძლოა, ვერ გავმკლავებოდი, რადგან ასაკთან ერთად, ქრონიკული დაავადებებიც მქონდა. მათმა გულითადმა, დაუღალავმა ზრუნვამ, უდიდესმა ყურადღებამ გადამარჩინა. სიცოცხლე თითოეული ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესია და არა აქვს მნიშვნელობა, რამდენი წლის ხარ.
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ექიმებს: მარინა დავითაძეს, ერეკლე ხურციძეს, რამაზ ნაკაიძეს, ბათუმის „მედცენტრისა“ და ბონის „მედალფას“ მთელ სამედიცინო პერსონალს“.

