დარჩიძეებელ ექიმთა რიგებს კიდევ ორი შეემატება
ოთარ ცინარიძე 599 85 21 14 –
ოსმალთა სამსაუკუნოვანმა ბატონობამ აჭარის მთიანეთის სოფლებში ლამის ჩაკლა მშობლიურ ენაზე სწავლა-განათლება. ქართული სკოლები მედრესეებით ჩაანაცვლეს. წმინდა ანდრია პირველწოდებულის წილხვედრ მიწაზე ეკლესიები დაშალეს და მინარეთები აღმართეს. გამონაკლისი არც აჭარა-შავშეთის ქედზე შეფენილი სოფელი დარჩიძეები იყო. აქ მცხოვრებლებს ლამის დაავიწყეს კუტი-ჯვრის მნიშვნელობა, ბერბერაურის ტაძარში ლოცვა. სოფლის აღმოსავლეთით წამომართულ გოგლაურას (მთისუბნის) საფორტიფიკაციო ნაგებობასაც მეციხოვნენი აღარ იცავდნენ.
გამონათება იყო აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნება. 1915 წელს მარეთის ხეობის სოფელ ოლადაურში აღდგენილმა ქართულმა სკოლამ ახალი მუხტი შემოიტანა მშობლიურ ენაზე სწავლა-განათლების საქმეში. ისტორია არ დაივიწყებს იმ სპეციალისტებს, რომლებმაც საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში კვალიფიციური განათლება მიიღეს და პირადი წვლილი შეიტანეს სოფლის, რაიონის, აჭარის მთიანეთის სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებაში, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაში. მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან მარეთის ხეობის ახალგაზრდები გამოჩნდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო, პოლიტექნიკური, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტების აუდიტორიებში. ისტორიამ შემოგვინახა პირველი იურისტის, სოლომონ მაკარაძის, პირველი ექიმების, დიმიტრი ცეცხლაძის, აკაკი ბერიძის, პედაგოგების – ვახტანგ მაკარაძის, ნოდარ ცეცხლაძის და სხვათა გვარ-სახელები. მათმა თანამედროვეებმა, მომდევნო თაობებმა, ახალი სარბიელი გაუხსნეს მომავალ თაობებს. სამაგალითოდ შორეულ სოფელ დარჩიძეების მოშველიებაც საკმარისია.
ამ დასახლებაში საუკუნის წინათ აღდგენილმა ქართულმა სკოლამ საშუალება მისცა ახალგაზრდებს, საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობა ქვეყნის სამსახურისთვის მოეხმარათ. სოფელი ნაშრომ-ნაამაგარს ვერ დაუკარგავს სკოლის ადგილობრივ დირექტორებს – ,სერგო ცეცხლაძეს, იოსებ აბაშიძეს, კუკური ცეცხლაძეს, ალექსანდრე ბერიძეს, რამაზ ფუტკარაძეს. მათი საქმისა და მამულიშვილური გზის აქტიური გამგრძელებელია საჯარო სკოლის დირექტორი დავით სურმანიძე. სკოლების ადრინდელი და ახლანდელი ხელმძღვანელების დამსახურებაა, რომ სოფლის 40-მდე ახალგაზრდამ უმაღლესი სამედიცინო განათლება მიიღო. ღირსეული წინამორბედის, დიმიტრი ცეცხლაძის გზა აქაურებმა სახელოვნად გააგრძელეს. მექანიზატორ ნური სურმანიძის ოჯახში აღზრდილმა ოთარ სურმანიძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი დაამთავრა და მეუღლესთან – თამარ გიუნაშვილთან ერთად, შუახეველთა ჯანმრთელობის დაცვის სამსახურში ჩადგა. სამი ვაჟიშვილი აღზარდეს. უფროსი – დავითი, პედაგოგიური განათლებითაა. მკურნალი ექიმისა და სტომატოლოგის სპეციალობებს ეზიარნენ ირაკლი და გიორგი. ირაკლი თბილისში საქმიანობს და წარმატებული უროლოგის სახელი აქვს, გიორგი სურმანიძეს კი სტომატოლოგიური კლინიკა აქვს დაბა შუახევში. იგი 2020 წლის დასაწყისში სათავეში ჩაუდგა დაბა შუახევში გახსნილ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრს.
ბაბუასეულ კერაზე დარჩენილი დავითი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიკოსის სპეციალობას დაეუფლა და დარჩიძეების სკოლაში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. 2012 წელს კოლეგებმა სკოლის დირექტორობა ანდეს. მისი 8-წლიანი მუშაობის პერიოდში განმტკიცდა სკოლის მატერიალური ბაზა, შეივსო ახალი თვალსაჩინოებით. დავითისა და მისი კოლეგების ინიციატივა იყო, დარჩიძეების საჯარო სკოლას მინიჭებოდა ამ საგანმანათლებლო კერაში დაფრთიანებული ცნობილი ექიმისა და წარმატებული საჯარო მოხელის, წუთისოფლიდან ნაადრევად წასული თემურ ცეცხლაძის სახელი. იგი წლების განმავლობაში აჭარის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილე იყო. ამავე სტრუქტურის პირველი პირი გახლდათ პროფესორი, დარჩიძეების მკვიდრი გივი ცეცხლაძე. გარკვეული დრო დაჰყო აჭარის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე ავთანდილ აბაშიძემ.
სხვისი შვილების აღმზრდელი და დამკვალიანებელი, ოჯახით, პიროვნული თვისებებითაც გამორჩეული უნდა იყოს. ეს ისე არსად არ წარმოჩნდება, როგორც სოფელში. დავითი, მისი თანამოსააქმეები ამაგრებენ და აძლიერებენ იმ სოფელს, სადაც საჯარო სკოლის მსგავსად, სხვა ინფრასტრუქტურაც გამართული აქვთ. საქველმოქმედო ფონდ „შუბანის“ ინიციატივითა და სოფლის ინტელიგენციის თანადგომით, დარჩიძეებში ქართული ჭიდაობის დარბაზი გაიხსნა. ფონდის ორგანიზატორებმა დავით, დიმიტრი ცეცხლაძეებმა, ავთანდილ, იოსებ აბაშიძეებმა, ქართული ჭიდაობის აჭარის ფედერაციის პრეზიდენტმა ჯემალ წულუკიძემ, ვიცეპრეზიდენტმა ვაჟა დავითაძემ, ვლადიმერ, აკაკი მახარაძეებმა სოფელს ეს სიახლე მიულოცეს.
ოჯახი მაძლიერებს. 22 წლის წინათ ცხოვრების ბედი თანასოფლელ ციური ბერიძეს დავუკავშირე. დარჩიძეებელ ბერიძეებს ცხოვრების, შრომის, თანასოფლელებთან ურთიერთობის თავისებური ისტორია აქვთ. გასული საუკუნის 30-იანი წლების რეპრესიებს შეეწირა მათი წინაპარი ხასან ბერიძე. იგი ურალისპირეთში მიებარა მიწას. მისი გარდაცვალებიდან 70 წელზე მეტი იყო გასული, როცა შვილიშვილმა ბეჟან ბერიძემ დიდი რისკისა და წვალების ფასად, ურალისპირელი და მოსკოველი მეგობრების თანადგომით, ბაბუას საფლავს მიაგნო და მემორიალიც დაუდგა. ციური 20 წელზე მეტია დარჩიძეებელთა ჯანმრთელობის დაცვის საქმეს ემსახურება, – გვითხრა დავითმა.
დავითი და ციური ლაშასა და ბექას მშობლები არიან. ორივე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანმრთელობის დაცვის ფაკულტეტის სტომატოლოგიური სპეციალობის სტუდენტები არიან.
სკოლაში შესვლის პირველი დღიდანვე ძმებმა მიზნად დავისახეთ ბაბუის სპეციალობის ათვისება. ერთ სპეციალობას არც ჩვენ დავჯერდებით. ბაბუამ ნევროპათოლოგის, ოჯახის ექიმის სერტიფიკატები მიიღო და მუშაობას ამ სპეციალობის მიხედვით აგრძელებს, – გვითხრა ლაშამ.
კოვიდ-19-ის პანდემიის გამო, სხვების მსგავსად, ლაშა და ბექაც ონლაინრეჟიმში სწავლობენ. კვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლების მიერ ჩატარებულ თითოეულ ლექციას გულისყურით უსმენენ. უახლოეს მომავალში დარჩიძეებელ ექიმთა რიგებს მათი სახით ყბა-სახის ქირურგი და სტომატოლოგ-თერაპევტი შეემატება.