„მიზნები არ უნდა გამოგველიოს, ვიდრე ცოცხლები ვართ, ხელი არ უნდა ჩავიქნიოთ“
ლაშა ხომერიკი 593 50 82 69 –
ახლა, ამ ურთულეს დროში, როცა პანდემია გვიტევს, თითოეულ სიტყვას, ფიქრს, საქციელს, საქმეს, ერთგვარად, საკრალური ფუნქცია ენიჭება, რადგან თითოეული ჩვენგანის ფიზიკურ და სულიერ გადარჩენას სწორედ რომ კეთილგონიერი ქმედებების სიხშირე განაპირობებს. ამ მისიამ ახლა ინტერნეტსივრცეში გადაინაცვლა. მრავალი ახალგაზრდა ხელოვანი – მხატვრები, მუსიკოსები, მწერლები ონლაინსივრციდან თავიანთ შემოქმედებას გვთავაზობენ, გვეკონტაქტებიან. . . ადამიანს ხომ სულიერი საზრდოს გარეშე არსებობა უჭირს, ჰოდა, ამიტომ თითოეულ შემოქმედთან შეხვედრა განსაკუთრებით საინტერესო და მასაზრდოებელია. ისინი ოპტიმიზმს ასხივებენ. სწორედ ასეთი თვისებით გამორჩეულ ერთ-ერთ ღირსეულ ადამიანს, ორგანიზაციის „პოეზიარი – ავტორთა წარმოჩენა” დამფუძნებელს, პოეტ და პროზაიკოს თემო ჭახნაკიას მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო, რომელმაც ფეისბუქის „პოეზიარის” გვერდზე 700 ავტორი წარმოაჩინა. ცნობილ მწერლებთან ერთად მან ახალგაზრდების შემოქმედება და მათთან ინტერვიუები შემოგვთავაზა. ” პოეზიარის” ყურადღების არეალში აჭარაში მოღვაწე ცნობილი მწერლებიც მოხვდნენ. . . უნდა ვთქვათ, რომ „პოეზიარის” გვერდი მკითხველთა მოწონებით სარგებლობს, ცნობილმა ლიტერატურისმცოდნეებმა დადებითად შეაფასეს ლიტერატურის განვითარებისთვის ამ ახალგაზრდა კაცის მიერ გაწეული შრომა. იმედია, სიტყვას საქმეც მოჰყვება და სიტყვიერი თანადგომა საქმიან მხარდაჭერაში გადაიზრდება, მომავალ წელს მაინც!
მოდით, უკეთ გავიცნოთ თემო ჭახნაკია, მოვუსმინოთ და ხელი გავუწოდოთ სამეგობროდ, მერწმუნეთ, ეს მშობლიური ლიტერატურის სიყვარული და ერთგულება იქნება.
– როგორს ხედავთ საკუთარ თავს, ვინ არის თემო ჭახნაკია?
– საკუთარ თავზე როგორ ვისაუბრო?! და მაინც, კარგი ადამიანი მგონია, ჩვენ დიდი ხანია ვძმაკაცობთ.
– მოიგონეთ ის დღე, როცა თქვენი გულის ნადები პირველად ანდეთ ქაღალდს. . . სოფელი, თქვენ და თქვენი ახლობლები. . . გარემო, რომელიც გასაზრდოებთ. . .
– აბიტურიენტობისას მეგობართან ერთად სამტრედიის სკვერში ვიჯექი, რაღაც გარითმა ზეპირად, მეც გავრითმე ერთი სტროფი. შინ რომ დავბრუნდი, ჩავფიქრდი და დავიწყე „ლექსების” წერა, შემიპყრო გრაფომანიამ, ვწერდი და ვწერდი. ბოლო წლებში გავაცნობიერე, რომ იმ ლექსებს ფასი არ აქვს არცერთი ასპექტით, თუმცა ის ბლოკნოტი ჯერ არ დამიწვავს, სადაც მხატვრული ღირებულების არმქონე ლექსები მაქვს ჩაწერილი. ჩემი შთაგონების წყარო სოფელი და მისი პეიზაჟებია, განსაკუთრებით პროზაულ ტექსტებში.
– მწერალი ადამიანის უპირველესი დამცველია, ასეა?
– ადამიანი რა თვალსაზრისით უნდა დაიცვას მწერალმა? ეს უფრო უფლის და ვექილის საქმე მგონია, თუმცა მწერალიც შველის თავისი შემოქმედებით, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის უშველია. „არა მარტო ტკბილ ხმათათვის გამომგზავნა ქვეყნად ცამა” – თუ არ ვცდები, 23 წლის იყო ილია ჭავჭავაძე, როცა ეს სტრიქონები დაწერა და ამ ასაკში უკვე გაცნობიერებული ჰქონდა ერის წინამძღოლობის, ლიდერის ფუნქცია და არსი. ის სოციუმის ნაკლოვანებებსა და მანკიერებებზე ამახვილებდა ყურადღებას, რაც, ბუნებრივია, მასებს „ტკბილ ხმებად” არ ჩაესმოდა, მომდევნო წელს ილიამ დაწერა: „ჩემზედ ამბობენ : ის სიავეს ქართვლისას ამბობს, ჩვენს ცუდს არ მალავს, ეგ ხომ ცხადი სიძულვილია! ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს, ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!” დიახ, სწორედ ეს მიმაჩნია გულწრფელ სიყვარულად, მწერალი ისეთი სარკე უნდა იყოს, რომელშიც ერი ჩაიხედავს და თავის რეალურ სახეს იხილავს, თუ რაიმე არ მოეწონება, თავად უნდა ეცადოს გამოსწორებას, არათუ სარკეს გაუბრაზდეს და დამსხვრევა მოინდომოს.
– თქვენ შექმენით „პოეზიარის” გვერდი, რომელიც პოპულარულია. . . გვიამბეთ ამის თაობაზე და შემდგომ პერსპექტივებსა თუ ჩანაფიქრზე. . .
– „პოეზიარი” ჩემი ცხოვრებაა, 4 წელი სრულდება იანვარში, რაც ამ კეთილშობილურ საქმეს ვემსახურები ყოველდღე. იმდენი იდეა გავაჟღერე ამ გვერდის მეშვეობით, ყველა არც მახსოვს. მხარდაჭერა ვერ ვიპოვე, ცრუ დაპირება – ბევრი. ზღვა მასალა დაგროვდა „პოეზიარზე”, რისი გაცნობაც ახალბედა ავტორებს წაადგება, ჩემი აზრით. წლებია, მსურს ლიტერატურული ჟურნალის დაარსება სახელწოდებით „პოეზიარი”. ალბათ, ჩემი ბრალია, რომ ჯერ კიდევ ვერ გავცდი ფეისბუქგვერდის ფორმატს. ალბათ, ჩემმა ხასიათმა განაპირობა, ვერ ვთანამშრომლობ ადამიანებთან, თუ ისინი ყალბები, ანგარებიანები და ქვემძრომები არიან, მარტო კი ძნელია რაიმე საპასუხისმგებლო საქმესთან შეჭიდება. რა არის ჩემი საზღაური ამ ყველაფრისთვის? ადამიანების გულწრფელი სიყვარული, მათი სიხარულით საზრდოობა.
– სამყაროს – ამ უნიკალური და იდუმალი წიგნის წაკითხვის ცდაა ხელოვნება?
– მომეწონა ამ კითხვაში ჩადებული აზრი. იქნებ ხელოვანები, ეს უფლის რჩეულები: პოეტები, პროზაიკოსები, მხატვრები, მუსიკოსები, მოქანდაკეები, ხეზემკვეთნი, მქარგველები, მომღერლები თუ სხვა სამყაროს იდუმალ წიგნს, საღვთო ენით დაწერილს, გვითარგმნიან ადამიანურ ენაზე, ჩვენ კი მოწადინებით ვკითხულობთ და გვაოცებს, ვტკბებით, გვსიამოვნებს.
– პოეზია ყოველთვის პოულობს თავის სივრცეს, იცვლება გამოხატვის ფორმები, ის მუდმივად ახალი გზების ძიებაშია, რას იტყვით თანამედროვე ხერხებზე?
– საქართველოში ლექსს ორიათასამდე ადამიანი წერს და ასაჯაროებს, მაგრამ მათგან პოეზიას რამდენიმე ათეული ქმნის, ანუ იმას, რაც მე მგონია პოეზია. ჩემთვის ფორმას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა -რითმიანი ლექსია, თავისუფალი თუ თეთრი. მთავარია, რას და როგორ ამბობს ავტორი. მხატვრულად რომ ვთქვათ, კასრიდან ღვინოს თიხის კოკაში ჩავასხამთ, თუ შუშის დოქში, როცა დავლევთ, ორივეს იდენტური გემო ექნება, თუმცა უფლება გვაქვს, რომელიმე გამოვარჩიოთ დაჭაშნიკების შემდეგ. რუსთაველის ქვეყანაში, სადაც რითმა 1200 წლისაა, არასოდეს დამთავრდება უთანხმოება ვერლიბრისტებსა და კონვენცისტებს შორის, მაგრამ დროა დამთავრდეს ასეთი დამოკიდებულება. სხვათა შორის, რითმიან ლექსამდე საქართველოში ურითმო ტექსტები იწერებოდა სასულიერო მწერლობაში. რაც შეეხება უცხოელ თანამედროვე ავტორებს, მხოლოდ თარგმანებით ვიცნობ და რაც წამიკითხავს, ყველა ვერლიბრია. საინტერესოა, უცხოეთში რითმიან ლექსებს წერს ვინმე? და თუ წერენ, რატომ არ თარგმნიან, იქნებ თარგმნიან და მე არ მინახავს? აზრის პოეზიის საუკუნე დადგა, სიუჟეტური ტექსტების დრო, დღეს პოეტი ნარატორია.
– ლიტერატურული კრიტიკა, ხშირად, ტენდენციურობის შთაბეჭდილებას ტოვებს, კარგი მწერლები იგნორირებულნი არიან, მედროვენი – წახალისებულნი. . .
– კრიტიკოსი მწერალია, ლიტერატურული კრიტიკა – მწერლობის ერთ-ერთი დარგი, რომელმაც ნიჭიერი ავტორი უნდა შენიშნოს, კარგი ტექსტები გამოარჩიოს და მისი ღირსებები და ნაკლოვანებები დაგვანახოს. ჩვენ არაერთი ლიტერატურის კრიტიკოსი გვყავს, ზოგი აქტიურად წერს, ზოგი იშვიათად,ზოგი – მხოლოდ მეგობარ ავტორებზე და გადაჭარბებულად ასხამს ხოტბას,რაც საქართველოში ჩვეულებრივი ფაქტია. ჩემი აზრით, ვერ დგას მოწოდების სიმაღლეზე ქართული ლიტერატურული კრიტიკა, რაც პოეზიის განვითარებაზე ახდენს გავლენას.
– რა აძლევს ადამიანის ცხოვრებას აზრს?
– მიზანი და მის მისაღწევად მუდმივი მოქმედება. მიზნები არ უნდა გამოგველიოს, ხელი არ უნდა ჩავიქნიოთ, ვიდრე ცოცხლები ვართ. . . ეს უნდა შევძლოთ. . .
– გწამთ სიტყვის მაგიური ძალის?
– მწამს! გააჩნია, სად ითქვა და ვის ეკუთვნის, ეს ბევრ რამეს განაპირობებს.
– ეს პანდემია – კაცობრიობის მეტამორფოზის დასაწყისი? მწერლის ადგილი და როლი – მომავალში?
– ადრე ვწერდი, რომ ჩვენ ტექნოლოგიური საოცრებების ეპოქაში შევედით, იბადება ახალი ადამიანი, რომელიც სიმარტივისკენ ისწრაფვის, ამის საშუალებას კი ტექნოლოგიური მიღწევები უკვე იძლევა. ადამიანთა გასაკონტროლებლად ეფექტური, მასობრივი სათვალთვალო საშუალებები ინერგება. ერთ დროს ადამიანების მხოლოდ სხეულის ზომების ბაზა არსებობდა, ძირითადად, დამნაშავეების, შემდეგ თითის ანაბეჭდების უნიკალურ მეთოდს მიაგნეს, რასაც შიშით და აგრესიით შეხვდა ხალხი, თუმცა უკვე უამრავი ადამიანის თითის ანაბეჭდია აღებული და ამან დამნაშავეთა გამოვლენას შეუწყო ხელი. რა პოზიცია ექნებათ მსოფლიო ქრისტიანებს, მუსლიმებს, თუ სხვა აღმსარებლობის მორწმუნეებს, რომლებიც თვლიან, რომ ჩიპი დაკავშირებულია მასონებთან, ეშმაკის მსახურებასთან და მოასწავებს ანტიქრისტეს გაბატონებას ახალ ადამიანში? ფაქტია, რომ ჭეშმარიტ მორწმუნეთა რიცხვი უმცირესია, ბევრი ფანატიკოსი იბრალებს ეკლესიურობას, რომელთაც ქრისტიანობის არსი არასწორად ესმით და მართლაც, არაფერი აქვთ საერთო ქრისტესთან. ვინ იცის, რა ბედი ელის ტაძრებს დაახლოებით 50 წელში ამ ქარტეხილებიან, ცოდვილ დედამიწაზე?! ახალი ადამიანის დაბადების პროცესს ვერაფერი შეაჩერებს, ბუნებრივი პროცესია. ალბათ, ადრე ნეანდერტალელებსაც არ სურდათ ჰომოსაპიენსობა. . . ჩემი აზრით, პანდემია ამ პროცესებს დააჩქარებს, რომელიც წლებია დაიწყო. მწერლის მომავალზე ფიქრისას, გონებაში გამოვყავი ქართველი მწერალი და უცხოელი მწერალი. უცხოელ მწერალს სამშობლოში გულისყურით უსმენენ, აფასებენ, პატივს სცემენ, ალბათ ასე გაგრძელდება მომავალშიც. ჩვენთან მწერალი დაუფასებელია, თუ არ ჩავთვლით იმ მწერლებს, რომლებიც სიჩუმის სანაცვლოდ სოლიდურ სტიპენდიას იღებენ ერის შინაური მტრებისაგან, გვყავს ასეთებიც. ამას მოსდევს მწერალთა კლანების ერთმანეთისადმი მტრობა. მწერალს თავისი ფუნქცია ყოველთვის ექნება, ყოველთვის ეყოლება მკითხველი, ზოგს – ცოტა, ზოგს – ბევრი. ქართველი ცოდოა, როგორ მოახერხოს, ამდენი მწერლის მკითხველი იყოს?!
– თქვენ რომ კორესპონდენტი იყოთ, რას მკითხავდით?
– ბევრი კითხვის დასმა შეიძლება. . .