„სიმართლეს გეუბნებით, ხალხნო, უკვე 33 წელიწადია ამ სფეროში ვმუშაობ და ამდენი გართულებული ბავშვი არ მახსოვს“
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93 –
თუ როგორ ვითარდება ბავშვის მეტყველება, ამის შეფასება ყველაზე უკეთ მშობლებს შეუძლიათ. შვილის პირველი ტირილი, ღუღუნი, თითოეული სიტყვა თუ წინადადება, მათთვის დიდი შინაგანი ზეიმია. ბუნებრივია, ჩნდება კითხვები: როდის და როგორ უნდა დაიწყოს პატარამ ლაპარაკი? რა ასაკშია ბავშვის თავისებური მეტყველება „საკალელი” და როდისაა უკვე ყურადღებამისაქცევი, რომ არ გამოგვეპაროს ბავშვისთვის ჩვენი ან მეტყველების თერაპევტის (ლოგოპედის) აუცილებელი დახმარების მომენტი,? სწორად როგორ შევაფასოთ ჩვენი შვილების მეტყველების განვითარება? ამ და მსგავს შეკითხვებზე პასუხის გასაცემად მეტყველების თერაპევტს თამარ დუმბაძეს მივმართეთ, რომელიც მეტყველების განვითარების ნორმებზე, მათ დარღვევებზე, გამოსწორების გზებსა და მეთოდებზე გვესაუბრება.
– ქალბატონო თამარ, მაინც რას იწვევს ბავშვებში მეტყველების დარღვევა?
– ძალიან ბევრ სირთულეს. ბავშვებს უჭირთ საკუთარი ემოციებისა და სურვილების გამოხატვა, რაც ხშირ შემთხვევაში, ბრაზისა და აგრესიული ქცევის საფუძველი ხდება. გართულებული კომუნიკაცია არის მათი გარე სამყაროსგან იზოლირების მიზეზი. მეტყველების დარღვევას შესაძლოა თან ახლდეს ბავშვის გონებრივი განვითარების სირთულეები. აღნიშნული პრობლემების აღმოჩენის შემთხვევაში, საჭიროა სპეციალისტთან კონსულტაციის გავლა, რომელიც ამ უნარების განვითარებაზე იმუშავებს სხვადასხვა ტექნიკით.
– ბოლო დროს ძალიან მომრავლდა ასეთი ბავშვი, რა არის ამის მიზეზი?
– დიახ, მართლაც მომრავლებულია ლოგონევროზი თუ მეტყველების ფუნქციის ზოგადი განუვითარებლობა. მე და ჩემს კოლეგებს გვიწევს ბავშვების ლექსიკური მარაგის შევსება, გამდიდრება, ექსპრესიული და იმპრესიული ტიპის მეტყველების მოშლილობაზე მუშაობა (ე.წ. სენსორული და მოტორული ალალია). ასევე, ბევრს აქვს დიზართრია – მეტყველების ცენტრსა და საარტიკულაციო აპარატს შორის სათანადო კავშირის უქონლობა. უფრო ხშირია დისლალია – ბგერათა დამახინჯებული წარმოთქმა, ბგერათა დიფერენცირების დარღვევა. რაც შეეხება სიგმატიზმს – სისინა და შიშინა ბგერების არასწორ წარმოთქმას, უფრო იოლ ფორმად მივიჩნევთ. გვხვდება აგრეთვე, სმენის დაქვეითებით პროვოცირებული მეტყველების დარღვევები. ზოგიერთ ბავშვს ახასიათებს ტაქილალია – სწრაფი და აჩქარებული მეტყველება ან ბრადილალია – შენელებული მეტყველება და ა.შ. ახლა არ გადაგღლით ტერმინოლოგიით, გეტყვით მხოლოდ, რომ ეს ყველაფერი მოიტანა 21-ე საუკუნის სენმა – ტექნიკასთან მიჯაჭვულობამ, რაც იწვევს ათასგვარ დარღვევას პატარებში. მათი ფსიქიკა დაუცველია და განვითარების ადრეულ ეტაპზე გონებაში ზღვად შესული ათასგვარი ინფორმაცია, ისიც სხვადასხვა ენაზე, ცხადია, იწვევს განვითარებისთვის აუცილებელი კანონზომიერების დარღვევას. შედეგს ყველა ვხედავთ საკუთარ თუ ახლობლების ოჯახებში. თანამედროვე მშობლების უმეტესობა თავიდან იცილებს ბავშვის გართობას, ცდილობს ტელეფონი შეაჩეჩოს ხელში და თავადაც ერთობა ინტერნეტით. სხვადასხვა ენაზე გახმოვანებული მულტფილმები თუ საბავშვო გადაცემები კი იწვევს ბილინგვიზმს, რაც ნიშნავს ორენოვნებით გამოწვეულ მეტყველების დარღვევას.
– განა უკეთესი არაა, რაც უფრო მეტი ენა იცის ბავშვმა?
– უკეთესია იმ შემთხვევაში, თუკი აზრით იცის და არ ურევს სიტყვებს წინადადების დაწყობის დროს, ანუ თუკი რუსულად ლაპარაკობს, რუსულ სიტყვებს იყენებს, ხოლო ქართულად – ქართულს. იგივეა ინგლისურად თუ ჩინურად, ხოლო როდესაც რამდენიმე ენის აღრევა ხდება, ბავშვიც იბნევა, ვეღარ წვდება სიტყვების მარაგს და თავის თავში იკეტება. ეს იწვევს ფსიქოლოგიურ პრობლემებს, ასო-ბგერების წარმოთქმის სირთულეს, რადგან ყველა ენას საკუთარი განსაკუთრებული ფონეტიკური აქცენტი გააჩნია, რასაც პატარა ვერ ათვითცნობიერებს და ამის გამო უჩნდება ბარიერი მშობლიურ ენაში. პროფესიულად, ამას ეწოდება რინოლალია – ხმის ტემბრისა და ბგერათა წარმოთქმის დეფექტი, ცხვირისმიერი საუბარი. ეწყებათ ლოგონევროზი – ე.წ. ენის ბორძიკი ან აგრამატიზმი – მეტყველების გრამატიკული მხარის დარღვევა. მოზრდილ ასაკში ამის ნიადაგზე შეიმჩნევა ბავშვებში დისლექსია – წერისა და მეტყველების დარღვევები და ა.შ.
– რას მოიცავს მეტყველების თერაპია?
– საარტიკულაციო აპარატის ლოგოპედურ მასაჟს (პირდაპირი და არაპირდაპირი), სუნთქვით ვარჯიშებს. ხდება დიქციური სუნთქვის გამომუშავება და სხვ. გააჩნია, რას ითხოვს პატარას მდგომარეობა. ყველაფერი ეს ეხმარება ასო-ბგერის სწორად წარმოთქმაში, აზრის ჩამოყალიბებაში და ა.შ.
-ამ დროს თუ ხდება ქირურგიული ჩარევა, ხშირად ახსენებენ ენის ლაგამის შეჭრას. . .
-ეს არ არის ჩემი პრეროგატივა, ამას უშუალოდ ქირურგი აკეთებს, მაგრამ მეტყველების თერაპევტი ასკვნის, რამდენად სჭირდება პატარას ამ კუთხით სკალპელით ჩარევა. ამის შემდეგ კი, ცხადია, ისევ ჩვენთან უნდა მოიყვანონ ბავშვი, რათა შესწორდეს მეტყველებაში არსებული ხარვეზი.
– რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ ლოგოპედს?
– თუ თქვენი პატარა: არ მეტყველებს (მეტყველება განუვითარებელია), თანატოლებთან შედარებით ნაკლებად კონტაქტურია, არ ეკონტაქტება გარშემომყოფებს ან აქვს: წოვასთან, ყლაპვასთან, ღეჭვასთან, კბეჩასთან, სითხის მიღებასთან, ნერწყვის დენასთან, ორალურ ჰიპერმგრძნობელობასთან (არ აძლევს უფლებას სხვებს, შეეხონ მის სახეს, გაუხეხონ კბილები, არ იღებს შერეული კონსისტენციის საკვებს), სწორ სუნთქვასთან, სმენასთან, მიმართული მეტყველების გაგებასთან, მხედველობის და მოძრაობის კოორდინაციასთან, წერასთან, კითხვასთან დაკავშირებული პრობლემები, მაშინ თქვენი შვილი საჭიროებს ლოგოპედის დახმარებას. ვეხმარებით მათაც, ვისაც აუტიზმისა და აუტისტური სპექტრის აშლილობის თანმდევი ნაწილობრივი და სრული უმეტყველობა აქვს. დღეს დიდი რაოდენობით ფიქსირდება აუტისტური სპექტრის დაავადებები, რაც ისევ და ისევ, ტექნიკის გამუდმებულ გამოყენებასთანაა კავშირში. ყველა მშობელს ვურჩევ, რომ დღის განმავლობაში, საათი, მაქსიმუმ, საათნახევარი დართონ პატარებს კომპიუტერთან თუ ტელეფონთან კონტაქტის უფლება. ვიცი, ბევრს უჭირს ამის გაკეთება, რადგან ჰიპერაქტიურ ბავშვებთან განსაკუთრებით ეხმარებათ ტექნიკით გართობა, მაგრამ ბავშვის ჯანმრთელობაზე წინ არაფერი უნდა დავაყენოთ. სიმართლეს გეუბნებით, ხალხნო, უკვე 33 წელიწადია ამ სფეროში ვმუშაობ და ამდენი გართულებული ბავშვი არ მახსოვს. ძალიან ცუდი მდგომარეობაა, რომლის წინააღმდეგაც ერთად უნდა დავდგეთ და მაქსიმუმი გავაკეთოთ საკუთარი მომავლის – ბავშვების გადასარჩენად. ახლაც კი, ამ პანდემიის პირობებში, 7 პაციენტი მყავს. ეს უკვე დიდი ციფრია.
– ქალბატონო თამარ, თქვენზე ამბობენ, მუნჯი ბავშვი აალაპარაკაო. სიმართლეა?
-კი, მყავდა სმენადაქვეითებული ბავშვი, რომელიც ვერ საუბრობდა, რადგან არ ესმოდა. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა ლოგოპედისთვის. ახლაც დადის ჩემთან ასეთი მოსწავლე. ძალიან კარგი შედეგები მაქვს ამ მიმართულებით. მთავარია, მსგავსი პრობლემის მქონე პატარას დროზე მივხედოთ, თორემ შემდეგ გაცილებით რთულია ჩარევა და მკურნალობა. კარგად ვუძღვები, ასევე, აუტისტური სპექტრის ბავშვებს. მათ განსაკუთრებული მზრუნველობა და ფაქიზი მიდგომა ესაჭიროებათ.
-ჰიპერაქტიური ბავშვების შემთხვევაში, აუცილებელია თუ არა მედიკამენტოზური ჩარევა?
-ეს ნევროპათოლოგის პრეროგატივაა. რა თქმა უნდა, მისი დიაგნოზის გარეშე მე ვერ დავიწყებ ბავშვთან მუშაობას. სწორედ ის წარმართავს მკურნალობას და თუ საჭიროა მედიკამენტოზური ჩარევა, ჩაერევა კიდეც. კომბინაციური მუშაობით (ნევროპათოლოგი და მეტყველების თერაპევტი ერთად), გაცილებით უკეთესი შედეგი გვაქვს. ისიც მინდა აღვნიშნო, რომ დამამშვიდებელი წამლების მიღება პატარებს ადუნებს. ცოცხალი, აქტიური ბავშვი უნდა შევიყვანოთ სპორტში, განსაკუთრებით ვურჩევ ცხენოსნობას, ცურვას. . .
– დელფინოთერაპია ხომ არ აჯობებს?
– როგორც ვიცი, ეს თერაპია ჯერ არ გამოიყენება ჩვენთან. ბათუმის დელფინარიუმში აპირებენ ამ მიმართულებით მუშაობას, მაგრამ ჯერჯერობით, დელფინებთან მხოლოდ შეზღუდული კონტაქტირებით შემოიფარგლებიან. კარგი იქნება, საქართველოში ეს დარგი თუ განვითარდება, რადგან, როგორც საერთაშორისო გამოცდილება გვაჩვენებს, მართლაც, სასწაულებს ახდენს.
– ახალი კორონავირუსის გამო, ბავშვები სახლში ჩაიკეტნენ, ხოლო ვირტუალურმა სწავლებამ კიდევ უფრო მიაჯაჭვა კომპიუტერს. . .
– დიახ, მართლაც უზარმაზარი გამოწვევების წინაშე დაგვაყენა კოვიდვითარებამ. როდესაც დასრულდება პანდემია, მთელი კაცობრიობა აღმოჩნდება სხვადასხვა პრობლემის წინაშე. მათგან ერთ-ერთი, სწორედ კომპიუტერთან მიჯაჭვულობაა, რასაც დღესდღეობით მსოფლიო ებრძვის. ეს დამოკიდებულება მნიშვნელობით არ ჩამოუვარდება სხვას. ამიტომაა აუცილებელი, პატარები მაინც დავიცვათ თავსმოხვეული ვირტუალური სამყაროსგან, თორემ რეალობისგან მოწყვეტილებს გაუჭირდებათ რეალურ საზოგადოებაში ინტეგრაცია. ასევე, ეს მოქმედებს მხედველობაზე. ჩემთან მოსული ბევრი მშობელი აღნიშნავს, რომ კომპიუტერთან ჯდომის გამო, ბავშვს თვალები უსისხლიანდება, ცრემლდენა, ქავილი აქვს ან მხედველობის დაქვეითება.
– ის, რაზეც ვისაუბრეთ, გვაყენებს აუცილებლობის წინაშე, რაღაც ბერკეტი გამოვძებნოთ მშობლებისთვის, რომლებიც ბავშვებსაც აიძულებენ და თავადაც ინტერნეტში არიან 24 საათი, არად დაგიდევენ იმ შედეგს, რაც შეიძლება მოჰყვეს მათ ამ გულგრილობას. ვფიქრობ, ჯერ დედებია სამკურნალო. . .
– წამყვან ქვეყნებში, ლამის ყველას ჰყავს საკუთარი ფსიქოთერაპევტი. 21-ე საუკუნეში ეს აუცილებლობად იქცა. ჩვენს მოქალაქეებს არა აქვთ ასეთი ფუფუნების საშუალება, მაგრამ რომ ტარდებოდეს უფასო ტრენინგები მშობლებისთვის, არ იქნება ურიგო. საერთოდ, სანამ იმშობიარებს, მანამ უნდა იცოდეს ქალმა, რა დამღუპველი შედეგები მოჰყვება კომპიუტერთან საათობით ჯდომას მისი ბავშვისათვის. თავიდანვე უნდა გაიაზროს აღზრდის პარამეტრები. საზღვარგარეთ უკვე გადააწყდნენ ამ პრობლემას და არცერთი მშობელი არ აძლევს საკუთარ ბავშვებს ინტერნეტში შესვლის უფლებას, თუკი ამის აუცილებლობა არ არის. ტელევიზორსაც კი გარკვეული დროით უყურებენ. ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს ასეთი რადიკალური შეზღუდვები, რასაც ძალიან ცუდ შედეგებამდე მივყავართ. ამ მიმართულებით საზოგადოებამ გლობალურად უნდა იმუშაოს, სოციალური რეკლამები უნდა გაკეთდეს სათანადო ვიდეორგოლებით და ა.შ. ინტერნეტი წიგნის კითხვით უნდა ჩავანაცვლოთ.
– თქვენ საუბრობთ პრობლემურ ბავშვებზე, მაგრამ თუ თვლით საჭიროდ, რომ სკოლაში მუშაობდეს ლოგოპედი? რამდენად სჭირდება ჩვეულებრივ ბავშვს დახმარება სწორი მეტყველების ჩამოყალიბებისთვის?
-სკოლებში არიან სპეცმასწავლებლები, რომლებიც შშმ პირებს ეხმარებიან სკოლაში ინტეგრირების კუთხით, მაგრამ სწორი მეტყველება ჩვენი საზოგადოების ბევრ წევრს უჭირს, რაც ბავშვობიდან არასწორი აღზრდითაა განპირობებული. მეტყველების სპეციალისტის დროული ჩარევა ხლს უწყობს პიროვნების სრულყოფილად ჩამოყალიბებას. სწორი მეტყველება ხომ წარმატების, წინსვლის და დაწინაურების ძირითადი კომპონენტია. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვი არ არსებობს, არიან ტიპური და ატიპური ბავშვები, ეს უკანასკნელები კი უფლის ხელდასმულებად გვევლინებიან – სიკეთეს, მზრუნველობას და სიყვარულს ასხივებენ, საოცრად სუფთა, ფაქიზი სულის ადამიანები არიან და ტაძრისკენ მიმავალ გზაზე გვაყენებენ.