2020 წელს მშვილდოსნობაში ჩატარებულ ყველა შეჯიბრებაში ხათუნა ნარიმანიძემ გაიმარჯვა
მანანა ძიძიშვილი 598 24 94 97 –
საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ხათუნა ნარიმანიძე, ამავდროულად მოქმედი სპორტსმენი, საქართველოს ნაკრების წევრი, ოთხი ოლიმპიადის მონაწილე, ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი როგორც პირადში, ისე გუნდურში, მსოფლიო უნივერსიადის ვიცეჩემპიონი, სხვადასხვა გრანპრის, მსოფლიო თასების მფლობელი და ვიცეჩემპიონი, საქართველოს მრავალგზის რეკორდსმენი, საქართველოს მოქმედი ჩემპიონია. სპორტის ამ სახეობას 1991 წლიდან მისდევს. აქვე უნდა ვახსენოთ მისი ოჯახის წევრები – მეუღლე, საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი თამაზ ფუტკარაძე და მათი ქალიშვილი ციკო ფუტკარაძე, რომლის პირადი მწვრთნელი ბატონი თამაზია. ციკომ წელს, თებერვალში, ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე, დედასთან, ხათუნა ნარიმანიძესთან და მშვილდოსან ქრისტინე ესებუასთან ერთად, მეორე ადგილი დაიკავა (18 მეტრზე). ეს მისთვის შესანიშნავი შედეგი იყო, რადგანაც ევროპის ჩემპიონატზე სუსტი სპორტსმენები არ ასპარეზობენ. მათ წინააღმდეგობა გაუწიეს ისეთი ქვეყნის სპორტსმენებს, როგორებიცაა იტალია, რუსეთი, ესპანეთი, საფრანგეთი. . . აღსანიშნავია, რომ ციკო ფუტკარაძემ შარშან საქართველოს ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა. წელს საქართველოს ჩემპიონატზე, ფინალში ერთმანეთს დედა-შვილი შეხვდა და. . . . გამოცდილმა დედამ აჯობა შვილს. ციკო ახალგაზრდაა და რა თქმა უნდა, მას ჯერ ყველაფერი წინ აქვს. ბატონი თამაზი ხან მეუღლეს ამხნევებდა, ხან – შვილს. . .
ძნელია, მოასწრო ოჯახის მოვლაც, ვარჯიშიც, ფედერაციის ხელმძღვანელობაც, მაგრამ ხათუნა ნარიმანიძე ყველაფერს შესანიშნავად ართმევს თავს. მარტში შეკრება აჭარაში უნდა გაევლოთ, მაგრამ პანდემიის გამო შეაჩერეს, თუმცა მაისში კვლავ გააგრძელეს ვარჯიში – ერთთვიანი შეკრება ჩატარდა როგორც დიდებთან, ისე ახალგაზრდებთან. როგორც ქალბატონმა ხათუნამ გვითხრა, ძალიან კარგი, მონდომებული თაობა მოდის და დიდებთან ერთად წვრთნა მათ დიდ გამოცდილებას აძლევს. ახლა ყველა შეკრება ძირითადად, აჭარაში ტარდება. მასში მონაწილეობენ სპორტსმენები საქართველოს ყველა რეგიონიდან, მათ შორის, ქუთაისიდან, თბილისიდან და მარნეულიდან. აჭარის გარდა, სწორედ ამ რეგიონებშია ძალიან კარგად განვითარებული მშვილდოსნობა. მართალია, პანდემიამ ბევრი რამ შეცვალა, მაგრამ სპორტსმენებმა რამდენიმე ღონისძიების ჩატარება მაინც შეძლეს – გაიმართა ასპარეზობა საქართველოს თასზე, საქართველოს ჩემპიონატები როგორც ახალგაზრდებში, ისე – დიდებში. ეს შეჯიბრებები ბათუმში ჩატარდა, მათ შორის, საქართველოს თასის მეორე ეტაპი.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის ყველა ასპარეზობაში ხათუნა ნარიმანიძემ გაიმარჯვა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში შედიან ხათუნა ნარიმანიძე, ციკო ფუტკარაძე, თეო კუტალაძე (თბილისი). იანვრიდან ისევ იგეგმება შეკრებები, შემდეგ – შეჯიბრებები, თუ, რა თქმა უნდა, არაფერი შეიცვალა. თუმცა ბათუმელი მშვილდოსნები, პირობებიდან გამომდინარე (აქ სავარჯიშოდ ღია სივრცე აქვთ), ყველა რეგულაციის დაცვით, ინდივიდუალურად ვარჯიშობენ. პრობლემა უფრო თბილისში შეიქმნა, რადგან იქ სკოლის დარბაზებში უწევთ ვარჯიში, დახურულ სივრცეში და ამიტომ მთელი ყურადღება ბათუმზეა გადმოტანილი.
მშვილდოსნებმა წლევანდელი სეზონი უკვე დაამთავრეს, ახლა ისვენებენ. როგორც მშვილდოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი ამბობს, უნდა შეიძინონ ახალი ინვენტარი, მათ შორის, ისრები (ორი შეჯიბრება რომ გამოტოვეს, მისი ხარჯები ფედერაციამ დაზოგა და ახალი ინვენტარის შეძენას მოხმარდება, რომელიც ნაკრების წევრებს დაურიგდება). სხვათა შორის, პროფესიონალი მშვილდოსნის ინვენტარის კომპლექტი, რომელიც ამერიკიდან შემოდის, საკმაოდ ძვირი – 300 ევრო ღირს.
– ქალბატონო ხათუნა, მშვილდოსნობის დაუფლების მსურველები გყავთ?
– სხვათა შორის, ძალიან ბევრი, მაგრამ ამ პანდემიის დროს თავს ვიკავებთ, უარს ვეუბნებით.
– რომელი ასაკიდან ღებულობთ ბავშვებს?
11 წლიდან.
– ცხადია, შეყვარებული ხართ სპორტის ამ სახეობაზე, დასაფასებელია, ამდენი ხანი რომ მისი ერთგული დარჩით.
– სხვათა შორის, გონებრივადაც ავითარებს ბავშვებს. ისეთი სახეობაა, რომ შეზღუდვები თითქმის არა აქვს, მასში მონაწილეობა ყველას შეუძლია. არც წონას აქვს მნიშვნელობა. ვისარგებლებ შემთხვევით, დამდეგ შობა-ახალ წელს მივულოცავ ყველას და ჯანმრთელობას და დღეგრძელობას ვუსურვებ.

