საახალწლო ტრადიციები – მსოფლიოში
ნათია იმნაიშვილი: 27 48 93 –
ახალი წლის დადგომა მთელ მსოფლიოში ერთნაირად უხარიათ, ამისთვის კი ბევრი მიზეზი არსებობს – ახალი იმედები, ახალი მიზნები, იმის განცდა, რომ ცუდს ძველ დროს ვატანთ, წინ კი ყველაფერი კარგი გველოდება.
მაშინ, როცა ადამიანები უხილავ მტერს ებრძვიან, როცა პანდემიამ ყველას ცხოვრება შეცვალა, მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ ოპტიმიზმი, უკეთესი ხვალინდელი დღის იმედი.
იმისთვის, რომ ახალ წელს კიდევ მეტი ჯადოსნობა შევძინოთ, გავიზიაროთ მსოფლიოს ქვეყნების ტრადიციები და გავიგოთ, როგორ აღნიშნავს წლის უმთავარეს დღესასწაულს სხვადასხვა ერი.
შობა-ახალი წლისთვის მზადება ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთი თვით ადრე – ნოემბრის ბოლოდან იწყება. ამერიკაში, როგორც ყველგან, შობა ზეიმთან, წვეულებასთან, საჩუქრებთან და სურვილების ახდენასთან ასოცირდება. შობისთვის მზადებას ნაძვის ხის დადგმით, სახლებისა და ეზოების ფერად-ფერადი ნათურებით მორთვით იწყებენ. ტრადიციად იქცა საშობაო საჩუქრების მირთმევაც, რასაც ამერიკელი ბავშვები მთელი წლის განმავლობაში ელოდებიან. ამიტომაც დეკემბერში სავაჭრო ცენტრებსა და მაღაზიებს უამრავი ხალხი სტუმრობს და ოჯახის წევრებისა და საყვარელი ადამიანებისთვის საშობაო საჩუქრებს იძენს. შობის და ახალი წლის სიმბოლოებს შორისაა ბიბლიური შობის ამსახველი სცენა, პატარა იესოს გამოსახულება, სანტა კლაუსი, ელფები და ირმები. შობის აქსესუარებად ამერიკელები ულამაზეს დეკორაციებს, შობის სიმბოლოს – ქოთნის წითელ ყვავილს, პოინსეტიას, წითელ სანთლებსა და სუფრებს იყენებენ. შეერთებული შტატების სხვადასხვა ქალაქში ასევე ტრადიციადაა ქცეული ქალაქის ცენტრში ნაძვის ხის ანთების რიტუალი. ამ მხრივ პირველობას დღემდე არ თმობს ნიუ იორკის ნაძვის ხე, რომელიც მანჰეტენზე როკფელერის სახელობის ცენტრში ყოველწლიურად იდგმება. ნიუ იორკის ნაძვის ხის სიმაღლე, ძირთადად, 30 მეტრამდეა და სხვადასხვა ფერის ნათურებით, საშობაო სათამაშოებითაა მორთული. ნაძვის კენწეროს სვაროვსკის ბროლის ულამაზესი ვარსკვლავი ამშვენებს. ყოველ წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში, შობის მოახლოებასთან ერთად, მაღაზიის დახლები და ციფრული მუსიკის ვებგვერდები სადღესასწაულო მუსიკალური კრებულებით ივსება. აქ ყოველთვის შეხვდებით საშობაო კლასიკად ქცეულ ლორეტა ლინის და ნატ კინგ კოლის ალბომებს, მაგრამ ყოველ წელს, ასევე, თანამედროვე შოუბიზნესის ვარსკვლავები ახალ საშობაო ალბომებს უშვებენ.
იტალია – უდიდესი წვეულება პიაცა დელ პოპოზე, უგემრიელესი სამზარეულო, კონცერტები, ულამაზესი ფოიერვერკი და რაც მთავარია, კოლიზეუმი – ყველაზე პოპულარული ადგილი, სადაც ხალხი იკრიბება და ერთად ითვლის ახალი წლის დადგომამდე დარჩენილ წამებს. ამასთანავე, ვილა ბორგერზე იმართება ტრადიციული ცეკვები, სიმღერები და ფოიერვერკები. თავქარიანი და ფრივოლური იტალიელები, როგორც წესი, ქალბატონებს თეთრეულის კომპლექტებს, მსუბუქ შარფებს, პარეოსა და სამკაულებს ჩუქნიან, მამაკაცებს კი მსუბუქი ღვინის ბოთლებით ახარებენ, რომელიც აუცილებლად სადღესასწაულო სუფრაზე უნდა დაილიოს.
დიდ ბრიტანეთში „პირველ სტუმარს“ ყველაზე დიდი ძალა აქვს ახალ წელს. სწორედ ეს პირველი ადამიანი უნდა იყოს შავგვრემანი, სიმპათიური, ახალგაზრდა მამაკაცი, საჩუქრად კი სასურველია მონეტა, ნახშირის ნატეხი, ან პური მოიტანოს, რათა ოჯახს ახალ წელიწადში ჩამოთვლილთაგან არცერთი არ დააკლდეს. წელიწადი ცუდის მომტანი იქნება, თუ სახლში ქერათმიანი ქალბატონი შემოვა. სწორედ ლონდონიდან წამოვიდა მისალოცი ბარათების გაგზავნის ტრადიცია. პირველი საახალწლო მისალოცი ბარათი ინგლისში 1843 წელს დაიბეჭდა. დიდ ბრიტანეთში ბავშვები საჩუქრებს „შობის მამას“ უკვეთავენ, უფრო კონკრეტულად კი წერილს უგზავნიან, სადაც დეტალურად არის ჩამოწერილი სასურველი საჩუქრების ნუსხა.
ახალი წელი მნიშვნელოვანი დღესასწაულია ჩინურ კულტურაში. ჩინეთში ამ დღესასწაულს უწოდებენ ,,გაზაფხულის ფესტივალს”, რადგან ამით აღინიშნება ზამთრის სეზონის დამთავრება. ახალი წლის ზეიმი იწყება ჩინური კალენდრის პირველი თვის პირველ რიცხვში და მთავრდება 15 დღის შემდეგ ,,ლამპიონების ფესტივალით”. ახალი წლის თარიღი დაკავშირებულია მთვარის კალენდართან და იცვლება ყოველწლიურად. ფესტივალი ტარდება დაახლოებით 21 იანვრიდან 19 თებერვლამდე პერიოდში. დღესასწაული 15 დღეს გრძელდება და ყოველი დღე თავისი მნიშვნელობით ერთმანეთისგან განსხვავდება. პირველ დღეს ესალმებიან თავიანთ ღვთაებებს, რათა დაიფარონ მათი ოჯახები. აღნიშვნა იწყება შუაღამით. იყენებენ სხვადასხვანაირ მაშხალებს, ცეცხლის ფაიერებს, ცეცხლმოკიდებულ ბამბუკის ჯოხებს. შემდეგ დღეებს სხვა ღონისძიებები ტარდება, მაგალითად, გათხოვილი ქალები სტუმრობენ თავიანთ მშობლებს (მეორე დღე), უფროსები მიდიან ლანჩზე თავის თანამშრომლებთან ერთად (მერვე დღე), ოჯახები იკრიბებიან სადილზე და ა.შ მეთხუთმეტე დღეს კი ამ ყველაფრის კულმინაციაა ლამპიონების ფესტივალი. ადამიანები ამზადებენ დეკორატიულ ლამპიონებს და აწყობენ საჯარო სეირნობას ქუჩაში, ასევე კიდებენ ლამპიონებს სახლებზე. ამ დღესასწაულის ნაწილია დრაკონის ცეკვა, რომელიც ულამაზესი სანახაობაა. წითელი ფერი ახალი წლის უმთავრესი ატრიბუტია. ადამიანები იცვამენ ტრადიციულ წითელ ტანისამოსს, ერთამნეთს უგზავნიან საჩუქრებს, რომლებიც წითლადაა შეფუთული, ქუჩებიც წითლად არის მორთული. ჩინელებს მიაჩნიათ, რომ წითელი ფერი ეშმაკს აშინებს. ასევე, ტრადიციის შემადგენელი ნაწილია ახალი ტანსაცმლის შეძენა, რაც სიმბოლურად უკავშირდება ახალ წელს. ჩინური ახალი წელი აღინიშნება არა მარტო ჩინეთში, არამედ მსოფლიოს ყველა იმ კუთხეში, სადაც ჩინური მოსახლეობაა. ყოველწლიურად, შეერთებული შტატების ბევრ დიდ ქალაქში აღნიშნავენ ჩინურ ახალ წელს, მაგრამ ამ მხრივ, გრანდიოზულობით და სილამაზით სან-ფრანცისკოს ჩინური კვარტალი ყველასგან გამოირჩევა.
ავსტრიაში, ისევე როგორც შვეიცარიაში, ადამიანები ზეიმობენ წმინდა სილვესტრის დღეს. სწორედ ამიტომ, მცნებათა წიგნის მიხედვით, აუცილებელია, ახალ წელს მოისმინო წმინდა სტეფანეს ტაძარზე აღმართული „მსოფლიო ზარების“ სადღესასწაულო რეკვა. ამის გამო ათასობით ადამიანი 31 დეკემბერს იკრიბება ტაძრის მოედანზე. ძველად კი ბედნიერების მომტანად ითვლებოდა საახალწლოდ საკვამურის მწმენდავთან შეხვედრა. ვინც მას შემთხვევით შეეხებოდა და მოისვრებოდა, აუცილებლად ექნებოდა წარმატებული ახალი წელი.
შობა და ახალი წელი საფრანგეთში – ეს არის კულინარიული ფანტაზიების ნამდვილი დღესასწაული. საზეიმო სუფრის აუცილებელი ატრიბუტია ცნობილი ფრანგული შამპანური – მხიარულების და დროსტარების დედაბოძი. ბოსტნეული, ხილი, მწვანე სალათი, შებოლილი ორაგული, ხიზილალა და რა თქმა უნდა, „ფუა-გრა“ (ცნობილი პაშტეტი მომზადებული ბატის ღვიძლისგან). ცხელი კერძის სახით საშობაო სუფრას აუცილებლად ამშვენებს შემწვარი დედალი ინდაური და ხამანწკები – ფრანგების ნაციონალური სიამაყე. სადღესასწაულო დესერტს წარმოადგენს ცნობილი საშობაო ნამცხვარი „შეშა“ (ტორტი ცუკატებითა და ქიშმიშით) და შოკოლადი. ექტრავაგანტ ფრანგებს ყველას გაკვირვება უყვართ, ახალი წელი კი, მათთვის გასაოცარი სიურპრიზების გაკეთების საუკეთესო მიზეზია. გიგანტური ღია ბარათები, ადამიანის ზომის რბილი სათამაშოები, თაიგულები, ფეიერვერკები და სხვადასხვა გასართობი ღონისძიების აბონიმენტები საფრანგეთში საუკეთესო საჩუქრებად ითვლება.
ახალი წლის დღესასწაული ერთ–ერთი უმთავრესი დღეა იაპონიაშიც. დღესასწაული აღინიშნება 31 დეკემბრის ღამეს, მანამდე, 28-იდან, მთლიანად ქვეყანაში ცხადდება უქმე დღეები. ისვენებენ კომპანიები, ბანკები. აღსანიშნავია, რომ მსხვილი სავაჭრო ცეტრებიც არ მუშაობენ საახალწლოდ, მაგრამ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, პოლიცია და სამედიცინო სტრუქტურები. სამუშაო რეჟიმი იწყება 4-5 იანვარს, ხოლო სავაჭრო ცენტრები 2 იანვრიდან იღება. ამ პერიოდის განმავლობაში მთელი იაპონია ისვენებს და წინასაახალწლო მზადებაშია. საახალწლოდ მორთულია თითქმის ყველა ქუჩა და სკვერი. ახალი წლის ღამეს ბუდისტურ ტაძრებში 108 -ჯერ რეკავენ უზარმაზარ ზარს. ამით იაპონელები ყველაფერ ნეგატიურს ძველ წელს ატანენ. ზარის ხმა ისმის მთელი იაპონიის ქალაქებში. ეს ტრადიცია საუკუნეებს ითვლის. იაპონელები ახალი წლის დღეს ერთმანეთს უგზავნიან საახალწლო ღია მისალოც ბარათებს. ამ დღეს იაპონიაში 1 მილიარდზე მეტი მისალოცი ბარათი იყიდება. იაპონელებისთვის საახალწლო საჩუქრებიც ყველაზე დიდი ტრადიციაა. ისინი ერთი თვით ადრე ემზადებიან, რათა სავაჭრო ცენტრებში სასურველი საჩუქარი იყიდონ. ახალგაზრდები ახალ წელს თავისებურად ხვდებიან, ჯერ უსმენენ პრემიერ მინისტრის საახალწლო მილოცვებს, სვამენ შამპანურს და მთელი ღამე ერთობიან ბარებსა და კლუბებში. რა თქმა უნდა, არსებობს ტრადიციული საახალწლო მაგიდაც. პირველ დღეს იაპონელები, ტრადიციულად, არაფერს ამზადებენ, უბრალოდ, ახალ წელს ზედმეტი შრომისა და დაღლილობის გარეშე ხვდებიან. საახალწლო მაგიდას 1 იანვარს, ახალი წლის დადგომის შემდეგ შლიან, კერძი ბევრია, მაგრამ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია „ოსეჩი“ – სხვადასხვანაირად მომზადებული ნუგბარი და კერძები ხის კოლოფებში, ასევე, ტრადიციული საახალწლო სუპი და სხვადასხვა კერძები. 2 იანვარს, ტრადიციულად, იაპონიის საიმპერატორო კარი ერთი დღით იღება იაპონელებისთვის, ყველა მსურველს შეეძლება იმპერატორისა და მისი ოჯახის წევრების ხილვა.
გერმანიაში ახალი წელი მეორეხარისხოვანი დღესასწაულია, რადგან აქ უმთავრეს და უსაყვარლეს დღესასწაულად ქრისტეშობა ითვლება. სწორედ გერმანიას უნდა უმადლოდეს მსოფლიო ულამაზესი ტრადიციის არსებობას. თუმცა, მიუხედავად ამისა, გერმანიაში ახალი წელი განსაკუთრებულად ლამაზია, რადგან საშობაოდ მორთული ქალაქის ქუჩები და შობის დღესასწაულის ენერგეტიკა ძალიან დიდხანს ტრიალებს ჰაერში. გერმანელების აზრით, საუკეთესო საახალწლო საჩუქარი წიგნია, ამიტომ უზარმაზარი რიგებიც სწორედ წიგნის მაღაზიებშია. ბავშვებისთვის გერმანელები დასურათებულ ზღაპრებს ირჩევენ, უფროსებისთვის კი კლასიკურ მხატვრულ ლიტერატურას ან ენციკლოპედიას.
ახალი წლის შესახვედრად და ზღაპრული დროის გასატარებლად რიო დე ჟანეიროში ჩამოსული სტუმრები მეტწილად კოპაგაბანას პლაჟზე იკრიბებიან და ზეიმიც იწყება. არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი სადღესასწაულო ტრადიცია, რომელიც ბრაზილიელი ხალხისთვის განუყოფელი ატრიბუტია ახალი წლის ღამით და არა მარტო მათთვის, არამედ იქ ჩასული ტურისტებისთვისაც. ბრაზილიელები 31 დეკემბრის ღამეს თეთრი ფერის სამოსში გამოეწყობიან, რადგან სწამთ, რომ მას ბედნიერება მოაქვს, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი ფერი, თეთრის ფონზე ტრადიციული ფერებიც შეიმჩნევა, ამიტომ ისინი სხვადასხვა ფერს, სხვადასხვა დატვირთვასაც ანიჭებენ. მაგალითად, თეთრი მშვიდობის მომასწავებელია, მწვანე ჯანმრთელობას ნიშნავს, ყვითელი – ფულს და ბარაქას, წითელი – სიყვარულს და ვნებას, ხოლო იისფერი -შთაგონებას. საინტერესოა ისიც, რომ ახალი წლის ღამეს ბრაზილიელები ჭამენ 7 ცალ ქიშმიშს და ქიშმიშის თესლებს საფულეში ინახავენ, რათა ფული არ გამოილიოს. ბრაზილიელების აზრით, წარმატება შესაძლოა გაიზარდოს, თუ ახალი წლის ღამით 7 სხვადასხვა ტალღას გადაახტები. ამით, შესაძლოა, წარმატებასთან ერთად საახალწლო სურვილებიც აისრულონ. ერთ-ერთი უძველესი ტრადიციის თანახმად, ასევე ახალი წლის საღამოს, ბრაზილიელები ზღვის ქალღმერთისთვის საჩუქრად სპეციალურად მოწყობილი ტივებით ყვავილებს უშვებენ ოკეანეში, ან ხელით ყრიან, ამით ისინი პატივისცემას გამოხატავენ.