ვახტანგ წულაძე, ირმა აფხაზავა – სოფლის მეურნეობის მინისტრის ახალი მოადგილეები
ხატია იაშვილი 591 98 24 26 –
დღეს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა გიორგი სურმნიძემ თანამშრომლებს მოადგილეები წარუდგინა. მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა ვახტანგ წულაძემ დაიკავა. მანამდე მას აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ეკავა. მინისტრის მოადგილედ, ასევე, დაინიშნა სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ირმა აფხაზავა, რომელიც სამინისტროში 2005 წლიდან მუშაობს. გიორგი სურმანიძემ ადმინისტრაციული და საფინანსო უზრუნველყოფის მიმართულებით მინისტრის მოადგილის თანამდებობა კვლავ რუსლან ქორიძეს ანდო. აგრეთვე, მინისტრის მოადგილის პოსტზე საქმიანობას სულხან მოწყობილი გააგრძელებს. .
მოადგილეების დანიშვნამდე აჭარის სოფლის განვითარების საბჭომ სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ახალი, 2021-2027 წლების, სტრატეგია და 2021-2023 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, რომელიც მოიცავს იმ პროგრამებსა და ღონისძიებებს, რომელთა მიზანი სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების სტანდარტებისა და ხარისხის გაუმჯობესებაა, რაც თავის მხრივ, ეყრდნობა აქტიურ, მოქნილ და მეწარმეობის უნარის მქონე სასოფლო თემებს, ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებას და სოფლის მეურნეობაზე დაფუძნებულ დივერსიფიცირებულ ეკონომიკას. ,,თავისთავად მხოლოდ სოფლის მეურნეობა ვერ შექმნის სამუშაო ადგილების იმ საკმარის რაოდენობას და დასაქმების შესაძლებლობებს, რომელმაც, თავის მხრივ, უნდა უზრუნველყოს სოფლის მოსახლეობის შემოსავლების ზრდა, ამიტომ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ევროკავშირის მხარდაჭერით, იმუშავებს ადგილობრივი მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან, რათა გაერთიანებული ძალისხმევით მოხდეს ისეთი პოლიტიკის დაგეგმვა და განხორციელება, რომელიც სოფლისთვის შედეგიანი და ეფექტური იქნება”, – განაცხადა გიორგი სურმანიძემ.
საბჭოს წევრების გარდა განხილვაში მონაწილეობდნენ: გაეროს განვითარების პროგრამის – UNDP, კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაცია და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები.
აჭარის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგია ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით მომზადდა. მის შემუშავებაში ჩართულები იყვნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, სამინისტროები და შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტები. ახალი სტრატეგია უზრუნველყოფს რეგიონში სოფლის განვითარების კუთხით პროგრამების დაგეგმარების და განხორციელების სტრატეგიული მიდგომების გაძლიერებას, რაც საშუალებას აძლევს ყველა დაინტერესებულ მხარეს, ხელი შეუწყოს სოფლის განვითარების პოლიტიკის მიზნებისა და ამოცანების რეალიზაციას ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით და ევროპული „ლიდერ“ მიდგომის დანერგვის გზით.
ევროკავშირი ხელს უწყობს სოფლად სიღარიბის შემცირებასა და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას, საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPA დახმარებით. საქართველოში პროგრამა ENPA 2013 წლიდან ხორციელდება.