როგორია თოვლის ბაბუსა და ახალი კორონავირუსის თანაარსებობა
მარიამ ხითარიშვილი: 27 48 93 –
ოდესმე წარმოვიდგენდით, დღევანდელობის სევდა ბავშვების საახალწლო წერილებშიც თუ აისახებოდა და თოვლის ბაბუს ბავშვები თავისებურ შეღავათს გაუწევდნენ?!.
პანდემიამ სამყაროს წესები შეცვალა და ეს, ბუნებრივია, ჩვენს ცხოვრებაზე, ურთიერთობებსა და ოცნებებზეც კი აისახა. ბავშვები თოვლის ბაბუს თავის საახალწლო წერილებში სათამაშოს, ან მათთვის სასურველი სხვა საჩუქრების ნაცვლად კორონავირუსის დამარცხებას და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას სთხოვენ.
ჩვენი გაზეთის მკითხველს გვინდა ცოტა ხნით დავავიწყოთ ნეგატიური ამბები, ამიტომ ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო პროფესიული თეატრის მსახიობთან, სადღესასწაულო ცენტრების ანიმატორთან, წამყვანთან და თვით თოვლის ბაბუსთან ალეკო გაბაიძესთან სახალისო ინტერვიუს ვთავაზობთ.
– კორონა და თოვლის ბაბუ როგორ თანაარსებობთ?
– წელს პანდემიამ ყველაფერზე ძალიან უარყოფითად, მძიმედ იმოქმედა. სრულიად ბუნებრივია, რომ ადამიანებს შორის არის შიში ინფექციის გავრცელების გამო. ახალი წლის ღამეს ოჯახში რომ მთხოვენ მისვლას, პირველი კითხვა, რასაც ტელეფონით საუბრისას მისვამენ, არის – მაქვს თუ არა გადატანილი კორონავირუსი. აინტერესებთ, რამდენად ვიცავ რეკომენდაციებს და ა.შ. ღმერთს მადლობა, ეს ვირუსი წინა თვეში გადავიტანე და როცა ამის შესახებ ვეუბნები, მშვიდდებიან და ვიზიტის დროს უფრო თამამად მეუბნებიან.
– შარშან რამდენ ბავშვთან გამოგიძახეს?
– 31 დეკემბერს, დაახლოებით, 12-15 ოჯახში ვიყავი გამოძახებაზე, პირველ იანვარსაც დავდივარ, თუმცა იშვიათად. მქონდა, ასევე, მიწვევები კერძო ბაღების ფოტოსესიებზე, ზეიმებსა და სხვადასხვა ღონისძიებაზე.
– წელს რამდენი შეკვეთა გაქვთ?
– ზუსტად არ დამითვლია, მაგრამ გასულ წელთან შედარებით, გაცილებით ნაკლებია. შეიძლება ითქვას, განახევრებულია. შარშან ოჯახებში მისვლას საღამოს 6-ის ნახევარზე თუ ვიწყებდი, ახლა პირველი შეკვეთა 9-ის ნახევარზე მაქვს. მანამდე მხოლოდ ერთ კორპორატიულ საღამოზე უნდა მივიდე, სადაც 10-14 ბავშვი იქნება. სანათესაომ საახალწლო განწყობის შესაქმნელად ასეთი რამ მოიფიქრა – მხოლოდ ახლობლები შეიკრიბებიან, ერთსაათიანი პროგრამა უნდა ჩავატარო. ჯერ ანიმატორი ვიქნები, შემდეგ კი თოვლის ბაბუს ამპლუას მოვირგებ. თან როგორც გავარკვიე, კოვიდი თითქმის ყველას გადატანილი აქვს და ამ მხრივ საშიშროება ნაკლებია. ბოლო დროს ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია და ბუნებრივია, ადამიანები თავს ვიზღვევთ. სკოლებსა და ბაღებში ზეიმებზე მისვლა ავტომატურად გამოირიცხა, რადგან, მოგეხსენებათ, ყველა ონლაინსწავლებაზე გადავიდა.
– საკმაოდ კომიკურად მეჩვენება პირბადიანი თოვლის ბაბუ, წვერი ხომ არ შეგიშლით ხელს?
– თოვლის ბაბუ ოჯახში სტუმრად პირბადით ნამდვილად ვერ შევა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსი გადატანილი მაქვს, ბავშვებთან და მშობლებთან ურთიერთობა მაინც დისტანციურად მომიწევს. რა თქმა უნდა, ბავშვებს მუხლებზე ვეღარ დავისვამ და ვერ მოვეფერები, მაგრამ არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, პატარებმაც იციან, რომ ასეა საჭირო. იცინიან და ხუმრობენ კიდეც ამაზე. ვფიქრობ, თოვლის ბაბუს მხრიდან ამას უცნაურობად არ მიიჩნევენ, პირიქით, ბავშვიც და მშობელიც უფრო დაცულად იგრძნობენ თავს. ასე რომ, ისღა დამრჩენია, მათ 1-2 მეტრის რადიუსიდან მოვეფერო.
– კარებთან მისული ალბათ სადეზინფექციო ხსნარითაც გაიწმენდთ ხელს, თუ ხელთათმანებიც საკმარისია?
– რა თქმა უნდა, ხელთათმანები მიკეთია, მაგრამ არა რეზინის (იცინის). . . თოვლის ბაბუს კოსტიუმის ხელთათმანი მაქვს, რომელსაც ყველა შეკვეთის შემდეგ ვიძრობ და ვინახავ. მოგეხსენებათ, მფრინავი ტრანსპორტით გადავადგილდები, იგივე ურმით. . . ირმებიც ხომ მყავს (იცინის)! არ მინდა ბავშვების ფანტაზიას ფრთები შევუკვეცოთ, მათთვის თოვლის ბაბუ ბოლომდე ნამდვილი უნდა იყოს. ოჯახში სტუმრად რომ მივდივარ და ბავშვი ფანტაზიით მომყვება, ბინიდან გამოსული კიბეზე მაღლა ასვლას ვიწყებ, რადგან ბავშვებს შთაბეჭდილება დავუტოვო, თითქოს სახურავზე ავდივარ. ხანდახან ვეუბნები – ბუხარი არ გქონდათ და ვერ ჩამოვხტი თქვენთან, – თუ ბუხარი აქვთ, ვეუბნები, რომ ბუხრის მილი დაკეტილი იყო და ვერ მოვახერხე ჩამოსვლა. . . ნებისმიერი ადამიანი, ვინც ამ საქმითაა დაკავებული და ბავშვებთან აქვს ურთიერთობა, აზრობრივად ბოლომდე უნდა იყოს მომზადებული ამისთვის. ამ საქმეს პროფესიონალური მიდგომა სჭირდება, რადგან შენი უპასუხისმგებლობით შეიძლება ბავშვის ზღაპრული ფანტაზია, მისი ბავშვური და ჯადოსნური წარმოსახვა დააზიანო. . . ზოგიერთი იპოვის თოვლის ბაბუს კოსტიუმს, ჩაიცვამს და არიქა. . . ჰგონია ადვილია და თავს გაართმევს ამ საქმეს. მიდის ოჯახში და თავისივე ხმით ლაპარაკობს. ბავშვიც, რა თქმა უნდა, ეგრევე ხვდება, რომ ატყუებენ. დღევანდელ ბავშვებს რას გამოაპარებ?! მაქსიმალურად უნდა ეცადო, პერსონაჟად გარდაიქმნა და ბუნებრივად განასახიერო. თითოეული გამოძახებისთვის ფსიქოლოგიურად ვემზადები, რათა ყველაფერმა სასურველი შედეგი გამოიღოს და ბავშვი კმაყოფილი დარჩეს.
– თოვლის ბებო თუ გახლავთ?
– ანუ, ფიფქია გყავთ მხედველობაში? უკვე ბებოდ აქციეთ? (იცინის). არა, თოვლის ბებო არ მყავს. ფიფქიას, იგივე „სნეგურაჩკას“ უფრო რუსულენოვან ოჯახებში იცნობენ. ჩემს პრაქტიკაში არ მახსოვს, ქართველებს ფიფქიაც მოეთხოვოთ. მათთვის თოვლის ბაბუ სრულიად საკმარისია.
– სათამაშოებს მშობლები წინასწარ გაძლევთ?
– არიან მშობლები, რომლებიც ახალ წლამდე 1-2 დღით ადრე გადმომცემენ შვილებისთვის განკუთვნილ საჩუქრებს, ზოგიც მათთან მისვლის დროს, ჩუმად მაძლევს, მე კი სასწრაფოდ ხურჯინში ვინახავ.
– ხომ არ ყოფილა შემთხვევა, რომ საჩუქარი აგრეოდეთ და ბავშვისთვის სხვისი, უფრო ძვირიანი მიგეცეთ?
– მსგავსი შემთხვევა არასოდეს მქონია. თუ მშობელი წინასწარ მაძლევს საჩუქარს, ვიწერ, რომელი რა მისამართზე უნდა მივიტანო. ხოლო თუ მშობელი ოჯახში მისვლისას მომცემს საჩუქარს, ფიზიკურად ვერ ამერევა. თუ ოჯახში 2-3 ბავშვია, შეიძლება ვერ დაიმახსოვრო, რომელს რომელი საჩუქრი მისცე, მაგრამ ასეთ დროს იოლ ხერხს მივმართავ. თოჯინა რომ ბიჭს არ უნდა ვაჩუქო და ავტომატი, ან რობოტი გოგოს, ეს ლოგიკურია (იცინის).
– მსახიობი ხართ, მაგრამ თითქმის ერთი წელია სცენაზე არ დამდგარხართ, ალბათ გენატრებათ პროფესიული საქმე, რითი აინაზღაურეთ ეს დანაკლისი?
– ჩვენი მეორე ოჯახია თოჯინების თეატრი, ყველასთვის, ვინც აქ მუშაობს, დიდი ტკივილია ამდენ ხანს უმოქმედოდ ყოფნა. წარმოიდგინეთ, ახალი წლის დღეებში სპექტაკლებს დღეში 3-4 ჯერ ვთამაშობდით. საახალწლო დადგმები 19-დან 30 რიცხვის ჩათვლით ყოველდღე ტარდებოდა. ასეთ დუღილში რომ ხარ, როცა უამრავი ბავშვი მოდის, მათი დადებითი ენერგიით ივსები, სცენიდან მათ ჟრიამულს გრძნობ, ბავშვების ტაში გესმის, კმაყოფილ სახეებს ხედავ და ემოციებს იღებ, მერე კი ამ გარემოს უცბად მოწყდები, ეს წარმოუდგენლად რთულია. დანაკლისს ასე ვინაზღაურებთ – ჩვენი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ გიორგი ჩხაიძეს გაუჩნდა ძალიან კარგი იდეა. ჩვენი ხასიათების მიხედვით დაგვინაწილეს ზღაპრები, რომლებსაც სოცქსელში ვკითხულობდით. ასევე, ყველა რეკომენდაციის დაცვით, რიგრიგობით ჩავწერეთ საახალწლო მილოცვები, რომლებიც საახალწლო სპექტაკლებთან ერთად ონლაინსივრცეში დაიდება და მათი ნახვა ჩვენს ერთგულ მაყურებელს, ყველა პატარას შეეძლება. იმედი მაქვს, ძალიან მალე უფრო დიდი შემართებით დავუბრუნდებით ჩვენს თეატრს და საყვარელ საქმიანობას.
– რა ღირს თოვლის ბაბუს ერთი გამოძახება?
– გააჩნია ვისთან მიდიხარ და სად. ბათუმი პატარა ქალაქია, ყველა ერთმანეთს ვიცნობთ, ზოგი საერთო მეგობარია, ზოგი ნათესავია. . . ამ ადამიანებს, რა თქმა უნდა, იმ ფასს ვერ ეტყვი, რასაც უცხოს. ზოგს არ აქვს შესაძლებლობა, რომ თავის ბავშვებს ჩემი მომსახურება შესთავაზოს. ამიტომ, იყო შემთხვევა, როცა სრულიად უსასყიდლოდაც მივსულვარ ოჯახში. ზოგადად კი, ქალაქის ფარგლებში, სტანდარტული ფასი 70 ლარია. შეიძლება ზოგს ეძვიროს, მაგრამ მე ვიცი ჩემი შრომის ფასი, ვიცი, რა დრო და ენერგია მიაქვს ამ ყველაფერს. ადამიანები ზოგჯერ უმნიშვნელო და არასასარგებლო რაღაცაში ვხარჯავთ ფულს. ამ თანხით კი შეიძლება ბავშვი ისე გაახარო, რომ, მინიმუმ, 1 წელი ეიფორიაში იყოს. თოვლის ბაბუს მოსვლა და მისგან სასურველი საჩუქრის მიღება შეიძლება ერთ-ერთ ტკბილ, მნიშვნელოვან და საუკეთესო მოგონებად დარჩეს მთელი ცხოვრების განმავლობაში.
– რისკის ფაქტორის გამო ფასი ხომ არ მოგიმატებიათ?
– არა. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი გაძვირებულია, საწვავის ფასიც კი გაორმაგდა, არ გამიძვირებია მომსახურება. ქალაქგარეთ თუა შეკვეთა, მაშინაა სხვა ტარიფი და რა დროს მიდიხარ, ამასაც მნიშვნელობა აქვს. თუმცა შარშანდელთან შედარებით არ შემიცვლია ფასები. გამიმართლა, რომ 31 რიცხვში კომენდანტის საათი არ იქნება და ჩემს საქმიანობას ხელს არც ეს შეუშლის.
– თავად თუ გჯერათ თოვლის ბაბუს არსებობის?
– მთელი ჩემი ბავშვობა მჯეროდა, რომ თოვლის ბაბუ არსებობდა და იმ ბავშვური მოგონებებიდან გამომდინარე, ახლაც მჯერა რაღაც სიკეთის. რა თქმა უნდა, თოვლის ბაბუ გამოგონილი პერსონაჟია, მაგრამ ის სიკეთესთან ასოცირდება. ჩემთან ბავშვობაში სტუმრად თოვლის ბაბუ არასდროს მოსულა, მაგრამ როცა მშობლები გვეტყოდნენ, რომ ღამით თოვლის ბაბუ მოფრინდებოდა და ნაძვის ხესთან საჩუქარს დაგვიტოვებდა, რა თქმა უნდა, გვჯეროდა. ეს მოგონება ჩვენთვის ყოველთვის სასიამოვნო და ზღაპრულია.
– კურიოზებს ხომ ვერ გაიხსენებდით?
– დეიდაშვილის ბავშვებმა ჩემს ფეისბუქგვერდზე სარეკლამო რგოლი ნახეს, სადაც ვამბობ, რომ თოვლის ბაბუ ელოდება თქვენს წერილებს და ა.შ. ძალიან აქტიური, ჭკვიანი და საზრიანი ბავშვები არიან, უყურეს ამ ვიდეოს და დაინტერესებულან, ჩემს გვერდზე რატომ იყო განთავსებული თოვლის ბაბუს რეკლამა. . . შემდეგ, როგორც ჩანს, დეიდაჩემმა ისე აუხსნა, თითქოს თოვლის ბაბუსთან უშუალო კონტაქტი მაქვს, შემიძლია დავურეკო, წერილი მივწერო. . . ჰოდა, შუა ქუჩაში ვიყავი, რომ დამირეკეს და თოვლის ბაბუსთან ლაპარაკი მოისურვეს. რა მექნა, დავიყენე თოვლის ბაბუს ხმა და დავუწყე საუბარი. დავდივარ ქუჩაში, ნაცნობი თუ უცნობი გაოცებული მიყურებს, რატომ იძაბება ეს ბიჭი ასეო – ფიქრობენ. მე კი მთელი არსებით როლში ვარ შესული და ბავშვებს ხრინწიანი, ბოხი ხმით ვუხსნი, რომ მშობლებს და ბებია-ბაბუებს უნდა დაუჯერონ. ძალიან კი მეცინებოდა, მაგრამ რა მექნა, ხომ არ გავტყდებოდი პატარებთან. . . მოკლედ, ამ ახალ წელს მათთან მელოდებიან და ვნახოთ რა იქნება. . .
– თავად რას ისურვებდით საახალწლოდ?
– პირველ რიგში, ყველა ადამიანს, განურჩევლად სქესისა, მრწამსისა თუ ეროვნებისა, ვუსურვებდი ჯანმრთელობას, 2021 წელი ყოფილიყოს პანდემიასთან გამარჯვების, ბევრი სიხარულის, სიყვარულის, ერთმანეთზე ზრუნვის, სიკეთის წელი და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ყველას არ ჰქონდეს საშუალება, ვისურვებდი, რომ ყველა პატარას ედგას სახლში ლამაზი ნაძვის ხე და მის ქვეშ დილით დახვდეს თუნდაც სიმბოლური საჩუქარი.