სალომე მელია – წარმატებული ფედერაციის პრეზიდენტი
მანანა ძიძიშვილი 598 24 94 97 –
ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო ცხოვრება თითქმის ყველა სფეროში რადიკალურად შეიცვალა, მაგრამ ადამიანები ცდილობენ მოერგონ სიტუაციას. მათ შორის არიან გონიერთა სპორტის – ჭადრაკის წარმომადგენლები. წლის განმავლობაში ჩატარებულ ღონისძიებებზე გვესაუბრება აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი სალომე მელია, რომელიც სპორტის დეპარტამენტის წლის დაჯილდოების ონლაინცერემონიაზე 2020 წლის წარმატებული ფედერაციის პრეზიდენტად დაასახელეს.
როგორც სალომემ გვითხრა, ფედერაციამ აქტიური მოღვაწეობის გასაგრძელებლად და მოჭადრაკეებისთვის სპორტული ფორმის შესანარჩუნებლად, გამოსავალი ონლაინსივრცეში იპოვა და არაერთი საინტერესო ღონისძიება ჩაატარა. წლის დასაწყისში, პირველად რეგიონში, ჩატარდა აჭარის საკლუბო ჩემპიონატი, რამაც განაპირობა ყველა რაიონში საჭადრაკო კლუბების დაარსება და ჭადრაკისადმი ინტერესის გაღვივება,ზაფხულში კი რეგულაციების დაცვით, ბათუმმა ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირს – ,,ბათუმი 2020” უმასპინძლა. წინა წლებთან შედარებით, განსხვავებული ფორმატით – საქართველოს მასშტაბით და ღია სივრცეში. დიდი ხანი არ არის, რაც საქართველოს, აზერბაიჯანის და პოლონეთის მოჭადრაკეებს შორის რამდენიმე ერთობლივი ღონისძიება ჩატარდა, მათ შორის, ქალ მოჭადრაკეთა ტურნირი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში, ასევე, 14 წლამდე მოზარდებში (8, 10, 12 და 14 წლიანთა ასაკობრივ ჯგუფში). ეს ტურნირი აჭარის ჭადრაკის ფედერაციისა და ქვემო სილეზიის რეგიონის ჭადრაკის ფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით მოეწყო. როგორც ცნობილია, აჭარასა და ქვემო სილეზიის რეგიონებს შორის მემორანდუმია გაფორმებული და შეჯიბრი სპორტული ღონისძიების ფარგლებში გაიმართა.
მეგობრული ტურნირები როგორც დიდებში (სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში), ისე ბავშვებში ქართველი მოჭადრაკეების ტრიუმფით დამთავრდა. დიდებში ანგარიშით 25:11 გავიმარჯვეთ. ახალგაზრდებში, ოთხ ასაკობრივ ჯგუფში, სამ-სამი საპრიზო ადგილი იყო, სულ 24. აქედან 18 ქართველმა მოჭადრაკეებმა დაიკავეს. ამ 18-დან 5 აჭარის წარმომადგენელი იყო. ერთი ოქრო, ერთი ვერცხლი და სამი ბრინჯაო – ასეთი იყო ჩვენი ბავშვების მონაგარი.
– სალომე, რამდენად კარგად აითვისეს ბავშვებმა ონლაინთამაში?
– საკმაოდ კარგად, უბრალოდ, კარნახის მხრივ, ონლაინთამაში ნაკლებად კონტროლდება, ამიტომ დიდი სურვილი მაქვს, მალე დაგვიბრუნდეს ჭადრაკი პირადი შეხვედრებით.
– შემოწმება ხომ ხდება?
– კი, ვამოწმებთ, მაგრამ. . . სამწუხაროდ, როგორც ბავშვებში, ისე დიდებში არაერთი მოჭადრაკე და მათ შორის ქართველიც, დაუბლოკიათ საჭადრაკო საიტებზე. ამ მხრივ არასახარბიელო სიტუაციაა – სპორტსმენთა სინდისს უნდა ვენდოთ, ამიტომ მე პირადად, იშვიათად ვთამაშობდი ონლაინტურნირებში.
– ახლა რა მდგომარეობაა ჩვენთან მზადების მხრივ?
– ძირითადად, ტურნირები და მზადება ონლაინრეჟიმში, ინტერნეტით მიმდინარეობს. წარმატებულ ბავშვებს ონლაინგაკვეთილებით რეგულარულად ამეცადინებს აჭარის ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლეონიდ ნეურონოვი, ზოგს თავისი პირადი მწვრთნელიც ჰყავს მიმაგრებული. ფედერაციის ბიუჯეტის შესაძლებლობის ფარგლებში ნინო ბაციაშვილსაც ჩავუტარეთ საწვრთნო შეკრებები. როგორც სპორტსმენს, კარგად მესმის, რამდენად მნიშვნელოვანია მომზადება, განსაკუთრებით ასეთ დროს, როდესაც საკუთარ თავზე სამუშაოდ მეტი დრო გაქვს, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობდი, აქტიური და წარმატებული მოჭადრაკეები არ დარჩენილიყვნენ ამ შესაძლებლობის გარეშე.
– არც ჭადრაკის შესწავლის მსურველები დაგიტოვებიათ უყურადღებოდ, გვახსოვს თქვენი ინიციატივა – სკოლის მოსწავლეებისთვის უსასყიდლოდ ჩატარებული ონლაინგაკვეთილები. . .
– დიახ, პანდემიის პირველი ტალღის დროს, მაშინ როდესაც შინ დარჩენისკენ მოგვიწოდეს, შევეცადე დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის სახლში ყოფნის დროს სასარგებლო სპორტის სახეობის შესწავლა შემეთავაზებინა. მსურველი ბევრი აღმოჩნდა. საერთო ჯამში, 115 მოსწავლე მყავდა გადანაწილებული 15 ჯგუფად. კვირაში 3 დღე, 11-დან 9 საათამდე მთლიანად დაკავებული ვიყავი. ბევრი ფიქრობდა, რომ ჭადრაკის პედაგოგი ვიყავი და დღემდე მიკავშირდებიან გაკვეთილების ჩასატარებლად. . . მიწევს ახსნა, რომ ჯერ არ შევჭიდებივარ პედაგოგიურ საქმიანობას. ამ გაკვეთილებმა ბევრი დადებითი ემოცია მომიტანა, უნიჭიერესი თაობაც დავინახე.
– წელს შშმ პირთა შორის საინტერესო საჭადრაკო ოლიმპიადა ჩატარდა. . .
– დიახ, ეს მართალაც საინტერესო იყო – ონლაინსივრცეში ასეთი ოლიმპიადა პირველად ჩატარდა. საქართველოს გუნდმაც მიიღო მონაწილეობა 8 სპორტსმენით (გუნდის კაპიტანი გახლდათ სალომე მელია მ. ძ.) – ოთხი ძირითადი და ამდენივე სათადარიგო. აღსანიშნავია, რომ აქედან ორი აჭარის წარმომადგენელი გახლდათ – ბათუმელი ანა მგელაძე და ქედელი როლანდ წითელაძე.
– ალბათ, ძალიან გაახარეთ ასეთ ტურნირში მონაწილეობით?
თავიდანვე ძალიან დიდი ინტერესით ჩაერთნენ, გაიარეს შესარჩევი ეტაპი – საქართველოს პირველი ონლაინჩემპიონატი შშმ პირთა შორის, რის შემდეგაც ჩამოყალიბდა ქვეყნის ნაკრები. ტურნირამდე მონდომებით მეცადინეობდნენ. ვფიქრობ, ოლიმპიადაში მონაწილეობა ჩვენი გუნდისთვის ძალიან დიდი მიღწევაა.
– წლის განმავლობაში ჩვენი სპორტსმენების წარმატებებს და მსოფლიოში მიმდინარე სიახლეებს აქტიურად აშუქებდით აჭარის ფედერაციის საიტზე. . .
– დიახ, ფედერაციაში მოსვლის დღიდანვე შევეცადე ტემპი აგვეწყო 21-ე საუკუნის მოთხოვნებისთვის. შევქმენით ფედერაციის ვებგვერდი და 2020 წლიდან ყოველდღიურ რეჟიმში ვაშუქებთ ჩვენი სპორტსმენების წარმატებებს და საქართველოსა თუ მსოფლიოში მიმდინარე სიახლეებს. წელს დავიწყეთ ძალიან საინტერესო პროექტი – საჭადრაკო ვიქტორინა. ვფიქრობ, რომ საჭადრაკო ისტორიის და ზოგადად, ჭადრაკის შესახებ ყველაფრის ცოდნა, სასარგებლოა ყველა მოჭადრაკისთვის და ასეთი მეთოდით მისი ათვისება სახალისო და საინტერესოა.
– გილოცავთ რეგიონის 2020 წლის წარმატებულ ფედერაციად აღიარებას.
– ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ წლის ჯილდოს ნომინაციებში ჭადრაკის სამყაროს წარმომადგენლებმა ყველა ნომინაცია მოვიგეთ: წლის საუკეთესო სპორტსმენთა ათეულშია ნინო ბაციაშვილი, წლის წარმატებულ სპორტსმენთა თხუთმეტეულში – კესარია მგელაძე, წლის წარმატებულ მწვრთნელთა თოთხმეტეულში ლეონიდ ნეურონოვი, წლის წარმატებული ფედერაციის პრეზიდენტად მე დავსახელდი. მიუხედავად მსოფლიო პანდემიისა და რეგულაციებისა, ნინო ბაციაშვილმა წელს ბევრ ტურნირზე ითამაშა და წელიც წარმატებულად დაასრულა. კესარიაც აქტიურად იყო ჩართული ონლაინტურნირებში და ვფიქრობ, რომ კარგად გაუმკლავდა ახალ გამოწვევებს. ვისარგებლებ შემთხვევით და საახალწლო სიურპრიზისთვის და ამ რთულ წელიწადს შრომის დაფასებისთვის მადლობას გადავუხდი აჭარის სპორტის დეპარტამენტს, რომლის დახმარებით ჩატარებულ არაერთ ღონისძიებასთან ერთად, წელს გამოვეცით ისტორიული საჭადრაკო წიგნი ბრაილის შრიფტით ქართულ ენაზე! ასევე, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილს, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გვერდით გვედგა და არსებული რეალობიდან გამომდინარე, მაქსიმალურად გვაძლევდა ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობას. დიდი მადლობა თქვენც, მედიის წარმომადგენლებს სპორტის სამსახურში ყოფნისთვის. ვისარგებლებ შემთხვევით და ყველას ბედნიერ და მშვიდობიან შობა-ახალ წელს გისურვებთ!

