„იმედი მაქვს, ქუჩებში უფრო მეტ მომღიმარ სახეებს დავინახავთ და ვიცხოვრებთ უკეთეს საქართველოში“
ცეცილი ირემაძე 27 48 93 –
მიილია ნაკიანი წელიწადი, ამდენი სიკვდილი, იმედგაცრუება და ზარალი რომ მოუტანა სრულიად კაცობრიობას. 2020 წელი მძიმე აღმოჩნდა ქართული პოლიტიკოსებისთვისაც, რომელთა ნაწილი საკუთარ სიმართლეს ამტკიცებს, მეორე ნაწილი კი ჯიუტად გაიძახის, არ შემოვალ პარლამენტში, რაც გინდათ ქენით, მთელ მსოფლიოში მოგჭრით თავსო.
ერთ გუნდად შეკრული ოპოზიცია განაწყენებული ბავშვივით იქცევა, ქუჩის აქციებს მართავს და ამომრჩეველს უმტკიცებს, თქვენს ხმებს ვიცავთ, თორემ ჩვენთვის უკეთესი არ იყო თბილ სავარძლებზე კომფორტულად მოთავსებაო. განსაკუთრებით სიამოვნებთ, როდესაც საქართველოს პარლამენტს, ჩრდილოეთ კორეას თუ საბჭოთა კავშირის ერთპარტიულ საკანონმდებლო ორგანოებს ადარებენ და ნიშნისმოგებით აცხადებენ, ვინ სცნობს მსგავს დემოკრატიას დღევანდელ მსოფლიოშიო.
რატომღაც ტრადიციული ქართული ბოღმა და შური მახსენდება, უძველესი დროიდან რომ გვღუპავდა და წინ არ გვიშვებდა. ამ ეტაპზე ბოიკოტის მნიშვნელობა ორივე მხარემ ძალიან კარგად იცის, მაგრამ პირველი – არ თმობს სადავეებს, მეორე კი არ თანხმდება მეორე როლს.
ეკონომიკის ვარდნა, ინფლაცია, დოლარის კურსის ზრდა და ლარის დევალვაცია კიდევ უფრო ამძიმებს ისედაც მძიმე სოციალურ ფონს. უმუშევართა არმიას სამსახურდაკარგულთა ჯარი შეემატა. შეზღუდვების გამო, ხელფასების და ანაზღაურებების გარეშე დარჩენილი ადამიანები შიმშილის ზღვარზე დგანან. ამას ემატება ისიც, რომ ვერც მთავრობის მიერ გაცემულ თანხებს იღებენ, რადგან მათ უმრავლესობას არა აქვს დაფიქსირებული შემოსავალი, ბანკების მიერ დაყადაღებული ანგარიშების გამო.
ყველაფერს დაემატა წინასაახალწლოდ გამოცხადებული ელექტროენერგიის და წყლის ტარიფის ზრდაც, რომელმაც წყალი დაასხა რადიკალური ოპოზიციის წისქვილს.
ასეა თუ ისე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ ფუნქციონირება დაიწყო და უკვე ბიუჯეტიც დაამტკიცა. ამ ბოლო პერიოდში აჟიტირებულ თემად იქცა ყოფილი რესპუბლიკური პარტიის წევრის ირაკლი ჩავლეიშვილის საკანონმდებლო ორგანოში შესვლა, რამაც ვნებათაღელვა გამოიწვია მის ყოფილ თანაგუნდელთა შორის.
თუ რა მდგომარეობაა უმაღლეს საბჭოში, რა ეშველება ჩამონგრეულ ეკონომიკას და კომუნალურების გაზრდილ ტარიფს, ამაზე და სხვა საკითხებზე ინტერვიუ ვთხოვეთ ასლან ლორთქიფანიძეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტის უფროსს ასლან ლორთქიფანიძეს, რომელმაც საახალწლო სურვილებთან ერთად, დამამშვიდებელი პროგნოზებიც გააკეთა სამომავლოდ.
–ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭო ერთი ოპოზიციონერით შემოიფარგლა. როგორ ფიქრობთ, ეს არ ნიშნავს, რომ საბჭო ერთპარტიულია?
–ცალსახად არა. უმაღლეს საბჭოს 21 არჩეული დეპუტატი ყავს. 14 დეპუტატით წარმოდგენილია მმართველი პარტია, 5 დეპუტატით- „ნაციონალური მოძრაობა“, თითო წევრი ყავთ „რესპუბლიკურ პარტიას“ და „ემსახურე საქართველოს“. ბატონ ირაკლი ჩავლეიშვილს რესპუბლიკური პარტია არ დაუტოვებია, მან მხოლოდ შეიჩერა პარტიის წევრის სტატუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქმედი უმაღლესი საბჭო არა ერთპარტიული, არამედ ოთხპარტიული ანუ მრავალპარტიულია. თუ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ გაითხოვენ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით დაწერილ განცხადებებს, ამ შემთხვევაშიც კი უმაღლესი საბჭო იქნება მრავალპარტიული, რადგან 2 პარტია იქნება აჭარის საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილი. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის სასარგებლო იქნება. ეს ხელს შეუწყობს სხვა ოპოზიციური პარტიების გაძლიერებას, გაიზრდება პოლიტიკური პლურალიზმის ხარისხი ქვეყანაში.
–აპირებთ თუ არა დაელოდოთ ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს თუ დააკმაყოფილებთ მათ განცხადებებს?
-საშემოდგომო სესია დასრულებულია, ახლო ხანში მოწვეული იქნება რიგგარეშე სხდომა და იმ ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებები სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ დაკმაყოფილდება, რომლებიც დარჩენილ დროში განცხადებებს არ გაიხმობენ.
– თქვენი აზრით, მარტო დარჩენილი „ქართული ოცნების“ საბოლოო მომავალი როგორი იქნება?
-არ ვართ მარტო, 1 ოპოზიციონერი დეპუტატიც კი საკმარისია იმისთვის, რომ უმაღლეს საბჭოში ოპოზიციური ხმა ისმოდეს. ირაკლი ჩავლეიშვილი აკადემიური და კვალიფიციური ოპოზიციონერი დეპუტატია. მას შეუძლია საქმიანი და ალტერნატიული წინადადებების დაყენება. არ გამოვრიცხავთ, რომ თუ იქნება მისი მხრიდან დასაბუთებული საკანონმდებლო ინიციატივები, უმრავლესობამ მას მხარი დაუჭიროს. გარწმუნებთ, ელგუჯა ბაგრატიონისა და მისი კოლეგების პერფორმანსების, არაკომპეტენტური, არააკადემიური ოპონირების გარეშე უმაღლესი საბჭო გაცილებით უფრო ეფექტური იქნება. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები უმაღლესი საბჭოს სესიებს იშვიათად ესწრებოდნენ და მათ გარეშე მუშაობას საბჭო შეჩვეულია. აქვთ შესაძლებლობა, იანვარში გაითხოვონ განცხადებები, თუ ასე არ მოხდება, მათი არყოფნა უმაღლესი საბჭოსთვის დანაკლისი არ არის.
– რა პერსპექტივა აქვს პოლიტიკურ ველზე „ნაციონალურ მოძრაობას“ და რას ფიქრობენ მათზე საერთაშორისო პარტნიორები?
-„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ განასახიერებდა და ახლაც წარმოადგენს არადემოკრატიულ პოლიტიკურ ძალას, რომელიც დემოკრატიის მუხრუჭი იყო წლების განმავლობაში და კვლავაც აგრძელებს ტრადიციას. ამ პარტიას არასდროს ეყოლება იმდენი ელექტორატი, რომ ხელისუფლება შეცვალოს. კოალიციური ურთიერთობა კი მათთვის წარმოუდგენელია, რადგან პარტიის არაფორმალური მმართველისთვის ურთიერთობისთვის მისაღებია მხოლოდ ის პარტიები, რომლებიც მას უპირობო ბელადად აღიარებენ. ცდილობენ ჩვენი თანამოქალეების სოციალური პრობლემებით ისარგებლონ და მოაწყონ არადემოკრატიული რევანში რევოლუციური გზით. 2003 წელი აღარ არის და რევოლუციის, უკანონო ქმედებების ყველა მცდელობა კანონის ფარგლებში იქნება აღკვეთილი. მას არც სხვა ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა უჭერს მხარს.
–„სამართლიანი არჩევნების“ შესახებ რას გვეტყოდით, რა მოხდა, შეცდომა მოუვიდათ თუ „ნაციონალების“ ერთგული მომხრეები არიან?
-ამ ორგანიზაციას დადებით ფაქტად უნდა ჩაეთვალოს ის, რომ მათ აღიარეს დაშვებული შეცდომა. იყო ეს შეცდომა თუ მიზანმიმართული ქმედება? ამ კითხვას აქვს არსებობის უფლება. ორგანიზაცია თვლის, რომ ეს იყო შეცდომა და მასზე პასუხისმგებელი პირი – „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი გადადგა.
–ამ აღიარების შემდეგაც არ შემობრუნებულა ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოებისკენ. ეს ქცევა რას ადასტურებს?
-ტანტრუმს- ჭირვეულ ბავშვს, რომელსაც ყველაფრის ფასად უნდა რაღაც მიიღოს. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ მას ასეთი ხატოვანი და ზუსტი შეფასება მისცა. ამ „ტანტრუმით“ ისე შორს წავიდნენ, რომ მათი ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ელჩებსაც კი „დაერია“. „ნაციონალური მოძრაობის“ არაფორმალური მმართველი მიხეილ სააკაშვილი კი ღიად უპირისპირდება ყველა იმ უცხოელ პარტნიორს, რომელიც არჩევნების შედეგებს აღიარებს. ამ ქმედებით კი ეს პოლიტიკური ძალა რუსულ საქმეს აკეთებს და ყალიბდება ანტიდასავლურ პოლიტიკურ ორგანიზაციად.
–შეზღუდვების და ლოქდაუნის შედეგად სრული განადგურება ემუქრება სარესტორნო ბიზნესსო, თვლიან მათ ასოციაციაში. რამდენად ეთანხმებით ამ თვალსაზრისს?
-ნაწილობრივ ვეთანხმები. პანდემიამ ყველაზე დიდი დარტყმა სარესტორნო ბიზნესს მიაყენა. მათ მიტანის სერვისით სარგებლობის უფლება კვლავაც აქვთ და საჭიროა ამ მიმართულებით აქტიურად იმუშაონ, რაც ამ დარგს პანდემიის მიზეზით გამოწვეული შეზღუდვების პირობებში გადაარჩენს. თუ სიტუაცია დასტაბილურდება, მათ შესაძლებლობა ექნებათ გაზაფხულიდან მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განაახლონ დღის გარკვეულ დრომდე.
–ეკონომიკის ვარდნა გრძელდება, საგარეო ვალების რაოდენობა მატულობს, რა გამოსავალს ხედავს მთავრობა ამ კუთხით?
-პანდემიამ მსოფლიოს ყველა ქვეყნის ეკონომიკაზე მძიმე ზეწოლა განახორციელა. ამ მხრივ გამონაკლისი ჩვენი ქვეყანა ვერ იქნებოდა. ახალი საგარეო ვალის სახით აღებული სახსრების უმრავლესობა მოხმარდება პანდემიით დაზარალებულ ყველაზე შეჭირვებულ მოსახლეობას, განხორციელდება სხვადასხვა სოციალური პროგრამა, ეკონომიკის სტიმულირება. მომავალი წლის ეკონომიკური სირთულეების გადალახვა ამ რესურსებითაც მოხდება. საჭიროა საზოგადოების კონსოლიდაცია პანდემიით გამოწვეული დამძიმებული სოციალური მდგომარეობის დასაძლევად. ერთმანეთს მაქსიმალურად უნდა შევეხიდოთ.
–ამ საახალწლოდ გაძვირებულ ელექტროენერგიასა და წყალზე რას გვეტყვით. ალბათ, ეს რომ სცოდნოდა ამომრჩეველს, „ოცნება“ ბევრ ხმას დაკარგავდა. . . რატომ მოიქცა ასე ხელისუფლება ამ საახალწლოდ?
-გაძვირებული კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას სახელმწიფო განახორციელებს. სემეკი-ს ეს გადაწყვეტილება განპირობებული იყო კომპანიების ოპერირების ხარჯების ზრდით. ასე რომ არ მომხადარიყო, ჩვენ დავრჩებოდით ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის უწყვეტი მოწოდების გარეშე. სხვა გამოსავალი მარეგულირებელ ორგანოს არ ქონდა. მან მინიმალურად დააკმაყოფილა ენერგიის მიმწოდებელი კომპანიების მოთხოვნები. აჭარაში წყლის გადასახადი არ გაზრდილა.
–როგორი ვითარებაა საგარეო ვაჭრობის კუთხით, ზოგიერთი შიმშილს ვარაუდობს, თუკი კორონას ახალი შტამი საქართველოში შემოვა. . . .
-არ დარჩენილა საზოგადოებრივი ცხოვრების არცერთი სფერო მსოფლიოში, რომელზეც პანდემიამ უარყოფითი გავლენა არ მოახდინა. მათ შორის, არც საგარეო ვაჭრობა. საქართველოს ხელისუფლებას ამ პროცესში რამე შეზღუდვა არ დაუწესებია, თუმცა მსოფლიო ეკონომიკურმა პრობლემებმა საგარეო ვაჭრობაზეც უარყოფითი გავლენა მოახდინა. მომავალ წელს „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყება და ახალი წელი პანდემიასთან ბრძოლაში იქნება გარდამტეხი. ეს პროცესი კი ხელს შეუწყობს ეკონომიკის გამოცოცხლებას. სამწუხაროდ, ჩვენი მოსახლეობის ნაწილი ვერ იღებს სიცოცხლისთვის საჭირო კვების ბევრ კომპონენტს, თუმცა შიმშილს არ უნდა ველოდოთ. სახელმწიფო ყველაზე შეჭირვებულ ადამიანებს ბედის ანაბარა არ მიატოვებს და მომავალშიც გაგრძელდება სოციალური პროგრამები.
-რას უსურვებთ საახალწლოდ ჩვენს მკითხველებს.
-არ მახსენდება არცერთი ახალი წლის დადგომა, რომ არ გვეთქვას შემდეგი სიტყვები: „ახალი წელი გასულ წელზე უკეთესი ყოფილიყოს“. სანამ ეს იმედი არსებობს, ყოველთვის აქვს ჩვენს ცხოვრებას აზრი. მსურს თქვენი გაზეთის თანამშრომლებს და მის მკითხველებს მივულოცო დამდეგი ახალი წელი. ვუსურვო ყველაფერი საუკეთესო. ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენ ერთად, პანდემიაზე უარესი კრიზისებიც გავიარეთ და მოვედით ამ დრომდე. ეს მძიმე დროც გაივლის და მოსახლეობაც ამოისუნთქავს. იმედი მაქვს, ქუჩებში უფრო მეტ მომღიმარ სახეებს დავინახავთ და ვიცხოვრებთ უკეთეს საქართველოში.

